Menu
RSS

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტასბურგში იგზავნება

„მეუფე დიმიტრიმ დუმილი უნდა დაარღვიოს და შიში დაძლიოს!“

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე არ მოხვდა. კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ კომისიას აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტისთვის რეკომენდაცია არ წარუდგენია: ,,გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი სრულად დამთავრდა, შესაბამისად, კომისიაზე ის ვერ განიხილებოდა.“ დეკანოზის ადვოკატები ოქტომბრის ბოლოს გიორგი მამალაძის საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გზავნიან, ოჯახი კი გიორგი მამალაძის გასათავისუფლებლად აქციებს აანონსებს. ,,ვერსია'' მამა გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს და ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა:

თორნიკე მამალაძის თქმით, შეწყალების კომისიამ განმარტა, რომ წევრების საკმარისი რაოდენობა არ შეიკრიბა, რათა საქმე განეხილათ: ,,არ უსმჯელიათ ამ საკითხზე, ამიტომ ველოდებით პრეზიდენტის განცხადებას, რადგან კანონით მას აქვს უფლება, კომისის გარეშეც შეიწყალოს პირი''. 

დეკანოზის ძმამ ბათუმის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის რეზიდენციასთან დემონსტრაცია გამართა. თორნიკე მამალაძე აქციის მიზეზს განმარტავს: ,,მეუფე დიმიტრიმ ყველაზე უკეთ იცის, რატომ ზის ჩემი ძმა ციხეში. იცის, ჩემი ძმა იმისთვის გაწირეს, რომ თვითონ მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი მოეშორებინათ პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაში, რაც მავანმა შეძლო. ამიტომ, ჩვენ მეუფე დიმიტრისგან მოვითხოვეთ დუმილის დარღვევა, შიშის დაძლევა, რადგან ის მღვდელმთავარია და მხოლოდ უფლის უნდა ეშინოდეს და არა _ ადამიანების. მეუფის წარმომადგენელი გამობრძანდა და ჟურნალისტებთან მოიტყუა, მამა გიორგის არ ვიცნობ კარგად და ამიტომ არ გამიჩნდა მისი საპყრობილეში ნახვის სურვილიო. არადა, მამა იოანეს შევახსენებ, რომ დიდ მარხვაში მღვდლის შესამოსელი სწორედ ჩემმა ძმამ აჩუქა. მეუფე დიმიტრი არ შეგვხმიანებია, მამა იოანეს თქმით, გერმნაიაში ოპერაციის გასაკეთებლადაა წასული. ვუსურვებ როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ გამოჯანმრთელებას და უფლის წინაშე თავისი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინოს.'' 

თორნიკე მამალაძე აქციების გაგრძელებას გეგმავს. მისი თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა აგვისტოში განაცხადეს, რომ სექტემბრის ბოლომდე შეიქმნებოდა კომისია, დაიკითხებოდა დეკანოზი გიორგიც და საქმეს ნათელი მეოფინებოდა, მაგრამ ამ საკითხზე აღარაფერი ისმის: ,,ამდენ ხანს აქციებს იმიტომ არ ვიწყებდით, რომ ჩემი ძმა მთავრობისა და საპატრიარქოს წევრებს აძლევდა შეცდომების გამოსწორების საშუალებას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ გაითავისეს და ჩვენც მოთმინების ფიალა აგვევსო. პოლიტიკისგან გამიჯნულები ვართ, მაგრამ თუ მთავრობის ან ოპოზიციის წარმომადგენლები თანადგომას გამოგვიხატავენ და იტყვიან, რომ უდანაშაულო დეკანოზი ზის ციხეში, კარს გავუღებთ, თუმცა ხაზს ვუსვამ, პოლიტიკისგან გამიჯნული ვართ, რადგან ეს საქმე ეხება დედა ეკლესიას. სამწუხაროდ, ეკლესიის შიგნით ამ საქმის განხილვა არ ისურვეს, რადგან კარგად იცოდა მეუფე იაკობმა და სხვა ეპისკოპოსებმაც, რომ მათ შავ-ბნელ საქმიანობას ფარდა აეხდებოდა.'' 

თორნიკე მამალაძის თქმით, მამა გიორგი ისევ ბრძოლისუნარიანია: ,,არ გატეხილა და მორჩილებით ითმენს ყველაფერს. ბევრისგან განსხვავებით, მას შენარჩუნებული აქვს სასულიერო ღირსება, ელოდება სიმართლის გამარჯვებას.'' 

დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, შეწყალებაზე იმედიანად იყო განწყობილი, რადგან მიაჩნდა, რომ პრეზიდენტს შეეძლო, გვერდი აევლო კომისიისთვის და დამოუკიდებლად შეეწყალებინა მამა გიორგი: ,,საპატრიარქოს გარკვეულ ჯგუფს არ უნდა მამა გიორგის თავისუფლებაზე ყოფნა, რადგან ის დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს წმინდა სინოდის წინაშე და ყველაფერზე ისაუბროს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მონახეს რაღაც გზები. საქართველო პატარაა, ზოგი ბავშვობიდან იცნობს ერთმანეთს და რაღაც კავშირები არსებობს.'' 

რამიშვილს ვკითხეთ, იგულისხმა თუ არა პრეზიდენტ მარგველაშვილისა და მეუფე შიოს ურთიერთობა? _ ,,მეუფე შიო იცნობს შორენას, ქორეპისკოპოსები _ ერთმანეთს, თეოდორე ჭუაძე არის შეწყალების კომისიაში. ყველას კარგად გვახსოვს, პრეზიენტმა რამდენჯერმე ოპტიმისტურად განაცხადა, შემოიტანოს განცხადება შეწყალებაზე და მივიღებ გადაწყვეტილებასო. ერთხელ უარი გვითხრეს, ახლაც რატომ ვერ მოხვდა შეწყალებულთა სიაში, არ ვიცით. კომისიამ განმარტა, კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ, განგვეხილა თუ არა ეს თემაო. გასაგებია, თეოდორე იტყოდა და იქ ყველას ჰყავს თავისი მოძღვარი, შეიძლება, სთხოვეს ან მითითებაც მისცეს, რომ რეკომენდაცია არ გაეწია. საპატრიარქო ხომ ,,შპს'' გახდა და რელიგიაზე აღარაა ლაპარაკი. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტთანაც მიუწვდათ ხელი. როდესაც ადამიანი სიტყვას ამბობ, არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტი ხარ თუ სხვა ვინმე, უნდა შეასრულო, ხოლო თუ ამის თავი არ გაქვს, უნდა გაჩერდე. 28 ოქტომრამდე კიდევ აქვს დრო, მგონი, ივაჟკაცებს, რადგან სჯობს, ხალხი იყოს შენი დამცველი, ვიდრე _ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. კომისია პრეზიდენტს, უბრალოდ, რეკომენდაციას აძლევს, თორემ მას დამოუკიდებლად შეუძლია, გადაწყვეტილების მიღება, თუ მოინდომებს.'' 

რამიშვილი მეუფე დიმიტრის მიერ დეკანოზის უყურადღებოდ დატოვებაზეც საუბრობს: ,,ერთი- ორჯერ გამოვიდა, რაღაც ილაპარაკა და საერთოდ გაქრა. როცა სჭირდებოდა, მამა გიორგი ეხმარებოდა და მის ეპაქრიაში დიდი საქმეები გააკეთა, საბავშვო ბაღები აღადგინა, გამზადებულს ახვედრებდა მეუფეს ყველაფერს. ძალოვანი სტრუქტურები როცა აძალებდნენ, ხელი დაედო დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილისთვის, ბევრი შეიძლება, შიშის გამო ამ სიხარბეზე წასულიყო, მაგრამ მამა გიორგიმ უარი თქვა და ამის არდანახვა ნიშნავს, რომ უმადური და დაუნახავი ყოფილა ყველა. მხოლოდ ერთეული ეპისკოპოსები აფიქსირებენ თავის პოზიციას. სტარსბურგის სასამართლოდან რომ ჩამოვა სამართლიანი გადაწყვეტილება და მამა გიორგი გათავისუფლდება, მერე რიგში ჩადგნენ საერო და სასულიერო პირები, მივიდნენ და თანადგომა გამოუცხადონ.''

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში