რატომ აღარ უნდა ვუწოდოთ ენმ-ს მთავარი ოპოზიციური პარტია - ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ხაბეიშვილი ცუდად დაამთავრებს“

 

 

 საქართველოს რეგიონებში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციების ციკლი დაიწყო. პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით, საპროტესტო გამოსვლები თითქმის ყოველდღიურად გაიმართება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და მასშტაბური აქციით დედაქალაქში გაგრძელდება.

„ვერსია“ ენმ-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელიც ახლადარჩეულ თავმჯოდომარეს ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკურ წინსვლას, რბილად რომ ვთქვათ, არ უწინასწარმეტყველებს...

 

- ბატონო გია, როგორ აფასებთ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს?

- ვფიქრობ, წავიდა დრო, როცა ნაციონალურ მოძრაობას მთავარი ოპოზიციური პარტია ერქვა და კარგი იქნება, თუ ამ ტერმინს არ გამოვიყენებთ.

- ყველაზე მრავალამომრჩევლიანი ოპიზიციური პარტიაა...

- ეს უკვე აღარავინ იცის, რადგან პარტია ელექტორალურად აშკარად გაიყო რაღაც პროპორციით და ის სავალალო შედეგი, რაც კვლევებით ჩანს, კიდევ უფრო შემცირებულია არჩევნების შემდეგ. ამ დაპირისპირების ბაზაზე პარტია, ფაქტობრივად, დაიშალა. ეს იყო დაპირისპირება პოლიტიკურ ემოციასა და რაციონს შორის. ემოციური ანუ რწმენაზე აგებული ნაწილი დარჩა ხაბეიშვილის ორბიტაზე, რაციონალურად მოაზროვნე ნაწილი კი მოშორდა თავის პოლიტიკურ ელიტიანად, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობაზე აკეთებენ გზავნილებს.

რაც შეეხება შექმნილ კონფიგურაციას, ძალიან სასაცილოა, რადგან ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების მთავარ მანკიერებად ე.წ. ჩრდილოვან მმართველობას ასახელებს და ეს თავის პარტიაში დაამკვიდრეს, თან საკმაოდ ოდიოზურად, რადგან ბიძინა ივანიშვილს, ცუდია თუ კარგი, გარკვეული წონა და რესურსი აქვს. ენმ-ის „ჩრდილოვანი მმართველები“ კი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არიან ბიძინა ივანიშვილის რესურსებისგან.

- თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას როგორ აფასებთ?

- ხაბეიშვილი, თავის მასშტაბით, პოლიტიკური აზროვნებიდან გამომდინარე, ასევე, საგარეო იმიჯის გათვალისწინებით, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სადავო ფიგურაა. არ მგონია, რომ მასთან თანამშრომლობის დიდი სურვილი ჰქონდეთ სხვა პარტიებს ან დიპლომატიურ კორპუსს, მისი პოლიტიკური წარსულიდან ან დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე - ისევ კუნთებზე ყურება, ქუჩა და ა.შ. პოლიტიკური იდეა და გეგმა მის უკან არ დგას. მხოლოდ მყვირალა, წმინდა პოპულისტური გზავნილები, კუნთების თამაში და ტყუილი დაპირებები, მეტი არაფერი... აქედან გამომდინარე, ენმ ძალიან მძიმე დღეში ჩავარდა ახალი მენეჯმენტის პირობებში, რაც დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო გამოჩნდება.

- რასაც ხაბეიშვილზე ამბობთ, ეს, თქვენი აზრით, მერაბიშვილ-კეზერაშვილმა ვერ გათვალეს, თუ განგებ შეარჩიეს მსგავსი კანდიდატურა, გარკვეული მოტივებით?

- მათი ამოცანა იყო პარტიაზე ან მის ნარჩენებზე კონტროლის დამყარება, რადგან ასეა თუ ისე, ეს პარტია არის აქტივი, რომლითაც მინიმუმ, ვაჭრობა შეიძლება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთანაც, რატომაც არა... შესაბამისად, არ მგონია, ისინი ისე ბრიყვები იყვნენ, რომ არ ესმოდეთ, რამხელა დანაკარგი განიცადა პარტიამ, მაგრამ რაღაც მაინც ხომ შერჩათ ხელში? მათი თვალთახედვით რომ შეხედოთ, ლოგიკურია, რადგან როცა აფინანსებ პარტიას, ინვესტიციას დებ, „მუსიკის შეკვეთაც“ გინდება... შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ დამსახურებულად მიიღეს ის, რაც მიიღეს. არ მგონია, რომ დიდი რაღაც შერჩათ ხელში, მაგრამ ესეც რაღაცაა მათთვის.

- ნიკა მელიამ ენმ-დან თავის გუნდი რომ წაიყვანოს და ცალკე პარტია შექმნას, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის დიდ ნაწილს გადაქაჩავს?

- არ მგონია, რადგან ნაციონალური მოძრაობა ისევე, როგორც „ქართული ოცნება“, „რელიგიურ“ საწყისებზეა აგებული. „ქართული ოცნების“ ძირითადი ნაწილი კონსოლიდირებულია ბიძინა ივანიშვილის „მითოლოგიის“ ირგვლივ ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობა - მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, მაგრამ გარკვეული დანაკარგი 20-30%-ის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არის და ეს სერიოზული აქტივია... მელია ცალკე მოახდენს ამ აქტივის კაპიტალიზაციას თუ რომელიმე სხვა პოლიტიკურ გუნდს დაუკავშირებს საკუთარ მომავალს, ძნელი სათქმელია. ის, რომ ამ პარტიაში მელიას ადგილი აღარ არის, ცალსახაა და დროის ამბავია. სხვა საკითხია, რომ მეყსეულად არ გამოუცხადებია პარტიიდან წასვლის შესახებ და არასერიოზულიც იქნებოდა - „არჩევნები წავაგე და წავედი“, არ იქნებოდა ეს ლამაზი, თუმცა ფაქტობრივად, ის უკვე წასულია. უბრალოდ, უნდა მოხდეს რაღაც მოვლენა, რითაც ახსნის პარტიიდან გამიჯვნის მოტივს. ექნება იმის რესურსი, რომ ცალკე პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს, თუ რომელიმე არსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას შეუერთდება, ამას დრო აჩვენებს...

- ბატობო გია, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ფატქორიც ამ პროცესში... ხაბეიშვილი, არჩევნებამდე გამოიკვეთა, როგორც სააკაშვილის მხარდამჭერი კანდიდატი, მელიასგან განსხვავებით... ასეც აგრძელებს ხაბეიშვილი, მისი საუბრის მთავარი თემა სააკაშვილის განთავისუფლებაა ...

- სხვა აქტივი არ აქვს, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ხაბეიშვილი იმაზე მეტს ნამდვილად ვერ გააკეთებს სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რასაც მელია აკეთებდა.

- კი, მაგრამ ხაბეიშვილმა პერმანენტული აქციები დაიწყო ამ მოთხოვნით...

- კი, მაგრამ, რაა... აქციები არ გვინახავს, ოდესმე, ამ აქციებს შედეგი მოჰყოლია, თუ რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს აქციები ეფექტური იქნება, მით უმეტეს, განახევრებული პარტიის პირობებში?.. ასე რომ, ყველაფერი ეს იმიტაცია, ყალბი პროცესია, მაგრამ მეორე მხრივ, თავისივე დაპირებების მძევალია ხაბეიშვილი. რა უნდა ქნას? რაღაც მოძრაობების იმიტაცია უნდა შექმნას. შედეგი იქნება ნულოვანი და შესაბამისად, ეს პროცესი ხაბეიშვილის მიმართ დიდი იმედგაცრუებით დასრულდება. ხაბეიშვილი ცუდად დაამთავრებს ამ პარტიის მხარდამჭერებისგანაც. ჩვენ მალე ვნახავთ დროს, როცა მის მიმართ სიყვარული, მისი გინება-ლანძღვით შეიცვლება, როცა შედეგს ვერ დადებს და შედეგს რომ ვერ დადებს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია.

- შესაძლებელია, რომ ახალი არჩევნების საჭიროება დადგეს პარტიაში და ენმ-ის პოლიტიკური კონფიგურაცია შეიცვალოს?

- პარტიაში კრიზისი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არ დამთავრებულა.

- ბატონო გია, მიგაჩნიათ, რომ ენმ-ში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო გაუზარდა კომფორტის ზონა ხელისუფლებას?

- ტაქტიკური თვალსაზრისით - კი, ხელისუფლებამ წარმატებას მიაღწია, მაგრამ სტრატეგიულად, ვფიქრობ, დისკომფორტი ექმნება, რადგან ხელისუფლების პოლიტიკური სტრატეგია აგებული იყო ორპოლუსიანობაზე, ყველა თავის ოპონენტს ნაციონალური მოძრაობის ორბიტაზე გადაქაჩავდა და შემდეგ ძირავდა. ამ „შუას გაკრეფის“ კუთხით, ხელისუფლებას სერიოზული პრობლემა ექმნება, რადგან ნაციონალური მოძრაობისგან მთავარი „ბუას“ შექმნის ტექნოლოგია აღარ იმუშავებს და პროცესი მიიღებს მულტიპარტიული პოლიტიკური პროცესის სახეს, რაც ხელისუფლებისთვის არ იქნება კომფორტული.

- ანუ, ნაციონალური მოძრაობის დასუსტების ფონზე, იქმნება ნიადაგი სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება-გაძლიერებისთვის?

- არა, საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს მექანიკური გაერთიანებები რამეს მომცემია. პირიქით, მულტიპარტიული პოლიტიკური პროცესის შანსი იქმნება ანუ ბევრი პოლიტიკური ცენტრი შეიძლება მივიღოთ, რაც ხელისუფლებისთვის კომფორტული იმიტომ არაა, რომ ფრონტის ხაზის გატარება გაუჭირდება. ორპოლუსიანობის გარეშე, პროპაგანდისტული ხაზის გამოკვეთაც ძნელია, რამდენ ფრონტზე უნდა იბრძოლო? აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების თვალსაზრისით, ნაციონალური მოძრაობის გახლეჩვა მხოლოდ სასარგებლოა.

- ბატონო გია, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილების მიღება იქნება ყველაზე მართებული - შესაძლოა, თუ არა სააკაშვილის ფაქტორი გახდეს გადამწყვეტი პოლიტიკური ვითარების შეცვლისა?

- ხელისუფლებას, სააკაშვილთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, კომფორტი აქვს, მეორე მხრივ - დისკომფორტი. ხელისუფლებას არ აქვს კარგი გამოსავალი. გაუშვებენ - ვაია, არ გაუშვებენ - ვუი... იმდენად ღრმად შეტოპეს, რომ გამოვაჭრებაც აღარ შეუძლიათ ამ თემასთან დაკავშირებით.

დროა, რომ სააკაშვილის თემა იყოს განხილული წმინდა ჰუმანიტარული კუთხით, ყოველგვარ პოლიტიზირებას, ან სამართლებრივ კუთხეზე საუბარს აზრი არ აქვს.  ხელისუფლების სახის შესანარჩუნებლად ეს იქნება ყველაზე სწორი გზა - უნდა შედგეს კონსილიუმი, რომელშიც შევლენ მხოლოდ ის ექიმები და სპეციალისტები, რომლებიც ყველა მხარის ნდობით სარგებლობენ. ამ კონსილიუმის დასკვნა უნდა გახდეს უპირობო. სხვა ჭრილში, იმდენად გადაღეჭილია ეს თემა, რომ ყველა იღებს ზიანს, სარგებელს აქედან აღარავინ ნახულობს. უნდა გავიგოთ, რეალურად რა მდგომარეობაშია ეს ადამიანი, სახელმწიფოა, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი და ამ პრიზმაში უნდა შეხედონ, დაანებონ საერთოდ თავი პოლიტიკას. ეჭვი მეპარება, რომ მინიმუმ ერთი წელი, ამ ადამიანმა რამე პოლიტიკური მოძრაობები შეძლოს, ელემენტარულად, ფიზიკურ აღდგენას დასჭირდება ეს დრო. ერთი წელი მაინც დაგვასვენებს, რასაც ჰქვია... წავიდეს და თავი დაგვანებოს, ან თუ აფერისტობს, ესეც უნდა ვიცოდეთ, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, რადგან შეუძლებელია, რასაც ვხედავთ...  შეიძლება, თვითდაზიანებას იყენებს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ასეც რომ იყოს, მაინც სახელმწიფოა მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი...

 ავტორი-თათია გოჩაძე