Menu
RSS

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას წარედგინა. 

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ: 

• იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე; 

• ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის; 

• ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული; 

• მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის; 

• მარიხუანას მოხმარებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას; 

• იზრდება სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის; 

• სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ. 

კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ რეგულაცია. მარიხუანას ფლობა და გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება. 

რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების სულისკვეთებას. ასევე, გათვალისწინებულ იქნა საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების (კანადა, ისრაელი, ჩეხეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) პრაქტიკა, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის დასაშვებია. შესაბამისად, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემასა და პირობების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი კონტროლი დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ. ასევე, მკაცრი ფინანსური სანქციები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის. გარდა ამისა, მოყვანა-წარმოების პროცესში კონკურენციის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ლიცენზიის სხვადასხვა სახეებს, რაც გამორიცხავს მთლიანი საწარმოო ჯაჭვის რომელიმე კომპანიის მიერ მონოპოლიზაციას. მკაცრად იქნება განსაზღვრული პოტენციური ლიცენზიანტი იურიდიული პირის მიერ დასაკმაყოფილებელი უსაფრთხოების და სხვა პირობები. აღსანიშნავია, რომ კანაფის სამედიცინო მიზნით მოყვანა-წარმოების რეგულირება ექსპორტზე გასატანად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეგულაციებს, კერძოდ, გაეროს კონვენციას. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის პოლიტიკასთან, რაც ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასთან მკაცრ ბრძოლას გულისხმობს.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში