Menu
RSS

სკანდალი: მარგველაშვილმა აზერბაიჯანელი ნარკორეალიზატორი შეიწყალა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი!

ვინ არის საიათ ისმაილოვი, რა კავშირი ჰქონდა ნაციონალებთან და რა ჯდება პრეზიდენტის შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა და ამაში უცნაური თითქოს არაფერია _ ეს პრეზიდენტის ერთ-ერთი პრეროპგატივაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე სხვა რამესთან გვაქვს. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში საიათ ისმაილოვიც გახლავთ. 52 წლის ისმაილოვი, 2007 წელს დააპატიმრეს, ბრალად ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა-გასაღება წარუდგინეს და სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს. ცნობისთვის: ისმაილოვი იმ დროს ავტობუსის მძღოლად მუშაობდა და რეისებს ბაქოს მიმართულებით ასრულებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მას ნარკოტიკები სწორედ აზერბაიჯანიდან შემოჰქონდა. პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტში ვკითხულობთ, რომ საიათ ისმაილოვს გათავისუფლების ვადად დაუდგინდა 2025 წელი ანუ ის ციხეს ოფიციალურად, შვიდ წელიწადში დატოვებს. რაც შეეხება შეწყალების საბაბს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ტრადიციულ განმარტებას აკეთებს: ,,ისმაილოვს შემოტანილი ჰქონდა შეწყალებაზე საბუთები, ჩვენ განვიხილეთ საქმე, რეკომენდაციით მივმართეთ პრეზიდენტს და მან ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინა,'' _ ამბობს ქორიძე, თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ მიმართეს პრეზიდენტს რეკომენდაციით და რა ნახეს უვადოდ სასჯელმისჯილი პატიმრის საქმეში ისეთი, რამაც კომისიას ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. 

ახლა უშუალოდ ისმაილოვზე ვთქვათ. მისი ადვოკატის მტკიცებით, საქმე შეკერილია და ამ ამბავში კოხტა კოდუა და მისი მეგობრები არიან გარეულნი. ისმაილოვს ნარკოტიკი მას შემდეგ ამოუღეს, რაც ის ბაქოდან დაბრუნდა და იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული, უდანაშაულობის პრეზუმპციას მაინც დავიცავთ და ვიტყვით _ პროკურატურას ეჭვი ჰქონდა ნარკოტიკებით ვაჭრობაზე და სასამართლოში მოწმედ ისმაილოვის ერთ-ერთი მუდმივი მგზავრი, ლალი გვილავა და მისი ქმარი, ვეფხია ბიგვავა წარადგინა. ბიგვავამ აღიარა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და წამალი ძირითადად ცოლს მოჰქონდა, თუმცა თავად ქალბატონმა გვილავამ აღნიშნა, რომ ნარკოტიკს ისმაილოვისგან არ ყიდულობდა. 

სამაგიეროდ, ნახევარი თბილისის ელიტარული ნარკომანები იმაზე მეტად წუხდნენ ისმაილოვის დაკავების გამო, ვიდრე _ მისი მეგობრები. მაშინ თბილისში ამბობდნენ, რომ მისგან ყველაზე სუფთა წამალს იღებდნენ და ისევ უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვით, ჩვენ უკვე პატიმარ და სასჯელმისჯილ ისმაილოვს არაფერს ვაბრალებთ, იმავეს ვწერთ, რასაც ამბობდნენ. უფრო მეტიც, თბილისელი ნარკომანები ყვებოდნენ, რომ ისმაილოვი მაშინ გივი თარგამაძემ გაიმეტა. ბატონი საიათი ხელისუფლების კაცი იყო, ფულიან ნარკომანებს აჭერინებდა ძალოვნებს, სანაცვლოდ კი თავად თავისუფლად მოძრაობდა და ,,სუნთქავდა''. ჩვენი ინფორმაციით, 2006 წელს, წინასაარჩევნოდ, ისმაილოვს მილიონი სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. არჩევნების ჩატარების შემდეგ კი ის, უბრალოდ, გაწირეს, დააპატიმრეს და სამუდამო მიუსაჯეს. გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლებამ საქმე გახსნა და სერიოზული პიარიც გაიკეთა, პარალელურ რეჟიმში, სხვა საქმოსნებს მესიჯი გაუგზავნა, დაუმორჩილებლობა სამუდამო პატიმრობით ისჯებაო. 

დაკავებულის ადვოკატი, ზურაბ როსტიაშვილი დღემდე ამტკიცებს, რომ საქმე შეთითხნილი იყო და მისი კლიენტი, უბრალოდ, გაიმეტეს, თუმცა მიზეზს, რის გამოც ისმაილოვი დააპატიმრებს, ვერ ასახელებს. მისი ერთ-ერთი ვერსიით, ნარკოტიკები აზერბაიჯანიდან კოხტა კოდუას მეგობარს შემოჰქონდა და მის გადასაფარად ისმაილოვი დააპატიმრეს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ კოდუას ის მეგობარი, რომელზეც როსტიაშვილს ეჭვი ჰქონდა, ისმაილოვის დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ, იმავე ბრალდებით დააპატიმრეს ანუ გადაფარვა არ გამოვიდა. 

ზოგადად, როცა ადამიანი ციხიდან თავისუფლდება, ან სასჯელი უმსუბუქდება, უნდა გვიხაროდეს, მაგრამ როცა საქმე ნარკორეალიზატორს ეხება, სიხარულზე მეტად კითხვები ჩნდება. ის, რომ 2025 წლამდე ისმაილოვს ციხეში არავინ გააჩერებს, ახლავე შეიძლება ითქვას, რადგან გაისად მას უკვე ე.წ. ,,უდო'' ეხება და სადაც სამუდამო პატიმრობა მისჯილმა შეწყალება ,,იჩალიჩა'' (სხვა სახელს ვერ დავარქმევთ), ,,უდოს'' ,,გაიმასქნება'' რომ არ გაუჭირდება, ახლავე ცხადია. მით უმეტეს, მისი ადვოკატი ღიად აცხადებს, რომ ისმაილოვს სოლიდური შემოსავალი ჰქონდა და ნარკოტიკების გაყიდვას არ დაიწყებდა. სხვათა შორის, მაშინ ევროპაში ნაყიდი ერთი აბი ,,სუბოტექსი'' ერთი ევრო ღირდა, აქ _ 700 ლარი და ათას ევროდ ნაყიდ წამალში, აქ ნახევარ მილიონს იღებდნენ რა შემოსავალი ჰქონდა ასეთი ისმაილოვს, რომ თურმე, წამლის გაყიდვაზე არ იფიქრებდა, ვერ გეტყვით. 

ესეც არ იყოს, სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, საპატიმროდან კიდევ ერთი აზერბაიჯანელი გათავისუფლდა. მასაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი უპოვეს, თუმცა სასჯელის სახით 24 წელი განუსაზღვრეს. ციხეში მან მხოლოდ 7 წელი გაატარა, მერე კი... ისე, რომ არც ,,უდო'' ეხებოდა და არც სხვა რამ, უბრალოდ, გათვაისუფლდა. შეწყალების კომისიას მიმართეს მისი ოჯახის წევრებმა, კომისიამ რეკომენდაციით _ პრეზიდენტს და მანაც გაითვალისწინა. ეს შემთხვევაც ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელზე მოდის და, საბოლოო ჯამში, ისე გამოვა, დაპატიმრებული ნარკორეალიზატორებისთვის გაშვების შემდეგ, ბოდიშის მოხდა დაკანონდება. 

კიდევ ერთი რამ რომ არ გავიხსენოთ, არ შეიძლება: როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის ბოლო თვეებს ითვლიდან, შეწყალების აქტებს, პრაქტიკულად, ყოველ მეორე დღეს (არ ვაჭარბებთ) გამოსცემდა ხოლმე. მაშინ საპატიმროები დატოვეს მკვლელებმა, ნარკორეალიზატორებმა, ყაჩაღებმა, თაღლითებმა, ორმა ადვოკატმა... მოკლედ, ყველამ, ვინც იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ,,გახოდა''. თითო წელის სანაცვლოდ, არაოფიციალური მარჟა სამი ათასი დოლარი იყო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ბევრად მეტს იხდიდა. თუნდაც ,,გაწეწილი'' ბიზნესმენები, რომლებმაც თავისუფლების სანაცვლოდ, მილიონიც არ დაიშურეს და ამ თანხას მაშინდელი ხელისუფლებსი დეპუტატები, გუბერნატორები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სხვა მაღალჩინოსნები იჯიბავდნენ. ისინი პრეზიდენტს არწმუნებდნენ, რომ ეს ხალხი თავისუფლებაზე უფრო დასჭირდებოდათ და... ნამდვილად ვერ გეტყვით, ერგებოდა თუ არა იმ თანხებიდან რაიმე თავად სააკაშვილს, თუმცა ფაქტია: მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სასჯელაღსრულების დაწესებულება, შეწყალების აქტით, შვიდასზე მეტმა პატიმარმა დატოვა. 

მარგველაშვილს თვეზე ოდნავ მეტი დარჩა პრეზიდენტობისთვის (პირველ ტურში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში), თუ არადა, პოსტზე კიდევ ორი თვის განმავლობაში იქნება. საინტერესოა, მიბაძავს თუ არა წინამორბედს ბატონი პრეზიდენტი, მაგრამ ფაქტია, მხოლოდ ამ ორი მაგალითით შეიძლება მსჯელობა იმაზე, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. ორი აზრი არ არსებობს, წინა ხელისუფლებამ ბევრი ადამიანი უსამართლოდ გაისტუმრა გისოსებს მიღმა, მაგრამ ამ საბაბით ნარკორეალიზატორების ციხიდან გამოშვება და მათთვის სასჯელის შემსუბუქება დანაშაულია, მით უმეტეს, როცა ,,ბებერი ნარკომანები'' ამბობენ, რომ ორივე პირს კარგად იცნობდნენ. ძალიან, ძალიან გვეეჭვება, პრეზიდენტის გარემოცვიდან ვინმეს არ ეთქვა, რომ ეს საეჭვო გადაწყვეტილება გახლდათ, თუმცა ფაქტია: სამუდამო პატიმრობამისჯილ ნარკორეალიზატორს სასჯელი შეუმსუბუქდა და ძალიან დიდი ალბათობით, ის ციხეს მომავალ წელს დატოვებს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში