Menu
RSS

ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთის ციხიდან უშვებენ?!

„ზონაზე“ „ობშიაკების“ შეგროვება დაიწყო – რატომ გაიზარდა „მაყურებლების“ გავლენა და რის გამო მოიკლა თავი „კანონიერმა ქურდმა“

რუსეთში, კრიმინალურ წრეებში ხშირად ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ ,,კანონიერ ქურდებსა'' და კრიმუინალურ ავტორიტეტებს სასჯელს ქალაქ პერმის ციხეში ახდევინებენ, დიდი შანსია, რომ იქედან ცოცხლებმა ვერ გამოაღწიონო. 2016 წელს, პერმის ციხეში თავი 36 წლის ,,კანონიერმა ქურდმა'', მაქსიმ ნოვიკოვმა ჩამოიხრჩო, რამდენიმე დღის წინ კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით ასევე, ,,კანონიერმა ქურდმა'', ვლადიმირ ვაგინმა დაასრულა. არადა, ქურდებს თავის მოკვლის საბაბი არც ერთ შემთხვევაში ჰქონდათ და არც _ მეორე.

,,ნოვიკოვს სასჯელის ვადის ამოწურვამდე ორი თვე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ რატომღაც თავის მოკვლა გადაწყვიტა. რაც შეეხება ვაგინს, მას 7 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ნახევარზე მეტი _ მოხდილი და რაც მთავარია, ციხეს მთლიანად აკონტროლებდა და მეფესავით ცხოვრობდა. ორივე შემთხვევაში, რეჟიმის დარღვევის გამო, ისინი ცალკე საკანში გადაიყვანეს, სადაც მათ სიცოცხლე თივთმკვლელობით დაასრულეს'', _ წერს რუსული მედია. 

მთავარი და ნიშანდობილი კი ერთი ფაქტია: ნოვიკოვიც და ვაგინიც სასჯელს პოლიციელების მკვლელობის გამო იხდიდნენ და როგორც ვარაუდობენ, სამართალდამცავებმა მათ კოლეგების დახოცვა არ აპატიეს. 

 

,,კანონიერი ქურდის'' სიკვდილს სულაც არ შეუშლია ხელი მოსკოვში დარჩენილ მის კოლეგებს გვარიანად მოელხინათ. თბილისელი ქურდი, ედიკ ასატრიანი (ედიკ ტბილისკი) 50 წლის გახდა და ყველა ელოდა, რომ დაბადების დღეს საკუთარ რეზიდენციად ქცეულ რესტორან ,,თეთრ სახლში'' გადაიხდიდა, მაგრამ იუბილე კიდევ ერთი ,,კანონიერი ქურდის'', კახა ფარფალიას რეზიდენციად წოდებულ ,,მარანში'' გაიმართა. არადა, ფარფალია და ასატრიანი ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ და იმის გათვალისწინებით, რომ დაბადების დღეს რამდენიმე ათეული მათი კოლეგა ესწრებოდა, დღეობა ,,სხადნიაკად'' იქცა. სწორედ ამ ,,სხადნიაკზე'' მოხდა მათი შერიგება და რაც მთავარია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქურდებს შორის ომი მათთვის განაჩენის ტოლფასი იქნება და ისინი, უბრალოდ, დაიღუპებიან. 

მოგეხსენებათ, რუსმა სამართალდამცავებმა დედაქალაქის გაწმენდა დაიწყეს და ქურდებს ან იჭერენ, ან საზღვრებს მიღმა აძევებენ, თუმცა... 

,,ასატრიანი და ფარფალია ერთმანეთს იმის გამო წაეკიდნენ, რომ ორივე ხმამაღლა ამბობდა, პოლიციასთან თანამშრომლობსო. ახლა კი ისე გამოვიდა, რომ პოლიციასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ქურდები შერიგდნენ და თან ისე შერიგდნენ, რომ სამართალდამცავებს მათთვის ხელი არ შეუშლიათ, ,,სხადნიაკის'' ჩატარების უფლებაც მისცეს, რაც უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ ისინი ძალოვნების მხარდაჭერით სარგებლობენ'', P ასეთია ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ვერსია, მაგრამ ხმამაღლა ამაზე საუბარი ყველას უჭირს. 

საქმე ისაა, რომ შაქრო კალაშოვის დაჭერის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ქურდების ,,ობშიაკი'' სწორედ ფარფალიას აბარია და ,,საერთოს მქონე'' ქურდი უპირატესობით სარგებლობს. შესაბამისად, მას ვერავინ გაუბედავს იმის თქმას, რომ პოლიციასთან თანამშრომლობს, მაგრამ მეორეს მხრივ, გააქტიურებული სამართალდამცავების ფონზე, ფარფალია ძალიან მშვიდად გრძნობს თავს, რაც ეჭვის საფუძველს იძლევა. რაღა თქმა უნდა, მას ბევრი მტერი ჰყავს, თუმცა 2014 წელს, უკრაინაში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ფარფალიას იმაზე მეტი დაცვა ჰყავს, ვიდრე _ აშშ-ის პრეზიდენტს. 2014 წელს, უკრაინაში იმ ესკორტს დაესხნენ თავს, რომელშიც ფარფალია იმყოფებოდა და სროლის შედეგად უკრაინელი მოდელი დაიღუპა. მოდელი დედისერთა იყო და მისმა მშობლებმა გამოძიების ჩატარება მოითხოვეს, თუმცა სამართალდამცავებმა ვერაფერი დაადგინეს, თავდამსხმელები უკვალოდ გაქრნენ, ფარფალიას გარემოცვიდან კი არავინ თქვა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ,,კანონიერი ქურდის'' მოკვლის მსურველი. 

რაც შეეხებათ ევროპაში მყოფ ქართველ ,,კანონიერ ქურდებს'', როგორც ადრე ვთქვით, ქართველმა სამართალდამცავებმა ხმაურით ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ, ვერ მოახერხეს და ფრანგ, ესპანელ და ბერძენ სამართალდამცავებს დაკავებულ ქართველებზე დოკუმენტაცია ვერ წარუდგინეს. უფრო ზუსტად კი, ათეულობით დაჭერილ ქართველს ასევე, ათეულობით უშვებენ ევროპელები და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართული მხრიდან ფარატინა ფურცელი მისდით, სადაც წერია, რომ ამ ადამიანებს ,,ქურდულის სამყაროს წევრობა'' ედებათ ბრალად ანუ მუხლი, რომელიც დასჯადი საქართველოს გარდა არსად არ არის და არც არავინ ცნობს. ჯერჯერობით, ევროპელი ძალოვნები თავს იკავებენ ისეთი პირების გათავისუფლებისგან, როგორიც ლაშა შუშანაშვილი და ,,კანონიერ ქურდად'' აღიარებული სხვა დაკავებულები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ შორს არ არის ის დრო, როცა ევროპელები იძულებული გახდებიან, თავისუფლებაზე ისინიც გაუშვან. 

,,ადრეც გითხარით და ახლაც ვიმეორებ: თუნდაც ლაშა შუშანაშვილი ავიღოთ. ის საქართველოსთვის არის ,,კანონიერი ქურდი'', თორემ საბერძნეთში ბიზნესმენი, მეცენატი და ცნობილი საქმოსანია. მას არაერთი ადამიანი ჰყავს ლეგალურად დასაქმებული, ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადებსაც იხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეა, როგორც _ სხვა დანარჩენი. ესეც არ იყოს, ათ წელზე მეტია, შუშანაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს არც მისი დაკავების მოთხოვნა შეუძლია, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. ამ სპეცოპერაციას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა უშუალოდ საბერძნეთში, რომ ახლა ადგილობრივი სამართალდამცავები ცდილობენ, როგორმე მშვიდობიანად გაუშვან თავისუფლებაზე ადამიანი, რომელსაც ბრალს ვერ უყენებენ, თუმცა მისი დაკავება ერთი კვირის განმავლობაში შუქდებოდა. შუშანაშვილი რიგითი პიროვნება რომ იყოს, აქამდეც გაუშვებდნენ იმის შიშით, რომ მას არ ეჩივლა და კომპენსაცია არ მოეთხოვა, მაგრამ ბერძნებმა კარგად იციან, რომ შუშანაშვილი არ იჩივლებს, მშვიდად დაელოდება გათავისუფლებას და ისევ მშვიდად გააგრძელებს საქმიანობას. ამიტომ, ბერძენი სამართალდამცავები მომენტს ელიან, რომ მისმა გაშვებამ დიდი ხმაური არ გამოიწვიოს, რადგან შუშანაშვილს ბერძნულ პოლიტიკურ წრეებშიც ჰყავს მხარდამჭერები და ისინი აყვირდებიან, რომ პატიოსან კაცს ჩირქი მოსცხეს'', _ გვითხრა ბერძნულ ციხეში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა. 

სხვათა შორის, საბერძნეთის ციხეში მყოფი ქართველები თავს ცუდად ნამდვილად არ გრძნობენ. არაფერს ვამბობთ პირობებსა და მოპყრობაზე, ქართველებს ამ მიმართულებით პრეტენზია არ აქვთ. მათ წვდომა გააჩნიათ არამარტო ინტერნეტსა და კომპიუტერზე, არამედ, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში აქვთ უახლესი მობილური ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც საქართველოში როგორც ოჯახის წევრებს, ისე მეგობრებს ესაუბრებიან და არცთუ იშვიათად, ციხის ,,ლაივსაც'' რთავენ. 

 

დასასრულ, ქართულ ციხეზეც ვთქვათ: მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრო გაუქმდა და ის ერთ-ერთ დეპარტამენტად იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა, ,,ზონებზე'' სიტუაცია შეიცვალა. სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის როტაცია ჯერაც არ დასრულებულა და ამიტომ, არაერთი ადამიანი ცდილობს, მოკლე დროში მაქსიმალური სარგებელი ნახოს, რაც ,,რეჟიმის მოშვებაში'' გამოიხატება. ,,ზონაზე'' ,,მაყურებლების'' (,,მაყურებლები'' კახიშვილის დროსაც იყვნენ და მინისტრი ამას არ უარყოფდა) გავლენა ისევ გაიზარდა, ისინი ადმინისტრაციას ქცევის წესებს კარნახობენ და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ დაწესებულებაში ,,პალაჟენია'' დააბრუნონ. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ,,ზონაზე'' უკვე დაიწყეს ,,ობშიაკების'' შეგროვება, რაც სიგარეტის, ჩაის და ჰიგიენური საშუალებების შეგროვება-გადანაწილებაში გამოიხატება და იმედია, ამ ამბავს დეპარტამენტის ხელმძღვანელები არ გააპროტესტებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, კონკრეტულად დავასახელებთ იმ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს, სადაც ეს ხდება და იმას, რაც დეპარტამენტში ჩვენზე უკეთ იციან.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში