Menu
RSS

როგორ გადააგდო თბილისელმა აზერმა რუსეთის კონტრდაზვერვის გენერალი

„იდიოტას“ იდიოტური თავგადასავალი

თუ არ გითქვამთ, ალბათ, ყველას გაგიგონიათ, ცხოვრებაში ერთი შანსი რომ მომეცეს, აუცილებლად გამოვიყენებო, მაგრამ ისე ხდება ხოლმე, რომ ამ შანსს არ ვერ ვიყენებთ, ან ვერ ვხვდებით, რომ ეს სწორედ ის არის.

წინა ხელისუფლების დროს, რუსთავის #17 დაწესებულებაში სასჯელს 3 ათასამდე პატიმარი იხდიდა. არადა, დაწესებულება 1700 კაცზეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმრების თითქმის ნახევარს ე.წ. ,,სმენკებში'' ყოფნა უწევდა, რაც რიგ-რიგობით დაძინებას გულისხმობს, თუმცა ძირითად კამერებში პატიმრებს თეთრეულისგან თოკები ჰქონდათ დაწნული, ნარებს შორის გაბმული და ბევრი პატიმარი, ასე ვთქვათ, ჰამაკებში იძინებდა. ცალკე იყო უცხოელების კამერა, სადაც ძირითადად თურქები და ირანელები იყვნენ (ერთი შვეიცარიელიც), ცალკე იყო აზერბაიჯანელების საკანი. აზერბაიჯანელები იმ მიზეზით ჰყავდათ ცალკე, რომ ისინი სასჯელს, როგორც წესი, ნარკოტიკების გასაღებისთვის იხდიდნენ და ე.წ. ,,ბარიგებს'' ,,ზონის'' ,,მაყურებლები'' ერთად ყრიდნენ და ამის წინააღმდეგი არც ადმინისტრაცია იყო, თუმცა აზერბაიჯანელების ნაწილი სხვა დანაშაულზეც იხდიდა სასჯელს და ისინი ,,ბარიგების'' კამერაში არ შედიოდნენ. 

ერთ-ერთი ასეთი პატიმარი აზერბაიჯანელი დურსუნა იყო, თუმცა მას ყველა ,,იდიოტას'' ეძახდა. ისიც არ აპროტესტებდა და მშვიდად იტანდა ამ უცნაურ და, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელ მეტსახელს. 

,,დურსუნ!'' _ დაუძახა ერთ დღეს პატიმარმა #0578-მა აზერბაიჯანელს და იმანაც გაოცებით მოხედა. 

,,რა გინდა?!. სახელი რატომ დამიძახე?!'' 

,,იდიოტა გირჩევნია?!'' _ გაეცინა #0578-ს. 

,,არა, მიჩვეული ვარ... რაო, რა გინდოდა?'' _ დაინტერესდა დურსუნა. 

,,რა მინდოდა და, ის მაინტერესებს, რისთვის ზიხარ და კიდევ ის, ,,იდიოტას'' რატომ გეძახიან'', _ გაუღიმა #0578-მა და დურსუნამაც ხმამაღლა გადაიხარხარა. 

,,მოდი, მე იმას გეტყვი, რაზე ვზივარ და ,,იდიოტას'' რატომ მეძახიან, შენით მიხვდები.'' 

,,მიდი, არ მოგერიდოს'', _ შეაგულიანა #0578-მა. 

,,მოკლედ, ბაბუაჩემი კომუნისტების დროს მაგარი ,,დელეცი'' იყო. ფერმაში მუშად დაიწყო მუშაობა 17 წლის ბიჭმა, განათლება არ ჰქონდა და ნელ-ნელა კოლმეურნეობის დირექტორი გახდა, ოღონდ ისე, რომ არც დიპლომი უყიდია, არც რამე დაუმთავრებია, უბრალოდ, ჯიგარი კაცი იყო, რა'', _ დაიწყო ,,იდიოტამ''. 

,,რას ნიშნავს, ჯიგარი იყო? კომუნისტების დროს ასეთ თანამდებობაზე შემთხვევით არ ინიშნებოდნენ...'' 

,,რას და, ფერმაში ყველაფერი ბაბუაჩემის ხელში გადიოდა, დიდ ფულს აკეთებდა და ვისაც საჭირო იყო, უნაწილებდა. საუბარი ათეულობით ათასზე იყო. თავის ცოლი ანუ ბებიაჩემი, რკინეულობის მაღაზიაში მოაწყო, იქ ცალკე დახლი დადგა და, მოკლედ, 30 წლის ბაბუაჩემი რაიკომის მდივნებზე არანაკლებ გავლენიანი გახდა. დასასვენებლად სულ მარტო დადიოდა, გულაობდა, ერთობოდა და თანამდებობის პირს თუ ვინმეს გადაეყრებოდა, იმასაც აგულავებდა. ასე გაიცნო ვინმე გენადი პალიჩი, რუსი მილიციელი, მაშინ ლეიტენანტი იყო და რაც მთავარია, პატარა ბიჭი. ცოლთან ერთად ისვენებდა, ახალი მოყვანილი ჰყავდა და ბაბუაჩემმა მაგარი პატივი სცა, ლუქსი უქირავა, რესტორნები არ მოაკლო. სახლშიც მოუყოლია, ჭკვიანი ბიჭი ჩანს, ბევრს მიაღწევსო. ჰოდა, ის ბიჭი მერე მართლა დაწინაურდა, სერიოზული თანემდებობები ეკავა, მაგრამ ბაბუას არასდროს დასჭირვებია, პირიქით, აქეთ ეპატიჟებოდა, პატივს სცემდა... 

მერე კი, იცი, ვლასტი შეიცვალა, ,,ვაფშე'' ყველაფერი შეიცვალა და ჩვენც გაგვიჭირდა. ბაბუაჩემმა მოახერხა და ის მაღაზია, სადაც ბებია მუშაობდა, იყიდა, ხომ იცი, კომუნისტების დროს უზარმაზარ მაღაზიებს აშენებდნენ. ჰოდა, ეს ფართები გავაქირავეთ და მაგით გვიდგას დღემდე სული, მაგრამ ჩემს გარდა ბაბუას კიდევ 17 შვილიშვილი ჰყავს, არ გვყოფნიდა. უფროსი მე ვარ და... ერთ დღესაც სიხარულისგან გადარეული შემოვარდა ჩემს საძინებელში, გვეშველა, ავშენდითო... ხელში ქაღალდის ნაგლეჯი ეკავა. რა იპოვე-მეთქი და გენადის სახლის ნომერი, დაკარგული მეგონაო. ღმერთს ეხვეწებოდა, ოღონდ ამ ნომერზე დამხვდესო და ჩემი მობილურით დარეკა. გაგიკვირდებათ და, პალიჩმა გააგონა. რა თქმა უნდა, მაშინვე გაიხსენა ბაბუა, ბოდიში მოუხადა, შენი კოორდინატები არ მქონდაო, ცოცხალიც აღარ მეგონეო... 88 წლის იყო მაშინ ბაბუაჩემი. მოკლედ, აუხსნა ბაბუამ ყველაფერი, გვიჭირს, შიმშილით სული გვძვრება და იქნებ, რამე მომიხერხო, მე მოხუცი ვარ, მაგრამ მგელივით შვილიშვილი მყავსო. იმანაც, ჩამოვიდეს შენი შვილიშვილი მოსკოვში, ამ ნომერზე დამირეკოს და დანარჩენს მივხედავთო. იმ დღეს მთელი ოჯახი ვქეიფობდით, რატომღაც გვეგონა, რომ ავშენდით. ეს 2008 წლის 2 აგვისტო იყო. საბუთების გაკეთება დავიწყე და კი იცი, რაც მოხდა _ ომი დაიწყო. ამიტომ, გამეჭიმა მოსკოვში ჩასვლა. ბაბუამ კიდევ ერთხელ დაურეკა პალიჩს, იმან, ნუ ინერვიულებ, როცა ჩამოვა, მაშინ ჩავაყენებ საქმეშიო. მოკლედ, სექტემბრის პირველ რიცხვებში ,,ჩერეზ'' ბაქო წავედი და ჩავაღწიე, როგორც იქნა. და როგორ გგონია, ვის მივადექი? _ რუსეთის კონტრდაზვერვის გენერალს. ეს ჩვენი პალიჩი ისეთ თანამდებობაზე დამხვდა, გაოგნებისგან პირი დავაღე, თუმცა იმედიც უფრო მომეცა. თბილად მოიკითხა ბაბუაჩემი, გაუხარდა, რომ ვუთხარი, ჯანმრთელად არის-მეთქი და საქმეზეც გადავედით. მაგიდაზე ფული დადო, ასი ათასი დოლარიაო. მეგონა, ამ თანხით მიშორებდა, თან გამიხარდა, თან მეწყინა და გააგრძელა, თურქეთში წახვალ, ამ ფულს წაიღებ, ამ მისამართზე მიიტან, იქიდან ერთ კონტეინერ ტანსაცმელს გამოგატანენ, იტალიურს, ბრენდულს და მოსკოვში რომ ჩამოხვალ, ისევ დამირეკეო და მობილურის ნომერი მომცა. ავიღე ეს ფული, დაძაბულობის მიუხედავად, პალიჩის ხალხმა ლარსზე მომაცილა და მშვიდად გადმოვედი. სახლში არც მივსულვარ, მაშინვე თურქეთისკენ ავიე გეზი და... აი, ახლაც არ ვიცი, ოღონდ მართლა არ ვიცი, რა დამემართა. ბათუმში, საზღვარზე დიდი რიგი იყო და ის დღე იქ დავრჩი. სასტუმრო, რესტორანი... ვიღაც პოლონელი ტურისტები გავიცანი, ნომერში ავედით... ერთი დღე, მეორე... თავი მეფე მეგონა, პალიჩის ფულს 10 ათასი მოაკლდა, ვერ გავჩერდი, რა. მერე ისიც ვიფიქრე, სად მიპოვის-მეთქი... დაძაბული სიტუაციაა _ მთელი მსოფლიო ცალკე რუსეთს აწყნარებდა, ცალკე _ საქართველოს. ამ დროს, თურმე, პალიჩმა თურქეთში დარეკა, დურსუნა თუ ჩამოვიდაო... უთხრეს, არაო და მერე ბაბუაჩემს დაურეკა. ამანაც რომ უარი უთხრა, სულ გადაირია, თურმე, ჩემი ძმაკაცის შვილიშვილი ფულის გამო ვინმემ ხომ არ მოკლაო. 

მოკლედ, მიპოვეს ბათუმში, ოღონდ ჩემებმა მიპოვეს, სახლში დავრეკე, მაინტერესებდა, პალიჩი თუ მეძებდა. მერე, ბაბუამ დამირეკა, ჩამოდი, თორემ დაგვხოცავენო. ჩავედი სახლში, 75 ათასი ჩავიტანე და ბაბუამ მითხრა, ხვალ პალიჩის ხალხი მოვა, ასი ათასი უნდა ჩავაბაროთ, თორემ ცოცხლები ვერ გადავრჩებითო. მეორე დღეს ჯიპით ორი თავმოხოტრილი რუსი მოვიდა, რუსული ნომრებით. წარმოგიდგენია, ასეთი სიტუაცია, ასეთი ამბავი და რუსულნომრიანი მანქანა თავისუფლად მოძრაობდა საქართველოში. ბანკში მთელი სანათესაოს ოქრო ჩავდეთ წინა დღეს, დანაკლისი რომ შეგვევსო. მოვიდნენ, ფული გამოგვართვეს, ბაბუას უთხრეს, გენერალმა შემოგითვალა, აღარ დამირეკო, შვილიშვილი ვერ გაგიზრდიაო და მე კიდევ ერთი ისეთი შემომარტყეს, ორი თვე საჭმელს რეზინის შლანგით მაჭმევდნენ...'' _ დაამთავრა დურსუნამ. 

,,იდიოტა რატომ გქვია, კი მივხვდი, მაგრამ რაზე დაგიჭირეს?'' _ გაუკვირდა #0578-ს. 

,,ფეხზე რომ დავდექი, ის იდეა დამიჯდა ჭკუაში, გენერალმა რომ მომაწოდა. თურქეთში ბევრი ნაცნობი მყავდა, მოვიკითხე და მითხრეს, რომ იქიდან საქართველოს გავლით, კვირაში რამდენიმე კონტეინერი მოდიოდა ბრენდული საქონლით დატვირთული. იცი, როგორ არის? აფორმებ მეორად ტანსაცმელს, ,,რასტამუჟკას'' კაპიკებს იხდი და საბოლოო ჯაამში, ,,ვერსაჩე'', ,,არმანი'' და ,,დოლჩე და გაბანა'' გაქვს ხელში. ერთ-ერთ ასეთ ტრაილერს ავედევნე ძმაკაცთან ერთად და ხაშურში, სასტუმროში რომ გაჩერდნენ, მაშინ გადავწყვიტე გაძარცვა. მაშინ დაგვიჭირეს, რა. იარაღიც გვქონდა, შეკრიბეს რაც შესაკრები იყო და მერე კი იცი, ტექნიკის საქმეა'', _ დაასრულა დურსუნამ. 

,,და ბაბუა რა ხასიათზეა?'' 

,,აღარ მელაპარაკება, ერთი შვილიშვილი აიჩემა, კაცად უნდა გავზარდო, პირადად უნდა გავზარდოო. 7 წლისაა ბავშვი, ბაბუა 90-ს გადასცდა და რამდენად მოახერხებს გაზრდას, ვერ გეტყვი'', _ თავი ჩაღუნა დურსუნამ.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში