Menu
RSS

სექსმუშაკები შეიძლება, აღარ დაჯარიმდნენ

საია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსიდან პროსტიტუციის მუხლის ამოღებას ითხოვს _ სკანდალური კვლევა და რეკომენდაციები პარლამენტს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევა _ „გენდერული ძალადობა სექსმუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება'' _ ჩაატარა. კვლევის მიზანს მარგინალიზებულ ქალთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. შესაბამისად, საია სათანადო უწყებებს სთავაზობს რეკომენდაციებს კანონმდებლობის, პრაქტიკისა და პოლიტიკის ცვლილებების შესახებ, რათა სექსმუშაკებმა, სხვა ქალების მსგავსად, ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებებით და მოხდეს მათ მიმართ გენდერული ძალადობის პრევენცია. კვლევა მიმოიხილავს სექსმუშაკ ქალებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და სახელმწიფოს ვალდებულებებს, რათა მარგინალიზებული ქალები ძალადობისგან დაიცავს. ამასთან, საია-ს კვლევა აფასებს საქართველოში პროსტიტუციასთან მიმართებით სასამართლოს დადგენილებათა ხარვეზებსა და არსებულ კანონმდებლობას, რომელზე დაყრდნობითაც ხდება სექსმუშაკ ქალთა უფლებები ირღვევა. კვლევა, ასევე, მოიცავს საქართველოში სექსმუშაკ ქალებთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების ანალიზს, სადაც ქალები საუბრობენ მათ მიერ განცდილი ძალადობის ფორმებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებების მიუწვდომლობაზე. კვლევის დეტალებზე ,,ვერსია'' საია-ს იურისტ თამარ დეკანოსიძეს ესაუბრა:

_ კვლევა სექსმუშაკების მიმართ ძალადობასა და იმ დაბრკოლებებს ეხება, რომლებსაც ეს ქალები ძალადობისგან დაცვის საშუალებების გამოყენებისას აწყდებიან. ჯერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, შემდეგ კი, საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, ასევე, ფოკუს-ჯგუფების ანალიზი და კვლევები მიმოვიხილეთ, რომლებიც 2016 წელს 5 ქალაქში _ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში ჩავატარეთ. გამოვკითხეთ 26 სექსმუშაკი ქალი და კვლევამ ცხადყო, რომ ისინი განიცდიან ძალადობის ინტენსიურ ფორმებს _ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ძალადობას, შანტაჟს, იძულებას და ა.შ. სხვა ქალებისგან განსხვავებით, რომლებსაც, ასე თუ ისე, მიუწვდებათ ხელი სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, სექსმუშაკებისთვის ეს სრულებით ხელმიუწვდომელია. 

_ და ამას რა განაპირობებს? 

_ პირველ რიგში, რეპრესიული და დისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში გვაქვს. დღეს არსებული კანონმდებლობით, პროსტიტუცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რომელიც სასჯელად ჯარიმას, ან სანქციას ითვალისწინებს. აქ დისკრმინაციული ისაა, რომ აღნიშნული ჯარიმა სექსმუშაკებს ეკისრებათ და არა _ კლიენტებს. სხვა ქვეყნების, მაგალითად, სკანდინავიის გამოცდილება განსხვავდება: იქ კლიენტს ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, სექსმუშაკს კი _ არაფერი, რადგან მიიჩნევა, რომ ის ექსპლუატაციისა და ძალადობის მსხვერპლია. 

ამასთან, ვინაიდიან სექსმუშაკთა უმეტესეობა ქალია, გამოდის, რომ ეს კანონმდებლობა აზიანებს ქალებს და არა _ მამაკაცებს. 

_ ძალადობის შემთხვევაში, სექსმუშაკები პოლიციას ვერ მიმართავენ, რადგან პროსტიტუცია კანონით აკრძალულია და სანქციებს ერიდებიან? 

_ სექსმუშაკები, რომლებიც ქუჩაში დგანან, ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომლებიც უკიდურეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობენ. უშუალოდ ამ კატეგორიის ქუჩის სექსმუშაკებთან ვაწარმოეთ კვლევა. რადგანაც ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ქუჩაში მიდის პოლიციელი და სთხოვს იმ ადგილის დატოვებას, ისინი არ ემორჩილებიან და პოლიცია უწერს ჯარიმას არა პროსტიტუციის, არამედ, დაუმორჩილებლობის მუხლით, რაც ბევრად უფრო დიდ ჯარიმას ითვალისწინებს. პროსტიტუციას აქვს 20-ლარიანი, ხოლო დაუმორჩილებლობას, მაქსიმუმ, 2000-ლარიანი ჯარიმა. ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვებათ სექსმუშაკებს. ყველაზე შემაშფოთებელი, რაც კვლევამ გამოავლინა, ის იყო, რომ პოლიციელები, ნაცვლად იმისა, იცავდნენ სექსმუშაკებს ძალადობისგან, მათზე თავად ძალადობენ. ძალიან ხშირია ფიზიკური ძალადობა, შეურაცხყოფა, შანტაჟი და ხშირად პოლიციელები უფასო სექსუალურ მომსახურებასაც სთხოვენ, რათა არ დაარბიონ. 

_ ეს თბილისში ხდება თუ სხვა ქალაქებშიც? 

_ ყველაზე მეტად _ თბილისში, ასევე, ქუთაისსა და ბათუმში. ზუგდიდსა და თელავში სექსმუშაკები ქუჩაში არ დგანან, უფრო ტელეფონით მუშაობენ. 

_ კვლევამ გამოკვეთა, რომ სექსმუშაკები ვერ სარგებლობენ ძალადობის დროს იმ უფლებებით, რითიც სხვა ქალები. ეს სტიგმის ბრალია, რომ კანონმდებლობის გამო, პოლიციას ვერ მიმართავენ, თუ მიმართავენ, მაგრამ რეაგირება არ ხდება და მოძალადეებს არ სჯიან? 

_ ორივე შემთხვევაა. კანონმდებლობა ძალადობისგან ყველას იცავს, მაგრამ რადგან პროსტიტუცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ზოგადად, სტიგმატიზებულია, საზოგადოებაში უარყოფითად, მორალურ ჭრილში აღიქმება და არა _ ადამიანის უფლებების, ამიტომ ორივე პრობლემა არსებობს. სექსმუშაკები სამართალდამცავ ორგანოებს იმიტომ არ მიმართავენ, რომ ნდობა არ აქვთ _ ქუჩაში პოლიცია ყოველმხრივ ავიწროვებთ და როცა კლიენტი მათზე ძალადობს, როგორ მიმართავენ? 

კვლევამ ისიც გამოავლინა, რომ ზოგ შემთხვევაში, როცა პოლიციელებს მიმართეს, სათანადო გულისხმიერებით არ მიუდგენენ და ერთი შემთხვევაც არ არსებობს, როცა სექსმუშაკზე მოძალადე პასუხისგებაშია მისცეს. კანონის თანახმად, პროსტიტუციის ფაქტი უნდა დადგინდეს, რომ აიკრძალოს, თორემ ქუჩაში შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი მიზნით იდგეს. თუ არ დამტკიცდა, რომ ის ადამიანი პროსტიტუციისთვის დგას, კანონის თანახმად, ჯარიმა არ უნდა შეეფარდოს. თუმცა ესეც მთელი რიგი დარღვევებით ხორციელდება. 

_ ამ კუთხით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სააქართველოს რას ავალდებულებს? 

_ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება მოითხოვს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლას, რაც გულისხმობს, რომ სექსმუშაკთა უფლებებიც ქალთა უფლებებია და ისინიც ისევე უნდა იყვნენ ძალადობისგან დაცულნი, როგორც სხვები. 

_ ამ ფონზე, როგორია თქვენი რეკომენდაცია საკანონმდებლო ორგანოს მიმართ? რა უნდა შეიცვალოს კანონში, რომ ამ ადამიანების უფლებები მეტად იყოს დაცული? 

_ ჩვენი რეკომენდაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსიდან უნდა ამოიღონ პროსტიტუციის მუხლი და პროსტიტუციისთვის სექსმუშაკს ადმინისტრაციული სანქცია აღარ უნდა ეკისრებოდეს. ეს შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან გაეროს ,,ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი'' ამბობს, რომ პროსტიტუციისთვის უნდა ისჯებოდნენ არა სექსმუშაკები, რომლებიც ისედაც მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, არამედ ისინი, რომ¬ლებიც ყველაფერ ამისგან სარგებელს იღებენ. 

_ თუმცა, ისინი ხომ ამ მომსახურებაში ფულს იხდიან? 

_ ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. გაეროს ქალთა დისკრიმინაციის კომიტეტი და ზოგადად, ფემინისტური მიდგომით, სექსმუშაკთა უმრავლესობა ამ საქმიანობას იწყებს არა გამდიდრების, არამედ, უკიდურესი გაჭირვების გამო და ოჯახის წევრების გადარჩენის მიზნით. ასეთ მძიმე მდგომარეობაში ყოფნა აიძულებთ ამ საქმიანობის დაწყებას. აქედან გამომდინარე, ეს არ ნიშნავს, რომ მათი ქმედება ჩვეულებრივი სამუშაოა. ეს ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილებისა და ექსპლუატაციის მდგომარეობაა. 

_ ანუ, საქართველოს პარლამენტს მიმართავთ რეკომენდაციით, რომ ჯარიმა სექსმუშაკს კი არა, არამედ კლიენტს დაეკისროს, არა? 

_ არა, ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ ეს მუხლი ამოიღოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან, რაც ნიშნავს, რომ არც კლიენტს დაეკისრება ჯარიმა და არც _ სექსმუშაკს. ეს მნიშვნელოვანია სექსმუშაკების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. როცა გვექნება ისეთი იდეალური მდგომარეობა, რომ ქალები პროსტიტუციას უკიდურესი გაჭირვების გამო კი არა, არამედ, იმიტომ დაიწყებენ, რომ მათ ეს სურთ და ეს მათი არჩევანი იქნება, შეიძლება, სხვა საკანონმდებლო რეგულირება დაგვჭირდეს, მაგრამ ახლა მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს, რომ არ იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. 

_ ეს პროსტიტუციის ლეგალიზებას ნიშნავს? 

_ არა, ლეგალიზება სხვა რამეა. ლეგალიზებაა, როცა სახელმწიფო რეგულაციებს შემოიტანს ამ საქმიანობაზე ანუ აღიარებს მას შრომის ფორმად და დაადგენს, რომ სექსმუშაკებმა გადაიხადონ ბიუჯეტში გადასახდი. ასევე, სამედიცინო შემოწმება სავალდებულო იქნება, კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი დაწესდება, კონკრეტულად გამოყოფილი ადგილები დადგინდება და ა.შ. ლეგალიზება ჩვენი რეკომენდაცია არაა, რადგან მიმაჩნია, რომ ლეგალიზება იმ ადამიანების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს, რომლებიც დღეს ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან. მსგავსი სახის რეგულაციების დაწესების შემდეგ ჩვენი ბენეფიციარები ვერ შეძლებენ დააკმაყოფილონ ეს პირობები, არ შეწყვეტენ პროსტიტუციას და შეიძლება, უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან სახელმწიფოს მხრიდან დადგენილი პირობები მათ ვერ შეასრულეს. კვლევაში ამაზე არ ვმსჯელობთ, უბრალოდ, ჩემს მოსაზრებებს გეუბნებით საკითხთან დაკავშირებით. პროსტიტუციის ლეგალიზება არაა მიზანშეწონილი იმის გამოც, რომ პროსტიტუციას ვერ განვიხილავთ შრომის ფორმად, რადგან პროსტიტუცია, რეალურად, პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის დაქვემდებარებული როლის შედეგი და ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილების, კაცების მხრიდან ქალების ექსპლუატაციის შედეგია და თუ სახელმწიფო ლეგალიზებას მოახდენს, გამოვა, რომ ამგვარ სიტუაციას ეგუება და ქალის ჩაგრული მდგომარეობის ლეგიტიმაციას ახდენს. 

_ შსს-ს რა რეკომენდაციით მიმართავთ? 

_ სექსმუშაკების მიმართ ჩადენილი ყველა სახის დანაშაული უნდა იყოს ეფექტურად გამოძიებული და დასჯილი. ასევე, უნდა შეიქმნას პრეცედენტები, რომ პოლიციელები, რომლებიც სექსმუშაკების მიმართ ძალადობენ, მიეცნენ პასუხისგებაში. მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ გამოკითხული ყველა სექსმუშაკი თავის უმთავრეს პრობლემად პოლიციელების მხრიდან ძალადობას ასახელებს და ერთი შემთხვევაც არაა, როცა პოლიციელმა ამის გამო პასუხი აგო. ეს იწვევს დაუსჯელობის შეგრძნებას.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში