Menu
RSS

რატომ დუმს და დაიჭერენ თუ არა ლევან ყიფიანს

რა პრობლემები ჰქონდა სპორტის ექსმინისტრს ნაციონალებთან

ფუტკრის სკას ჰგავს წინასაარჩევნო კამპანიაა. უცხო ფუტკარი რომ გამოჩნდება ხოლმე და რომ აირევიან ყველა, დაახლოებით, ის სიტუაციაა _ უცხოს როლს კი ფარული ჩანაწერები თამაშობს. პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ახალ ჩანაწერს ვუსმენთ და ისე ჩანს, ,,პანდორას ყუთი'' გაიხსნა და იქიდან მთავარი ჩანაწერი ჯერ არ ამოსულა.

საინტერესო კი ის არის, რომ პრაქტიკულად, ყველა ჩანაწერში ფიგურირებს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის ვაჟი ძალიან, ძალიან დიდ შარშია გახვეული და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ შესაძლოა, ხელი სწორედ მას შეაწმინდონ და სწორედ ის დააკაონ. მით უმეტეს, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ ყიფიანს არ იცნობს (არადა, ბატონ ლევანს ,,ოცნებამ'' ჩააბარა მინისტრის პორტფელი), რაც იმის პირდაპირი მანიშნებელია, რომ მას არავინ გადაეფარება. 

კარგად თუ გავიხსენებთ, ყიფიანს პრობლემა წინა ხელისუფლების დროსაც შეექმნა. ჟურნალი ,,ათიანი'', რომელიც რეალურად მამის, დათო ყიფიანის სახელს ატარებდა, უნდა დახურულიყო და მაშინ ბატონმა ლევანმა ნაციონალების წინააღმდეგ აიმაღლა ხმა, რასაც საფეხბურთო წრეებიდან მისი ჩამოშორება მოჰყვა. არადა, მანამდე ყიფიანი ფეხბურთსაც თამაშობდა, მერე მწვრთნელადაც მუშაობდა, საფეხბურთო სკოლა ,,ირაოც'' დააფუძნა, ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრიც იყო და საფეხბურთო კლუბ ,,ლოკომოტივის'' მენეჯერიც, მაგრამ რეალურად, არც უშუალოდ სპორტულ და არც ჩინოვნიკურ ასპარეზზე დიდი წარმატება არ ჰქონია. 

ნაციონალებისგან მოძულებული ყიფიანი, ასპარეზზე ,,ქართული ოცნების'' გამოჩენის შემდეგ, პარტიის სპორტის თემატური გჯუფის ხელმძღვანელი გახდა. მას სპორტსმენებთან კავშირების დამყარება და მათი გადმობირება ევალა, მაგრამ რეალურად, ის ,,სასტავში'' დათო ყიფიანის შვილობისა და კიდევ იმის გამო მოხვდა, რომ თბილისში დაბადებულ-გაზრდილს ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავდა და თან ისეთი ოჯახებიდან, ელიტად რომ იწოდებიან. ამის შემდეგ, იურისტის განათლების მქონე და ფეხბურთში კარგად ჩახედული ყიფიანი მინისტრად დანიშნეს. სხვათა შორის, ცოდვა გამხელილი ჯობიაო და, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები წუწუნებდნენ, ლევანი შემადგენლობაში კონკრეტული პირების ჩასმას გვთხოვს, მერე რომ სარფიანად გაიყიდონო. შესაძლოა, მოარული ხმების მიხედვით გავრცელებული ინფორმაცია იმ მასშტაბების არ იყო, როგორც ხატავდნენ, მაგრამ... პირადად გახლავართ იმის მოწმე, ,,ლოკომოტივის'' მენეჯერობისას როგორ ეუბნებოდა ყიფიანი 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს კონკრეტული ფეხბურთელის გუნდში აყვანს და ეს იმის მიუხედავად, რომ მწვრთნელი ამბობდა, რას მეუბნები, მაგას ბურთი პეპელა ჰგონია, ეს კიდევ ნაკრებიაო... იმ ბიჭმა მაშინ 19-წლამდელებში მაინც ითამაშა და ფეხბურთელად მაინც ვერ შედგა. 

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში სწორედ ყიფიანია. როგორც ,,ომეგა ჯგუფის'' ხელმძღვანელი, ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, ყიფიანი მას იმიტომ მიუგზავნეს, რომ მეგობრობდა, თუმცა ფაქტია, რომ ოქუაშვილმა მეგობარი გაწირა, თან ბოლომდე გაწირა, ისე გაწირა, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ბატონ ლევანს რეაბილიტაციაზე მოუწევს ფიქრი და აქ საუბარი მხოლოდ კარიერულ წინსვლაზე არ არის _ გავრცელებული ჩანაწერებითა და ოქუაშვილის ნაამბობით, პრაქტიკულად, პირადი ცხოვრების ინფორმაცია გახმაურდა. სხვა საქმეა, რამდენად არის ეს ინფორმაცია კრიმინალთან კავშირში, მაგრამ ცინიკურად იმის თქმა, რომ კაცს გაუპატიურებით დაემუქრნენ, მაგრამ სავარაუდოდ არ გაუუპატიურებიათ, უკვე მეტისმეტია. თან, როცა ამ ადამიანს მეგობარს ეძახი. 

მეორეს მხრივ, კულუარულად ამბობენ, რომ სარდაფში ჩადგება, გაშიშვლება და გაუპატიურებით მუქარა ძალიან ჰგავს იმ ადამიანების ხელწერას, რომლებიც ფარცხალაის გარემოცვაში მოიაზრებიან. ყიფიანი იმდენად დაბნეულია, რომ ჯერჯერობით განცხადებასაც ვერ აკეთებს. მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კი დაანონსა, განცხადებას უახლოეს დღეებში გავაკეთებთო, მაგრამ ესეც ერთგვარი დროის მოგებაა _ სათქმელი ან არაფერია, ან ყიფიანს, სხვების დარად, სერიოზული ეჭვი აქვს, რომ მთავარი ჩანაწერი ჯერ არ გასაჯაროებულა და შესაბამისად, მის გავრცელებას ელოდება. ასეთ შემთხვევაში ორი ვარიანტია: ყიფიანი სათქმელს უკეთესად დაალაგებს, ან იმ მთავარ ჩანაწერში იქნება ისეთი ადამიანი, რომ ბატონი ლევანის ამბავი მეორეხარისხოვანი გახდება და ის აღარავის გაახსენდება. 

ის, რომ ჩანაწერების ავთენტურობა ბრიტანელ ექსპერტებს დადასტურებული აქვთ, ბევრი საუბრობს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მართლაც ასეა. ბატონ ლევანს არ ეგონა, რომ მას გაწირავდნენ. მას არც ის ეგონა, რომ მინისტრის სავარძელს ასე მალე დაკარგავდა და რკინიგზაში ხელფასის გამო არ მოისროდნენ. ის არც იმას ელოდა, რომ ოქუაშვილი გაბედავდა და ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ წავიდოდა, ადამიანის, რომელიც რეალურად თბილისს აზანზარებდა და ამის შესახებ ყიფიანმა ყველაზე კარგად იცოდა. 

მოსახდენი მოხდა და ახლა ბურთი ყიფიანის მოედანზეა: გააკეთებს თუ არა საპასუხო დარტყმას ლეგენდარული ფეხბურთელის შვილი, ძნელი სათქმელია, თუმცა ყველა ეჭვობს, რომ ამ საქმეში განტევების ვაცი სწორედ ის იქნება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში