Menu
RSS

„კაგებეს“ შეფისა და ქურდების ფარული კავშირები

რატომ გაუშვეს ინაურის თავდებით ქურდები ციხიდან და როგორ მოკლა ტარაკანმა პატიმარი 

ალბათ, ყველას გინახავთ ტარაკანი. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი მწერი შეიძლება, ადამიანის სიკვდილის მიზეზიც გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ ტარაკანს არც შხამი აქვს და არც _ სისხლი. უფრო მეტიც, ეს მწერი რომ გაყინოთ და შემდეგ გაალღოთ, ისევ ისე ირბენს, რადგან სისხლი არ აქვს, ის სითხე კი, რომელიც სხეულში გააჩნია, გაყინვის შემდეგაც სიცოცხლისუნარიანია. რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც ტარაკანი შეიძლება მკვლელად იქცეს...

როგორც უნდა დაიცვა ,,ზონაზე'' ჰიგიენა, ტარაკნებს ვერაფერს უხერხებ _ რამდენიც უნდა დახოცო, მაინც მოდიან, არსაიდან ჩნდებიან და სასჯელაღსრულების დაწესებულების სრულუფლებიანი წევრებიც არიან. მეორეს მხრივ, პატიმრები ტარაკნებს დიდად არ ემტერებიან, რადგან ისინი არც სისხლს წოვენ (,,კლოპებივით'' და რწყილებივით), არც ,,ნაგლობენ'' (ბუზებივით) და ერთგვარი მშვიდობიანი თანაცხოვრება აქვთ ადამიანებთან. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ტარაკანმა პატიმარი მოკლა. 

,,ტარაკანს ვერ გააქრობ, მაგრამ იმდენიც არ უნდა იყოს, თავის დროზე ორთაჭალაში რომ იყო _ ჭერზე ათასობით იჯდა, გამორიცხული იყო, საჭმელი ისე გეჭამა, თეფშში ჭერიდან ჩამოვარდნილი მწერი არ მოხვედრილიყო. ჰოდა, ორთაჭალაში, ძილის დროს, უმრავლესობა ყურებს ბამბით იტენიდა, რადგან ტარაკანი არ შესძრომოდა. ხომ გინახავს, როგორ დარბის? _ მხოლოდ წინ, უკან სიარული არ იცის, არ შეუძლია. ჰოდა, თუ ყურში შეგიძვრა, წინ მიდის, ტვინისკენ და ნერვულ სისტემას ისე აღაგზნებს, ადამიანი კონტროლს კარგავს, გიჟდება. მაგ დროს პატიმრი არ უნდა გაგექცეს, თორემ კედელს ურტყამს თავს და კვდება. ორი ვარიანტი არსებობს ყურიდან ტარაკანის ამოყვანის: პირველი უეჭველია, ასიდან ას შემთხვევაში ამოდის, ოღონდ დრო უნდა, მაგრამ დრო არ გაქვს, რადგან კაცი გიჟდება და ათი პატიმარი ძლივს აკავებს. სანთელი უნდა გაადნო, ყურის ჩხირი უნდა ამოავლო, ყურში ჩაუყო და 30 წამი აცადო. სანთელი მაგრდება და ტარაკანს სხეულის რომელიმე ნაწილით იკრავს და გამოგაქვს. მეორე უფრო მარტივია _ პლასტმასის ბოთლის თავსახურს ხვრეტ და იქიდან ,,ნაპორით'' ასხამ წყალს, მაგრამ ეს ათიდან რვა შემთხვევაში არ ამართლებს'', _ უხსნიდა პატიმარ #0578-ს 70 წელს გადაცილებული კოლეგა, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საერთო ჯამში, 40 წელზე მეტი ჰქონდა გატარებული. 

,,ვიცი, რომ პატიმრებს მკურნალობის მეთოდები, სხეულის დაზიანების ტექნიკა ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი. იქნებ, ეგეც მომიყვე'', _ გაუღიმა #0578-მა პაპას. 

,,ეს ახლაა იოლი საავადმყოფოში მოხვედრა. გარეთ ვინმეს შეაწუხებ და გაგაქანებენ მაშინვე, იქ ახლობლებსაც ნახავ, ადამიანად იგრძნობ თავს. ჩვენ დროს ასე არ იყო. ჯანმრთელი პატიმრის ციხიდან გაყვანას ლამის მინისტრის თანხმობა სჭირდებოდა, არადა, საავადმყოფოში ყოფნა თითქმის ,,სვაბოდას'' უდრიდა. ამიტომ, პატიმრები იძულებული გახდნენ, ისეთი რამ მოეფიქრებინათ, რაც მათ საავადმყოფოში გადაყვანას უზრუნველყოფდა, ჯანმრთელობას კი სერიოზული პრობლემები არ შეექმნებოდა. ორი რამ გვასწავლეს ექიმებმა, იმ ექიმებმა, რომლებიც გისოსებს მიღმა ნარკოტიკის ან პაციენტის გარდაცვალების გამო ხვდებოდნენ. პირველი მარტივია: ყელთან გამოიწევ კანს, გადაუსვამ ,,ბრიტვას'' და ხორხი ჩანს. ჭრილობა საშინელი შესახედია, თუმცა რეალურად, კანია გაჭრილი და ორი ნაკერი საკმარისია ყველაფრის დასასრულებლად. არც სისხლის დანაკარგია დიდი, არც რამე ზიანდება, ერთი პატარა იარა რჩება. 

მეორე უფრო საინტერესოა: იღებ ასანთის კოლოფს, ჭიპიდან ხელმარცხნივ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ორჯერ გადაატრიალებ, მერე ვერტიკალურ მდგომარეობაში ზემოთ _ ერთხელ. აი, მაგ ადგილზე არაფერი არ არის, ელენთაც კი არ არის ახლოს. იღებ ,,შტირს'' და იმ ადგილზე ირტყამ. ჭრილობაა, ერთი შეხედვით, სერიოზული, რეალურად კი, ,,შტირი'' შედის და გამოდის კანში, არაფერს აზიანებს. ადმინისტრაცია იძულებულია, საავადმყოფოში წაგიყვანოს, იქ ცოტა მეტზე გჭრიან, რომ ნახონ, რამე ხომ არ დაზიანდა, ერთი კვირა სჭირდება რეაბილიტაციას და ერთი კვირა სამოთხეში ხარ რა'', _ გაეღიმა პაპას. 

,,და ღირდა ერთი კვირის გამო საკუთარი თავის დაზიანება?!'' _ გაუკვირდა პატიმარ #0578-ს. 

,,ღირდა. მაშინ ციხეში მართლა ,,პრისტუპნიკები'' ისხდნენ, მართლა ციხე იყო, ქურდებით და მკვლელებით, დასვენება, ტვინის განიავება, სხეულის მოდუნება გჭირდებოდა. არავინ არაფერს გპატიობდა, ყველა ლარივით დაჭიმული იყო 24 საათი. ამიტომ, ამ მეთოდს ქურდებიც კი მიმართავდნენ, რადგან ცოტა დაესვენათ, ამოესუნთქათ. ამიტომ იყო ძველად, 3-4 წელი ციხე უეჭველ დასნეულებას რომ ნიშნავდა. ახლა რომ არაჟანი და კარაქი მოაქვთ საჭმელად, მაშინ სალაფავს გვაჭმევდნენ და ეს ყველამ იცის. მაშინდელი ,,ბალანდის'' გემო ახლაც მახსოვს, სიდამპლისა და ობის გემოსთან შერეული რაღაც ბლანტი სითხე, რომელიც იმიტომ უნდა გეჭამა, რომ არ მომკვდარიყავი. 

,,პერედაჩები'' მაშინ უფრო თავისუფლად იყო, მაგრამ რომ შემოგეგზავნა, ფული უნდა გადაგეხადა, დიდი ფული. რამდენიც ამანათი ღირდა, ორი იმდენი ციხის ადმინსიტრაციისთვის უნდა მიგეცა'', _ თავი გაიქნია პაპამ. 

,,ქურდებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?!'' 

,,ნამდვილი ქურდები რომ იყვნენ, მაშინ მართლა საინტერესო იყო ციხეში ცხოვრება. არ გეგონოს, რომ გაუნათლებლები და საზოგადოების ხორცმეტები იყვნენ, ყველა ქურდის კამერაში ისეთი ბიბლიოთეკა იყო, საჯაროს შეშურდებოდა. კითხულობდნენ, ნათლდებოდნენ... კოდექსი გამომძიებლებზე კარგად იცოდნენ. ისიც იცოდნენ, ვინ უნდა გაეწეწათ, ვინ უნდა დაესაჯათ. მერე, როცა დრო შეიცვალა, ქურდებიც გადასხვაფერდნენ, საყოველთაო, საერთო შემოიღეს. თავად დაფიქრდი, გამოაცხადებდნენ ქურდები ფეხბურთის ტურნირს, ყველას უნდა ეთამაშა და კაცს ასი დოლარი დაედო. ხუთ-ხუთკაციანი გუნდები კეთდებოდა და, მინიმუმ, 32 გუნდი იყო. ესეც შენი, მინიმუმი, 16 ათასი დოლარი. გამარჯვებულ გუნდს ორი ათასი ერგებოდა, საიდანაც 20 პროცენტი ისევ ქურდულში უნდა ჩადებულიყო. ხვდები ხო, რა თანხა ,,ტყდებოდა''? და ეს ტურნირები მიდიოდა ყოველ თვე. ვისაც თამაში არ შეეძლო, ის, უბრალოდ, ას დოლარს იხდიდა და მორჩა ანუ უეჭველი უნდა გადაგეხადა, რა. ამ თანხით იყო, ქურდებმა ციხეებში ჰარამხანები რომ მოაწყვეს და მეფეებივით ცხოვრობდნენ. ამის მერე აიცრუეს გული პატიმრებმა ქურდებზე, თორემ მანამდე ნებისმიერი პატიმრი ქურდზე ნასროლ ტყვიას გადაეფარებოდა. ახლა კიდევ რა ხდება, ხომ ხედავ? ბიზნესმენები გახდნენ, დაცვით დადიან... მორჩა ის დრო, აღარ დაბრუნდება არასოდეს'', _ სინანულით თქვა პაპამ. 

,,ქურდებს მისტირი?'' _ გაეცინა #0578-ს. 

,,კი, მივტირი. ისინი რომ ,,ზონაზე'' იყვნენ, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ,,სვაბოდაზეც'' სხვანაირად იქნებოდა ბევრი რამ. არცთუ იშვიათად ყოფილა შემთხვევა, ქურდებს მილიციასთან უთანამშრომლიათ, განსაკუთრებით საშიში დამნაშავის დაკავების საქმეში, სადისტებს, მკვლელებს, მოძალადეებს ისინიც ვერ იტანდნენ. ინაური არ გემახსოვრება შენ, მაგის თავდებობით, ერთხელ, სამი სული ქურდი გაუშვეს ციხიდან, რაღაც საქმე იყო მოსაგვარებელი, გატაცებული ბავშვი უნდა გამოეხსნათ. გააკეთეს ქურდებმა თავისი საქმე და დათქმულ დროს ციხეში დაბრუნდნენ. ახლა ასეთი რამ რომ მოხდეს, აქეთ ოპოზიცია ატეხავს ერთ ამბავს, იქეთ კიდევ გაშვებული ქურდები არ დაბრუნდებიან, სიტყვას დაეკარგა ფასი, სიტყვას'', _ ბრაზით თქვა პაპამ. 

,,შენზე ამბობენ, 40 წელზე მეტი გაატარა ,,ზონაზეო''. არ ნანობ?!'' 

,,რა აზრი აქვს სინანულს, როცა მაინც ვერაფერს შევცვლი. ჩემი ჯვარი ეს ყოფილა. ახლა უკან რომ დამაბრუნო, ეგებ, შევცვალო რამე, მაგრამ ეგებ, ის ცვლილება უარესობისკენაც იყოს. არ ვიცი, რაც არის, ეგ არის. ჩემი ბედი ასეთი ყოფილა, სხვას სხვა ბედი აქვს... 

წეღან ტარაკნებზე მეკითხებოდი... ბევრი ადამიანი ჰგავს ტარაკანს, შეგიძვრება ყურში და გაგიჟებს, ან თავს მოგაკვლევინებს, ან ათი კაცის დასაჭერი ხდები...''

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში