Menu
RSS

რა მიზეზით დააკავეს ბაქოში საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე

7 ნოემბერს, ბაქოში, სსიპ ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს'' თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი დააკავეს. როგორც დაკავებულის ოჯახი ამბობს, მისი დაპატიმრება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა, არადა, აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ დაკავება ბაქოს ერთ-ერთ ქუჩაზე განხორციელდა.

,,საქართველოს მოქალაქე მირტაგი ასადოვი ბაქოში, ერთ-ერთ ქუჩაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ის კანონს არღვევდა და მობილურ ტელეფონზე ხმამაღლა საუბრობდა. ასადოვი არ დაემორჩილა პოლიციელის შენიშვნას, მას უხეშად უპასუხა, ხელი ჰკრა, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. 17 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, ასადოვს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა და იგი საპყრობილეს 7 დეკემბერს დატოვებს'', _ ასეთია აზერბაიჯანის მხარის განცხადება. 

აი, ასადოვის ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს და რეალურად, ის არა ბაქოში, არამედ, საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს. ჩვენებაში კი, რომელიც განსაჯაროვდა, ასადოვი ამბობს, რომ ვერ მიხვდა, რატომ აძლევდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი შენიშვნას ტელეფონზე საუბრის დროს და მხოლოდ მას შემდეგ გაარკვია, რომ მოქალაქე პოლიციელი იყო, რაც ხელბორკილი დაადეს. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე ადასტურებს, რომ ბაქოს ქუჩებში არაერთი პოლიციელი მოძრაობს სამოქალაქო ფორმაში, წესრიგს იცავს და ასადოვსაც, სწორედ ასეთმა პოლიციელმა მიმართა. 

„ცხადია, ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი გვაქვს. სწორედ იმ კონტექსტის გამო, რაც საქართველოში მირტაგი ასადოვის საქმიანობას და მოღვაწეობას აქვს. ის საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებით რელიგიის თავისუფლების მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეში სხვა ტიპის პოლიტიკური ინტერესები იყოს, რომელიც უშუალოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეიძლება უკავშირდებდეს, თუმცა დასაბუთებული პასუხები ამ მიმართულებით არ გვაქვს. ვაგრძელებთ საქმის მონიტორინგს. ადგილზე ვცდილობთ საერთაშორისო ორგანიზააციების რესურსების გამოყენებას“, _ ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის პოლიტიკის“ პროგრამების დირექტორმა, თამთა მიქელაძემ გააკეთა, რომელიც დაკავებულის ოჯახს მარნეულის სოფელ დამია გიურარხში პირადად შეხვდა. 

ამ განცხადების მიუხედავად, ასადოვის მამა, შვილის დაკავებაში ქართული მხარის ინტერესს ვერ ხედავს. 

,,ჩემს შვილს საკუთარი ორგანიზაცია აქვს, სიმართლისთვის იბრძვის, თუმცა მთავრობასთან პრობლემა არასოდეს ჰქონია. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ მხარეს მის დაკავებასთან არც კავშირი აქვს და არც _ ინტერესი. მეორე შვილი ირანში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს. მგონია, რომ სწორედ იმ მეორე შვილის გამო დაიჭირეს მირტაგი და მის გამოყენებას შეეცდებიან, ოღონდ რა კუთხით, არ ვიცი'', _ განაცხადა დაკავებულის მამამ. 

არასამთავრობოებს ეჭვი აქვთ, რომ ასადოვს არც 7 დეკემბერს გამოუშვებენ და ქართულ მხარეს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათ სურთ, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაკავებული ციხეში მოინახულოს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ოჯახი ეჭვობს, რომ ჯეროვან სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში