Menu
RSS

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

გიორგი გახარია: „ჩვენი ძირითადი მიზანია _ ავამაღლოთ გამოძიების ხარისხი და გავაძლიეროთ გამოძიებაზე საპროკურორო კონტროლი!“

18 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე _ ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“.

კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ. კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა კრიმინალური პოლიციის რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე „სისტემური განახლების“ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. 

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით, კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება. რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კი გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ისე საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამინისტრომ უკვე შეაფასა გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მიღებული შედეგების შესაბამისად, სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა: 

„მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან ჩვენ კარგად გვესმის, რომ საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში უნდა იყოს გარკვეულწილად ელიტა. ეს უნდა იყოს ის ინტელექტუალური ბირთვი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საპოლიციო საქმიანობის მაღალი ხარისხი. რა თქმა უნდა, ოპერატიულ და საუბნო მიმართულებებთან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე. 

დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებით პირველი რაც გავაკეთეთ, 1200-ზე მეტი გამომძიებელია შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათი კვალიფილკაციის დონე შევაფასეთ. ამ შეფასების საფუძველზე მოხდა მათი გადასამზადებელი კურსების შემუშავება. რა თქმა უნდა, ასევე გაჩნდა საბაზისო კურსები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება _ ეს გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების წესი, რაც ასევე პრინციპულად იქნება შეცვლილი, რა პროცესიც უკვე დაწყებულია და შესაბამისად, დღეს ჩვენ ვხსნით დისკუსიას თქვენთან ერთად რეფორმების იმ შინაარსობრივ ნაწილზე, რომლის სტრუქტურული მხარე ჩვენ, ფაქტობრივად, დასრულებული გვაქვს. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში გახლავთ -საგამოძიებო და საპროკურურო ფუნქციების სინერგიის ეფექტი. ჩვენ კარგად ვხვდებით და ვაფასებთ სიტუაციას, რომ ამ საზღვრის, ამ თანამშრომლობის ეფექტური და ხარისხიანი სტრუქტურირების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემაზე საუბარი. ჩვენი ძირითადი მიზანია _ ავამაღლოთ გამოძიების ხარისხი და გავაძლიეროთ გამოძიებაზე საპროკურორო კონტროლი.“ 

კონფერენციის მონაწილეებს სამინისტროში მიმდინარე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ნიმუშად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი სტრუქტურა წარედგინათ. 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანია ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ გამოძიებაზე, დეტექტივები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მხოლოდ ოპერატიულ მუშაობაზე და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან პრევენციულ საპოლიციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, იქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი. 

საუბარი, ასევე, შეეხო გამოძიების პროცესში საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხს, რომლის მიზანია გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, გამომძიებელთა პასუხისმგებლობის ზრდა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და გამოძიების პროცესზე საპროკურორო კონტროლის გაძლიერება. წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია, მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით არსებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში