Menu
RSS

რა კავშირი ჰქონდათ ნაციონალებს „კანონიერ ქურდ“ „ხმელოსთან“

წინა ხელისუფლების დროს წამებით მოკლული „კანონიერი ქურდი“ და სკანდალური ისტორია, რომელშიც გივი თარგამაძე ფიგურირებს

გასულ კვირას, ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის სიმამრი, ავთანდილ ტაბუცაძე ე.წ. ,,კანონიერი ქურდ'' გია ხმელიძესთან (მეტსახელად „ხმელო“) ერთად, საქართველოში არამარტო ბიზნესს აწარმოებს, არამედ 28 ოქტომბრის არჩევნებში ქურდები მთელი შემადგენლობით ჰყავდა ჩარეული და ისინი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდნენ. როგორც ითქვა, ტაბუცაძეს კონკრეტულად რაჭის რეგიონი ებარა და ხმელიძეც სწორედ რაჭაზე მუშაობდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, სანამ მისი ნამდვილობა დადასტურდებოდა, ოპოზიციამ ხმაური ატეხა, ხედავთ, ხელისუფლება რა დღეშია, ,,კანონიერ ქურდებს'' არჩევნებისთვის იყენებსო და ეს მაშინ, როცა საქმე გია ხმელიძეს ეხება.

ჯერ ის ვთქვათ, რომ ხმელიძე რუსთაველია და თუ ხელისუფლებას მისი დახმარების გამოყენება სურდა, რუსთავში დაიხმარდა. მით უმეტეს, რუსთავი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე აბსოლუტურად ყველა უბანი წააგო. „ხმელოს“ კი მეტალურგების ქალაქში იმაზე არანაკლები გავლენა აქვს, ვიდრე კიდევ ერთ რუსთაველს, ლაშა შუშანაშვილს. ბოდიში ხელისუფლებასთან, მაგრამ ახლაც, ადრეც და სავარაუდოდ, მომავალშიც, ხმელიძეს და შუშანაშვილს, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად, რუსთავის არჩევნების მოგებაც შეუძლიათ, თავდაყირა დაყენებაც, აფეთქებაც, დალაგებაც და... მოკლედ, ყველაფერი. 

ახლა, რაც შეეხება ხმელიძისა და წინა ხელისუფლების ურთიერთობას. თუ გახსოვთ, 2010 წელს, უკრაინის საპარლამენტო არჩევნების დროს, საქართველოდან უკრაინაში 2 ათასი დამკვირვებელი წავიდა. მათი მთავარი მიზანი იულია ტიმოშენკოს დახმარება იყო და სწორედ მათ უნდა მოეხდინათ უკრაინულ არჩევნებზე გავლენა. მაშინ უკრაინულმა ხელისუფლებამ ივარგა, სამართალდამცავებიც ადვილად გაერკვნენ სიტუაციაში და ქართველი „დამკვირვებლების“ ნაწილი ქვეყანაში საერთოდ არ შეუშვა, დანარჩენები კი, უბრალოდ, არ დაარეგისტრირა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ინტერნეტში სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე გივი თარგამაძე უკრაინაში, ვინმე კონსტანტინე ყიფიანს ესაუბრებოდა. მერე გაირკვა, რომ ეს „ვინმე“ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ძმა, კოტე ყიფიანი გახლდათ. სწორედ ამ საუბარში ითქვა, რომ თარგამაძე დონეცკში მყოფი გია ხმელიძისგან დახმარებას ითხოვდა. 

„რვა ათასი კაცით ჩამოვალ დონეცკში, თავზე დავამხობ ქალაქს, გიას პრობლემებს შევუქმნი, უთხარი, რომ დაგვეხმაროს, თორემ ინანებს. მე გპირდები, რომ პირადად გამოვაცხადებინებ მასზე ძებნას, დავაჭერინებ და აქ ჩამოვათრევ“, _ გაიძახოდა მაშინ თარგამაძე და ეს, იმის მიუხედავად, რომ ყიფიანი იქიდან არწმუნებდა, ხმელიძე არჩევნებში არ ერევა და ჩარევას არ აპირებსო. 

სატელეფონო საუბარში ნახსენები იყო, ვინმე ლაშა და მაშინვე ითქვა, რომ ლაშა, სავარაუდოდ, კიდევ ერთი რუსთაველი ავტორიტეტი, ლაშა შუშანაშვილი იყო, თუმცა მოგვიანებით, უკრაინაში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ლაშა ყიფიანმა განაცხადა, საუბარი ჩემზეა და არა _ შუშანაშვილზეო. 

ის ლაშა ხმელიძისა და კოტე ყიფიანის ახლობელი გახლდათ, შესაბამისად, „ხმელოსთან“ მოლაპარაკებები მისი მეშვეობით მიმდინარეობდა, თუმცა გამოვიდა ის, რომ არაფერი გამოვიდა _ ხმელიძემ კატეგორიული უარი განაცხადა დახმარებაზე და ისიც შემოთვალა, ნაციონალებს არასოდეს დავეხმარებიო. 

შეგახსენებთ, რომ საუბარი 2010 წლის იანვარში გავრცელდა და, როგორც ითქვა, 11 იანვარს იყო ჩაწერილი. 

იმავე წლის 2 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, გია ხმელიძეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა და მასზე ძებნა გამოცხადდა. ერთ კვირაში კი, ხმელიძე ჩეხეთში პრაღის პოლიციამ დააკავა. ხმელიძის დაკავებით გამოწვეული სიხარული გივი თარგამაძეს მედიასთანაც არ დაუმალავს და აღნიშნა, რომ კიდევ ერთ ,,კანონიერ ქურდს'' ჩამოათრევდნენ საქართველოში და სასჯელს მიუსჯიდნენ. რაღა თქმა უნდა, თარგამაძე მუქარის შესრულებას შეუდგა და ქართულმა მხარემ ჩეხებს ხმელიძის ექსტრადაციის თაობაზე მიმართა. მიზეზად კი მისი ,,კანონიერი ქურდობა'' დაასახელა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო, რადგან ეს მუხლი საქართველოს გარდა, არსად მოქმედებს. ამის შემდეგ, ქართულმა მხარემ ბრალი დაამძიმა და ხმელიძეს ,,კანონიერ ქურდობასთან'' ერთად, ფულის გამოძალვის ბრალდებაც წაუყენა. კონკრეტულად კი, ქართული პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ხმელიძე ტელეფონის საშუალებით ანუ უკრაინიდან დარეკვით, ვინმე გია კავთელიშვილს 200 ათას ევროს სძალავდა. გია კავთელიშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ და, როგორც საქმის მასალებში იყო მითითებული, მას უკრაინიდან ვიღაც პიროვნებამ დაურეკა, რომელიც გია ხმელიძედ გაეცნო და ,,ქურდულ საერთოში'' 200 ათასის გადახდა მოსთხოვა. არადა, თავად კავთელიშვილი აცხადებდა, რომ ხმელიძის არსებობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ტელევიზიით სიუჟეტი გავიდა და... მისთვის არავის დაურეკავს და არც 200 ათასი მოუთხოვია. 

კავთელიშვილის განცხადების მიუხედავად, თარგამაძემ თანამდებობის გამოყენება მოახერხა, საქმე შეკერა და ჩეხეთში გაგზავნა. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩეხები ყველაფერს დაიჯერებდნენ და ხმელიძის ექსტრადაციას განახორციელებდნენ, ვერ გეტყვით. სასამართლოზე კავთელიშვილს ათქმევინებდნენ თუ არა, რომ ხმელიძემ მას დაურეკა, ესეც უცნობია, თუმცა... 

თითქოს ამ ბრალდების და პრაღაში იურიდიულად გამართული საქმის მასალების გადაგზავნის შემდეგ, ხმელიძის ექსტრადაციას წინ აღარაფერი ედგა, მაგრამ ჩეხმა ადვოკატებმა სასამართლოს სწორედ ის ჩანაწერი წარუდგინეს, სადაც თარგამაძე ხმელიძის მისამართით იმუქრებოდა. სასამართლოს ჩვენება მისცა ლაშა ყიფიანმაც, რომელმაც დაადასტურა, რომ თარგამაძე მასთან და ხმელიძესთან მოლაპარაკებებს, კოტე ყიფიანის მეშვეობით აწარმოებდა და მუქარა რეალური გახლდათ. პარალელურად, საქართველოდან მასალებს აგზავნიდა ხმელიძის აქაური ადვოკატი ლალი აფიციაური. სწორედ მის მიერ მიწოდებულ მასალებში იყო აღწერილი კიდევ ერთი ,,კანონიერი ქურდის'', უშანგი გოდელაძის საქმე. თარგამაძე მასაც ემუქრებოდა და 2009 წელს გოდელაძე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ეს „გაურკვეველი ვითარება“ მალე გაირკვა, რადგან ექსპერტიზის დასკვნით, გოდელაძე სასტიკად იყო ნაწამები და სწორედ წამების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. 

მაშინ ყველა ამბობდა, რომ გოდელაძეს მუქარა სწორედ გივი თარგამაძემ შეუსრულა და ის, უბრალოდ, წამებაში მოაკვლევინა. კულუარებში იმასაც ამბობდნენ, თარგამაძე გოდელაძის წამებას უშუალოდ ესწრებოდა და მასში მონაწილეობდა კიდეცო, მაგრამ ფაქტებით ეს არ დადასტურებულა. 

ყველაფერ ზემოთქმულის შემდეგ, დღეს ოპოზიცია ხელისუფლებას ამუნათებს, აქაოდა, ხმელიძის გამოყენება სურს საარჩევნოდო და ეს მაშინ, როცა იმავე ხმელიძეს, თავად სასიკვდილოდ სწირავდა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში