Menu
RSS

რატომ გახშირდა ფულის გამოძალვის ფაქტები და ვისი დავალებით მოქმედებენ გამომძალველები

საქართველოში დაკავებულ ნარკორელიზატორთა უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეას

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო დროს, საქართველოში კონკრეტული დანაშაულები რამდენიმე მიმართულებით შემცირდა. უფრო კონკრეტულად კი, ქალთა მკვლელობები. გახსოვთ ალბათ, გასულ წელს, პრაქტიკულად, ორ კვირაში ერთხელ გვესმოდა, რომ ქალი მოკლეს. ციფრებში ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: 2017 წელს, სულ 26 ქალი მოკლეს. აქედან 16 სხვა პირებმა, ათი კი _ მოქმედმა ან ყოფილმა მეუღლეებმა.

2018 წლის ათი თვის მონაცემებით, 11 ქალბატონია მოკლული, რომელთაგან 5 ოჯახის წევრმა მოკლა, 6 კი _ სხვა პირმა. 

სამაგიეროდ, ძალიან გახშირდა ისეთი დანაშაული, როგორიც ფულის გამოძალვაა. სულ ახალი ამბავი ავიღოთ _ სამართალდამცავებმა დააკავეს ადამიანი, რომელიც ოჯახის მოსპობის მუქარით, ბიზნესმენს თანხას სისტემატიურად სძალავდა და, საერთო ჯამში, 180 ათასი გამოსძალა. როგორც იქნა, დაზარალებულმა გაბედა და სამართალდამცავებს მიმართა, რის შემდეგაც პირი დააკავეს და მას ციხეში ყოფნა, მინიმუმ, 7 წლის განმავლობაში მოუწევს. 

და მაინც, რამ გამოიწვია, რომ საქართველოში კონკრეტულად ეს დანაშაული გაიზარდა?! ამ თემაზე პოლიციის მაღალჩინოსანი გვესაუბრება და დეტალებსაც გვიმხელს. 

,,წინა წლების მენტალობაა შემორჩენილი. ,,კანონიერი ქურდების'' ზეობის წლებში, გამოძალვა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაშინ პოლიციამაც იცოდა ამის შესახებ, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა და რაღაც ოფიციალური გადასახადივით იყო. მერე, ყველაფერი ეს მოისპო, თუმცა ბოლო დროს, მატების ტენდენცია შეიმჩნევა. პირველ რიგში, ეს იმის ბრალია, რომ საქართველოსთან ძალიან ახლოს, თურქეთის ტერიტორიაზე, ბევრმა ,,კანონიერმა ქურდმა'' მოიყარა თავი. ისინი იქიდან რეკავენ, მითითებებს იძლევიან, ხალხს ატერორებენ და დამეთანხმეთ, რომ ცოტა დაუცველობის განცდაც არის. რეალურად, პოლიცია კარგად მუშაობს, მაგრამ დაუცველობის განცდას დაბალი სასჯელები იწევს. ადრე დაიჭერდნენ ადამიანს და იმხელა სასჯელს აძლევდნენ, ოჯახს გამოტირებული ჰყავდა. ახლა ბიზნესმენს ეშინია, გამოძალვაზე რომ ვინმე დავაჭერინო, 3-4 წელიწადში ციხიდან გამოვა და მომკლავსო. ადრე კი, გამოძალვის სამი ფაქტი რომ ყოფილიყო, სამ ეპიზოდად შეუკრებდნენ, 15 წელს ,,გათხრიდნენ'' და დამთავრდა. 

იმას არ ვამბობ, რომ სასჯელი უნდა გაიზარდოს, მაგრამ მიდგომა აუცილებლად უნდა გამკაცრდეს'', _ გვეუბნება მაღალჩინოსანი. 

ის, რომ ე.წ. ,,ქურდული მენტალობის'' ახალგაზრდების რიცხვმა საქართველოს მასშტაბით მოიმატა, არახალია. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ნარკოტიკების, კონკრეტულად კი, მარიხუანას მოხმარების მიმართ კანონმდებლობა შესუსტდა და ვისაც რა უნდა ის თქვას, მტკიცებით ფორმაში ვამბობთ, რომ ნარკოტიკი (თუნდაც მსუბუქი), კრიმინალის მატებასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომაც არის, რომ ბოლო დროს, შსს ე.წ. ,,შავ სამყაროსთან'' წევრობის კავშირის ბრალდებით ათეულობით პირს აკავებს და ასევე, მუდმივად გვესმის, რომ ქურდებმა შემოთვალეს, ქურდების მოთხოვნაა, ძმაო და ა.შ. 

რა თქმა უნდა, თითის გაშვერა ადვილია, გამოსავალის პოვნა კი _ ძნელი, მაგრამ რეალურად, გამოსავალი არსებობს. ხელისუფლება ვალდებულია, ნარკოდანაშაულზე კონტროლიც გაამკაცროს და სასჯელიც, რადგან თუ ირანში და საუდის არაბეთში ნარკოტიკების გაყიდვა სიკვდილით ისჯება, აქ არ არის სიკვდილით დასჯა და სწორედ ამიტომ, ბოლო დროს დაკავებული ნარკორეალიზატორების აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს მოქალაქე არაა. ისინი სიკვდილს ყიდიან და დარწმუნებულნიც არიან, რომ ჩავარდნის შემთხვევაში, ციხეში ყოფნა დიდი ხნით არ მოუწევთ. 

რაც შეეხება მსუბუქ ნარკოტიკად მონათლულ მარიხუანას, გადით, მოიკითხეთ და ნახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყელში ამოუვიდა ,,დაბოლილი'' ახალგაზრდების ყურება, პლანის სუნით გაჯერებული სადარბაზოები, გამოთაყვანებული სახეებით, ,,ბირჟაზე'' მყოფი მომავალი თაობა და გაამკაცრეთ კანონი, აკრძალეთ და გვერწმუნეთ, მოსახლეობა გვერდში დაგიდგებათ. 

მანამდე კი... გამოძალვის ბრალდებით დაკავებულების ასი პროცენტი აღიარებს, რომ ამოღებული ფულის ნაწილს თურქეთში, ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ,,კანონიერ ქურდებთან'' აგზავნიდა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში