Menu
RSS

როგორ დააჭერინა პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“

ვინ არის „გულუ“, რა გავლენები აქვს და რატომ ეშინიათ „შავებს“ საქართველოში დაბადებული კრიმინალური ავტორიტეტი

,,ფუდ სითი'' მოსკოვში, 85 ჰექტარზე მდებარე ჰიპერმარკეტია, სადაც იყიდება ყველაფერი, ჭიკარტით დაწყებული, სატვირთო ავტომობილით დამთავრებული. რიგით საკვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ტერიტორიაზევეა, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის სამზარეულო და არავის უკვირს, რომ ,,ფუდ სითიში'' 13 ათას ადამიანზე მეტი მუშაობს. ყველაფერი ეს კი ორმა აზერბაიჯანელმა _ ზახარ ილეივმა და გოდ ნისანოვმა შექმნეს, როცა 90-იან წლებში, აზერბაიჯანიდან რუსეთში, ბედის საძიებლად ჩავიდნენ და ახლა მათი მოძიება ,,ფორბსის'' მილიარდერთა სიაში შეიძლება. 

რუსეთში დიდი ბიზნესი, რა თქმა უნდა, დიდი ,,კრიშის'' გარეშე არ კეთდება და იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ბიზნესმენი პირადად ვლადიმირ პუტინის მეგობარია, ადვილი მისახვედრია, ხელისუფლებიდან ვინ პატრონობს. 

აი, რაც შეეხება კრიმინალურ სამყაროს, ილიევი და ნისანოვი წლების განმავლობაში როვშან ჯანაევთან, იგივე როვშან ლენქორანსკისთან მეგობრობდნენ და შესაბამისად, ,,კანონიერი ქურდებიც'', როვშანის ხათრით, მათ ხმას არ სცემდნენ. 

ისე, კრიმინაურ წრეებში ამბობენ, რომ ბიზნესმენებს ქურდებისთვის რამდენიმე მილიონი არ დაუშურებიათ. 

ჯანაევი შარშან ჩაცხრილეს და შესაბამისად, ე.წ. ,,შავი სამყაროს'' მხრიდან, ბიზნესმენები უპატრონოდ დარჩნენ. შაქრო კალაშოვი (ჯანაევი მისი გაზრდილი იყო) რომ თავისუფლებაზე ყოფილიყო, ორივე მილიარდერი, სავარაუდოდ, სიმშვიდეს შეინარჩუნებდა, მაგრამ კალაშოვიც გისოსებს მიღმაა და მისი ავტორიტეტიც ნელ-ნელა ქრება. უფრო ზუსტად, თავისუფლებაზე მყოფები მის აზრს ნაკლებად ითვალისწინებენ. 

 

ჰოდა, რა გასაკვირია, ერთ მშვენიერ დღეს, მილიარდერებს ოფისში ვიღაც ქალბატონი რომ მიადგა ,,ლეპტოპით'', ჩემს შეფს თქვენთან საუბარი სურსო. ბიზნესმენებს უარი არ უთქვამთ, მით უმეტეს, რომ მისული ქალბატონი მშობლიურ, აზერბაიჯანულ ენაზე საუბრებოდა. ,,სკაიპის'' ჩართვის შემდეგ, ილიევს და ნისანოვს მათი თანამემამულე, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ნადირ სალიფოვი, იგივე ,,გულუ'' ესაუბრა. 

,,მე არ მინდა, თქვენს ძმებზე, შვილებზე, ძმის შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებზე ნადირობა გამოვაცხადო. ამიტომ ყოველი თვის ბოლოს, კონკრეტულ ანგარიშზე, ნახევარ მილიონ დოლარს გადარიცხავთ. ამას გარდა, ყოველდღიურად კონკრეტულ პირს ხუთი ათას დოლარს მისცემთ, მოსკოვში რაღაც პრობლემების მოსაგვარებლად'', _ ასეთი იყო ,,გულუს'' წინადადება და ბიზნესმენებიც დათანხმდნენ. 

როგორც ჩვენი წყარო იუწყება, ყველაფერი ეს მიმდინარე წლის მაისში მოხდა, თუმცა პირველი გადახდა მხოლოდ აგვისტოში განხორციელდა, რადგან ბიზნესმენებმა დრო გაწელეს: ხან თანხის დაკლება ითხოვეს, ხან სხვა მიზეზი მოიფიქრეს და, საბოლოო ჯამში, პირველი ჩარიცხვა აგვისტოს ბოლოს მოხდა. 

რეალურად, ორივე ბიზნესმენი ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ამზადებდა და ეს შეხვედრა სექტემბერში შედგა. მათ რუსეთის პირველ პირს აუხსნეს, რომ ,,კანონიერი ქურდი'' თურქეთიდან ემუქრებოდა და ისინი ამ მუქარას ვერაფერს უხერხებდნენ. პუტინთან შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ ,,გულუს'' მოკვლაზე ყველა ქილერმა უარი თქვა და ეს არა შიშის, არამედ იმის გამო გააკეთა, რომ მისი მოხელთება შეუძლებელია _ თურქეთში, ციხესიმაგრედ ქცეულ სახლში, ,,გულუს'' ასზე მეტი მცველი იცავს და იქ ჩიტიც ვერ შეფრინდება, სახლიდან კი, 22 მანქანისგან შემდგარი ესკორტი აცილებს და არავინ იცის, რომელ ავტომობილში ზის, დღეისთვის ყველაზე გავლენიანი ,,კანონიერი ქურდი''. 

არადა, როგორც ამბობდნენ, თურქეთი ,,გულუმ'' იმიტომ აირჩია, რომ იქაურ ეკონომიკაში არაერთი მილიონი ჩადო და ეროვნული ვალუტის ინფლაციის ფონზე, მისი მილიონები ხელისუფლებას აშკარად აწყობდა. სავარაუდოდ, ეს იყო მიზეზი, რომ პირადი მცველების გარდა, სალიფოვის საცხოვრებელ სახლს სამთავრობო დაცვაც იცავდა, თუმცა... 

,,თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციაში მონაწილეობას ორასზე მეტი სამართალდამცავი იღებდა. მათ რეკეტში, მკვლელობასა და გამოძალვაში ეჭვმიტანილი ნადირ სალიფოვი დააკავეს. ე.წ. ,,კანონიერი ქურდი'', რომელიც ყველაზე გავლენიან კრიმინალად ითვლება პოსტსაბჭოთა სივრცეში'', _ ეს ინფორმაცია თურქულმა პრესამ გაავრცელა. 

როგორც ვარაუდობენ, ,,გულუს'' თავხედობას ბოლო პირადად ვლადიმერ პუტინმა მოუღო. მან სალიფოვის დაკავება თურქ კოლეგას სთხოვა და, სავარაუდოდ, სპეცოპერაციაც ამის შემდეგ დაიგეგმა. 

რეკეტი და გამოძალვა გასაგებია _ სალიფოვის წინააღმდეგ ჩვენებას არაერთი რუსი ბიზნესმენი მისცემს. 

რაც შეეხება მკვლელობას, მას ბრალი... როვშან ჯანაევის მკვლელობის ორგანიზებაში დასდეს, კიდევ ერთი ,,კანონიერი ქურდის'', რომელიც სწორედ სტამბოლში მას შემდეგ ჩაცხრილეს, რაც სალიფოვთან შესახვედრად და ურთიერთობის გასარკვევად ჩავიდა. 

,,ციხიდან გამოსულმა სალიფოვმა, იმ ბიზნესმენების შევიწროვება დაიწყო, რომლებიც ხარკს სხვა ქურდებს უხდიდნენ. ნაკლებად ცნობილმა ქურდებმა მას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ტერიტორიები დათმეს, მაგრამ როცა ,,გულუ'', როვშანის მიერ კონტროლირებად ბიზნესს მიადგა, მან ხმა აღიმაღლა და შეუთვალა, რომ ამას არ აპატიებდა. ქურდული ,,კანონების'' მიხედვით, ,,გულუ'' აუცილებლად გამტყუნდებოდა და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ,,ლენქორანსკის'' მოცილება იყო, რაც განხორციელდა კიდეც, თუმცა სალიფოვს ბრალი ოფიციალურად ვერავინ წაუყენა _ მისი ძალის ყველას შეეშინდა'', _ ყვებიან თურქეთსა და რუსეთში მყოფი კრიმინალები. 

 

ძალიან დიდი ალბათობით, სალიფოვს სწორედ თურქეთში გაასამართლებენ, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ათეული წლის წინ აქვს ნათქვამი, არც აზერბაიჯანის მოქალაქე და საერთოდ, არცერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მის ექსტრადირებას რუსეთი მოითხოვს, სავარაუდოდ, თურქული მხარე უარს იტყვის, რადგან ციხეში მყოფი სალიფოვისგანაც შეიძლება ხეირის ნახვა _ როგორც ამბობენ, მისი ქონება ერთი წლის განმავლობაში ისე გაიზარდა, რომ მილიარდს გადააჭარბა და ,,ფორბსიც'' კი აპირებდა, მილიარდერთა სიაში შეეყვანა. 

შეგახსენებთ, რომ ნადირ სალიფოვი დმანისში დაბადებულ-გაზრდილია. ის 21 წლის ასაკში დააკავეს. ციხეში, მთლიანობაში, 22 წელი გაატარა და სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიიღო ,,კანონიერი ქურდის'' სტატუსი. ბაქოს ციხიდან სალიფოვი აკონტროლებდა მთელ აზერბაიჯანულ კრიმინალურ სამყაროს, ციხიდან გამოსულს კი მორჩილება ლამის მთელმა კრიმინალურმა სამყარომ გამოუცხადა. უფრო მეტიც, სალიფოვის გათავისუფლების შემდეგ, მისი ხელით, არაერთი ქურდი დაემშვიდობა თავის სტატუსს, რამდენიმე გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს და, სამაგიეროდ, თავად სალიფოვს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მსუყე ნაჭრები ერგო. შედეგად, არავის გაჰკვირვებია, როცა დაწერეს, რომ მისმა ქონებამ არასრულ ერთ წელიწადში მილიარდ დოლარს მიაღწია. 

სალიფოვის დაპატიმრება აუცილებლად მოახდენს გავლენას კრიმინალურ სამყაროში ძალთა გადანაწილებაზე. კრიმინალები არც იმას მალავენ, რომ ,,გულუს'' გარემოცვა, თავისი შეფის გათავისუფლების სანაცვლოდ, მზად არის ცხრანიშნა თანხაც გადაიხადოს, თუმცა თუ ვარაუდი იმის შესახებ, რომ სალიფოვის დაკავება რუსეთის პრეზიდენტის შეკვეთაა, ძალიან, საეჭვოა, თურქეთის ხელისუფლებამ ,,კანონიერი ქურდი'' თავისუფლებაზე გაუშვას. არადა, გასამართლების შემთხვევაში, სალიფოვს, საუკეთესო ვარიანტში, ათწლიანი სასჯელი ელის, რაც მისი კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნება.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში