Menu
RSS

„ლავას ოღლის“ ფარული პოლიტიკური თამაშები

„შავ სამყაროში“ გავლენის სფეროებისთვის ახალი ბრძოლა იწყება _ რატომ დააკავეს თურქებმა მინდია გორაძე მაინცდამაინც საპრეზიდენტო არჩევნების წინ

მიუხედავად იმისა, რომ მინდია გორაძის ქართველი ადვოკატები ვერ თუ არ ადასტურებენ, თურქული მედია მტკიცებით ფორმაში წერს, რომ ქართველი ,,კანონიერი ქურდი'' დაკავებულია. გაზეთ Yენი Aკიტ-ის ცნობით, საპოლიციო რეიდის დროს, სამართალდამცავებმა საეჭვო მანქანა გააჩერეს, რომელშიც არარეგისტრირებული იარაღი, ტყვიები და მინდია გორაძე იპოვეს. ახლა კი ირკვევა, რომ გორაძის დაკავებაზე მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქ კოლეგებს ცოტა ხნის წინ გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 30 იანვარს, მოლდოვადან დეპორტირებული გორაძე, ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს და მას ბრალი ,,კანონიერ ქურდობაში'' წაუყენეს, თუმცა ბრალის დამტკიცება ვერ მოხერხდა და, საბოლოო ჯამში, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვის გამო, გორაძეს ერთწლიანი სასჯელი აკმარეს. 

2017 წლის ოქტომბერში, გორაძე გაათავისუფლეს და მან საქართველო, პრაქტიკულად, მაშინვე დატოვა, თუმცა მოგვიანებით მასზე ახალი საქმე აღიძრა და ქუთაისის სასამართლომ 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. 

სხვათა შორის, გორაძის საეჭვო გათავისუფლებაზე ოპოზიციამ ხმაური ატეხა, მაგრამ მითქმა-მოთქმა მალევე მიწყნარდა და ,,ლავას ოღლი'' ყველამ დაივიწყა. არადა, რეალურად, არაერთი მტკიცებულება არსებობდა, რომ გორაძე ნამდვილად ,,კანონიერი ქურდია'', თუმცა სამართალდამცავებმა ამის დამტკიცება ვერ მოახერხეს. 

,,მაშინაც და ახლაც მთავარი თემა არჩევნები იყო. გორაძეს მთელი აჭარა ხელში ეჭირა და, როგორც კი ხელისუფლებას გაუჭირდა, მაშინვე გარიგებაზე წავიდა. გისოსებს მიღმა მყოფი გორაძე გარიგებას დასთანხმდა და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები მმართველმა გუნდმა აჭარაში, სერიოზული უპირატესობით მოიგო. ამ ამბიდან ერთ კვირაში, გორაძე გაათავისუფლეს და ის საქართველოდან წავიდა. 

ახლაც, წინასაარჩევნოდ მას დახმარება კვლავ სთხოვეს, მაგრამ თურქეთში, ნადირ სალიფოვის, იგივე ,,გულუს'' გარემოცვაში უსაფრთხოდ მყოფმა გორაძემ თავის შეწუხება აღარ მოინდომა. შსს-მ პირველი გაფრთხილება მაშინ მისცა, როცა აჭარაში სპეცოპერაცია ჩაატარა და ,,ლავას ოღლის'' გარემოცვის ერთბაშად ცხრა წევრი დააკავა. როგორც ჩანს, არც ამან გაჭრა. შედეგად, ძალოვნებმა თურქ კოლეგებს მიმართეს და იმის გათვალისწინებით, რომ სალიფოვის პოზიციები თურქეთში შესუსტდა, გორაძე დააპატიმრეს'', _ გვეუბნება შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. 

სხვათა შორის, გორაძემდე თურქმა სამართალდამცავებმა სალიფოვიც დააპატიმრეს. როგორც ამბობენ, ეს უკვე რუსეთის მხარის მოთხოვნით მოხდა, რადგან ,,გულუ'' ბოლო დროს დაუკრეფავში გადავიდა და იმ ბიზნესების ტერორი დაიწყო, რომელსაც უშუალოდ ხელისუფლება აკონტროლებდა ანუ დაუკავშირდა იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინთან მეგობრობენ და ფულის გადახდა მოსთხოვა. შედეგად, ბიზნესმენებმა რუსეთის პირველ პირთან იჩივლეს, მან კი თურქ კოლეგას ,,გულუს'' დაოკება სთხოვა. 

,,გორაძე 23 ოქტომბერს დააკავეს, 20 ოქტომბერს კი _ სალიფოვი. არადა, მანამდე სალიფოვი 10 ოქტომბერსაც დააპატიმრეს, თუმცა 18 ოქტომბერს გაათავისუფლეს. ვერ გეტყვით, რა შეიცვალა და რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ გათავისუფლებიდან ორ დღეში, მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა, ,,გულუ'' ისევ პატიმრობაში აღმოჩნდა. ამჯერად, გორაძეთან ერთად, ანკარაში, სადეპორტაციო ნაწილშია გადაყვანილი და დეპორტაციას ელის'', _ გვითხრა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა. 

როგორც თურქული მედია წერს, სალიფოვის დეპორტაცია რუსეთში მოხდება, გორაძეს კი საქართველოში გამოაგმზავრებენ. ასეთ შემთხვევაში, აზერბაიჯანელ ,,კანონიერ ქურდს'' რუსეთში ხანგრძლივი სასამართლო პროცესი ელის. აი, აჭარელი კრიმინალი კი უკვე გასამართლებულია _ 12 წელი მისჯილი აქვს და შესაბამისად, პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანენ. 

რადგან ,,კანონიერ ქურდებზე'' ვსაუბრობთ, აქვე გეტყვით, რომ 22 ოქტომბერს, მოსკოვში, ერთ-ერთ ფიტნესცენტრში რუსეთის მოქალაქე, ვინმე ალექსანდრ ჟერზდევი დააკავეს. გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ჟერზდევი ,,კანონიერი ქურდი'' მამუკა აპაკია, იგივე ,,მამუკა სოხუმსკი'' გახლდათ. მას აუხსნეს, რომ რუსეთში ყოფნის უფლება არ ჰქონდა, ყალბი საბუთების ქონა აპატიეს, თუმცა ფიტნესკლუბიდან აეროპორტში წაიყვანეს და უკრაინაში გაუშვეს. 

როგორც ამბობენ, აპაკიას ექვსი წელია, აკრძალული აქვს რუსეთში ცხოვრება, თუმცა სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა, ოღონდ _ შეცვლილი გვარით. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ცოტა ხნის შემდეგ, სხვა გვარით ისევ რუსეთს დაუბრუნდება. 

სხვათა შორის, ,,მამუკა სოხუმსკი'' ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომლებიც ქურდები ისე გახდნენ, რომ ციხეში ერთხელაც არ მჯდარან. 

რაც შეეხებათ გორაძესა და სალიფოვს, მათი ბედი, წესით, ამ კვირაში უნდა გაირკვეს და თუ ექსტრადირება მოხდება, ეს ქურდულ სამყაროში სერიოზულ არეულობას გამოიწვევს. 

შაქრო კალაშოვისა და ლაშა შუშანაშვილის დაპატიმრების ფონზე, კრიმინალური სამყაროს უპირობო ლიდერად, სწორედ სალიფოვი სახელდებოდა, მაგრამ თუ მას ხანგრძლივად გამოკეტავენ, პირველობისთვის ბრძოლა ისევ დაიწყება და როგორც სალიფოვის შემთხვევაში, არაერთ სისხლიან გარჩევას მოიტანს. 

აქვე ვიტყვით, რომ ძალიან მალე, ცხრაწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, ციხეს ტარიელ ონიანი დატოვებს და რა ძნელი მისახვედრია, რომ ნომერ პირველი ,,კანონიერი ქურდის'' სტატუსისთვის პრეტენზია მასაც ექნება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში