Menu
RSS

C ჰეპატიტის პროგრამაში აღმოჩენილი დარღვევები

რა რეკომენდაცია მისცა აუდიტის სამსახურმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უმნიშვნელო ფინანსური დარღვევები აღმოჩნდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დავით სერგეენკოს უწყებაში მხოლოდ ისეთი ხარვეზები გამოავლინა, რაც გამოსწორებას ექვემდებარება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სამინისტროს 2017 წლის კონსოლოდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ვრცელი სარეკომენდაციო წერილი ახლავს.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, „სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების“ ანგარიშზე, 326 693 ლარის მატერიალური მარაგები აქვს აღრიცხული, რაც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია. სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს'' 26 236 866 ლარის ვადაგასული მედიკამენტები აღურიცხავს. 

სააგენტოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე ანუ 2015 წელს, C ჰეპატიტის ძირითად სამკურნალო პრეპარატს ,,სოფოსბუვირი'' წარმოადგენდა, რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, სხვა მედიკამენტებთან _ ,,ინტერფერონი'' და ,,რიბავირინი'' კომბინაციით ინიშნებოდა. 2016 წლის თებერვლიდან, ,,სოფოსბუვირი'' ახალი თაობის მედიკამენტით _ ,,ჰარვონით'' ჩანაცვლდა, რომლის მიხედვითაც, სამკურნალო რეჟიმები შეიცვალა. ამან კი მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების, მათ შორის, ,,სოფოსბუვირის'', ,,ინტერფერონისა'' და ,,რიბავირინის'' მოხმარება. 

სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები სხვა პროგრამაშიც აღმოაჩინეს. მაგალითად, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამის ჰემო და პერიტონული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, ასევე მასალისა და მედიკამენტების შესყიდვისა და მიწოდების კომპონენტის ფარგლებში, ,,სოციალური მომსახურების სააგენტო'' მატერიალურ მარაგებს 27 სამედიცინო დაწესებულებას გადასცემდა, რომლებიც მომსახურებას უწევდნენ პროგრამის ბენეფიციარებს. 

აუდიტორების შეფასებით, მატერიალური მარაგების მიღება-ჩაბარების ოპერაციის ბუღალტრული გატარების საფუძველი იყო სამმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი მარაგების გადაცემის შესახებ _ სააგენტოს, მედიკამენტის მომწოდებელ ორგანიზაციასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის. მას შემდეგ, რაც სააგენტომ მატერიალური მარაგი სამედიცინო დაწესებულებებს გადასცა, ხარჯად აღიარა, თუმცა ამგვარი ფინანსური ოპერაცია მარაგის ხარჯად აღიარების კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, რადგან სამედიცინო დაწესებულებები ხარჯვის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფორმების შესაბამისად წარუდგენენ, რომელშიც თვის საწყისი და საბოლოო ნაშთის რაოდენობრივი მაჩვენებელი ისედაც აღრიცხულია. 

სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც აუდიტორებს წარუდგინეს, გაირკვა, რომ 2017 წლის 1 იანვრისა და 31 დეკემბრის მდგომარეობით, არსებული სამკურნალო საშუალებების ნაშთი 1 939 025 ლარსა და 2 951 718 ლარს შეადგენდა. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ამგვარი უზუსტობები, პროგრამის ფარგლებში მისაწოდებელი სამედიცინო სერვისის მედიკამენტებით უზრუნველყოფის დამახინჯებულ სურათს ქმნის. მეტიც, მედიკამენტების საჭიროების განსაზღვრისა და მისი განაწილების დროს, არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების რისკსაც ზრდის. 

,,რეკომენდაცია: სამინისტრომ და სააგენტომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა უზრუნველყონ მატერიალური მარაგების ინვეტარიზაცია; მოცემული მარაგების მიხედვით, აქტივად აღიარების კრიტერიუმების დაკმაყოფილების ხარისხი უნდა შეფასდეს და ხელმძღვანელობამ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ჰემო და პერიტონული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვისა და მიწოდების კომპონენტის ფარგლებში, ისეთი სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, რომლითაც ხარჯვითი ოპერაციას აღიარების მომენტად, სამკურნალო საშუალებების გამოყენებით, უშალოდ ბენეფიციარისთვის განხორციელებული სამედიცინო მომსახურების (სეანსები) გაწევის მომენტი უნდა შეირჩეს!'' 

სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს'' დებიტორული დავალიანების რეესტრიდან სახელმწიფო აუდიტორებმა 91 ორგანიზაცია შეარჩიეს, რომელთა დავალიანება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 30 307 621 ლარს შეადგენდა. პასუხი 38 ორგანიზაციისგან მიიღეს, საიდანაც მხოლოდ 8 ორგანიზაციის დებიტორული დავალიანება _ 4 207 110 ლარი დადასტურდა, რაც შერჩეული ორგანიზაციების დავალიანების მხოლოდ 14%-ია. 

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია 19 პირის მიმართ 2010 წლამდე წარმოშობილი 303 227 ლარის დებიტორული დავალიანება. არადა, სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, სამინისტრო ამ დავალიანების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას არ ფლობს. ამასთან, ნაშთების რეალურობის დადგენის მიზნით, მოთხოვნების ინვენტარიზაციის დროს, ორგანიზაციებთან ურთიერთშედარების აქტებიც არ გაფორმებულა. ფინანსურ ანგარიშგებაში _ „მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით“, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 444 194 ლარის დავალიანებაა აღრიცხული, ხოლო ამ დანაკლისის აღდგენისთვის გატარებული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამინისტრომ აუდიტორებს ვერ წარუდგინა! 

2017 წელს, ცენტრალურ აპარატსა და რეგულირების სააგენტოში მატერიალური მარაგების სავალდებულო ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. არადა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2 048 647 ლარის მატერიალური მარაგებია აღრიცხული! 

დარღვევები გამოვლინდა C ჰეპატიტის მართვის პროგრამაშიც. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ პროგრამის ფარგლებში აღრიცხული მატერიალური მარაგების ნაშთი 1 188 788 129 ლარი იყო. ეს მარაგები ინახებოდა, როგორც სააგენტოს საწყობებში, მათ შორის, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“ და „მედფარმა პლუსში“, ასევე, _ პროგრამაში ჩართულ 32 სამედიცინო დაწესებულებაშიც, საიდანაც ბენეფიციარებზე მედიკამენტები გაიცემოდა. სააგენტოში, 2017 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედარების უწყისის თანახმად, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზედმეტობა/ დანაკლისი არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დეტალური აღწერების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ინვენტარიზაცია მხოლოდ საწყობებში ჩაუტარებიათ და არა _ სამედიცინო დაწესებულებებში. სამედიცინო დაწესებულებებში მედიკამენტების მონიტორინგი 2017 წლის 6 ივნისიდან 22 ნოემბრის ჩათვლით განახორციელეს. 

,,რეკომენდაცია: განხორციელდეს ბალანსზე რიცხული მატერიალური მარაგების, მოთხოვნების ინვენტარიზაცია! დებიტორებთან ურთიერთშედარების აქტები გაფორმდეს! ამასთან, შემუშავდეს და დაინერგოს პრევენციული ხასიათის კონტროლის მექანიზმები, რომლის საშუალებით, თავიდან იქნება აცილებული დებიტორული დავალიანების დაგროვება! C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდეს საინფორმაციო სისტემის სრულყოფა, რათა შესაძლებელი იყოს შიდა გადაცემებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიღება სამედიცნო დაწესებულებების დონეზე!'' 

სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს'' კრედიტორული დავალიანების რეესტრიდან სახელმწიფო აუდიტორებმა 61 ორგანიზაცია შეარჩიეს, რომელთა დავალიანება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 29 461 581 ლარს შეადგენდა. გაირკვა, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს დასტურის წერილები, მათი ხანდაზმულობის გამო, არ გაუგზავნია, ხოლო სააგენტოს 29 ორგანიზაციიდან პასუხი 12-სგან მიიღეს, რომელთაგან ერთის დავალიანებაც არ დადასტურდა. 

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია 2004-დან 2010 წლამდე წარმოქმნილი და ხანდაზმული 307 452 ლარის კრედიტორული დავალიანება, რომლის წარმოშობის დამდასტურებელ დოკუმენტაციას სამინისტრო არ ფლობს. ამასთან, ნაშთების რეალურობის დადგენის მიზნით, ინვენტარიზაციის დროს, ორგანიზაციებთან ურთიერთშედარების აქტები არ გაფორმებულა და არც შესაბამისი ღონისძიებები გატარებულა. 

,,რეკომენდაცია: პერიოდულად განხორციელდეს ბალანსზე რიცხული ვალდებულებების ინვენტარიზაცია, კრედიტორებთან ურთიერთშედარების აქტები, მათი რეალობისა და ხანდაზმულობის შეაფასებით გაფორმდეს, ხოლო შედეგები მომავალი პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში აისახოს!'' 

სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების ზედამხედველობის ერთ-ერთი ეტაპი მონიტორინგია. ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, მონიტორინგს ექვემდებარება ყოველი მე-5 შემთხვევა, ხოლო C ჰეპატიტის მართვისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, მონიტორინგს დაქვემდებარებულ შემთხვევებს, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით არჩევენ. მას შემდეგ, რაც მონიტორინგის შედეგები შეისწავლეს, სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები გამოავლინეს. 

2017 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 395-მა სამედიცინო დაწესებულებამ 1 247 569 შემთხვევა დააფიქსირა. მონიტორინგი არ განხორციელებულა 142 სამედიცინო დაწესებულებაში, რომელთაც წლის განმავლობაში, 115 074 შეტყობინება ჰქონდათ დაფიქსირებული, არ შემოწმებულა 899 457 შეტყობინება, რაც დაფიქსირებული შემთხვევების 72%-ია. 

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს, 32-მა სამედიცინო დაწესებულებამ 33 739 შეტყობინება დააფიქსირა. მონიტორინგი არ განხორციელებულა 24 სამედიცინო დაწესებულებაში _ 75%, რომელთაც დაფიქსირებული აქვთ 23 085 შეტყობინება. მეტიც, შეტყობინებათა 68% საერთოდ არ შემოწმებულა. 

,,რეკომენდაცია: საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნებიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებში შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის სისტემა უნდა დაიხვეწოს, რომელიც რისკების შეფასებასა და სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების ოპტიმალურ თანაფარდობას დაეფუძნება!''

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში