Menu
RSS

დიდი ქურდული „რაზბორკები“

რა მიზნით ჩავიდა ისრაელში მცხოვრები „კანონიერი ქურდი“ მიხეილ ხანანაშვილი მოსკოვში და რატომ სცემეს სასიკვდილოდ ირაკლი რეხვიაშვილს

წინასაარჩევნოდ ხელისუფლება თუ ოპოზიცია, როგორც წესი, ,,კანონიერ ქურდებს'' ააქტიურებს და, იმის მიუხედავად, რომ კრიმინალურ სამყაროსთან, ერთი შეხედვით, დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული, ე.წ. ,,კაი ბიჭების'' რესურსის გამოყენებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს. ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება ქურდული ძალის მობილიზებას აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში ცდილობს, თუმცა უქმად არც ოპოზიციაა. როგორც გვითხრეს, მმართველი გუნდი ევროპასა და თურქეთში მყოფ ქართველ ქურდებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, ოპოზიციას კი უკრაინაში და აფხაზეთში მყოფი ქურდების იმედი აქვს. ასეა თუ ისე, თავად ქურდებს, წესით, ქართული არჩევნებისთვის ნაკლებად უნდა ეცალოთ, რადგან ტერიტორიებისა თუ გავლენების გადანაწილებაზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ დაწყებული.

ორ ათეულ წელზე მეტია, ისრაელში მთავარ კრიმინალურ ავტორიტეტად მიხეილ ხანანაშვილი ითვლება. ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ებრაელი, ისტორიულ სამშობლოში წლების წინ წავიდა და კარგადაც მოეწყო. გარდა იმისა, რომ ის ისრაელში არსებულ მთელ კრიმინალურ სამყაროს აკონტროლებს, საუცხოო ურთიერთობა აქვს ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებთან და მსხვილ ბიზნესმენებთანაც მეგობრობს. პრინციპით, ხელი ხელს ჰბანს, ხანანაშვილს წლებია, წმინდა მიწაზე პრობლემები არ შექმნია. 

წინა კვირას, ხანანაშვილი მოსკოვში ჩავიდა, რადგან ძველი მეგობარი, ,,კანონიერი ქურდი'', ბადრი კოღუაშვილი ენახა. ბადრიმ გრძელვადიანი სასჯელი მოიხადა და ციხიდან მიმდინარე წლის მაისში გათავისუფლდა. როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველები ყვებიან, რესტორან ,,მარანში'', პრაქტიკულად, ყოველდღიურად მიდიოდა კოღუაშვილის, ხანანაშვილის და კახა ფარფალიას ესკორტი და ისინი ყველას ყურადღებას იქცევდნენ. 

დღეს მოსკოვში ყველაზე დიდი გავლენით, სწორედ ფარფალია სარგებლობს და, სავარაუდოდ, ამიტომაც იყო, რომ ქურდებს ადგილობრივი სამართალდამცავები არ აწუხებდნენ. 

აი, სამშობლოში გამგზავრება ხანანაშვილმა იგივე გზით გადაწყვიტა, რითაც მოსკოვში ჩავიდა ანუ ბელორუსიის გავლით, თუმცა მოსკოვიდან მინსკში ჩაფრენილი ებრაელი ქურდი სამართალდამცავებმა დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდება წაუყენეს დაკავებულ ქურდს, მაგრამ ფაქტია, რომ შემთხვევით მას არავინ დაიჭერდა. 

,,ხანანაშვილი ძალიან გავლენიანი ქურდია და შესაბამისად, მოსკოვში მის გამოჩენას უკვალოდ არ ჩაუვლია. ის ქურდები, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთის დედაქალაქში ყველაზე გავლენიანი ფარფალია არ უნდა იყოს, მასთან ჩამოსულ მეგობრებს ემტერებიან და მაქსიმალურად ცდილობენ, თავისუფლად ცხოვრებაში ხელი შეუშალონ. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო დააკავეს ხანანაშვილი ანუ ის მოსკოვში მყოფმა სხვა ქურდებმა გაიმეტეს. ეჭვი აქვთ, რომ ეს ედუარდ ასატრიანის გაკეთებულია, იმის მიუხედავად, რომ ,,ასატრინა'' თავად ეახლა ხანანაშვილს და მისდამი პატივისცემა გამოხატა'', _ გვითხრა რუსეთში მცხოვრებმა, ერთ-ერთმა ქართველმა კრიმინალმა. 

არანაკლებ დაძაბული მდგომარეობაა თურქეთშიც. მორიგი დაპირისპირება იქაც გასულ კვირას მოხდა და ,,კანონიერმა ქურდება'' თავიანთი ,,კოლეგა'', ირაკლი რეხვიაშვილი, მეტსახელად ,,ტარზანი'' ცემეს: 

,,რეხვიაშვილი კანონიერ ქურდ კახა ორაგველიძესთან ერთად მოვიდა ,,სხადნიაკზე''. საუბრის დროს, ,,ტარზანმა'' დაო ოზმანოვი ახსენა, ქურდი, რომელიც შაქრო კალაშოვის ნათესავია და რომელიც ოთხი წლის წინ დაჭრეს. სწორედ ამის შემდეგ, მას მინდია გორაძე, იგივე ,,ლავას ოღლი'' აუშარდა, აქაოდა, ოზმანოვს თავად არ აქვს პრეტენზია დაჭრაზე, შენ ვინ გკითხავსო და დაარტყა. ეს თითქოს ნიშანი იყო, რომ რეხვიაშვილი უნდა ეცემათ და ათამდე ქურდი მას სასტიკად გაუსწორდა. ჩხუბში მონაწილეობას არ იღებდა ორაგველიძე, ის ყველაფერს მშვიდად უყურებდა და მხოლოდ ერთხელ თქვა, არ მოკლათო. 

საბოლოოდ, როცა ქურდები ,,ტარზანის'' ცემით დაიღალნენ, დამშვიდდნენ და შეეშვნენ, თუმცა დასისხლიანებული რეხვიაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ფეხზე წამოდგომას'', _ გვიყვება ადამიანი, რომელიც ამ შეკრებას ესწრებოდა. 

თავისთავად ცხადია, რომ კალაშოვის ნათესავის გამო ,,კანონიერი ქურდის'' გამეტება ბევრ რამეზე მეტყველებს. პირველ რიგში, იმაზე, რომ ციხეში მყოფ კალაშოვს თავისუფლებაზე მყოფი ქურდები დიდ ანგარიშს აღარ უწევენ და მისი ავტორიტეტიც ნელ-ნელა ქრება. ეს ყველაზე კარგად სწორედ კალაშოვმა იცის და ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობს, ციხიდან აკონტროლოს სიტუაცია, თუმცა ამაოდ _ მის მიერ გაცემული მითითებები ან საერთოდ აღარ სრულდება, ან ისე სრულდება, რომ კალაშოვს არ მოსწონს. 

სამაგიეროდ, თავისუფლებაზე გამოსასვლელად ემზადება ტარიელ ონიანი და მისი მომხრეები ნელ-ნელა ძალებს იკრებენ. ონიანს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება უკვე წართმეული აქვს და ჩვენი ინფორმაციით, ის ცხოვრებას ესპანეთში აპირებს, სადაც სახლიც აქვს. 

სწორედ ესპანეთში მყოფი ,,კანონიერი ქურდები'' უმზადებენ მას მეფურ დახვედრას, თუმცა რამდენად მოახერხებს უკვე ასაკში მყოფი ონიანი ახალგაზრდა ქურდების კონტროლს, ძნელი სათქმელია. 

ახალგაზრდები ახლებურად აზროვნებენ და მიაჩნიათ, რომ ძველების დრო წავიდა, თანაც ისინი არც სროლაზე ამბობენ უარს და პრობლემის მოგვარება, საუბრის ნაცვლად, სწორედ ქილერებით ურჩევიათ ანუ პრინციპი _ არ არის კაცი, არ არის პრობლემა _ აქტიურად მუშაობს და, სხვათა შორის, ძალზედ ეფექტურადაც. 

თავად განსაჯეთ: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქილერების ტყვიას 20-ზე მეტი ,,კანონიერი ქურდი'' ემსხვერპლა და გარდა იმისა, რომ გახსნილი ერთი საქმეც არ არის, გარდაცვლილთა ბიზნესები მათმა მოსისხლეებმა მარტივად და მშვიდად გადაიბარეს. 

და ერთიც: საქართველოში ,,კანონიერ ქურდებთან'' კომუნიკაციის გამო, პრაქტიკულად, ყოველკვირეულად ხდება არაერთი ე.წ. ,,კაი ბიჭის'' დაკავება. ამ შემთხვევაში, შსს-სთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწსებულებებიდან რომ ირეკება ქურდებთან და ისევ ისინი წყვეტენ, რომელ ,,ზონაზე'' ვინ იყოს ე.წ. ,,მაყურებელი'' და ,,პალაჟენეცი'', ამაზე ხმას რატომ არავინ იღებს?! 

რეგიონებში კი ,,ობშიაკის'' მოგროვება ისევ გრძელდება და, უბრალოდ, ჩვენი რჩევაა, ყურადება სამეგრელოს მიექცეს, რადგან იქაურ სოფლებში მოგროვებული ,,ობშიაკი'', ყოველთვიურად აფხაზეთში მყოფ ქურდებთან გადააქვთ და იქიდან ბედნიერი სახეებით ბრუნდებიან, აფხაზეთში მცხოვრები ქურდები ვნახეთო. 

იმასაც ვიტყვით, რომ ქურდები სამეგრელოში აქტიურად არიან ჩართულნი მიწების ყიდვა-გაყიდვის თემებში და არც ბიზნესის დატერორებაზე ამბობენ უარს. ეს არ არის კონფიდენციალური ინფორმაცია _ გაიარეთ სოფლებში და რიგით ადამიანებს ჰკითხეთ, ყველა ამაზე საუბრობს და თან _ დაუფარავად. 

მერიაში დასაქმებულებსაც ჰკითხეთ, ერევიან თუ არა ქურდები მიწის ნაკვეთების გადანაწილება-გაყიდვაში და ეჭვი გვაქვს, ისინიც დაადასტურებენ, რომ ქურდების გარეშე სამეგრელოში ერთი გოჯიც აღარ იყიდება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში