Menu
RSS

ლონდა თოლორაია: ,,9 თვის მონაცემებით, 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გვაქვს გამოცემული''

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა 9-თვიანი მუშაობა შეაჯამა

9 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა, რომელმაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის საკუთარ თანამშრომლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს მადლობა გადაუხადა და განაცხადა: „ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საფუძველზე ბუნებრივად შეიქმნა გარკვეული პლატფორმა სამოქალაქო სექტორსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის. ამ თანამშრომლობისთვის მე, პირველ რიგში, გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელსა და რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებთან ერთადაც ეფექტურად ვმუშაობთ. ჩვენ ხშირად ვდაობთ, ხანდახან გვაქვს ძალზედ მწვავე დისკუსიები, ზოგ თემებში ვთანხმდებით, ზოგ თემებში ვერ ვთანხმდებით, თუმცა ვთვლით, რომ სამოქალაქო წარმომადგენლების ფაქტორი დღეს ჩვენ ქვეყანაში, დემოკრატიის განვითარების ამ ეტაპზე, ინსტიტუტების გაძლიერებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლებს და ასევე, ყველა იმ ადამიანს და იმ ორგანიზაციას, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ღონისძიების ჩატარებას.“ 

როგორც პრეზენტაციაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, ბოლო 9 თვეში, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც დადებითად აისახა მიღწეულ შედეგებზე. კერძოდ: 

  • 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის შესაძლებლობას იძლევა. რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა; 
  • ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე, დისკრიმინაციული დანაშაულის საკითხებზე დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება გამომძიებელთა სპეციალიზაციისა და გადამზადების პროცესი; 
  • ამ დროისთვის პარლამენტი განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ოჯახური დანაშაულისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელს გამკაცრებას ითვალისწინებს; 
  • ასევე, გამკაცრდა პოლიტიკა უწყების იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობაში არიან მხილებული ან არასათანადო რეაგირებას ახდენენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, დისციპლინური სახდელი დაეკისრა 8 პოლიციელს. ოჯახში ძალადობაში კი მხილებულ იქნა 16 პოლიციელი, რომელთა მიმართ (გამოძიების პარალელურად) გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა; 

გაიზარდა ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომართვიანობა, რაც განპირობებულია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებით. 

გაზრდილია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, აგრეთვე, გამოცემული შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი: 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 4 339 საქმეზე. 

  • 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 3000-მდე პირის მიმართ. 
  • 2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, ხოლო 2018 წელს კი - 5472 შემაკავებელი ორდერი; 
  • ამასთან, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო - 9%, 2018 წლის 9 თვეში - 6%, ხოლო 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) - 4%; 
  • გაიზარდა გამოძიების მიმდინარეობისას დისკრიმინაციული ნიშნისა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც. 2017 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, 2018 წლის 9 თვეში კი სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 100-მდე სისხლის სამართლის საქმეში; 
  • გაუმჯობესდა ტრეფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გააქტიურებით; 
  • დაიწყო და მიმდინარეობს პოლიციის დანაყოფებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული გარემოს მოწყობა. 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს. 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა: 

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არანირი მნიშვნელობა არ ექნება კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ და არ ავამაღლეთ. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია არის ქალთა მიმართ ძალადობის, არასრულწლოვნების მიმართ და არასრულწლოვნების მიერ, ასევე, სხვადასხვა სახის დისკრიმინაციით ან სიძულვილის გრძნობით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხზე ზედამხედველობა, სტანდარტების დანერგვა და იმ მაღალი ნორმების შემოტანა ჩვენ სისტემაში, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო სექტორის, საზოგადოების განვითარებისთვის.მერწმუნეთ, რომ იმ თანამშრომლებმა, ახალგაზრდებმა, რომლებიც ამ დეპარტამენტში მუშაობენ, ამ 9 თვის განმავლობაში უდიდესი სამუშაო გაწიეს, მათ მართლაც კარგი შედეგები აქვთ. თქვენ ამას ყველაფერს ნახავთ და ეს აისახება იმ სტატისტიკურ მონაცემებში, რომლებსაც ჩვენ ყოველთვიურად ვაქვეყნებთ. მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო.''

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში