Menu
RSS

ლევან ყიფიანის მინისტრობის დროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან მილიონები გაქრა

აუდიტის სკანდალური დასკვნა _ ფაქტები, რის გამოც ექსმინისტრი უნდა დაიჭირონ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა და მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად გადაფარა თემა, რომელიც ლევან ყიფიანს ეხებოდა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი სერიოზულ შარში იყო გახვეული. მისი მონაწილეობით ტელევიზიით, როგორც აუდიო, ისე ვიდეომასალა გავიდა და ამ ჩანაწერების გამო პროკურატურაში დაბარებულმა მინისტრყოფილმა ისეთი განცხადება გააკეთა, გვეგონა, ხელბორკილს დაადებდნენ, მაგრამ თქვენც არ მოგვიკვდეთ _ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ეს კი არადა, ბიძინა ივანიშვილსა და ჟურნალისტებს შორის გამართული შეხვედრის დროს, ექსპრემიერმა გაოცებით იკითხა, ერთი მიზეზი მაინც მითხარით, რატომ უნდა მივცეთ პასუხისგებაში ყიფიანიო და ჟურნალისტებმაც ხმა ვერ ამოიღეს.

ბატონო ბიძინა, ჩვენ გეტყვით, კონკრეტულად, რა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ყიფიანის ქმედება _ შეგახსენებთ აუდიტის იმ დასკვნას, რომელიც ყიფიანის მინისტრობის პერიოდს ეხება და შემდეგ, თავად განსაჯეთ, შეიცავს თუ არა ყველაფერი ეს დანაშაულის ნიშნებს. 

,,ზაზა ოქუაშვილს დავალიანება ჰქონდა უცხოელი ინვესტორების მიმართ. ამიტომ, მან მთხოვა, რომ გაგვეკეთებინა ჩანაწერები, თითქოს მას ატერორებდნენ საქართველოში, დაგვედგა ყველაფერი ეს და შემდეგ გადაგვეგზავნა უცხოელი პარტნიორებისთვის, რომლებიც ამის საფუძველზე ვალების გადავადებას მოახდენდნენ. რა თქმა უნდა, სანაცვლოდ მე გარკვეული თანხა უნდა მიმეღო და ეს ვიცოდი, როგორც მე, ისე _ ოქუაშვილმა. შედეგად, ჩვენ დავდგით სპექტაკლი, გავითამაშეთ, თითქოს ოქუაშვილს სახელმწიფო ჩინოვნიკები სძალავდნენ ფულს და შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ,,ომეგა ჯგუფის'' ხელმძღვანელი არტისტიზმს მიწუნებდა, სურდა, უფრო დამაჯერებელი ვყოფილიყავი'', _ ეს განცხადება ყიფიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პროკურატურაში დაიბარეს და იმ საუბრის შინაარსის ახსნა მოსთხოვეს, რომელიც ჩანაწერებში ისმოდა. 

დავუშვათ, რომ ყიფიანის განცხადება სრული სიმართლეა. რა გამოდის? _ სარგებლის მიღების მიზნით, ის შეგნებულად მონაწილეობდა თაღლითობაში, რომელიც ითვალისწინებდა უცხოელი პარტნიორების მოტყუებას, საქმე ეხებოდა რამდენიმე მილიონს და რაც მთავარია, ამ სქემით სერიოზულად ილახებოდა სახელმწიფოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე ანუ კაცი აღიარებს, თაღლითური სქემით სარგებელი უნდა მიმეღო, ხალხი უნდა მომეტყუებინა და სულ არ მაინტერესებდა, საქართველოს შესახებ რას იფიქრებდნენო და ასეთ კაცზე ვამბობთ, ერთი მიზეზი მაინც თქვით, რის გამო უნდა დავიჭიროთო?! 

მეორე მხრიდან შევხედოთ ყველაფერს _ მე რომ გამოვიდე ტელევიზიით და ვთქვა, მონაწილეობა მივიღე თაღლითურ სქემაში, რის შედეგადაც რამდენიმე მილიონიანი ვალის გადავადება მოხდა, სახელმწიფოს იმიჯი შევულახე და პოტენციურ ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში ფულის ჩადების ყველანაირი სურვილი მოვუკალი-მეთქი, რას იზამთ, დამიჭერთ თუ ისე ზარ-ზეიმით გამომაცილებთ პროკურატურიდან, როგორც ლევან ყიფიანი გამოაცილეთ?! 

ძალიან, ძალიან კარგად გვესმის, რომ ლევანი დიდი ქართველი ფეხბურთელის, დათო ყიფიანის შვილია. შეიძლება ითქვას, დავიდოვიჩი ყველაზე დიდი ათიანი იყო ქარული ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ კარგი მამის უღირსი შვილი არ შეიძლება იყოს?! 

ახლა, საუბარი ნამდვილად არ გვაქვს ყიფიანის ღირსებებზე, მაგრამ ის, რომ ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ, მინიმუმ, საქმის წარმოებაა დასაწყები, ფაქტია. 

ესეც არ იყოს, ძალიან ჩუმად და საეჭვოდ წავიდა ყიფიანი მინისტრის პოსტიდან. თითქოს ყველაფერი მარტივად მოხდა და, ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ის აღარავის უთქვამს, რომ ყიფიანის გადადგომას წინ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა უძღოდა. სახელმწიფო აუდიტმა წესისამებრ შეამოწმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ყიფიანის მოღვაწეობის წლები და პატარ-პატარა დარღვევების გარდა, ფინანსური სახის ისეთი დარღვევებიც აღმოაჩინა, მინისტრისთვის, მინიმუმ, კითხვები უნდა დაესვათ, თუმცა კითხვების დასმასა და არაფრისთვის მოთხოვნილი ორი მილიონის გარკვევის ნაცვლად, ყიფიანს, უბრალოდ, კარისკენ მიუთითეს. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ყიფიანის მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს ბალანსზე არ იყო ასახული, დაახლოებით, ხუთი მილიონის აქტივები, მათ შორის, 23 ხელოვნურსაფარიანი და 17 ასფალტსაფარიანი მოედანი ანუ სამინისტროს არსად ჰქონდა დაფიქსირებული, რომ 40 მოედანს ფლობდა. 

ასევე, ასახული არ იყო წყალტუბოს ბანაკი, არსად ჩანდა ტურისტული სახლი ,,თბილისის ზღვა'', რომელიც 101 067 ლარად იყო შეფასებული. 

2013-2015 წლებში, სხვადასხვა სპორტული პროექტის განხორციელებისთვის, სპორტის სამინისტროს 36 მილიონი ლარი გამოუყვეს. აღნიშნული თანხა, წესითა და რიგით, მკაცრად უნდა ყოფილიყო გაწერილი, მაგრამ ნურას უკაცრავად _ აუთვისებელი დარჩა ორ მილიონ ლარზე მეტი და... ეს ორი მილიონიო ლარი თბილისში, ძიუდოს ტურნირისა და ხელბურთის ჩემპიონატის ჩასატარებლად იყო გათვალისწინებული. 

საოცარია, მაგრამ ფაქტია: ორივე შემთხვევაში, სპორტის სამინისტრომ უარი თქვა დაფინანსებაზე და ძიუდოს ტურნირიც და ხელბურთის ევროპის ჩემპიონატიც სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ჩატარდა. 

რისთვის და ვისთვის ინახავდა ორ მილიონ ლარს სამინისტრო? _ პასუხი უცნობია, რადგან ამ მიმართულებით კითხვა მინისტრისთვის არავის დაუსვამს. 

მინისტრისთვის არც ის უკითხავს ვინმეს, რატომ მოითხოვა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმას შპს ,,სპორტმშენსერვისმა'' 36 მილიონი ლარის გადარიცხვა ხელბურთისა და საწყლოსნო სპორტკომპლექსების ასაშენებლად მაშინ, როცა აღნიშნული კომპლექსები ორი მილიონით ნაკლები ჯდებოდა. ,,სპორტმშენსერვისმა'' ეს თანხა მიიღო, კომპლექსებიც ააშენა და... ორი მილიონი ამ შემთხვევაშიც, აუთვისებელი დარჩა. 

კითხვებს ბადებს სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების და მათი გამარჯვებულების ვინაობაც. ხშირ შემთხვევაში, გამარჯვებული დისკვალიფიკაციას იღებდა და სამუშაოებს მეორე ადგილზე გასული ფირმა ახორციელებდა... ბევრად ძვირ ფასად. კითხვები არც ამ მიმართულებით დასმულა. 

მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ფეხბურთის ფედერაციასა და ,,ლოკომოტივში'' მუშაობის დროს, ყიფიანი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს სთხოვდა ამა თუ იმ ფეხბურთელის აყვანას გუნდში შემდგომი მისი სარფიანად გაყიდვის პირობით. ამის გამო არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი და საქმის გარჩევა მწვრთნელებსა და ყიფიანს შორის და რომ არა ეს ხასიათი და მისწრაფებები, დათო ყიფიანის შვილს ფედერაციიდან არავინ გაუშვებდა. 

ძალიან შორს შეგვიძლია წასვლა, შეგვიძლია, იმ მწვრთნელების დასახელებაც, რომლებსაც ყიფიანი ანალოგიური თხოვნით მიმართავდა, მაგრამ ვგონებ, საკმარისი ვთქვით... კითხვაზე _ რატომ უნდა დავიჭირო ლევან ყიფიანი, ერთი მიზეზი მაინც მითხარითო? _ მთელი სქემა დავდეთ. 

იმას კი არ ვითხოვთ, გინდათ თუ არა, ყიფიანი დააკავეთო, უბრალოდ, დასმულ კითხვას ვპასუხობთ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში