Menu
RSS

რას ნიშნავს მედია-სამართალი

როგორ უნდა განვითარდეს მედია სამართლებრივად ისე, რომ სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდოს

18 ოქტომბერს, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში'', საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულმა ფონდმა ფართო აუდიტორიას მედია-სამართლის პროექტი წარუდგინა. ორგანიზატორების აზრით, მედიასაშუალებებში არსებული წესები ევროპულ სამართალს უნდა მიესადაგოს და დაუახლოვდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია ისეთი მოუწესრიგებელი სფერო, როგორიცაა სოციალური ქსელი, ოღონდ ამ კუთხით წესები ისე უნდა დამკვიდრდეს, რომ ამით მედიისა და სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდოს! 

15 წელია, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი საქართველოში ფუნქციონირებს. ესაა გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ფონდი, რომელიც 25 წლის წინ შეიქმნა, მისი სათაო ოფისი კი ბონში მდებარეობს. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია ერთიანდებოდა, იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა, კლაუს კინკელმა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი შექმნა. მიზანი ის იყო, რომ დასავლეთ გერმანიაში არსებული სამართლებრივი სტანდარტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულიყო. რაც მთავარია, ფონდი მხოლოდ გერმანიაში გატარებული სამართლებრივი რეფორმებით არ შემოფარგლულა, რადგან აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც მაშინ სოციალისტურ ბანაკს წარმოადგენდნენ, ამ ტიპის რეფორმების გატარებას ხელი შეუწყო. ზუსტად 15 წლის წინ, ეს ფონდი საქართველოშიც ამავე მიზნით შეიქმნა, თუმცა აქამდე მხოლოდ სისხლის სამართლებრივ, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობდა. 

რას ნიშნავს მედია-სამართლის პროექტი? როგორ უნდა განვითარდეს მედია სამართლებრივად ისე, რომ სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდოს? _ ,,ვერსიას'' საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის ხელმძღვანელი სულხან გამყრელიძე ესაუბრა.

_ ბატონო სულხან, რა არის მედია-სამართლის პროექტის მიზანი? 

_ მთავარი მიზანი პრესის სამართლებრივი განვითარების დასაწყისია. მართალია, პრესა სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს, მაგრამ ისე, რომ ამით თავისუფალი მედია არ შეიზღუდოს. ეს გულისხმობს იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაშია ასახული. ამ პროექტის მთავარი მიზანი ისიცაა, რომ ეს ვალდებულებები პროფესიონალურად შესრულდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის სფეროებია, რომლებიც მასობრივად მოუწესრიგებელია არა მარტო ჩვენთან, არამედ _ დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. 

_ რას გულისხმობთ? 

_ სოციალურ ქსელებს, სიძულვილის ენას მედიასაშუალებებში, ასევე საზოგადოებისა და მედიის ჯანსაღ რეაქციას ყველაფერ ამაზე. ცხადია, მედიის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა ტექნიკურადაც და სამართლებრივადაც ძალიან ძნელია, თუმცა ამ მხრივ გამოცდილება მთელ რიგ ქვეყნებს უკვე აქვთ, რათა სიძულვილის ენა და თუნდაც სოციალური ქსელები ისე გაკონტროლდეს, რომ ამით მედიის თავისუფლება არ შეიზღუდოს. ეს აუცილებელია, რათა ნებისმიერი პირი დაცული იყოს ცილისწამებისგან, შეურაცხყოფისგან, თუმცა გიმეორებთ, ეს საკმაოდ რთული პროცესია. 

_ პრესის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევით მხოლოდ სიძულვილის ენა უნდა გაკონტროლდეს? 

_ არა მარტო სიძულვილის ენა, არამედ ნებისმიერი პირის ცილისწამებაც. ძველ დროში არ ვართ და ცხადია, ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ითვლება, რაც სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ პირის მიმართ ცილისწამებას მედიასაშუალებებში ბინძური კამპანიის სახე მიეცეს. ვერ გეტყვით, რომ საქართველოში პრესა თავისუფალი არაა, ხანდახან ზედმეტად თავისუფალიც კია, მაგრამ თავისუფლებასთან ერთად, ურთიერთპატივისცემაც აუცილებელია და ეს პროექტიც სწორედ ამას ემსახურება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში