Menu
RSS

„გაწეწილი“ ბიზნესმენი და „ობშიაკი“ „კანონიერი ქურდის“ დედისთვის

როგორ შეაგროვეს „ბარიგებმა“ 25 ათასი ესპანეთში მყოფი ქართველი კრიმინალებისთვის

წინა კვირას შსს-მ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა და ,,ქურდულ სამყაროსთან'' კავშირში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავა. როგორც ირკვევა, ამ პირებს კავშირი ჰქონდათ ,,კანონიერ ქურდებთან'' და მათი მითითებით ე.წ. ,,ობშიაკს'' აგროვებდნენ. თანხის ნაწილი კი ერთ-ერთი ,,კანონიერი ქურდის'' დედას გადასცეს...

ნამდვილად ვერ გეტყვით, დაუმტკიცებენ თუ არა დაკავებულებს დანაშაულს, მაგრამ ის, რომ ,,ობშიაკები'' არამარტო გარეთ, არამედ თავისუფლების აღკვეთის ადგილებზეც გროვდება, არახალია. უფრო მეტიც, ნაციონალური მოძრაობის ზეობის პერიოდშიც კი ხდებოდა ,,ობშიაკის'' შეგროვება, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება თითქოს ხმალამოღებული ებრძოდა ,,შავ სამყაროს'' და პიარის დიდი ნაწილიც სწორედ ამ ბრძოლაზე იყო აგებული. 

,,გიოს დედაა ცუდად, ორი ათასი ლარი სჭირდება სამკურნალოდ და მეშვიდედან მალიავა მოვიდა, ეგებ, ფული იჩალიჩოთო'', _ რუსთავის #17 დაწესებულებაში, ,,მაყურებლების'' საკანში, ,,ზონის მაყურებელი'' ე.წ. ,,ბლატატას'' ესაუბრებოდა. 

,,მოიცა, გიო ვინ არის?!'' _ გულუბრყვილოდ იკითხა იქვე მყოფმა პატიმარმა #0578-მა და მაშინვე ინანა, რადგან ყველამ გაოცებით და ერთგვარი აღშფოთებითაც კი შეხედა. 

,,ქურდია. ჩვენი ძმაა. დედა ჰყავს საოპერაციო, მეშვიდედან ვერაფერს ჩალიჩობს, არც _ ტელეფონი, არც _ პაემანი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიჩალიჩოთ, _ აუხსნა ,,მაყურებელმა'' და მერე დანარჩენებს მიუბრუნდა, _ აბა, ვის რა იდეა გაქვთ?!'' 

,,ჩემს კამერაში ერთი ადვოკატია, თაღლითობაზეა დაჭერილი, ეგ გავპარსოთ'', _ თქვა ვანჩომ, რომელიც იმ ადვოკატს ისედაც გვარიანად ატერორებდა და მის მიერ ნაყიდ სიგარეტზე ,,იჯდა''. 

,,არა, ეგ აყვირდება, საჩივრებს დაწერს, კანონები იცის და ,,კაროჩე'', რა, შარია. სხვა გვინდა ვინმე, ისეთი, მშვიდად რომ მოიწველება'', _ ხმას დაუწია ,,მაყურებელმა''. 

,,მაშინ თომა'', _ თქვა ერთ-ერთმა და ყველას სახე გაუბრწყინდა. 

,,მოიცათ, თომამ რა დააშავა?!'' _ ისევ ხმამაღლა იკითხა #0578-მა. 

,,რა უნდა დაეშავებინა, არაფერი. უბრალოდ, ფული აქვს და გადაიხდის ქურდის დედის ოპერაციისთვის'', _ გაიკრიჭა ერთ-ერთი ,,კაი ბიჭი''. 

,,თომა ,,სროკზე'' იმიტომ მოხვდა, რომ ვიღაც ,,სირმა'' მანქანა დააჯახა, იმ ტიპის მანქანაში ქალი მოკვდა და იმის გამო, რომ ის არ ,,გაესროკათ'', ეს ,,გასროკეს''. არადა, ის მთვრალი იყო, ეს _ ფხიზელი და თან ის გადმოვიდა ამის ზოლში ანუ ტიპი შემთხვევით არის აქ მოხვედრილი და ბიზნესი რომ აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ფული უნდა წაართვათ, თან ისე, რომ არავის უთქვია და უთხოვნია, დავითას ბავშვს რომ ოპერაცია სჭირდებოდა, თავად დაურეკა თავის დას და ფული აჩუქა. ასეთი კაცის გაწეწვა არ შეიძლება'', _ აშკარად გაბრაზდა #0578. 

,,მაშინ შენ გადაიხადე!'' _ ფეხზე წამოდგა შაკო. 

,,მომისმინე, ბატონო შაკო. ჯერ ერთი, მე არაფრის გადახდას არ ვაპირებ, მეორეც, შენ აქ ,,რამკებს'' რომ ,,მიმტვრევ'', დარეკე და იჩალიჩე ,,სვაბოდაზე'' ორი ათასი, იმ დღეს რომ ამბობდი, ათი ათასი წავაგე და ,,სვაბოდაზე'' ძმაკაცებმა ჩამიბარესო და მესამე, ერთი კამერა ,,ბარიგები'' რომ გყავთ, იმათ რატომ არ წეწავთ?!'' _ ბოლო ფრაზა აშკარად ,,მაყურებლის'' მისამართით იყო ნათქვამი. 

,,ისინი წინა თვეში გაიწეწნენ მაგრად, 25 ათასი ავაგროვებინე, ქურდებს დასჭირდათ ესპანეთში და ახლა აყვირდებიან. გადაწყდა, თომას უნდა ვუთხრათ'', _ თქვა მაყურებელმა და წამოდგა, თუმცა #0578 არ ჩუმდებოდა. 

,,ჯერ ერთი, კაცი ,,სვაბოდაზე'' რომ არის, თან ესპანეთში და საქართველოში, ციხეში მყოფ ადამიანებს რომ სთხოვს ფულს, ცოტა უცნაურია. და ,,ბარიგა'' კიდევ იმის ,,ბარიგაა'', უნდა შეწუხდეს და იმაზე მეტად უნდა შეწუხდეს, ვიდრე სხვა წუხდება.'' 

,,კარგი, მორჩი...'' _ მკაცრად უთხრა ,,მაყურებელმა''. 

ყველამ იცოდა, რომ #0578 და ,,ზონის მაყურებელი'' ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ამდენს იმიტომ ბედავდა პატიმარი, თორემ სხვა ამის მეათედსაც ვერ აკადრებდა. 

,,გინდა, მე ვეტყვი თომას?!'' _ უცებ იკითხა #0578-მა და ყველამ ისევ მას შეხედა. 

,,შენ?! წეღან ლამის მუშტი-კრივი გაგვიმართე, არ შეიძლებაო და ახლა შენ ეტყვი?!'' _ გაუკვირდა მაყურებელს. 

,,ჰო, რა იყო? მივალ და ავუხსნი. შენც ხომ იცი, ჩემგან უფრო გაიგებს'', _ უთხრა #0578-მა და ყველამ უხმოდ დაუქნია თავი. 

#0578 თომას საკნისკენ წავიდა. 

,,აბა, როგორ ხარ?!'' _ ღიმილით უთხრა კამერაში შესულ თომას, რომელიც ნარზე იყო წამოწოლილი და წიგნს კითხულობდა. 

,,აგერ, ფამუქს ვკითხულობ, ნობელის პრემიაო, ისაო, ესაო... ასეთი იდიოტობა ჩემს დღეში არ წამიკითხავს, რაში მისცეს ნობელი...'' _ წიგნი მოისროლა თომამ. 

,,ვიცი, მეც წავიკითხე და ვერც მე მივხვდი ნობელის მიზეზს, მაგრამ ახლა სხვა საქმეზე ვარ. მოკლედ, გიოს დედაა საოპერაციო და ორი ათასი ლარია საჭირო. ,,ბლატატამ'' იმსჯელა და შენ უნდა გთხოვონ ფული. ვინ ეტყვისო და, აგერ, მე გეუბნები'', _ ერთი ამოსუნთქვით ჩამოურაკრაკა თომას. 

,,გიო ვინ არის?'' _ ჩუმად იკითხა თომამ. 

,,ქურდია. დედამისს რა სჭირს, არ ვიცი, მაგრამ ,,სვაბოდაზეა'' ეგ თანხა მისაცემი.'' 

,,და შენ რატომ მოხვედი, ტყუილად არ აიღებდი საკუთარ თავზე ამ ამბავს'', _ თვალები მოჭუტა თომამ. 

,,იმიტომ, რომ პირდაპირ გითხრა _ შენს ადგილზე არ მივცემდი. არ მივცემდი იმიტომ, რომ არ გეკუთვნის გადახდა. აქეთ ,,ბარიგები'' ჰყავთ, იქეთ იმდენი ტიპია თაღლითობაზე და ათას უბედურებაზე, იმათმა გადაიხადონ. მოკლედ, მე შენთან ვარ და თუ გაჭედავ, აგყვები, თან ხომ იცი, ,,მაყურებელი'' ბოლომდე ვერ მოგვაწვება ჩემ ამბავში'', _ აუხსნა #0578-მა. 

,,ხოო... არ გამოვა უარის თქმა. შენც შარში გაეხვევი. დავითას ბავშვს რომ ვაჩუქე ფული, მაშინ მივქარე, იმის მერე ყველა ქორივით დამტრიალებს, ყველას რაღაც უნდა, წამგლიჯოს. სიკეთე არ უნდა გააკეთო აქ. ერთი ვარიანტია, სხვა ,,ზონაზე'' გადავიდე, მაგრამ აქედან ქსივას გამომაყოლებენ, აქაოდა, ფული აქვს, მოწველეთო და იქ უარესი იქნება, თან გაქცეულის სახელი დამერქმევა. ერთი ეგაა, ჩემი და ინერვიულებს, ვიღაც ქურდის დედას ფული რომ უნდა მივცე. არა უშავს, მოვიფიქრებ რამეს, შენ კიდევ უთხარი, თანახმაა, ხუთი დღე აცადეთ-თქო'', _ ჩაილაპარაკა თომამ და ისევ ფამუქს მიუბრუნდა. 

#0578 თავდახრილი გამოვიდა საკნიდან და მაყურებლის კამერისკენ წავიდა. 

ხუთი დღის შემდეგ თომას დამ გიოს დედას ფული მიუტანა, ,,მაყურებლებს'' ზეიმი ჰქონდათ, ქურდის თხოვნა რომ შეასრულეს, ერთი ეგ იყო, #0578 იყურებოდა დაბოღმილი. 

,,ცხოვრებაა ასეთი, ნუ ინერვიულებ ბევრს'', _ უთხრა ,,მაყურებელმა''. 

რამდენიმე დღის შემდეგ, #0578-ის კამერაში თომა შევიდა, ხელში ისევ ფამუქი ეჭირა და მეგობარს უხერხული ღიმილით უთხრა: 

,,შენი დახმარება მჭირდება, შაკო მთხოვს ხუთი ათას ლარს საოპერაციოდ. დედაჩემს სჭირდებაო და...'' 

პატიმარი #0578 მაშინვე ,,მაყურებლის'' კამერაში წავიდა და მომხდარზე უამბო. 

,,შაკოს ჩემთვის არაფერი უთქვამს, ვნახავ, დაველაპარაკები. ცოტა მეეჭვება, ასე რომ გაერისკა ამხელა ,,მაყუთი'' ჩემს გარეშე...'' _ ჩაფიქრებით თქვა მაყურებელმა. 

მეორე დილით შაკო ნაცემი ძაღლივით დადიოდა. პრინციპში, რაღა ,,ვით'', ,,ბლატატას'' ნაცემი ჰყავდა, რადგან გაირკვა, რომ არც დედა ჰყავდა ცუდად და ზოგადად, ფული ტანსაცმლისთვის უნდოდა. თომაც იმიტომ აარჩია, რომ თურმე, მარტივად იხდიდა... 

*** 

თუ ვინმეს სჯერა, რომ ანალოგიური ამბები დღეს არ ხდება, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში