Menu
RSS

კახა მიქაია: „ხელისუფლებამ უნდა გაასამართლოს თავისი ჩინოვნიკი, ეს მათთვისვე იქნება კარგი!“

ვინ გააკეთა ფარული ჩანაწერი ზუგდიდი მერის კაბინეტში და რა კავშირი აქვს კორუფციულ სკანდალთან სამეგრელოს ექს-გუბერნატორს

 

საქართველოს ხელისუფლება პრესაში თუ საზოგადოებაში გახმაურებულ ნებისმიერ კორუფციულ ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. ანტიკორუფციული სამსახური ნებისმიერი შეტყობინებისა თუ სიტყვიერი თუ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიებას იწყებს და შედეგად, უკანასკნელ პერიოდში, დედაქალაქსა თუ რეგიონებში არაერთ საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმე, ზუგდიდის არჩეულ მერთან დაკავშირებული სკანდალი, რამაც მისი თანამდებობაც შეიწირა. Dეტალებზე მოგვიანებით, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ უფლებამოსილება უკვე შეწყვეტილი აქვს ზუგდიდისა და მარნეულის მერებს და ამიტომ ორივე მუნიციპალიტეტში ვადამდელი არჩევნები გაიმართება. არსებული ინფორმაციით. მარნეულის ყოფილი მერი _ თემურ აბაზოვი _ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მისი საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 20 სექტემბერს 12 საათზე დაიწყება. მას ბრალად ედება _ სს კოდექსის'' 144-ე მუხლის თანახმად _ ადამიანის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალური ქსელით გავრცელება. რაც შეეხება ზუგდიდის ყოფილ მერს, მან თანამდებობა, ქრთამის აღების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების გამო დატოვა. გამოძიება კი მედიით გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე დაიწყო, სადაც გოგიას ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა ზუგდიდის მერიის უკვე ყოფილ მაღალჩინოსნებს თანხა გადაუხადა, რათა ბიზნესმენს ზუგდიდის ტერიტორიაზე კონკრეტული უძრავი ქონების დაუფლებაში დახმარებოდნენ. როგორც კვირკვია აცხადებს, მან 10 000 აშშ დოლარი ზუგდიდის მაშინდელ ვიცე-მერს გია გულორდავასაც გადაუხადა, რომელმაც თანამდებობა ზუგდიდის მერთან ერთად დატოვა. ზუგდიდის ყოფილი მერი _ ლაშა გოგია გავრცელებული ჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდებს და აცხადებს, რომ პროვოკაციის მსხვერპლია და საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს. ბრალს არ აღიარებს არც გულორდავა. 

საქმეზე გულორდავასთან, გოგიასა და კვირკვიასთან ერთად, გამოიკითხა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებელი კახა მიქაია, რომელიც ადასტურებს, რომ გამოძიებას აუდიოჩანაწერი მან მიაწოდა და აზუსტებს, რომ კორუფციულ გარიგებაში, დასახელებული პირების გარდა ასევე ფიგურირებს ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია. როგორც სუს-ში აცხადებენ, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“. 

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე ,,ვერსია'' კახა მიქაიას ესაუბრა:

 

_ ბატონო კახა, საინტერესოა, ვინ გააკეთა ეს ფარული ჩანაწერი, კვირკვიამ? 

_ ვერ გეტყვით, იქ არ ვყოფილვარ და მე არ გავაკეთებდი ამ ჩანაწერს. სამი ვარიანტია, ან კვირკვიამ გააკეთა, ან ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ქობალიამ, ან სუს-ი უსმენს გოგიას კაბინეტს. თავად გოგია საკუთარ თავს არ გაუკეთებდა ამას. 

_ თუ ასეა, ჩანაწერი თქვენს ხელში როგორ აღმოჩნდა? 

-ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. არ მინდა დეტალების დაკონკრეტება. 

_ მაშინ ის მითხარით, რამდენად უკავშირდება ეს სკანდალი სამეგრელოს გუბერნატორის ლევან შონიას გადაყენებას, ჩანაწერში ხომ მისი გვარიც ისმის და რამდენად სავარაუდოა, მისი ბრალიც გამოიკვეთოს? 

_ ,,ოცნებაში'' შიდადაპირისპირება პიკს აღწევს. შონია იყო ,,კორუფციის მამა'', მან, ფაქტობრივად, კრიმინალური სინდიკატი შექმნა სამეგრელოში და არ გამოვრიცხავ, ,,ქართული ოცნების'' გარკვეული ძალები გეგმავდნენ შონიას საბოლოოდ ,,ჩაძირვას''. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. საზოგადოებამ მოუსმინა ჩანაწერს, რომელიც გავრცელდა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ესენი დასხდნენ მსჯავრდებულის სკამზე. სუს-ს მივუტანე 1 სთ და 57 წუთიანი ჩანაწერი, შეთანხმების თანახმად, ვერ გეტყვით იქ რა ამბებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ჩანაწერში მკვეთრად იკვეთება კორუფციული დანაშაული. ეს ჩანაწერი ხელს შეუწყობს, გამოძიება სწრაფად, ეფექტურად და უფრო ღრმად წავიდეს. 

_ გავრეცელებული ინფორმაციით, გოგია ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებითაც გამოიკითხა რამდენიმე დღის წინ და ანტიკორუფციულს დაწყებული აქვს გამოძიება... გამოდის, ეჭვები უკვე არსებობდა გოგიას მიმართ? 

_ ბოტანიკური ბაღის საქმე ცალკე თემაა, ვიცი, რომ სუს-ს გამოძიება აქვს დაწყებული. აქაც კორუფციას ეხება საქმე, თუმცა დეტალებს არ ვფლობ და ამიტომ ამ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ. 

_ ფარული ჩანაწერის მიხედვით, თავად კვირკვიას ბრალი არ იკვეთება _ ის ცდილობდა, კანონის გვერდის ავლით მიეღო გარკვეული ქონება? 

_ ნათლად ჩანს, ესეც იკვეთება, თუმცა, ამას გამოძიება დაადგენს. მთავარი იცით რა არის? _ რომ ამბობენ, საქართველოში ინვესტიციებს არავინ დებსო. მარტივ კითხვას ვსვამ _ ასეთი ჩინოვნიკების პირობებში, რომელი ინვესტორი ჩადებს ინვესტიციას საქართველოში? როცა ბიზნესმენი იძულებულია, წინასწარ მოელაპარაკოს, მათივე მოთხოვნით, წინასწარ გადაიხადოს ფული, წინასწარ გაარკვიოს ,,წილების'' ამბავი... როცა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა და ხელისუფლება ასე იქცევა, ინვესტორის დადანაშაულება, მგონი, უადგილოა. 

იმ ჩანაწერიდან გამოჩნდა ხელისუფალთა შორის ურთიერთობა. გაიხსენეთ ჩანაწერის ის მომენტი, როცა გოგია ეუბნება ინვესტორს, საქმე მე გაგიკეთე და ფული შონიას რატომ მიეციო. ასევე როცა ინვესტორი ამბობს, შენი მისაცემი ფული გულორდავას მივეცი და რა ხდებაო? ბოლოს გაღიზიანებული ინვესტორი იმიტომ, რო გადააგდეს, ითხოვს ფულის დაბრუნებას. 

ძალიან მნიშვნელოვანია ეს მართლა ,,ბიუჯეტის ვირთხები'', კორუმპირებულები როგორ ექცევიან ერთმანეთს. ამ შემთხვევაში მარტო ინვესტორი კი არა, საკუთარი ,,ბიზნესპარტნიორებიც'' ,,გადააგდეს'', თავად რომ მიეღოთ სარგებელი. კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, ჩანაწერში ჩანს, როგორი ტონით ესაუბრება ბიზნესმენი მერს, ფაქტობრივად, საქმეს ურჩევს. 

_ ბატონო კახა, თქვენს ინფორმაციაზე დაყრდნობით სამეგრელოს მოვლენების როგორ ლოგიკურ გაგრძელებას ხედავთ? 

_ თუ ,,ქართულმა ოცნებამ'' ეს საქმე ობიექტურად, ბოლომდე გამოიძია, არ დაინდო არც ერთი ჩინოვნიკი, თავად ,,ოცნებისთვის'' იქნება კარგი. საზოგადოება დაიღალა ამ კორუმპირებულების ყურებით. ყველამ იცის, რომ კორუფცია ყვავის ქვეყანაში, ეს მხოლოდ სამეგრელოში ხომ არ ხდება, ყველა რეგიონში ასეთი ამბებია. ერთი პრეცედენტი მოხდა, რომ არჩეული მერი გადადგა, მაგრამ მეორე პრეცედენტიც უნდა შეიქმნას, ხელისუფლებამ უნდა გაასამართლოს თავისი ჩინოვნიკი. ეს მათთვისვე იქნება კარგი. 

იცით, როგორ ვებრძოდი მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას. კარგად იცით, როგორ ვიბრძოდი, რომ ,,ქართული ოცნება'' მოსულიყო ხელისუფლებაში. ,,ქართული ოცნების'' იდეის მომხრე დღესაც ვარ, მაგრამ პარტია ,,ოცნების'' მომხრეობა ძალიან გამიჭირდება. ,,ქართული ოცნების'' იდეას თვითონ უღალატეს... ასე რომ, ვნახოთ, რას იზამს ხელისუფლება.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში