Menu
RSS

,,8 წლის ბიჭი გამოიტყუა, აიყვანა მწყემსების ბინაში, გააუპატიურა და... მერე დაწვა''

როგორ იგეგმებოდა არჩევნების დღეს ციხეში ბუნტი 

გასულ კვირას, გორში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 8 წლს გოგონას სასტიკმა მკვლელობამ ყველა დაამწუხრა. სამართალდამცავების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს და ბრალი წაუყენეს. დაკავებული 1984 წელს დაბადებული იაგო ნებიერიძეა, რომელიც 2004 წელს, თანხის გამოძალვისთვის იყო გასამართლებული, 2008 წელს კი, ძარცვა-ყაჩაღობის ბრალდებით, შეკრებითობის საფუძველზე, 18 წელი შეეფარდა. შედეგად, ის დღემდე ციხეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ საყოველთაო ამნისტიამ ჩამოაკლო ერთი მეოთხედი, 2016 წელს კი, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დარჩენილი ვადა გაუნახევრა და ნებიერიძემაც საპატიმრო მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა.

 

2004 წელს ჩადენილ დანაშაულში 11 წლის ბიჭი ფიგურირებდა, რომლის კვალსაც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მიაგნეს. ძალიან, ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ სამართალდამცავები მოახერხებენ და ნებიერიძეს ამ დანაშაულის დეტალებსაც ათქმევინებენ და, მიუხედავად იმისა, რომ შეკრებითობა აღარ არის, თითქმის გამორიცხულია, მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა არ გამოიყენოს და უვადო პატიმრობა არ მიუსაჯოს... 

გორის ტრაგედიამ 80-იანი წლების მიწურულს მომხდარი დანაშაული გაგვახსენა. მაშინ, ცნობილმა ძიუდოისტმა, ევროპის 4-გზის ჩემპიონმა, თამაზ ნამგალაურმა 9 წლის ბავშვი გააუპატიურა, მოკლა და დამარხა. იმხანად საქართველოში დახვრეტის მუხლი მოქმედებდა და ნამგალაური დახვრიტეს. 

ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსთავში, არასრულწლოვანებზე ადევნების ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც სკოლის ტერიტორიას ხშირად სტუმრობდა და 10-12 წლის გოგონების მანქანაში ჩასმას ტკბილეულის შეთავაზებით ცდილობდა. სხვათა შორის, საფრანგეთში კანონით ისჯება შემთხვევა, როცა 14 წლამდე მოზარდს ოჯახის წევრები ქუჩაში სრულწლოვანი თანამგზავრის გარეშე გაუშვებენ. ეგებ, ჩვენთანაც შემოვიღოთ ეს კანონი _ 14-წლამდე ბავშვი, კანონის ძალით, მარტო რომ არ ივლის, ეს, მინიმუმ, რამდენიმე დანაშაულის პრევენციაა. 

ძალიან დიდი ალბათობით, ნებიერიძეს სამუდამოს მიუსჯიან და ის სამარტოო საკანში იქნება, თუმცა მცირეწლოვანის მკვლელობისთვის, ასევე, პედოფილიისთვის ნასამართლევი პატიმრები, რომლებსაც სამუდმო პატიმრობა არ აქვთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ,,საინტერესო'' პირობბებში არიან... 

*** 

,,ეს პატარა ბიჭი ან რაზე დაიჭირეს, ან საქათმეში რა უნდა?!'' _ ჰკითხა რუსთავის #17-ე დაწესებულების მაყურებელს პატიმარმა #0578-მა, რომელიც ,,ზონაზე'' ახალი მისული იყო და ყველა პატიმარს სახეზე არ იცნობდა. 

,,ესა?! მაიცა'', _ თქვა მაყურებელმა, მერე საკანში შევიდა, პლასტმასის წყლით სავსე ორლიტრიანი ბოთლი გამოიტანა  

ორი ხელით მაგრად დაიჭირა და იმ პატიმარს, რომელიც ,,ზონის'' დერეფანს გვიდა და მკლავზე ე.წ. ,,ქათმის'' აღმნიშვნელი ლენტი ეკეთა, მთელი ძალით თავში ჩაარტყა. პატიმარი დაბარბაცდა, კედელს მიეჯახა და წარბი გაიხეთქა. 

,,რას აკეთებ?!'' _ ლამის ბოლო ხმაზე იყვირა #0578-მა. 

,,რას ვაკეთებ და აი, ამას,'' _ თქვა მაყურებელმა, ბოთლი მეორედ მოიქნია და წამომდგარი პატიმარი ისევ დაბლა დააგდო, ბოთლს ხელი გაუშვა და #0578-ს ანიშნა, ,,კამერაში'' შევიდეთო. 

,,აღარ იტყვი, რა მოხდა?!'' _ ჰკითხა ნანახით გაოცებულმა #0578-მა. 

,,რა მოხდა და, ეს დედააფეთქებული ბავშვის გაუპატიურება-მკვლელობაზე იხდის სასჯელს. იმიტომ ვერ მისცეს სამუდამო, რომ ,,მალალეტკა'' იყო. თუ გახსოვს ის საქმე, რვა წლის ბიჭი რომ მოკლა მწყემსმა, მანამდე რომ გააუპატიურა და მერე რომ დაწვა?!'' _ ჰკითხა მაყურებელმა. 

,,მახსოვს, ,,სვაბოდაზე'' ვიყავი მაშინ'', _ უპასუხა #0578-მა.

,,ჰოდა, ეგ საქმე ამის გაკეთებულია. ამან გამოიტყუა ის ბავშვი, ამან აიყვანა მწყემსების ბინაში, ამანაც გააუპატიურა, მერე ეს წავიდა ბენზინზე, რომ ბავშვი დაეწვათ. იძახის, მაიძულესო, მაგრამ როგორ უნდა აიძულო, ბიჭო?! ჯერ ერთი, რომ უთხრეს, გამოიტყუეო, ხომ იცოდა, რისთვისაც უთხრეს. მერე, მეორე და მთავარი _ რვა წლის ბავშვზე რომ აგიდგება, უკვე ავადმყოფი და დასაბრედი ხარ. აი, ვინც დახვრეტის მუხლი ამოიღო, იმის დედას რომ შევეცი მე. დასახვრეტი არ არის ახლა ეს?!'' _ ლამის ყვიროდა მაყურებელი. 

მეორე დღეს ,,ზონაზე'' ახალი ,,ქათამი'' გამოჩნდა, 40-45 წლის იქნებოდა, ჩუმად, თავდახრილი მუშაობდა. 

,,რაზე ზიხარ?!'' _ ჰკითხა #0578-მა, მაგრამ პატიმარს თითქოს არც გაუგონიაო, საკნის დალაგება განაგრძო. 

,,შენ გეკითხები, რაზე ზიხარ-მეთქი?!'' _ გაუმეორა #0578-მა, მაგრამ პატიმარს თავი ისევ არ აუწევია. 

#0578 საკნიდან გავიდა და მაყურებელს მიაკითხა. 

,,კიდევ ერთი ,,ქათამი'' ვნახე და კითხვებზე არ მპასუხობს. შენ გეცოდინება, რაზე ზის?'' _ უთხრა #0578-მა და თან პატიმარი აღუწერა. 

,,მაგას არ ესმის, ცემაში დააყრუეს. ძაღლებმა სცემეს გლდაში და ყურის ბარაბნები დაუსკდა, მერე დაუჩირქდა და, ,,იტოგში'', დაყრუვდა, რა. ისე, რატო არ მოკლეს, აქ ამის და იქ იმათი დედაც...'' _ შეიკურთხა მაყურებელმა. 

,,რისთვის იხდის?!'' _ არ მოეშვა #0578. 

,,გერი გააუპატიურა. 11 წლის გოგო. დედა ღამის ცვლაში წავიდა და ეს ცხოველი მთელი ღამე აწვალებდა ბავშვს, თან შეაშინა, დედაშენს არ უთხრაო, მაგრამ სისხლიანი თეთრეული რომ ნახა დედამ, ხმაური ატეხა. ციხეზევე ,,გააქათმეს'' და აქ რომ მოვიდა, ჩვენთან შეხვედრა ითხოვა, აქაოდა, ,,საქათმის'' ,,პასაჟირი'' არ ვარ, ტყუილად გამიშვესო. და იცი, რას გვიმტკიცებდა ეგ ,,სირი''?! _ აქეთ ,,მკერავდა'' ის გოგო, ნასვამი ვიყავი და თავი ვერ შევიკავეო. კაიფობ, ბიჭო? _ 11 წლის გოგო ,,კერავდა'', თურმე, ამ საქონელს და იმისი ბრალი ყოფილა. მაგრად გაილახა და ისე წავიდა ,,საქათმეში''. რომ კოჭლობს, ჩვენი დამსახურებაა _ ცემის დროს კოჭში მოვტეხეთ ფეხი'', _ გაეღიმა მაყურებელს. 

,,მოიცა, კაცო, ამ ,,საქათმეში'' სულ პედოფილები გყავთ?!'' _ გაუკვირდა #0578-ს. 

,,შენც მაგარი იკითხე, რა... აბა, კაი ბიჭი ხომ არ წავა ,,საქათმეში''?! ძირითადად, მაგაზე არიან _ გაუპატიურება, გაუმართლებელი მკვლელობა... ზოგი ისე მიდის, თავის ნებით, ჩვეულებრივი ,,პიდარასტია'' და კაი პონტშია, რა'', _ აუხსნა მაყურებელმა. 

,,და ბოთლით რატომ სცემე, ხელებს უფრთხილდები?!'' _ ღიმილით ჰკითხა #0578-მა. 

,,ეეე... ახლა მოიცა... მაგათზე ხელის დაკარება არ შეიძლება, ,,პრედმეტით'' უნდა სცემო, უწმინდურები არიან ეგენი. ხომ ხედავ, ლენტები რომ უკეთიათ? იმიტომ უკეთიათ, რომ შემთხვევით არ შეეხო. იმასაც ხომ ხედავ, ,,პარაშა'' რომ გაიჭედება და ოფიცერს ეუბნები, ტელეფონით რეკავს მაგათ კორპუსზე და ,,ქათამი'' გამოუშვითო, ამბობს ანუ ესენიც აღიარებენ, რომ ,,ქათმები'' არიან. ისე კი არ არის, როგორც ,,სვაბოდაზე'', თავზე ხელს რომ უსვამთ ყველა?!'', _ დაასრულა მაყურებელმა. 

P.S. 2016 წელს, პრეზიდენტმა ძალიან უცნაური შეწყალების აქტი გამოსცა _ ძალადობრივ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებულ არაერთ პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა და ბევრი მათგანი უკვე თავისუფლებაზეა. 

ერთი ისეთიც გამოვიდა, ჩემთან ერთად რომ იხდიდა სასჯელს და სიცილით ამბობდა, მე გარეთ რა მინდა, ბუნებით და მოწოდებით ყაჩაღი ვარ, ძალადობა მსიამოვნებს და ქალი თუ არ ვცემე, ისე მასთან სექსიც არ მინდაო. გარეთ არის ეს კაცი დღეს, გარეთ!

პატიმარი #0578 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში