Menu
RSS

როგორ „ჩაუშვა“ პოლიციასთან ძმამ ღვიძლი ძმა

„ნაცემი კი არ იყო, სახე არ ჰქონდა, ხორცები ჰქონდა ამოგლეჯილი მაჯებიდან...“

გასულ კვირას გორში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, ორი დღე, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. არაოფიციალური ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულმა იაგო ნებიერიძემ, სამართალდამცავებს იმ ადგილზე მიუთითა, სადაც 14 წლის წინ გატაცებული ბავშვი, ზაქრო ბერძნიშვილი უნდა ყოფილიყო დამარხული. სხვათა შორის, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება, ნებიერიძემ წლების წინ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რადგან...

დაკავებული ადამიანი სხვა დანაშაულს მაშინ აღიარებს და გარიგებაზეც მიდის, როცა რაღაცის იმედი აქვს. რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ნებიერიძეს? დახვრეტა ჩვენთან არ არის, სამუდამო კი, ყველა ვარიანტში, ჯიბეში უდევს და მითხარით ერთი მიზეზი მაინც, რის გამოც ნებიერიძე ამ აღიარებას გააკეთებდა და ისედაც გასვრილ სახელს, კიდევ ერთ ლაქას მოსცხებდა?!'' _ გვითხრა პოლიციის მაღალჩინოსანმა და მის სიტყვებში ლოგიკის მარცვალი აშკარად არის. 

მასვე ვთხოვეთ, გაეხსენებინა შემთხვევა, როცა დაკავებულმა, თავის გადარჩენის მიზნით, ბევრად უფრო მძიმე დანაშაული გაახსნევინა სამართალდამცავებს და რა მიიღო სანაცვლოდ. 

,,პოლიცია დაკავებულთან არცთუ იშვიათად მიდის გარიგებაზე. ასე იხსნება წლების წინ, თაროზე შემოდებული დანაშაულები და სანაცვლოდ, დაკავებული შეღავათს იღებს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა შეღავათი არ მიგვიცია და საამისო მიზეზიც გვქონია. 

ერთი კახელი ბიჭი იყო, მკვლელობაზე 11 წელი ჰქონდა მოხდილი. გამოვიდა და მალევე ყაჩაღობაზე დავიჭირეთ. არ წამოვიდა თანამშრომლობაზე, ამიტომ, როგორც წარსულში ნასამართლევი, ყაჩაღობისა და იარაღის ტარების მუხლით ბოლომდე ,,დავგრუზეთ'' და 9 წელი მივეცით. მაშინ კი მიხვდა, გავიწირეო და თანამშრომლობა გადაწყვიტა, თუმცა პირობა ჰქონდა, ციხიდან ერთ წელიწადში უნდა გავიდეო. ყველა ნორმით, ეს გამორიცხული იყო, ამიტომ უარი ვუთხარით, თუმცა ისეთი რამ გვითხრა, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან შევედით. დაკავებული სამკაციანი ყაჩაღური იმ ჯგუფის წევრთა ვინაობის დასახელებას გვპირდებოდა, რომელი ჯგუფის ანგარიშზეც რამდენიმე ათეული საქმე და ორი გარდაცვლილი იყო. ერთადერთი, რითაც შეგვეძლო დაკავებული გამოგვეშვა, პრეზიდენტის შეწყალება გახლდათ, მაგრამ ჯერ მკვლელობისთვის, შემდეგ ყაჩაღობისთვის გასამართლებული პირის გამოშვებაზე ოპოზიცია ხმაურს ატეხდა, მაშინ უკვე არეული იყო სიტუაცია და ეს არავის აწყობდა. 

ბრძანება მივიღეთ, პატიმრისთვის სათქმელი ყოველგვარი პირობის გარეშე გვეთქმევინებინა. რუსთავის #17 დაწესებულებიდან გლდანის ციხეში წავიყვანეთ და დაიწყო ერთკვირიანი წამება. ამ საქმის სპეციალისტები აკეთებდნენ ყველაფერს _ ფრჩხილებში ნემსების ჩარჭობიდან, ფრჩხილების დაძრობით, ელექტროშოკის გამოყენებით, გაუპატიურების მუქარით დამთავრებული, მაგრამ... ბოლომდე გაძლო და იმასაც მივხვდით, რომც გაგვეუპატიურებინა, არაფრის მთქმელი იყო. 

გაგიჟდნენ ზემოთ, ერთ კაცს როგორ ვერ მოერიეთო და სამი დღე სადღაც წაიყვანეს. არ ვიცი, სად აწამებდნენ, მაგრამ რომ დაგვიბრუნეს, ვერ ვიცანით. ნაცემი კი არ იყო, სახე არ ჰქონდა, ხორცები ჰქონდა ამოგლეჯილი მაჯებიდან... მაინც არ გატყდა და შევეშვით. 

მერე, ხელისუფლება შეიცვალა, ამან გაასაჩივრა, მაწამეს, კინაღამ მომკლესო. ექსპერტის დასკვნებიც იდო საქმეში, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ საქმე არ აღძრა. ამის შემდეგ პატიმარმა ჩემთან შეხვედრა მოითხოვა. რა თქმა უნდა, მივედი და სულ დეტალებში მომიყვა იმ დაჯგუფების შესახებ, წევრებიც დაასახელა, თითოეული საქმე გაშიფრა, მკვლელობის ზუსტი დრო, თარიღები და გარემოება მოყვა. გავოცდი, წამებას გაუძელი, ახლა რა დაგემართა-მეთქი და ერთ-ერთი ყაჩაღი ახალი ხელისუფლების მაღალჩინისნის ახლო ნათესავია და მეტი არ მინდა, ,,გააპრავონ'', ამბავს ავტეხავო. დავიწყეთ ამ ხალხზე თვალთვალი და ერთ თვეში ფაქტზე დავიჭირეთ. ატყდა ამბები, რეკვები, მაგრამ ისეთი საქმე იყო, ვერავინ ვერაფერს გვაძალებდა. რამდენიმე საქმე დავუმტკიცეთ, რამდენიმე გაგვიჭირდა, მაგრამ ეს ჩვენი პატიმარი მოწმედ გამოვიდა პროცესზე, ხელი დაადო, ბოლომდე ითანამშრომლა. გავოცდით, მაგრამ უარს ხომ არ ვეტყოდით... ასე გავასამართლეთ ის ჯგუფი, მაგრამ ეს პატიმარი გლდანში გადავიყვანეთ, დღემდე იქ არის, სამარტოო საკანში'', _ დაასრულა მოყოლა პოლიციელმა. 

* * * 

,,აი, ამას რომ ძმა ჰყავს, ისეთი უნდა ინატროს კაცმა'', _ ღიმილით უთხრა ერთ დღეს, რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფმა მაყურებელმა, პატიმარ #0578-ს და ერთი ბიჭი დაანახა, რომელსაც ილო ერქვა. 

,,რატომ?!'' _ გაეღიმა #0578-ს, რადგან მიხვდა, მაყურებელი საინტერესოდ გააგრძელებდა. 

,,რატომ და, ამის ძმა რომ დაიჭირეს ყაჩაღობაზე, ადგა და თავისი ძმა ჩაუშვა, ის უფრო დიდი ყაჩაღიაო. სპირტის კონტრაბანდაც შეტენა, იარაღის საცავზეც მიუთითა და თვითონ კი გაძვრა გარეთ, ამ უბედურს 30 წელი მისცეს ეპიზოდებზე. ზის ახლა და თავის ძმას, მის წილ დედას აგინებს'', _ გაეცინა მაყურებელს. 

,,ძმურად, დაუძახე, თავად მოაყოლე, რა'', _ სთხოვა #0578- მა და მაყურებელმაც ილოს გასძახა. იმანაც ღიმილით დაიწყო. 

,,რა უნდა მოვყვე? ბავშვობიდან ვიპარავდით, მერე, რომ გავიზარდეთ, მე ცალკე უნდა ვიყო, შენ ცალკე, ერთად რომ დაგვიჭირონ, ოჯახს ვინ მიხედავსო და ასე, ცალ-ცალკე ვიპარავდით. ზუსტად ვიცოდით, რომელი რა დროს რას აკეთებდა. იარაღს ერთად ვინახავდით იმ პირობით, რომ თუ რომელიმეს დაიჭერდნენ, ამ იარაღს საკუთარ თავზე აიღებდა. ცოლი მოიყვანა, ქორწილი ჰქონდა და მესამე დღეს ააგდეს. რა უნდა მექნა, ჩხრეკა ჩაგვიტარეს, იარაღი ვერ იპოვეს და მივხვდი, კარგ ადგილზე გვქონდა დამალული. გადატანა არც მიფიქრია, არ მეგონა, თუ ძმა გამწირავდა. ჰოდა, ერთ კვირაში ისევ დაგვეცნენ, ყურით მიმიყვანეს იარაღის საცავთან და მერე, ,,ვარონკაში'' რომ შემადგეს და ჩემი ,,პადელნიკები'' დავინახე, გულმა რეჩხი მიყო. თავს ვერ ვაჯერებდი, რომ ძმა გამწირავდა, მაგრამ იმის ხელმოწერილი ჩვენება რომ დამიდეს, მივხვდი, ბოლომდე გავიწირე. თითქოს 2-3 დანაშაული არ გვეყოფოდა, ათამდე საქმე ამოთვალა და პოლიცია სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. რაც ჩვენი გაკეთებული იყო, ის ხომ შეგვტენეს და რაც ჩემს ძმას ჰქონდა გაკეთებული, ის ზემოდან დაგვიმატეს. 

,,პადელნიკებმა'' მითხრეს, ,,დაგბრიდავთო'' და ახლა ისინი სხვა ზონაზე არიან. მე რა შუაში ვარ, ძმა თუ გამიმეტებდა, რას ვიფიქრებდი?!'' _ დაასრულა ილომ. 

,,მთავარი არ გითქვამს'', _ შეახსენა მაყურებელმა. 

,,რაღა მთავარი, ეგ ცალკე დარდად მაწევს გულზე. ჩემი ძმა რომ გავიდა, მამაჩემი გადაირია, ეს რა გააკეთეო და სახლი გადაწვა, ამ სახლში არაკაცები გამიზრდიაო. წავიდა ახლა ჩემი ძმა და ცოლეულებში ცხოვრობს. მამაჩემი და დედაჩემი ბოსელში გადავიდნენ საცხოვრებლად, მე თუ ცოცხალი გავედი აქედან, არაფერი აღარ დამხვდება და არც ვიცი, რომ გავალ, როგორ უნდა მოვიქცე _ ძმა მოვკლა და ისევ აქ შემოვბრუნდე თუ დავიკიდო'', _ გაეღიმა ილოს. 

,,მთავარი-მეთქი, ადამიანო'', _ შეუტია მაყურებელმა. 

,,ეგ არ არის მთავარი, მაგაზე არც ვფიქრობ. ბიჭი შეეძინა ჩემს ძმას, ჩემი სახელი დაარქვა. არ ვიცი, ეს რატომ გააკეთა, მე, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ გამწირა და ახლა მაგის შვილს გინდა ჩემი სახელი ერქვას და გინდ _ მამაჩემის, რა მნიშვნელობა აქვს'', _ თქვა ილომ. 

,,აუ, ეგ არ ვიცი, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მაგრად, სწორედ მაგაზე ვღადაობ. სახელი რომ დაარქვა ამისი, აქაოდა, ის 30 წელი მე მაპატიეო'', _ სიცილით თქვა მაყურებელმა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში