Menu
RSS

როგორ იგეგმებოდა არჩევნების დღეს ციხეში ბუნტი

პოლიციელის მკვლელის სკანდალური აღსარება

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ვითარება საკმაოზე მეტად დაძაბულია. ასეთი რამ კი საქართველოში 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ აღარ ყოფილა. მაშინ საპროტესტო მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წყალი შეუდგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რა დროსაც მისი მთავარი კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე გახლდათ, თუმცა ხელისუფლებას არანაკლებ ეშინოდა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილე ბადრი პატარკაციშვილის, რადგან ცნობილი ბიზნესმენის მხარეს ძალიან დიდი ფული იყო. მაშინ გამარჯვებულის ვინაობა ადვილი გამოსაცნობი იყო. 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილი რომ გახდებოდა პირველი, ესეც მარტივი მისახვედრი იყო. ედუარდ შევარდნაძეს კი, მისი ზეობის პერიოდში, რეალური კონკურენტი, უბრალოდ, არ ჰყავდა.

 

როგორც ყველა არჩევნებზე, ხელისუფლება არც ახლა ამბობს უარს პატიმრების ხმების გამოყენებაზე. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს მარტივად შეუძლიათ უბანზე მისვლა. სწორედ ამიტომ, ციხის ადმინისტრაციას ყოველთვის ჰქონდა დავალებული შესაბამისი პატიმრების მოძიება და მათთვის არჩევნებში დახმარების თხოვნა. 

,,რაც ახლა ხდება საპარლამენტოზე, 2008-ში უარესი ხდებოდა საპრეზიდენტოზე. პრაქტიკულად, ტერორი იყო, რა'', _ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფ პატიმარ #0578-ს მკვლელობისთვის გასამარლებული გუჯა ესაუბრებოდა. გუჯას პოლიციელის მკვლელობისთვის ჰქონდა მისჯილი 15 წელი, არც შეწყალებას ელოდა, არც ამნისტიას, ზუსტად იცოდა, რომ ძალოვნის სიკვდილს არავინ აპატიებდა. 

,,საქმიდან მოვდიოდით, როცა ე. წ. ოპერები აგვედევნენ. შესაშინებლად გავისროლე მანქანიდან და პირდაპირ გულში მოვარტყი ერთ-ერთს. მოკვლა არ მინდოდა და ეს პოლიციამაც აღიარა, თორემ სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ცემაში ამომხდიდნენ სულს'', _ ამბობდა გუჯა. 

,,და მაშინ როგორ იყო _ მიშა შემოდიოდა ზონაზე და ხმებს გთხოვდათ?'', _ გაეცინა #0578-ს. 

,,ქურდების წინააღმდეგ კი იცი, როგორც იქცეოდა ხელისუფლება და შესაბამისად, ,,პრაგონი'' გატარდა, სააკაშვილმა არ უნდა გაიმარჯვოსო ანუ ყველა პატიმარს თავისი ოჯახის წევრისთვის უნდა ეთქვა, რომ ხმა მიშასთვის არ მიეცა. როგორი სათქმელია? ტელეფონში იტყვი და ცემაში მოგკლავენ, არ იტყვი და, ,,მაყურებლები'' მოგთხოვენ ,,სპროსს''. ოპოზიციიდან საინტერესო ამბები მოდიოდა, აქაოდა, არჩევნების გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვა, თქვენ მანდ ბუნტი მოაწყვეთ და შტურმით ავიღებთ ციხეებსო. სათქმელად ადვილია, ციხის ბუნტის მონაწილეც ვარ და ზუსტად ვიცი, ასეთ დროს როგორ იქცეოდნენ ნაციონალები. ,,კარმუშკაში'' შემოყოფილი ავტომატის ლულა და უმისამართოდ დაცლილი მჭიდის ხმა ახლაც ჩამესმის. მაშინ ბიჭი მოგვიკლეს ,,კამერაში'' _ ყელში მოხვდა ტყვია. ამიტომ, ბუნტის თემა ბევრს არ ეპიტნავებოდა...'' 

,,და ვისაც ეს ამბავი მოსწონდა, რას ამბობდა?!'', _ დაინტერესდა #0578. 

,,ძირითადად, დიდი ,,სროკი'' ვისაც ჰქონდა, ის იძახდა, ავჯანყდეთო. ზოგი უფრო წინ მიდიოდა და ამბობდა, არ გვინდა შედეგებზე ფიქრი და ლოდინი, პირდაპირ არჩევნების დღეს ავჯანყდეთო. ამ მოსაზრებას ქურდებშიც ჰყავდა მომხრეები, თუმცა საბედნიეროდ, გადაწყდა, რომ შედეგებს დავლოდებოდით. სხვაგვარად, სისხლის მორიგი გუბეები იქნებოდა, ალბათ, ყველა ზონაზე და პასუხსაც არავინ აგებდა _ აჯანყდნენ პატიმრები, უნდა ჩაახშო''. 

,,შენ მოგადგნენ ხმებზე? რაც უნდა იყოს, კახეთის რეგიონში სიტყვა გეთქმოდა?!'', _ ჰკითხა #0578-მა. 

,,მომადგნენ არ ჰქვია მაგას. ადმინისტრაციის შენობაში გადამიყვანეს, წინ პასტა და ფურცელი დამიდეს და მითხრეს, ციფრი დაწერე, რამდენი კაცი მოგვცემს ხმასო. პასტისთვის ხელის მოკიდებას არ ვაპირებდი და რეზინის ,,დუბინკა'' ისე გადამიჭირეს თავზე, კუდუსუნი ამეწვა. აი, მაშინ მივხვდი, რომ ,,დამეზადნა'', ბოლომდე ,,მიხმარდნენ'' და ამიტომ ვუთხარი, თუ მცემთ, ვერაფერს მიიღებთ, სანაცვლოდ რას მომცემთ, ის მითხარით-მეთქი. როგორც ჩანს, ხმებით ვაჭრობა ზენიტში იყო და ამიტომ, ჩემი წინადადება არ გაჰკვირვებიათ. აქეთ მკითხეს, რა გინდაო და მეც დაუფიქრებლად მივუგე, ,,სვაბოდა''-მეთქი. თავიდან გაეცინათ, რა ,,სვაბოდა'', ,,მენტი'' გყავს ,,დაბრედილი'', ვინ გაპატიებსო, მაგრამ რომ გავჯიუტდი, რაღაცებს შევათანხმებთ და გეტყვითო. 2004 წელს დამიჭირეს, ,,ზვანოკი'' 2019-ში მიწევდა და 2008-ში გაძრომა, მართლაც, საოცრება იქნებოდა. 

მეორე დღეს ისევ დამიბარეს და მითხრეს, გათავისუფლება გამორიცხულია, მაგრამ პრეზიდენტი, შეწყალების აქტით, სასჯელს გაგინახევრებსო. განახევრება, ხომ იცი, როგორ ხდება? _ დარჩენილ ,,სროკს'' გინახევრებენ ანუ 11 წელს გამიყოფდნენ შუაზე. დავთანხმდი იმიტომ, რომ 4 წელი ნაჯდომი მქონდა, მინუს ხუთი, ცხრა გამოდის და ხუთ წელზე ოდნავ მეტი მრჩებოდა მოსახდელი''. 

,,და დასთანხმდი?!'', _ მოუთმენლად ჰკითხა #0578-მა. 

,,მარტივი არ იყო ეს თანხმობა. არა, თქმა კი არ გამიჭირდა, მერე გამიჭირდა, როცა ფურცელი დამიდეს წინ. თითო წლის ჩამოკლების სანაცვლოდ, ხუთასი ხმა მოითხოვეს, თუმცა საბოლოო ჯამში, სამასზე შევთანხმდით ანუ ხუთ წელსა და ექვს თვეს მიკლებდნენ და 1650 ხმა გადაწყვეტილად უნდა მიმეტანა. აბა, წარმოიდგინე, რამდენი პატიმრისთვის შეეძლოთ ,,სროკის'' შემცირება?! ათასი პატიმრისთვის, ერთი მეორეზე, რამდენიმე წელი რომ მოეკლოთ, სამასი ათასი გარანტირებული ხმა იყო. მაშინ კიდევ არც ათასი პატიმარი ჭირდა და არც _ წლები. ახლა უარესია, იმხელა სასჯელები აქვს ხალხს ჩამორიგებული, სამ არჩევნებს ეყოფა''. 

,,და როგორ აკონტროლებდნენ?! თან გამორიცხულია, ამდენ ადამიანს ისე იცნობდე, რომ დაგიჯეროს. იდიოტები ნაღდად არ იყვნენ და მექანიზმი რა იყო?!'', _ დაინტერესდა #0578. 

,,იდიოტები კი არა, თავისი საქმე ყველაზე კარგად იცოდნენ. დაახლოებით, 50-კაციანი სია ჩამოვწერე, მერე ამ 50 კაცთან დამარეკინეს და თითოს 30-40 კაცის სია უნდა მიეტანა ანუ მოთხოვნილზე მეტი, რადგან ხომ იყო იმის ალბათობაც, რომ ვინმეს თავი დაექნია და მერე მიშა არ შემოეხაზა?! დაუარეს მერე ამ ხალხს სახლებში, უთხრეს, გუჯამ რომ დაგირეკათ, იმ საქმეზე ვართო და დაიწყეს სიების მოგროვება. მეტი რა საქმე ჰქონდათ?! ადვოკატიც შემოვიდა ჩემთან, მითხრა, ისე არ არის, როგორც შიგნიდან ჩანს, ძალიან ბევრს აქვს იმედი, რომ სააკაშვილი ვერ გაიმარჯვებს და იმ შენი სიიდანაც ნახევარზე მეტი ააყირავებს ამათო. ჩემი რა მიდიოდა, რაც უნდოდათ, ის ექნათ, მთავარი იყო, არ გაბაზრებულიყო ეს ყველაფერი, თორემ ცხრა პირ ტყავს გამაძრობდნენ. 

დამთავრდა არჩევნები, დაიდო შედეგები და მშვიდად ველოდები შეწყალების აქტს. გამოვიდა აქტიც, მომივიდა წერილი ,,ზონაზე'' და მოუთმენლად გავხსენი. დარწმუნებული ვიყავი, სასჯელი გამინახევრეს, მაგრამ თურმე, სად ბანაობ, განახევრება კი არა, პირობითი მომიხსნა. 15 წელთან ერთად, 7 წელი პირობითიც მომარჭეს და სწორედ ის მოხსნა. გავცოფდი კინაღამ, ,,ზონის'' უფროსთან შეხვედრა მოვითხოვე. შემხვდა, მომისმინა, გავარკვევო, მითხრა და დამაბრუნა საკანში. მეორე დღეს ისევ გადამიყვანეს ადმინისტრაციაში. ,,ნაჩალნიკმა'' შემომიბღვირა, შენს გამო კინაღამ მეც მომხსნეს, შენმა ,,სასტავმა'' არჩევნების დღეს ყველაფერი პირიქით გააკეთა, ,,გრეჩიხას'' მხარეს იყოო. გავაპროტესტე, ვინ შეყვა უბნებზე მაგ ხალხს, ამას რომ მეუბნებით-მეთქი და თურმე, იმ უბანზე, სადაც ჩემი სიიდან უმრავლესობა აძლევდა ხმას, სააკაშვილმა სასტიკად წააგო. სამაგიეროდ, მეორე უბანზე მოუგია და, ,,იტოგში'', პირობითი მომიხსნეს. ისე, მჯერა, ის უბანიც რომ მოეგოთ, გამინახევრებდნენ ,,სროკს'' და ახლა ერთი წელი მექნებოდა დარჩენილი'', _ გაიღიმა გუჯამ. 

*** 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საყოველთაო ამნისტიამ გუჯას თითქმის ოთხი წელი მოაკლო და მანაც სასჯელაღსრულების დაწესებულება მალე დატოვა, თუმცა საქართველოში არც მოქმედმა ხელისუფლებამ გააჩერა _ ქვეყნის დატოვება აიძულა და ახლა... ისლანდიაში ცხოვრობს.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში