Menu
RSS

ხე-ტყის უკანონო ჭრის შოკისმომვრელი სტატისტიკა

ახალი რეგულაციები, რომლებიც ხე-ტყის უკანონო ჭრას ზღუდავს _ რა ფაქტები გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა

წელს, ჭუბერში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი ხე-ტყის უკანონო ჭრა გახდა. ბუნების ხელყოფამ, უკანონო ქმედებებმა და დაუსჯელობამ საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. შესაბამისად, ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფომ მკაცრი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება დაიწყო. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, სამართალდამცავმა ორგანოებმა გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციის ასობით ფაქტი გამოავლინეს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ბოლო წლებში, საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა უარესდება და მწვანე საფარი საგრძნობლად მცირდება. ქვეყნის მასშტაბით უკვე ბევრგან გვხვდება ადგილები, სადაც ადრე ტყე იყო, დღეს კი ხრიოკია. საქართველოს ტყეები მცირდება, რაც სპეციალისტების აზრით, საგანგაშოა! ყველაფერ ამის მიზეზი კი უკანონო ჭრა და ტყის არასაკმარისი კონტროლია. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ხის მოჭრას 30-40 წუთი სჭირდება, ერთი ხის გაზრდას კი, სულ მცირე, _ 20-30 წელი! ამას ისიც ემატება, რომ გაკაფული ხე-ტყის სანაცვლოდ, პრაქტიკულად, არაფერი ირგვება, ამიტომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. 

ხე-ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის'', ასევე, ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს'' თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები და, კომპეტენეციის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ. როგორც ,,ვერსიას'' ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უწყებამ თბილისსა და რეგიონებში მასშტაბური ღონისძიებები განახორციელა. შედეგად, ხე-ტყის უკანონო მომპოვებლები, ასევე, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის რეალიზატორები და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროები გამოავლინა. ინვენტარიზაციის მიზნით, დალუქულია და მოწმდება რეგისტრირებული ხის სახერხი 600-მდე საამქრო. 

,,ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საგამოძიებო უწყებამ, შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 23 ხის სახერხი საამქრო გამოავლინა და სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე 7 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად გრძელდება. ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი სხვა არარეგისტრირებული სამხერხაოების მიმართ სხვადასხვა სახის ექსპერტიზა ტარდება'', _ აცხადებენ უწყებაში. 

,,ვერსია'' დაინტერესდა, როგორია ხე-ტყის უკანონო ჭრის სტატისტიკა 2013 წლიდან დღემდე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა'' და ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს'' თანამშრომლებმა, 2013 წლის მაისიდან დღემდე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 30 524 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს _ 25 817 ფაქტი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს კი 4 707 ფაქტი შეიცავს. ჯამში, ამ პერიოდში, უკანონოდ მოპოვებული 267 522.36 კუბური მეტრი ხე-ტყეა ამოღებული: 

,,ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები წლების მიხედვით: 

2013 წლის მაისიდან 2 222 ფაქტი დაფიქსირდა; 2014 წელს – 5 996 ფაქტი; 2015 წელს – 6 329 ფაქტი; 2016 წელს – 5 989 ფაქტი; 2017 წელს – 6 571 ფაქტი; 2018 წლის 10 აგვისტომდე – 3 417 ფაქტი. 

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობა წლების მიხედვით: 2013 წლის მაისიდან – 32 614.99 კუბური მეტრი ხე-ტყე; 2014 წელს – 64 543.4 კუბური მეტრი, 2015 წელს – 51 485.38 კუბური მეტრი; 2016 წელს – 43 317.01 კუბური მეტრი; 2017 წელს – 48 912.43 კუბური მეტრი; 2018 წლის 10 აგვისტომდე – 26 649.15 კუბური მეტრი. 

2013 წლის მაისიდან დღემდე რეგისტრირებული სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 2 692 ფაქტი დაფიქსირდა; ამავე პერიოდში დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარის 1 524 ერთეული გამოვლინდა'', _ აცნობეს ,,ვერსიას'' გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

წლების განმავლობაში, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ტყის საფარი განადგურების პირას მივიდა. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ტყეების მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ტყე ნელ-ნელა კარგავს რეკრეაციულ და ესთეტიკურ ღირებულებას, გაკაფული ფერდობები კი ჩამორეცხილი და დამეწყრილია. უკანონოდ, გაუაზრებლად და ქაოტურად გაკაფულმა ტყეებმა თუ მდინარის კალაპოტსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაჩეხილმა ხეებმა მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა _ გაიზარდა მეწყრული ზონები, თითქმის ყველა პატარა ხევი ღვარცოფულია, გაკაფული ჭალების გამო კი, მდინარეები კალაპოტებს იცვლიან და წყალდიდობებიც გახშირდა! 

სოციალური ჭრის გარდა, ხშირად, მოსახლეობა ხე-ტყის უკანონო მოპოვებას კომერციული მიზნით ახორციელებს _ ხე-ტყის უკანონო მოპოვებით, კანონიერ რეგულაციებსა და საგადასახადო ვალდებულებებს გვერდს უვლიან და საკმაოდ დიდ შემოსავლებსაც იღებენ. სამწუხაროდ, ამით გარემოც ზიანდება და სახელმწიფო ბიუჯეტიც. მაღალი მოგების სანაცვლოდ, გარკვეული უკანონო ქმედება და ამის შემდეგ ჯარიმის გადახდა ლიცენზიანტებსაც უღირთ. უკანონო ჭრამ ბოლო დროს იმატა. გაჩნდა ბევრი პატარა სახერხი საამქრო. შესაბამისად, საჭირო გახდა დადგენა, რეალურად რამდენი ხის სახერხი საამქროა ქვეყანაში, ან რა მოცულობით ხის დამუშავებაა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით, გასულ თვეებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ხის საამქროების ინვენტარიზაციის მიზნით, სახერხების შემოწმება დაიწყო. 

ხე-ტყის უკანონო ჭრა განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში იგრძნობა. დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს, საკუთარ ეზოში, კანონისგან გვერდის ავლით, უნებართვოდ აქვს მოწყობილი ხის სახერხი საამქრო, რის მიზეზადაც მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და შემოსავლის სხვა წყაროს არარსებობას ასახელებს. ადგილობრივები რთულ პირობებში, მაგრამ შედარებით მარტივი გზით _ ტყის უკანონო ჭრით, არცთუ მცირე შემოსავალს იღებენ. იმის გამო, რომ ამ ტიპის შემოსავალი უკანონოა, ცხადია, არ იბეგრება და საკმაოდ დიდი მოგებაც მოაქვს! 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ კანონი ყველასთვის ერთია და მიმდინარე გამოძიების პროცესში, არც კონკრეტული რეგიონებისთვის, არც ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის, ასევე, უცხოური, თუ ადგილობრივი კომპანიებისთვის, გამონაკლისი არ იარსებებს _ კანონდარღვევისთვის სასჯელი ყველასთვის შესაბამისი იქნება! 

სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების გარდა, მთავრობამ საკანონმდებლო დონეზეც განახორციელა ცვლილებები და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევაზე პასუხისმგებლობა გაამკაცრა. ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსებში, მოთხოვნები გამკაცრდა სახერხი საამქროების განთავსებისა და რეგისტრაციის მხრივაც. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ხე-ტყის იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლდა, საქართველოდან კი, მორისა და ფიცრის ექსპორტი შეიზღუდა.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში