Menu
RSS

როგორ გაკეთდა მირზა სუბელიანის ჩანაწერები გლდანის ციხეში და ვინ არის გიო, რომელმაც „ქურდებს“ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინა?!

წინა ხელისუფლება ციხის კადრებმა შეიწირა და, როგორც ჩანს, ერთხელ აფეთქებული ნაღმის ამოქმედებას ისევ აპირებენ. ამჯერად საქმე ისევ გლდანის ციხეს და იქ გაკეთებულ ჩანაწერს ეხება, თუმცა ადამიანების წამება და ცემა-ტყეპა არ გვინახავს. სამაგიეროდ, მოვისმინეთ, რომ საქართველოში რამდენიმე კაცს ჰყავს პირადი არმია, ასე, 50 კაცამდე, ე.წ. ავტომატჩიკები და ეს ხალხი რეალურ დროში არსებობს.

მოკლედ რომ ვთქვათ, მირზა სუბელიანმა თავსატეხი ხელისუფლებასაც გაუჩინა და ოპოზიციასაც. ხელისუფლებას იმიტომ, რომ რაც იმ ჩანაწერში ითქვა, ნახევარიც რომ იყოს სიმართლე, თავმოყვარე ხელისუფლება უნდა გადადგეს. თუმცა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, სიტყვა თავმოყვარე დიდი ხანია აღარ, არსებობს. რაც შეეხება ოპოზიციას, ნაციონალურმა მოძრაობამ (დანარჩენები კონსტრუქციულობაზე დებენ თავს) აღარ იცის, სად რა მოიძიოს და რა გააკეთოს, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ნაციონალები არ არიან სულელები და სუბელიანის ჩანაწერზე უფრო მაკომპრომატირებელი რომ არ ჰქონდეთ, ამ ჩანაწერს მომავალი კვირისთვის შემოინახავდნენ და ზედ წინასაარჩევნოდ დადებდნენ. სწორედ ამიტომ, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ წინ უფრო დიდი სკანდალი გველის და, სავარაუდოდ, ვიდეოჩანაწერით „გაგვამხიარულებენ“. 

რაც შეეხება უშუალოდ ამ კონკრეტულ საქმეს. ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ჟურნალისტები ჩანაწერის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, ვიქტორ ჯაფარიძეს დაურეკავდნენ. როგორც ჩანს, „ოცნებაში“ შარშიგახვეულ ხალხს ერთი და იგივე დამრიგებელი ჰყავს, რადგან ჯაფარიძემაც დაახლოებით იგივე თქვა, რაც რამდენიმე დღის წინ, ლევან ყიფიანმა ანუ დეპუტატმა დარტყმა აირიდა, იქ კი ვიყავი, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდი იმას, რასაც სუბელიანი საუბრობდაო. არადა, ამ განცხადების შემდეგ, ჯაფარიძემ ისიც თქვა, მესამედ ვიყავი შესული სუბელიანთანო და რა გამოდის, მის საუბარს სერიოზულად არ აღიქვამდა და ამხელა დეპუტატი კაცი მაინც წერდა წერილს ირაკლი კობახიძეს, სუბელიანთან შემიშვიო, მაინც მიდიოდა და მაინც უსმენდა?! არასერიოზული საუბრის მოსმენის ნაკლებობა რომ ჰქონდეს ბატონ ვიქტორს, კიდევ ჰო, მაგრამ ის პარლამენტის წევრია და... 

უფრო საინტერესოა ჩანაწერის მეორე მონაწილე -ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხაშვილი, არამარტო მირზა სუბელიანის ახლო მეგობარია, არამედ იგი სოზარ სუბარის ნდობითაც სარგებლობს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ცუხაშვილი სოზარის და მირზას (ბიძაშვილები არიან) ოჯახის წევრია და მას ორივე ბრმად ენდობა. ის, რომ ჩანაწერის გაკეთების შესახებ არაფერი იცოდა ვიქტორ ჯაფარიძემ, თამამად შეიძლება ითქვას. აი, მეორე საკითხია, იცოდა თუ არა ჩანაწერის გაკეთების შესახებ, უშუალოდ სუბელიანმა და ცუხაშვილმა. ჯერ ერთი, ყველაზე მკაფიოდ ჩანაწერში სწორედ სუბელიანის ხმა ისმის, ანუ ის ჩასაწერ მოწყობილობასთან ყველაზე ახლოს ზის და კონკრეტულ თემებსაც სწორედ თავად ამბობს, ჯაფარიძე მინიშნებებით პასუხობს, ხოლო იმ თემებს, რომლებიც საუბრის დროს ავიწყდებათ ხოლმე, ცუხაშვილი ახსენებს. 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი, ვინმე ი.პ. დააკავა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ი.პ.-ს ვიღაცეები დაემუქრნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით და ისიც იძულებული იყო, ჩანაწერი გაეკეთებინა. პროკურატურამ მეხსიერების ბარათიც ამოიღო, რომელზეც აღნიშნული ჩანაწერის გარდა, კიდევ ორი ჩანაწერი არსებობს. 

ვინც არ იცის, იმას ავუხსნით პროკურატურის განცხადების სისუსტეს. როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შედის პიროვნება, ის გარეთ ტოვებს ნებისმიერი მეტალის საგანს. ასე განსაჯეთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმ ოფიცრებსაც კი (რიგითებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომლებიც მწეველები არიან, სანთებელას გარეთ ატოვებინებენ და ისინი სიგარეტს ტერიტორიაზე ასანთით უკიდებენ. სანთებელას შეტანა იმიტომ არ შეიძლება, რომ მეტალი აქვს. ამიტომ თითქმის გამორიცხულია, რომ დაწესებულების რომელიმე ოფიცერს იქ მეხსიერების ბარათი შეეტანა. გარდა ამისა, მეხსიერების ბარათით ვერც ჩაწერას მოახდენ და ვერც მოსმენას. ამიტომ საჭირო იყო ჩამწერი, რომლის შეტანა, შემდეგ ჩუმად სუბელიანის კამერაში დამაგრება, პრაქტიკულად, გამორიცხულია. მაშ, რა მოხდა რეალურად? როგორ მოხდა ჩაწერა და როგორ გამოიტანეს გარეთ ის, რაც მთელმა საქართველომ მოისმინა?! 

იმ შემთხვევაში, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი არ შეთანხმდა და ჩამწერი მოწყობილობა ცუხაშვილს არ შეატანინეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რჩება ერთადერთი ვარიანტი -ჩაწერა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ხდება სუბელიანის ციხეში ცხოვრების ყოველი დღის ჩაწერა ანუ სუბელიანი არის ყოფილი მაღალჩინოსანი, დაკავებულია ხმაურიან საქმეზე, ზის სამარტოო საკანში და ყველა ვარიანტში, მიმდინარეობს მისი თვალთვალი, ოღონდ დაფარულად კი არა, ღიად. მის კამერაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომელიც ყველაფერს იღებს და იწერს. 

შესაბამისად, ყველაზე მარტივად მოსაპოვებელი ჩანაწერი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, ვისაც ხელი მიუწვდებოდა გლდანის ციხეში რამდენიმე საკანში განთავსებულ სათვალთვალო კამერებზე, ამოჭრიდა ამ საუბარს, ან ამოჭრიდა უბრალოდ მთელ დღეს და შეინახავდა მეხსიერების ბარათზე. აი, მეხსიერების ბარათის შეტანის სირთულეზე უკვე გიამბეთ, მაგრამ ამოჭრილი მასალის ინტერნეტით გადაგზავნა უფრო მარტივია, მითუმეტეს, რომ გლდანის ციხეში ინტერნეტი არის. შედეგად, ვინმემ, ვისაც ამ ყველაფერზე წვდომა ჰქონდა, სუბელიანის საკანში დამონტაჟებული ვიდეოთვალიდან ჩამოტვირთა კონკრეტული დღის ჩანაწერი, მარტივად გადააგზავნა, თუნდაც საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე და ამით დასრულდა მთელი ოპერაცია. 

მაშ, რაში სჭირდება პროკურატურას იმის თქმა და მტკიცება, რომ ვინმე ი.პ.-ს ვიღაც აშანტაჟებდა და პირადი ცხოვრების კადრების განსაჯაროვებით ემუქრებოდა?! შესაძლოა, შანტაჟს ადგილი მართლა ჰქონდა და პროკურატურას, უბრალოდ, მეხსიერების ბარათის ვერსია უფრო აწყობს, რადგან ხომ შეიძლება, ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა მოითხოვონ, ჯაფარიძის ადრინდელი სტუმრობების ჩანაწერების გნსაჯაროვება (ვიწრო წრისათვის, საპარლამენტო კომისიისთვის, არასამთავრობოებისთვის). აი, მერე ხომ შეილება აღმოჩნდეს, რომ ჯაფარიძე რეალურად ფოსტალიონის როლს ასრულებდა და სუბელიანისგან დაწერილი გარეთ გაჰქონდა, გარეთ დაწერილი კი ციხეში შეჰქონდა. აკი ახსენებს კიდეც საუბრისას, მოვაწერინებ ამ ყველაფერსო ანუ წერილები მოძრაობდა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ეს წერილები ვიღაცას მაგიდის უჯრაში უდევს და რეალურად, ვისი კომპრომატი ვის სეიფშია, კაცმა არ იცის. 

და მაინც, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ჩანაწერის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის შტაბი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა -აქაოდა, საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებები არსებობენ და ფრთხილად უნდა ვიყოთო. პარალელურად, რამდენიმე მოწოდებაც გაისმა, რომ ეს ხელისუფლება ნებისმიერი გზით უნდა დასრულდეს. მეორე მხრივ, „ოცნების“ რამდენიმე ლიდერმა თქვა, ნაცებს უკან დაბრუნება არ გამოუვათ, თავს შევაკლავთ და სადაც აგრესიას დაინახავთ, იქვე გაუსწორდითო. სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივყავართ ამ ამბავს, ბატონებო, და ქართველებს ერთმანეთისთვის იარაღის სროლა რომ გვეხერხება, უახლოეს წარსულში მთელ სამყაროს დავუმტკიცეთ. კიდევ ერთ სამოქალაქო დაპირისპირებას კი ქვეყანა ვეღარ გადაიტანს, საბოლოოდ დაიღუპება და განადგურდება. ჰოდა, ეგებ განცხადებების კეთების დროს ცოტა თავშეკავება მართებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, თორემ თბილისის ომი ვინ დაიწყოო, ახლა რომ კითხულობენ, პასუხი ასეთია -კინოს სახლთან ისროლა ვიღაცამო. პირველ გასროლასთან ძალიან ახლოს მივედით და ფრთხილად, ბატონებო, ფრთხილად. 

P.s. ჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობს, ხომ გახსოვთ, ციხის ბუნტის შემდეგ ქურდებს ცხონებული გიო შევუგზავნე და ჩვენება მივაცემინე ბაჩოს წინააღმდეგ, ქურდები გავაბოზე, მეტი რა გინდათო?! ისე არ გაიგოთ, ქურდებს ვიცავდეთ, მაგრამ ამოიღეთ ახალაიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები და ნახავთ, რომ არცერთ ქურდს ჩვენება არ მიუცია. მათ, უბრალოდ, თანხმობა თქვეს იმაზე, რომ ე.წ. კაი ბიჭებს, „ბლატატას“ მიეცა ჩვენება ახალაიას წინააღმდეგ. ქურდული კარაბადინით, ჩვენების მიცემა აკრძალულია. რაც შეეხება იმას, რომ სუბელიანმა ცხონებული გიო შეაგზავნა... დარწმუნებული ბრანდებოდეთ, ის ცხონებული ცოცხალი რომ იყოს, ბატონი მირზა ამ სიტყვებს ვერ იტყოდა, რადგან გიო ავალიანი, არავის არსად არ ეგზავნებოდა და მითუმეტეს, პოლიციის მაღალჩინოსანს. სერიოზული ეჭვი გვაქვს, ამ განცხადებით სუბელიანმა ქურდებიც გადაიმტერა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში