Menu
RSS

მირზა სუბელიანისა და დავით კეკუას საქმეების საბედისწერო პარალელები

რატომ მოიკლა თავი დაპატიმრებულმა გენერალმა და როგორ უნდა დაიცვას ხელისუფლებამ სუბელიანი სუიციდისგან

მირზა სუბელიანის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. გლდანის ციხიდან გამოტანილი ჩანაწერები, როგორც ჩანს, იმდენად ბევრია, რომ ცალკე ტელევიზია და ცალკე პროკურატურა, ყოველდღიურ რეჟიმში ასაჯაროვებს. ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ითქვა, რომ სუბელიანს გლდანის ციხეში სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რაც პენიტენციალური სისტემის თანამშრომლებმა აღკვეთეს. მოგეხსენებათ, სუბელიანი სამარტოო საკანშია, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ 24-საათიანი ვიდეოდაკვირვების ქვეშ გახლავთ ანუ მას ვიდეოთვალით აკვირდებიან. შედეგად, როცა დაინახეს, რომ პატიმარს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს, შემდეგ კი საქმეში ფსიქოლოგებიც ჩართეს. ამბის გახმაურებისთანავე ოპოზიციამ ხმაური ატეხა, არიქა, სუბელიანს გაუფრთხილდით, თორემ მას რომ რამე დაემართოს, თქვენი ბრალი იქნებაო. წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ტელევიზიის შეფი ნიკა გვარამია აცხადებს, გამორიცხულია, თუ ხელისუფლებას არ სურს, ისეთმა ადამიანმა მოახერხოს თვითმკვლელობა, რომელიც 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებაო. ასი პროცენტით ვეთანხმებით გვარამიას განცხადებას ანუ გამორიცხულია, 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ მყოფმა პირმა თავი მოიკლას, თუ ეს ხელისუფლებას არ სურს.

2007 წლის 25 ოქტომბერს, მეშვიდე იზოლატორში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე პატიმარმა დავით კეკუამ. კეკუა რიგითი პატიმარი არ იყო _ გენერლის ჩინი ჰქონდა, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და რაც მთავარია, როგორც მნიშვნელოვანი საქმის მოწმე, სამარტოო საკანში იმყოფებოდა და... მასზეც 24-საათიანი დაკვირვება ხორციელდებოდა ანუ კეკუას 24 საათი ვიდეოთვალით აკვირდებოდნენ და... გამორიცხულია, 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ მყოფმა პირმა თავი მოიკლას, თუ ეს ხელისუფლებას არ სურს. 

სხვათა შორის, სამსახურეობრივი გულგრილობის გამო, მაშინ არავინ დაუკავებიათ ანუ არავისთვის წაუყენებიათ ბრალი, აქაოდა, რომ დაინახეთ პატიმარი თავის მოკვლას აპირებდა, რატომ არ ჩაერიეთო... 

სუბელიანის საქმე, პრაქტიკულად, ერთი-ერთში ჰგავს, დაახლოებით, ათი წლის წინ მომხდარ შემთხვევას. ასე განსაჯეთ: ერთმანეთს მხოლოდ ბრალის ფორმულირება კი არა, პრაქტიკულად, თანამდებობებიც ემთხვევა. 

2002 წლის 14 აგვისტოს, ,,ეი-ეს-თელასის'' მენეჯერი ნიკა ლომინაძე მოკლეს. თავიდან ხელისუფლებამ დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ვინმე მჭედლიშვილი დააკავა და მკვლელობაც მას ,,შეტენა'', მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, რვა თვის შემდეგ, მჭედლიშვილი ისე გაათავისუფლეს, ბოდიშიც არავის მოუხდია. სამაგიეროდ, 2006 წლის მარტში, თელასის გენერალური დირექტორი, გიორგი გვიჩიანი დააკავეს და სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს. 11 წლის შემდეგ, გვიჩიანი და მასთან ერთად დაკავებული ნიკა ჩემია, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. 

მაშინ, გვიჩიანთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსი, ზაზა ალთუნაშვილი და შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და კრიმინალური პოლიციის უფროსი დავით კეკუაც დააკავეს. იმ დროისთვის, როცა კეკუას ნივთმტკიცებების ფალსიფიკაციას ედავებოდნენ, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 

როგორც მაშინ პროკურურებმა ბრალში განმარტეს, კეკუამ ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემთხვევის ადგილზე, ტყვიის გულა შეცვალა, შემდეგ კი ეს ტყვიის გულა საერთოდ გაქრა საქმიდან. 

,,2002 წლის აგვისტოში, ოჯახთან ერთად ვისვენებდი, რა დროსაც დამირეკა დათო კეკუამ და მკითხა, იყო თუ არა დიდუბის დაცვის პოლიციის იარაღი აღრიცხვაზე აყვანილი. იმ დროს აღრიცხვაზე ეტაპობრივად აგვყავდა ყველა ტაბელური იარაღი. გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ დიდუბის დაცვის პოლიციის იარაღი ჯერ აღრიცხვაზე არ იყო. მითხრა, ხვალ მოვლენ და აიყვანეო. ეს ჩვეულებრივი პროცედურა იყო, ეჭვი არაფერში შემიტანია, დავავალე თანამშრომლებს, მიხედეთ-მეთქი და მართლაც, რომ მოვიდნენ მეორე დღეს დაცვის პოლიციის თანამშრომლები, მათი იარაღი აღრიცხვაზე აიყვანეს. სამი პოლიციელი მოვიდა სულ და მათ თან დაცვის პოლიციის უფროსი, ვინმე ბელქანია მოჰყვათ'', _ ეს განცხადება ზაზა ალთუნაშვილს ეკუთვნის. 

მერე გაირკვა, რომ სწორედ ეს სამი პოლიციელი მორიგეობდა ღამით იმ ავტოსადგომზე, სადაც ლომინაძე აჩერებდა მანქანას. ჩატარდა ამ იარაღებიდან გასროლილი ტყვიების შედარება იმ ტყვიასთან, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს. სანამ ალთუნაშვილი შვებულებიდან დაბრუნდებოდა, ექსპერტიზის ბიუროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა პოლიციელ მჭედლიშვილსა და ლომინაძის სხეულიდან ამოღებულ ტყვიის გულებს შორის კავშირი დაადგინა, თუმცა... 

,,სამსახურში ჩამოსვლისთანავე დავრწმუნდი, რომ ამ ორ ტყვიას ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდა ანუ არ ემთხვეოდა და მოვითხოვე ამერიკელი ექსპერტების ჩართვა, რომლებსაც ჩამოსვლისთანავე დაახვედრეს დასკვნა. ამერიკელებმა ამ დასკვნას მოაწერეს ხელი და უკან წავიდნენ. შედეგად, საქმე შეეტენა მჭედლიშვილს, მაგრამ ჯიუტად ვიმეორებდი, რომ სასამართლოზე თუ მოითხოვდნენ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას და ეს ოფიციალურად დამევალებოდა, მე დავწერდი, რომ ლომინაძის სახლიდან ამოღებული ტყვია მჭედლიშვილის იარაღიდან არ იყო ნასროლი'', _ იხსენებს ალთუნაშვილი. 

ყველაფერი უფრო მარტივად მოხდა _ მჭედლიშვილი სასამართლოდან ნივთმტკიცებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. გამოძიება ჩიხში შევიდა, მჭედლიშვილი გაათავისუფლა, მაგრამ რეალური დამნაშავე ვერ იპოვა. აი, ოთხი წლის შემდეგ დაკავებული გვიჩიანის ადვოკატებმა კი ტყვიის ექსპერტიზა რომ მოითხოვეს, აღმოჩნდა, ტყვია ფიზიკურად აღარ არსებობდა, ის საქმის მასალებიდან, უბრალოდ, გაქრა. პროკურატურამ გამოსავლის ძიება დაიწყო და მოითხოვა, ტყვია დაუშვებელ მტკიცებულებად ეცნოთ ანუ მთავარი მტკიცებულება სასამართლოს დაუშვებლად უნდა ეცნო და სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ექსპერტი მეშველიანი, რომელმაც დასკვნაში დაწერა, რომ მჭედლიშვილის იარაღიდან გასროლილი ტყვია ემთხვეოდა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ ტყვიას. ერთწლიანი გამოკითხვის შემდეგ, მეშველიანმა განაცხადა, რომ ტყვიის შეცვლა... ალთუნაშვილმა და დავით კეკუამ სთხოვეს. 

სწორედ ამის შემდეგ დააკავეს კეკუა, ბრალი წაუყენეს ნივთმტკიცებების გაყალბებაში, პროკურატურაზე ზეწოლაში (საქმის პროკურორი პაატა კუპრაშვილი, ამ ამბიდან რამდენიმე ხანში, გულის შეტევით გარდაიცვალა), მოწმეებზე ზემოქმედებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დასდეს ბრალი ანუ კეკუას ბრალდება ერთი-ერთში ემთხვევა სუბელიანის ბრალდებას და, გენერლის დარად, სუბელიანიც სამარტოო საკანშია და მასზე 24-საათიანი თვალთვალი ხორციელდება. 

ახალი გარემომებების აღმოჩენის გამო, ,,ქართული ოცნების'' მმართველობის პირობებში, გვიჩიანს სასჯელი მოუხსნეს და მან საპატიმრო დატოვა. ამ ლოგიკით, უდანაშაულო იყო კეკუაც, მაგრამ მან ძალიან, ძალიან ბევრი რამ იცოდა. შეიძლება, იცოდა რეალური მკვლელიც, შემკვეთიც, მკვლელობის მიზეზიც, მაგრამ ამას ვერასდროს გავიგებთ. ფაქტი ის არის, რომ ხელისუფლებამ კეკუას უფლება მისცა, თავი მოეკლა და სისულელეა იმის მტკიცება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს მისთვის ხელის შეშლა არ შეეძლოთ. 

წინა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, გვაყურებინა, როგორ მოიკლა გენერალმა თავი და როგორ მისცეს ამის უფლება. საბოლოოდ, ხელი სწორედ კეკუასა და გვიჩიან-ჩემიას დუეტს შეაწმინდეს. 

იმედია, სასამართლო სუბელიანის საქმეზე ჭეშმარიტებას დაადგენს, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურისა თუ ტელევიზიის მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, საქმე უფრო ჩაიხლართა. ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია ის გახლავთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია, არამარტო სუბელიანის, არამედ, ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლეს გაუფრთხილდეს და, მით უმეტეს, მაშინ, როცა კონკრეტულ პატიმარზე 24-საათიანი თვალთვალია დაწესებული.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში