Menu
RSS

არასრულწლოვან დამნაშავეებს ციხეში აღარ გაუშვებენ

ბოლო წლებში მსჯავრდებულ ბავშვთა რაოდენობა შემცირდა _ რას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის შედეგად, 3 000 ბავშვი გამოსწორდა. ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ქვეყანაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი და თანამედროვე კოდექსი შემუშავდა, რომელიც ძალაში 2016 წლიდან შევიდა და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მასში დანერგილია სისხლის სამართლის სისტემაში მყოფ ბავშვებზე მორგებული ახლებური მიდგომა, როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთათვის, ასევე დაზარალებული და დანაშაულის მოწმე ბავშვებისთვის. ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, 31 ოქტომბერს, რუსთავში, ახალი კოდექსის მასშტაბური კამპანია დაიწყო. მთავრობის უახლოეს სხდომაზე კი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი 14 წლამდე ასაკის ბავშვთა რეფერირების რეფორმას წარადგენს.

უფრო კონკრეტულად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსით, ბავშვის დაკითხვისა და გასაუბრებისთვის სათანადოდ აღჭურვილი და ბავშვზე მორგებული სივრცეები შეიქმნა სასამართლოებში, პოლიციის განყოფილებებში, იურიდიული დახმარების სამსახურებსა და პროკურატურაში. რაც მთავარია, ახალი კოდექსის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, თავს დაცულად უნდა გრძნობდეს; დაკითხვა/გასაუბრება ბავშვისადმი მეგობრული მეთოდების გამოყენებით უნდა განხორციელდეს, ხოლო მათთან ინტერვიუებს სპეციალიზირებული პროფესიონალები უნდა უძღვებოდნენ. 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსით, 3 000 მოზარდი უკვე ცხოვრების სწორ გზას დაუბრუნდა. საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ კოდექსის წარმატების ნაწილი განრიდება და მედიაციაა, შედეგად, 14-18 წლის 3 000-ზე მეტ ბავშვსა და 18-21 წლის ახალგაზრდა კანონდამრღვევს განრიდებისა და მედიაციის სხვადასხვა მომსახურება უკვე გაუწიეს, განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი კი 9%-მდე შემცირდა! 

რა არის განრიდება? _ ესაა სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვან კანონდარმრღვევთა მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის მექანიზმები არ გამოიყენოს; განრიდება და მედიაცია გვერდს არ უვლის სამართალდარღვევის შემთხვევებს, ან დაზარალებულთა ინტერესებს, მაგრამ ეს ერთ-ერთი, საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტია. განრიდების სარგებელი ისაა, რომ არასრულწლოვანს ნასამართლობა არ უფიქსირდება; არ ახლავს თანმხლები, ნეგატიური შედეგები და განრიდების შემთხვევაში, არ არსებობს სტიგმა! 

განრიდება და მედიაცია მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ბავშვი ჩართულია სოციალურ საქმიანობაში; სპორტულ და სათემო აქტივობებში, მაგალითად, განრიდების შემდეგ, ბავშვს ხანდაზმულთა სახლებში, ან სხვადასხვა ორგანიზაციებში ასაქმებენ. რაც მთავარია, განრიდებისა და მედიაციის დროს შესაძლებელია სხვადასხვა უნარის განვითარება, კერძოდ, უცხო ენებისა და კომპიუტერის, ასევე, ხეზე კვეთის შესწავლა. 

ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხანგრძლივი ძალისხმევის მიზანი ის იყო, რომ საქართველოში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა ჩამოყალიბებულიყო, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პრინციპებთან. ახალი კოდექსის შემუშავების არსი ისიც გახლდათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ისეთი თანამედროვე სისტემა შემუშავებულიყო, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მოემსახურებოდა, დანაშაულის რიცხვს შეამცირებდა და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს შექმნიდა. სოციალური პროგრამების საშუალებით კი, მოზარდებს დაეხმარებოდა, რათა ცხოვრების სწორ გზას დაბრუნებოდნენ. 

ევროკავშირის მხარდაჭერით, 2010 წლიდან, ამ მიმართულებით მთელი რიგი რეფორმები განხორციელდა, რომელიც განრიდებისა და მედიაციის პროგრამის დახვეწას, არასრულწლოვანთათვის პატიმრობის გარემოს გაუმჯობესებასა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, მონიტორინგის სისტემების ჩამოყალიბებას, ასევე არასრულწლოვანებთან მომუშავე პროფესიონალების შესაბამის გადამზადებას ეხებოდა 

სპეციალისტების განმარტებით, ბავშვზე მორგებული გარემო ემსახურება ბავშვის ინტერესების საუკეთესოდ დაცვას ბავშვზე ძალადობის ასაცილებლად, ასევე სამართლიანობასა და ხელახალი ტრავმის თავიდან აცილებას! 

ამ რეფორმამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს: 2008 წელს, მსჯავრდებულ ბავშვთა რაოდენობა 1 116 იყო, რომელიც 2014 წლამდე 381-მდე შემცირდა; 2007 წელს, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 40% იყო, რაც 2014 წლამდე 27%-მდე შემცირდა; განრიდებისა და მედიაციის საცდელი პროგრამების რიცხვი, რომელთა პილოტირება 6 მსხვილ ქალაქში განხორციელდა, 15 ქალაქამდე გაფართოვდა; 2010-2015 წლებში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას 888-ზე მეტი ბავშვი განარიდეს! 

ევროკავშირის მხარდაჭერით, ბავშვებთან მუშაობის პირობების დახვეწის მიზნით, სპეციალიზირებული პროფესიონალების გუნდიც გადაამზადეს. მათ შორის, 40 სპეციალიზირებული მბრალმდებელი, 35 ადვოკატი, 30 მოსამართლე და 30 პოლიციელი. მათ ჩაუტარდათ ტრენინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე, მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მსხვერპლი ბავშვებისა და მოწმე ბავშვებისთვის გამოკითხვის ჩატარების ტექნიკაზე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, არავინ, არასდროს აღარ დაუშვებს, რომ ქურდობისთვის ბავშვი ციხეში მრავალი წლით გაუშვან! მინისტრმა განმარტა, რომ როდესაც ბავშვი შეცდომას დაუშვებს, რაც სინამდვილეში, სისხლის სამართლის დანაშაულია, სამართალდამცავებმა მას ალტერნატივა ანუ განრიდება და მედიაცია უნდა შესთავაზონ: 

,,დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი მივიღეთ, ასეულობით ბავშვი განვარიდეთ, რომელიც რეალურად, ციხესა და კრიმინალურ სამყაროს გადაურჩა! ეს არის ქართველი პროფესიონალების, ევროკავშირის ექსპერტებისა და ,,იუნისეფის'' გუნდის ის რეფორმა, რომლითაც ყველა ვამაყობთ. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ და, პირველ რიგში, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ როდესაც გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისგან მოვისმენთ, ბავშვმა მურაბის ქილა, ან მობილური ტელეფონი გაიტაცა და ციხეში უნდა ჩავაგდოთო, ამის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ! 10-11 და თუნდაც 12-13 წლის ბავშვების ადგილი გლდანის საპატიმროში არაა, მათი ადგილი სკოლებსა და ოჯახებშია და მათზე სხვაგვარად უნდა ვიზრუნოთ! ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა მამუკა ბახტაძემ უკვე აგვინთო მწვანე შუქი, რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე 14 წლამდე ასაკის ბავშვთა რეფერირების რეფორმა წარვადგინოთ. ამის შემდეგ კი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტშიც შევიტანთ. ამდენად, 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც გვექნება სახელმწიფოებრივი პასუხი, რომ ვინც არ სწავლობს, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში ქურდობს, გლდანში კი არ გავამწესოთ, არამედ ადგილი მივუჩინოთ საგანმანათლებლო, ან სპორტულ დაწესებულებებში, რათა ნორმალურ, ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბდეს''.

 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში