Menu
RSS

„დაკეტილში ჰაერი გენატრება.... ჩაგაგდებენ „კარცერში“, ჩაყვანისას გცემენ, ამოყვანისას ისევ გცემენ...“

რითი განსხვავდება ნაციონალებისდროინდელი „კრიტი“ დღევანდელისგან

გასულ კვირას ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მოთხრობილი იყო, რომ რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმრები, თურმე ე.წ. სპეცსაკნებში ჩაჰყავთ და აწამებენ. ტელეკომპანიამ საბუთად პატიმრის წერილიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ წერილში, რომელიც პატიმარმა მას გამოუგზავნა, აუტანელ ყოფაზე წერს. 

ჯერ ის ვთქვათ, რომ პენიტენციალური სისტემიდან გამოსულ წერილებს კითხულობს სოციალური სამსახური. თუ წერილში საფრთხის შემცველი, ან ისეთი ინფორმაციაა, რომელიც შესაძლო დანაშაულზე მიუთითებს, სოციალური სამსახური ამ წერილს აგზავნის ადმინისტრაციაში და შემდეგ, ადმინისტრაცია წყვეტს, როგორ მოიქცეს. შესაბამისად, პატიმრის მიერ გამოგზავნილი წერილი, ყველა ვარიანტში, წაკითხული ექნებოდა, როგორც სოციალურ სამსახურს, ისე _ ადმინისტრაციას და შესაბამისად, ადმინისტრაციას მცირედი ეჭვი რომ ჰქონოდა იმაზე, რომ პატიმარი მას კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ამხელდა, წერილს, უბრალოდ, გააქრობდა. რადგან ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ წერილში არაფერი იყო საგანგაშო, ,,გაატარა'' და განგაში უკვე ტელევიზიამ ატეხა.

და მაინც, რა წერია რეალურად წერილში და რატომ არაა საგანგაშო?! 

დავიწყოთ იმით, რომ ციხეში ადამიანი არ ხვდება სანატორიუმში. იქ ადამიანები (უმრავლეს შემთხვევაში) დანაშაულის ჩადენის გამო ხვდებიან, არ არის სასათბურე პირობები და არსებობს მკაცრი წესები, რომელსაც უნდა დაემორჩილო. პარალელურად, როცა ადამიანი რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში ხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციამ ჩათვალა, აღნიშნული პიროვნება საშიშია და ამიტომ, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ათავსებს. 

რუსთავის #6 დაწესებულება ანუ ე.წ. ,,კრიტი'', სწორედ ასეთი პატიმრებისთვისაა განკუთვნილი. ის, რომ ,,კრიტში'' მოხვედრილი პატიმარი ყოველ დღე არ გაჰყავთ სასეირნოდ, ნორმალურია, რამეთუ ,,კრიტის'' წესების მიხედვით, პატიმარს კვირაში ერთხელ ეკუთვნის ერთსაათიანი ,,პრაგულკა''. 

კვირაზე ოდნავ მეტია გასული, რაც გლდანის ციხიდან გამოსულ პატიმარს შევხვდი, რომელმაც ,,კარანტინიც გაიარა'', ,,კარანტინის დაშლაც'', გლდანის ციხეც და პირობითით გათავისუფლდა. 

,,კარანტინში როგორც ადრე, ახლაც ორი ნარი დგას ანუ ოთხი საწოლია, ორი ზემოთ, ორიც _ ქვემოთ. შვიდი კაცი ვიყავით (ნაციონალების დროს, კარანტინის #5 საკანში რომ შემიშვეს, 32-ე გახლდით) და ძილის პრობლემა არ იყო. დღეში თითო კაცს უფილტრო სიგარეტს გვირიგებდნენ (იმ დროს სიგარეტი შემთხვევით რომ შეგეტანა და მოგეწია, ცემაში სულს გხდიდნენ), გვაძლევდნენ ტუალეტის ქაღალდს (მაშინ ტუალეტის ქაღალდს არ გვაძლევდნენ, ,,მაიკებით'' გვიწევდა ფონს გასვლა). რაც შეეხება დაშლას, ჩვეულებრივად, გამოგვიყვანეს და გადაგვანაწილეს საკნებში. ხელი არავისთვის დაურტყამთ'', _ მითხრა გლდანის ციხიდან გამოსულმა პატიმარმა. 

აღარ გავაგრძელებ, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს გლდანის ციხეში და მხოლოდ იმას გიამბობთ, რა ხდებოდა ,,კრიტში'' ანუ დახურულ ზონაში, საიდანაც პატიმრები იშვიათად, მაგრამ მაინც გადმოჰყავდათ ხოლმე ნახევრად დახურულ დაწესებულებაში და იქაურ ამბებს მათგან ვიგებდით. 

,,ეტაპი მოვიდა, ,,კრიტიდან'' ექვსი კაცია'', _ ,,მაყურებლების'' ოთახში პატიმარი შემოვიდა და ახალი ამბავი მოიტანა. 

მაყურებლები მაშინვე წამოიშალნენ. ჯერ ერთი, ეტაპს ისინი ანაწილებდნენ და წყვეტდნენ, ვინ საით უნდა წასულიყო და მეორეც, ,,კრიტიდან'' აუცილებლად იქნებოდა ისეთი პატიმარი, რომელიც უშუალოდ ,,მაყურებლების'' საკანში დაიდებდა ბინას. 

,,კრიტის'' ექვსეული განცალკევებით იდგა და ზედ ეტყობოდა, რომ დახურული ,,ზონიდან'' იყო _ გამხდრები, ქაღალდივით თეთრები და მკაცრი სახეებით. 

,,ვახ, ეს გოგა არ არის?! აუ, ,,დაუბრედიათ'' ტიპი'', _ ჩაილაპარაკა ,,მაყურებელმა'', ერთ-ერთ პატიმართან მივიდა და გადაეხვია. 

გოგამ გაიღიმა, ,,კამერაში'' ადგილი გაქვთო, ჩუმად იკითხა და როცა თანხმობა მიიღო, მძიმედ დაიძრა ,,მაყურებლების კამერისკენ''. 

,,ვინ არის?'' _ ჰკითხა პატიმარმა #0578-მა ერთ-ერთ ძველ კოლეგას. 

,,გოგაა... გამიკვირდა, აქ რომ დააბრუნეს. ორი წლის წინ წაიყვანეს აქედან, ,,ზონის'' მაყურებელი იყო. სულ გაჭაღარავებულა, დაბერებულა. არადა, 30-საც არ იქნება ჯერ'', _ დანანებით ჩაილაპარაკა პატიმარმა. 

,,ვინ არ იქნება 30-ის?! ის მოხუცი კაცი?!'' _ ლამის იყვირა #0578-მა. 

,,ჰო, ეგ მოხუცი კაცი ,,მალალეტკებიდან'' მოვიდა აქ, მერე ,,სროკი'' დაუმატეს და იმის მერე ,,გაკრიტეს''. როგორც წესი, ,,გაკრიტულებს'' იგივე ,,ზონაზე'' არ აბრუნებენ, რაღაც მოხდა, ალბათ'', _ ჩაილაპარაკა პატიმარმა. 

#0578-მა მაშინვე ,,მაყურებლების'' კამერისკენ გასწია და არც ის გამოეპარა, რომ ,,კრიტიდან'' მოტანილი ბოხჩა, რომე ლიც გოგას ფეხებთან ედო, რიგითმა პატიმარმა წააცუნცულა ,,მაყურებლების'' ,,კამერისკენ''. 

მაყურებლების საკანში მისულ #0578-ს საინტერესო სურათი დახვდა _ ერთი ,,მაყურებელი'' ჩაის ადუღებდა, მეორე _ ლოგინს უმზადებდა ახალმოსულს, მესამე გარეცხილ, სუფთა ტანსაცმელს სთავაზობდა. ამ ფაცი-ფუცზე #0578-ს გაეღიმა და ეს ღიმილი გოგამ შენიშნა, მერე სხვებს მიხედა და ,,უცხოზე'' ანიშნა, ვინ არისო და როცა უთხრეს, ჩვენი ძმააო, თავადაც გაიღიმა. 

რამდენიმე დღის შემდეგ, გოგა, სხვა პატიმრებივით, ,,ხოდზე'' მოვიდა, ფეხბურთიც კი ითამაშა, ჭაღარა რომ არა, ასაკი დიდად აღარც ეტყობოდა და არც ისეთი უჟმური ჩანდა, როგორც პირველ დღეს. 

,,ახალგაზრდავ, ცუდი ყოფაქცევის გამო შეიძლება, ისევ ,,გაგკრიტონ'', _ მიაძახა ერთ დღესაც #0578-მა, როცა ფეხბურთის თამაშის დროს, გოგამ სხვა პატიმარს ე.წ. ,,პადკატი'' გაუკეთა. 

,,აი, ჩემი ნება რომ იყოს, მართლა ,,გაგკრიტავდი'' და ნერვებს ნაკლებად მომიშლიდა'', _ გაეღიმა გოგას და თამაშის დასრულების შემდეგ, თავად მივიდა #0578-ის საკანში. 

,,შენზე ამბობენ, კარგი ჩაი აქვსო, ,,სვაბოდისო'' და არ დამპატიჟებ?!'' _ გაუღიმა და ნარზე ჩამოჯდა. 

,,სხვას არაფერს ამბობენ ჩემზე?'', _ თვალი ჩაუკრა #0578-მა და ჩაის მოდუღებას შეუდგა. 

,,ჰო, ვიცი, მითხრეს... ისტორიებს აგროვებსო, წიგნის დაწერა უნდაო... მაგარი მოცლილი ხარ, რა... ან რა გეწიგნება, ან ამდენ ,,სირს'' როგორ უსმენ? უეჭველი ვიცი, ნახევარზე მეტი ტყუილს მოგიყვებოდა, ,,იბლატავებდა'', ასეთი ვარ, ისეთი ვარო... ჰა, რამდენმა გითხრა, ჩემს ისტორიას ნამდვილი სახელი და გვარი მიაწერეო?!'' _ გადაიხარხარა გოგამ. 

,,ეგ მართლა ბევრმა მითხრა, მაგრამ მასეთების დაწერას არც ვაპირებ. შენ ის მითხარი, ვიღაც ჩაჩხალია თუ ჩარჩხალია რატო დაშტირე?!'' _ სერიოზულად ჰკითხა #0578-მა. 

,,მომზადებული ყოფილხარ... რატომ და, ,,მალალეტკებშივე'' მითხრეს, შენ არასრულწლოვნობის გამო მოგცეს მხოლოდ რვა წელი, მეტი ვერ მოგისაჯეს და ამიტომ, ,,ვზროსლების'' ,,ზონაზე'' დაგიმატებენო. ზუსტად ვიცოდი, რომ დამიმატებდნენ, რაღაც ,,სირულ'' მიზეზს მოიგონებდნენ, ,,შემტენიდნენ''. ამიტომ, ერთი არაკაცი ,,გაიჩითა'' და შტირი ,,ვთხარე'', თან საქმე გავაკეთე, თან დავამშვიდე, მიზეზი აღარ დასჭირდათ. დამიმატეს ექვსი წელი და ვარ ასე. სადაც მივდივარ, არ მიჭირს, არც ,,შპონკა'' მაქვს საძებარი და არც _ სიგარეტი'', _ გაიღიმა გოგამ. 

,,და ,,კრიტში'' რა ხდება? საინტერესოა?!'' 

,,არაფერი. ხარ დაკეტილში, ჰაერი გენატრება. მერე გაჭედავ და ჩაგაგდებენ ,,კარცერში''. ჩაყვანისას გცემენ, ამოყვანისას ისვ გცემენ. მიღებაზე მცემეს, გამოშვებაზე მცემეს, აქ მიღებაზეც მცემეს. ,,ზონაა'', რა, რა შეუძლიათ მეტი ამათ?!'' _ ხელი აიქნია გოგამ. 

,,იცი, რა მაინტერესებს? _ 15 წლის იყავი, რომ დაგიჭირეს და სრულად თუ მოიხადე, აქედან 29 წლის გახვალ. ღირდა ყველაფერი ეს ამად?!'' _ ჩუმად ჰკითხა #0578-მა. 

,,არ ვფიქრობ მაგაზე. არც იმაზე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს აქ გავატარებ. რაც არის, ეს არის. სანამ დამიჭერდნენ, უცხო ქალაქში მინდოდა ცხოვრება, ვფიქრობდი, სადმე ისეთ ადგილზე წავალ, არავინ რომ არ მიცნოს-მეთქი. ეს ოცნება ამიხდება, რომ გავალ _ არ დავბრუნდები მასივში, სადმე სხვა უბანში ვიცხოვრებ და ძველი მეგობრები ვერც მიცნობენ, ახლებს ეს ძველი გოგა არ ეცოდინებათ. ის კი არა და, სარკეში რომ ვიხედები, ასე მგონია, მე არ ვარ. გავიტან აქედან ქურდულ გამოცდილებას, რომელსაც გარეთ ვერაფერში გამოვიყენებ და ვეცდები, რამე დავაბიზნესო. ჯერ არ ვიცი, რა, მაგრამ გარეთ გამოჩნდება'', _ თქვა გოგამ. 

* * * 

გოგა ჯ. ციხიდან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც შეკრებითობის პრინციპი მოიხსნა და საყოველთაო ამნისტიით, სასჯელის ერთი მეოთხედი ყველა პატიმარს შეუმცირდა. გათავისუფლების შემდეგ ის სამშობლოში ძალოვნებმა არ გააჩერეს, აიძულეს ევროპაში წასულიყო და ახლა... 8-წლიან სასჯელს საბერძნეთის ციხეში იხდის.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში