Menu
RSS

ექსკლუზიური ინტერვიუ კრიმინალურ ავტორიტეთთან, რომელმაც მადრიდის ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა

ესპანეთის, საფრანგეთისა და საქართველოს სამართალდამცავთა მიერ ერთობლივად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შემდეგ, გისოსებს მიღმა არაერთი ქართველი აღმოჩნდა. ამის შესახებ როგორც ევროპული ქვეყნების პოლიციელებმა, ისე ჩვენი შსს-ს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს. შეგახსნებთ, რომ სპეცოპერაციები ერთმანეთის მიყოლებით, ორი კვირის ინტერვალში ჩატარდა და კრიმინალური დაჯგუფებებისთვის აშკარად მოულოდნელი იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ, რამდენიმე თვის წინ, დაკავებულებს საფრანგეთისა თუ ესპანეთის პოლიცია ნელ-ნელა უშვებს და ქართველი სამართალდამცავები ამას ხელს ვერ უშლიან. 

რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ციხე მადრიდში, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა დატოვა, ადამიანმა, რომელზეც ამბობენ, რომ, მადრიდის მასშტაბით, კვების ობიექტებს „უყურებს“. რა თქმა უნდა, მისი სახელის და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებთ და სწორედ ამ პირობით დათანხმდა ჩვენთან საუბარს.

_ სპეცოპერაცია მართლა მოულოდნელი იყო. უფრო სწორედ, პირველი სპეცოპერაციის შესახებ მიახლოებით ვიცოდით, აი, მეორე რომ მიაყოლეს ერთ კვირაში, ეგ გაგვიკვირდა, როგორც წესი, რამდენიმეთვიან პაუზას აკეთებენ ხოლმე. სავარაუდოდ, ქართველი პოლიციელების იდეა იყო, დამშვიდდებოდნენ და მეორეც მივაყოლოთო, რამაც გაამართლა, მეორედ უფრო მეტი ბიჭი დაიჭირეს. 

_ დაჭერა გასაგებია, მაგრამ რატომ გამოგიშვეს?!“ 

_ რას ქვია, რატომ გამომიშვეს? იმას რატომ არ მეკითხები, რატომ დამიჭირეს?! 

_ როგორც ტელევიზიით ითქვა, ყველა დაკავებულის მიმართ კონკრეტული ბრალდებები არსებობდა და მაგიტომ... 

_ სისულელეა. ესპანელებიც და ფრანგებიც შეცდნენ და ეს შეცდომა აღიარეს. ქართულ მხარეს, ძირითად ბრალდებად, ქურდული სამყაროს წევრობა ჰქონდა, ანუ მუხლი, რომელიც მარტო საქართველოში მოქმედებს. ჩვენმა ადვოკატებმაც მაშინვე გააპროტესტეს და ამან შედეგი გამოიღო. ექსტრადაციის პროცედურები შეჩერდა, მერე კი საერთოდ შეწყდა. მე გეტყვი, რეალურად რა მოხდა. 

ქართველებს გათვლა ჰქონდათ იმაზე, რომ ჩვენ არ გვექნებოდა საბუთები და როგორც არალეგალებს, ისე გამოგვიშვებდნენ საქართველოში. მერე კი, წაგვიყენებდნენ ბრალს ქურდული სამყაროს წევრობაზე, რაც არ გამოუვიდათ და ამიტომ, ესპანეთის პოლიცია იძულებულია, გაგვიშვას. საბუთები წესრიგშია, კანონი არ დამირღვევია და რისთვის უნდა გამასამართლონ?! 

_ თუნდაც იმისთვის, რომ სახლში 80 ათასი ევრო გიპოვეს ქეშად და ამ თანხის წარმომავლობას არკვევდნენ... 

_ ჯერ ერთი, 80 კი არა, 120 ათასი იპოვეს და მეორეც _ მე წარმომავლობა დავამტკიცე კანონის ფარგლებში. 90 ათასი ლატარეაში მოვიგე, დანარჩენი კი დანაზოგია. ბოლოს და ბოლოს, 15 წელია აქეთ ვარ და წელიწადში 2 ათასი რომ შემენახა, კი გამოდის 30 ათასი. ამოღებული თანხა ერთ კვირაში დააბრუნეს, ბოდიშის მოხდით... 

_ რაში მოიგე?! 

_ ევრომილიონი რომ არის ლატარეა, მაგაში. ციფრები დაემთხვა, 90 ათასი მოვიგე და მომცეს. უფრო სწორედ, ანგარიშზე დამირიცხეს და მე გამოვიტანე. ეს ლატარეის ორგანიზატორებმაც დაადასტურეს და დიდი ბოდიში, თუ გამიმართლა. 

_ და როგორც ვიცი, ქართული მხარე შენზე ამტკიცებდა, მადრიდში კვების ობიექტების მაყურებელიაო... 

_ რას ნიშნავს მაყურებელი?! მაყურებელი ვიცი ზონაზე. ოფიციალურად ვარ გაფორმებული ერთ-ერთი რესტორნების ქსელის მენეჯმენტში, ოფიციალურად ვმუშაობ და ხელფასი მაქვს. 

_ თუ საიდუმლო არ არის, რა გევალება? 

_ რატომ არის საიდუმლო? უსაფრთხოებაზე ვზრუნავ ანუ რესტორანში სიმშვიდე რომ იყოს, ჩხუბები არ იყოს და ა.შ. აბა თქვან ესპანელმა სამართალდამცავებმა, ბოლოს როდის ჰქონდათ გამოძახება მადრიდული რესტორნებიდან რაიმე ჩხუბის ან აყალმაყალის გამო?! ვერ გაიხსენებენ. იმიტომ, რომ ჩვენ საქმეს კარგად ვაკეთებთ. 

_ ვინ თქვენ? 

_ სიტყვებზე ნუ გამომეკიდები. ვინ და ჩვენ _ ქართველები, ნიჭიერი ხალხი. ვიღაცისთვის კრიმინალები ვართ, რეალურად კი ჩვეულებრივი, მშრომელი ადამიანები, რომლებსაც მშვიდი ცხოვრება უყვარს. ჰოდა, ამ სიმშვიდეს ვუზრუნველყოფთ აქაც. 

_ კეთილი, მაგრამ თქვენთან ერთად „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მქონე რამდენიმე პირიც დააკავეს... 

_ ჩემთან ერთად არა, სპეცოპერაციის დროს დააკავეს, თუ არ ვცდები ასამდე ადამიანი. სტატუსს ვინ საზღვრავს? ასე ხომ არ არის, ვიღაცას დაუძახო ქურდი ხარ, მკვლელი ხარ, მძარცველი ხარ... მაგას დამტკიცება უნდა და, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას ვერაფერს დაუმტკიცებენ. 

დაჭერილები არიან ადამიანები, რომლებსაც სახლში ნაქურდალი ნივთები ამოუღეს. ეს უკვე პრობლემაა და დანაშაულია, რომლისთვისაც ალბათ გაასამართლებენ, მაგრამ ექსტრადაციას ამ შემთხვევაშიც ვეწინააღმდეგები. ბიჭებმა ესპანეთში თუ მოიპარეს რამე, სასჯელიც აქ უნდა მოიხადონ და არა საქართველოში. 

_ ანუ, ეჭვი გაქვთ, რომ საქართველოში მეტ სააჯელს მისცემენ?“ 

_ ეჭვი არ მაქვს, ზუსტად ვიცი. არარეალურ „სროკს“ ჩამოურიგებენ, თან ბრალდებას დაუმძიმებენ, თან საქართველოს ციხე და ესპანეთის ციხე ერთმანეთისგან განსხვავდება. ასე რომ, აქ დაკავებულებიდან საქართველოში ერთიც არ ჩამოვა. მგონი, ეს ქართულმა პოლიციამაც კარგად იცის და შეგუებულია, უბრალოდ, ხმამაღლა არ იტყვიან. 

_ რატომ?! 

_ იმიტომ, რომ ბრიფინგები გამართეს, ხედავთ, რა წარმატებული სპეცოპერაცია ჩავატარეთო. ნელ-ნელა ყველა თავისუფლებაზე გამოდის და დაკავებულთა ათი პროცენტი თუ „გასროკეს“, ეგეც დიდი საქმე იქნება. მე მეეჭვება, რომ მაგდენიც გაუშვან ციხეში, თუმცა დაველოდოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს... ხომ არ გვაჩერებთ საქართველოში, ხომ გვერეკებით ქვეყნიდან და აქ მაინც დაგვასვენეთ, არ შეიძლება?! 

_ ქვეყნიდან ვინ გერეკებათ?! 

_ ისე მეკითხები, თითქოს არ იცი. ნებისმიერი, ვინც არ მოეწონებათ, მივლენ და 3-დღიან ვადას მისცემენ ქვეყნის დასატოვებლად. თუ არ წახვალ, დაგიჭერენ და 223-ე მუხლით გაგიშვებენ „სროკზე“, ამიტომ, ბიჭები სასწრაფო წესით შოულობენ ბილეთის ფულს და ევროპაში მიდიან. აქ კიდევ ხელგაშლილი არავინ ხვდება და ზოგი უმძიმეს სამუშაოს თანხმდება, ზოგიც _ იპარავს იმიტომ, რომ მშიერი არ მოკვდეს. მითხარი გამოსავალი აბა?! აქ ჩამოსული, ენის უცოდინარი კაცი არავის რომ არ სჭირდება, რით უნდა არსებობდეს, რა უნდა ქნას? საქართველოში დაჭერით ემუქრებიან, აქ არ ემუქრებიან, მაგრამ სამსახურს არ აძლევენ. მითხარი, რა უნდა გააკეთოს, გისმენ!“ 

_ და მოპარვა გამოსავალია?! 

_ გამოსავალი არა, გადარჩენის საშუალებაა. მგონი, საქართველოშიც აღარ აქვთ ქეშად ფული სახლში, ყველაფერი ბარათებზეა და თუ ვინმე რამეს იპარავს, მართლა პურის ფულად უნდა. აქ ერთმანეთით გაგვაქვს თავი და შეგვეშვან, გვაცადონ მშვიდი ცხოვრება. 

ჩვენ დაკარგულები ვართ საქართველოსთვის და ჩვენს შვილებს მაინც დაუტოვონ უკან დაბრუნების შანსი. აბა, ჩემი შვილი რომ უყურებს, საქართველოს მოთხოვნით არაფრის გამო რომ მიჭერენ და მერე მიშვებენ, რა ხასიათზე დადგება?! გაუჩნდება მანდ წამოსვლის და ცხოვრების სურვილი?! რა თქმა უნდა, არა და ამიტომ ვამბობ, გვაცადეთ, შეგვეშვით, ჩვენ აქ გადარჩენისთვის ვიბრძვით და არ გვინდა, საქართველოდან დამატებითი პრობლემები...

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში