თვალთვალი ხალხზე - როგორ აკონტროლებს კრემლი რუსულ ინტერნეტს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსეთის მთავრობის ერთი უცნობი დეპარტამენტის თანამშრომლები მოსკოვის გარეუბანში მდებარე პატარა ბიზნესცენტრის შენობაში ისხდნენ და ამინდს განიხილავდნენ.
მათი სადარდებელი მოსკოვის ამინდის პროგნოზი არ ყოფილა. ისინი უყურებდნენ უკრაინის იმ ოთხი რეგიონის ამინდს, რომელთა ანექსიის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა ორიოდე კვირით ადრე.

ამ დეპარტამენტის სახელია „ძირითადი რადიოსიხშირეების ცენტრი“ - ის რუსეთის ინტერნეტის გამაკონტროლებელ ფედერალურ ორგანოს „როსკომნადზორს“ ექვემდებარება. მისი თანამშრომლები - ძირითადად IT სპეციალისტები და ანალიტიკოსები - დაძვრებიან რუსულ ვებსაიტებზე, სოციალური მედიის გვერდებზე, „ტელეგრამის“ არხებზე და ეძებენ ოპოზიციურ გზავნილებს, ანტისაომარ განცხადებებს და პუტინის წინააღმდეგ გამოთქმულ შეურაცხყოფებს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი საზრუნავი 15 დიდი რუსული ვებსაიტი იყო, რომლებიც ამინდის პროგნოზს აჩვენებდნენ. მათ ამინდის რუკებზე უკრაინის ანექსირებული რეგიონებს კვლავაც უკრაინა ეწერა. სააგენტოს თანამშრომლებმა ამ საიტების სია გააკეთეს და ზედ თითოეული მათგანის საკონტაქტო ინფორმაცია მიაწერეს.

6 ნოემბრისთვის 15-დან 10 საიტს უკრაინის ტერიტორიები უკვე რუსეთად ჰქონდა მოხსენიებული

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლმა კიდევ უფრო გაამკაცრა რუსეთის ონლაინრესურსების კონტროლი. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც კრიმინალიზება მოახდინა ომისა და რუსეთის ჯარის შესახებ ყველა ისეთი ინფორმაციის გავრცელების, რომელსაც მთავრობა მცდარად მიიჩნევდა.

შედეგად, რუსეთის მთავარმა საძიებო სისტემებმა - Yandex-მა და Mail.ru-მ წაშალეს 12 ათასამდე სტატია რუსეთის სამხედრო დანაკარგების შესახებ. დაიბლოკა 95-მდე რუსულენოვანი მედიაორგანიზაციის ვებსაიტი.

ამ ოპერაციას სათავეში ედგა „ძირითადი რადიოსიხშირეების ცენტრი“, იგივე GRFC. მათ ომამდე ერთი წლით ადრე შექმნეს შიდა კომუნიკაციის ქსელი, რომელსაც „ოპერატიული ინტერაქტიული ოფისი“ დაარქვეს.

ეს სისტემა ცენტრის მონიტორინგს უკავშირებს რუსეთის უსაფრთხოებისა და ძალოვანი სტრუქტურების მთავარ ორგანოებს - პროკურატურას, „ეფესბეს“, ეროვნულ გვარდიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, თუ კონკრეტულად როგორ ხდება ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგი და როგორ აკონტროლებენ სამთავრობო სააგენტოები, თუ რას ხედავენ რუსეთის მოქალაქეები ინტერნეტში.

2022 წლის ნოემბერში ბელარუსმა ჰაკერებმა მოიპოვეს ამ სააგენტოების თანამშრომლების მიმოწერა - 2 ტერაბაიტზე მეტი ინფორმაცია (700 ათასზე მეტი წერილი და 2 მილიონი შიდა მოხმარების დოკუმენტი) და შემდეგ ის სხვადასხვა მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებას, გაუზიარეს. ამ მასალებიდან კარგად ჩანს, თუ რა მექანიზმებს იყენებენ ინტერნეტის ცენზორები.

„ყველა დოკუმენტი, რომელიც კი ვნახე, პოტენციურად „როსკომნადზორის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების საფუძველია“, - ამბობს ფილიპ კულინი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებელი ექსპერტი. „რეალურად ეს არის თვალთვალი ხალხზე. „როსკომნადზორი“ სამოქალაქო ორგანოა. ვინ მისცა მას თვალთვალისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების უფლება?“

ცენზურა ძველია, მეთოდები - ახალი

რუსეთისათვის ცენზურა ახალი ხილი არ არის.

საბჭოთა კავშირში კომუნისტურმა პარტიამ შექმნა ცენზურის ყოვლისმომცველი აპარატი. ქვეყანაში მხოლოდ პარტიის მიერ შემოწმებული და დაშვებული ახალი ამბების გავრცელება იყო ნებადართული.

1980-იან წლებში მიხაილ გორბაჩოვის „პერესტროიკამ“ ცენზურა შეამსუბუქა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ კი რუსული მედია - გაზეთები, რადიოები და ტელევიზიები - თავისუფლად აქვეყნებდნენ კრიტიკულ ინფორმაციას.

პუტინმა პრეზიდენტობის პირველივე წლიდან დაიწყო კონტროლის დამყარება მედიაზე - პირველ რიგში კი ნაციონალურ ტელეარხებზე. ტელევიზია ხომ დღემდე ინფორმაციის მთავარი წყაროა რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის.

2010-იანი წლების დასაწყისში კრემლმა „უცხოეთის აგენტების“ ან „არასასურველი ორგანიზაციების“ იარლიყის მიწებება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებზე. ამან მკვეთრად შეზღუდა მედიის თავისუფლება და რეკლამის დამკვეთებიც დააფრთხო. ბევრი ორგანიზაცია იძულებული გახდა, დახურულიყო.

ამის შემდეგ კრემლმა დახვეწილი სისტემა შექმნა ინტერნეტის რუსი პროვაიდერებისგან ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაფილტრად - მას SORM-ის აკრონიმით იცნობენ. დიდ ინტერნეტკომპანიებს - „გუგლს“ და „ფეისბუკს“ მოსთხოვეს, რომ სერვერების ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განეთავსებინა.

GRFC 2000 წელს შეიქმნა, როგორც „როსკომნადზორის“ ერთ-ერთი დეპარტამენტი. მისი ამოცანა რადიოსიხშირეების მონიტორინგი და კონტროლი იყო. მას შემდეგ, რაც მთავრობამ უფრო აქტიურად დაიწყო ინტერნეტის კონტროლი, მისი ფუნქციებიც გაიზარდა.

სააგენტომ ნოემბერში ოფიციალურად აღიარა, რომ ჰაკერების მსხვერპლი გახდა. GRFC-იმ უარი განაცხადა, რადიო თავისუფლების შეკითხვებზე პასუხი გაეცა. შეკითხვები უპასუხოდ დატოვა „როსკომნადზორმაც“.

„საპროტესტო განწყობები“

შიდა კომუნიკაციის სისტემა, სახელწოდებით „ოპერატიული ინტერაქტიული ოფისი“, როგორც ჩანს, შეიქმნა 2019 წელს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ცდილობდნენ რუსეთში გაჩენილი ლოკალიზებული საპროტესტო აქციების კონტროლს. ერთ-ერთი ასეთი პროტესტი გამოიწვია რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში ნაგავსაყრელების მოწყობამ და ეკატერინბურგში პოპულარული პარკის ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობამ.

პირველადი ვერსია 2019-ის დეკემბერში ამოქმედდა, ორი წლის შემდეგ კი ახალი ფუნქციები დაამატეს - მობილური აპლიკაცია, პირადი გზავნილები და ვიდეოსა და აუდიოს ატვირთვის შესაძლებლობა.

მასალების შესწავლის შედეგად რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ სააგენტო ახორციელებს ონლაინრესურსების მონიტორინგს, შემდეგ კი, ამ სისტემის მეშვეობით მონიშნავს შესაბამის ორგანოებს და ზოგჯერ ადმინისტრაციულ სასჯელსაც სთავაზობს მათ.

2022 წლის ნოემბერში „ოპერატიულ ინტერაქტიულ ოფისში“ რამდენიმე თემატური ჩატი იყო გახსნილი, მათ შორის: საპროტესტო განწყობები, ტერორიზმი, უცხო ქვეყნის ჩარევა და ექსტრემიზმი.

„საპროტესტო განწყობების“ ჯგუფში GRFC-ის თანამშრომლები ყოველდღიურად აქვეყნებდნენ მოხსენებებს სოციალურ ქსლებში არსებული განწყობის შესახებ. ეს მოხსენებები სხვადასხვა სოციალურ საიტზე შექმნილი 3500-ზე მეტი პროფილის შესწავლის შედეგად დგება.

ნოემბრის შუა რიცხვებში „საპროტესტო განწყობების“ თემას 60 მონაწილე ჰყავდა, მათ შორის იყვნენ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შიდა დაზვერვის თანამშრომლები.

დოკუმენტაცია ასევე აჩვენებს, რომ GRFC წარსულში არაერთხელ გამოუყენებიათ ბიზნესმენებისა და ოლიგარქების შესახებ გავრცელებული არასახარბიელო ინფორმაციის ჩასახშობად. 2020 წელს სააგენტოს მიმართა „გაზპრომის“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, მიხაილ სიროტკინმა და მოითხოვა მასზე დაწერილ 150 სტატიაზე წვდომის შეზღუდვა. მანამდე „როსკომნადზორმა“ ფედერალური უსაფრთხოების სერვისის, ალექსანდრ ბორტნიკოვის და მილიარდერ ალიშერ უსმანოვის მამხილებელი მასალები დაბლოკა.

საგანგებო ამოცანა Yandex U

ცენტრის თანამშრომლები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ Yandex-ის მიმართ. „იანდექსი“ რუსეთის უმსხვილესი საძიებო სისტემაა და ის ელექტრონული კომერციის სხვა სფეროებშიც დომინირებს - ტაქსის სერვისებში, საკვების მიტანასა და ონლაინ ვაჭრობაში. თავად „იანდექსის“ თანამშრომლები ბრალს სდებდნენ კომპანიას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ამბების გაფილტვრაში. კომპანია რამდენიმე მაღალი რანგის თანამშრომელმა დატოვა, „იანდექსმა“ ახალი ამბების პორტალი გაყიდა და განაცხადა, რომ აქცენტს სხვა, არა ახალ ამბებთან დაკავშირებულ წამოწყებებზე გააკეთებდა.

დოკუმენტების მიხედვით, GRFC-ს თანამშრომლებს „ექსელის“ რამდენიმე ფაილი ჰქონდათ გახსნილი სათაურით „საგანგებო ამოცანა Yandex U“. მასში შედიოდა 30-დან 200-მდე ბმული მასალებზე, რომლებიც შემდეგი თემებით იყო დახარისხებული: „პუტინის მობილიზაცია“, „რუსი ბიჭები ნებდებიან“ და „რისთვის იხოცებიან რუსი ბიჭები უკრაინაში“. სააგენტოს თანამშრომლები შემდეგ ამ ბმულებს „იანდექსს“ უგზავნიდნენ წასაშლელად.

„იანდექსმა“ რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხა. მანამდე კომპანიის წარმომადგენელმა შეკითხვას - არგებს თუ არა „იანდექსი“ ალგორითმს სახელმწიფო მედიის სასარგებლოდ - ასე უპასუხა: „ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფთ. „იანდექსი“ ალგორითმს არც ერთ პოლიტიკურ მხარეს არ არგებს“.

ბოტები და ხელოვნური ინტელექტი

2021 წლის ბოლოს GRFC-მ დაიწყო „ბოტების“ გამოყენება - პროგრამების, რომლებიც ავტომატურად ასრულებენ დავალებებს, როგორებიცაა წერილების დაგზავნა, საჩივრებზე პასუხი და ა.შ.

2022 წლის აგვისტოში GRFC-მ 57 მილიონი რუბლი (800 ათასი დოლარი) გადაიხადა ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნაში. სისტემას „ოკულუსი“ ჰქვია და ის ახორციელებს სოციალური ქსლების, ვებსაიტების და პირადი მიმოწერის სერვისების მონიტორინგს აკრძალული ინფორმაციის აღმოსაჩენად.

დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ GRFC-მ საგანგებოდ „გაწვრთნა“ სისტემა, რათა მას უფრო ადვილად აღმოეჩინა პუტინის შეურაცხმყოფელი ტექსტური და ფოტომასალები. მათ სისტემაში შეჰყავდათ ასეთი კლასიფიკატორებიც: „პუტინი კიბორჩხალის ფორმით“, „პუტინი ჩრჩილის ფორმით“, ასევე პუტინის შედარებები ჰიტლერსა და ვამპირთან.

მასალებიდან ირკვევა, რომ GRFC-ის წინაშე მდგარი კიდევ ერთი პრობლემაა წვდომა დახურულ ჯგუფებთან - სადაც მომხმარებელს მხოლოდ ადმინისტრატორი უშვებს.

ამისათვის სააგენტომ 2022 წლის ზაფხულში დაიწყო „ბოტების ფერმის“ აწყობა, რომლებიც სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე რეალურ ადამიანებად გაასაღებდნენ თავს და დახურულ ჯგუფებში გაწევრიანდებოდნენ.

GRFC-მ „როსკომნადზორს“ დამატებით სთხოვა მობილური ნომრების დიდი რაოდენობით შესყიდვა, რომლებსაც შემდეგ ბოტების მიერ შექმნილი პროფილების ავტორიზაციისათვის გამოიყენებდნენ.
წყარო: რადიო თავისუფლება