Menu
RSS

ერთი ტყიბულელი კაცის ისტორია

როგორ დაიჭირეს შოთია „მავნე ბალახის“ მოწევისთვის

მარიხუანას ლეგალიზაციას, როგორც მოსალოდენლი იყო, საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. წინა ხელისუფლების პერიოში გატარებული უმძიმესი სადამსჯელო პოლიტიკის გამო, სწორედ მარიხუანას მოხმარება-მოყვანისთვის ადამიანებს სერიოზული „სროკები“ ჰქონდა მისჯილი და, ბუნებრივია, მათი რეაქციაც შესაბამისი იქნება. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლება ვალდებულია, შექმნილი ქაოტური ვიტარებიდან გამოსავალი იპოვოს და სანქციები გაამკაცროს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები... მანამდე კი ერთი ისტორია...

ტყიბულელი შოთია სასჯელს, როგორც თავად ამბობდა, მავნე ბალახის მოწევის გამო იხდიდა. საბუთებით დიდი რუსთაველის სახელი კი ერქვა, მაგრამ ყველა შოთიას ეძახდა და შოთაზე ალბათ არც მოიხედებოდა. მისი მთავარი საზრუნავი ციხეში ჯანმრთელობისა და კბილების შენარჩუნება იყო, რადგან ჯერ ისე არ ჰქონდა ჯანმრთელი კბილები და მერე, გლდანის ციხის ზედამხედველებმა გაიმეტეს ერთხელ და, როგორც ქუთაისელი თანასაკნელი ეხუმრებოდა, შოთიას ორ კბილს „უდო“ შეეხო, ანუ პირის ღრუ ვადაზე ადრე დატოვა. 

„იდიოტი ვარ ძამი, იდიოტი. წარმოიდგინე, დამიჭირეს „პლანზე“, მომცეს ოთხი წელი პირობითი და ზედ ხუთი ათასი ლარი ჯარიმა მთხარეს. საწყალი დედაჩემი, ახალი წასული იყო ევროპაში, აქ ისესხეს ჩემებმა ფული და გადავრჩი რეალურ „სროკს“. ცალკე დედაჩემი მლანძღავდა, ცალკე _ ნათესავები და კი გავძელი ის ოთხი წელი „პლანის“ გარეშე. ერთადერთხელ მოვწიე მარტო, ისიც მაშინ, მეზობელმა მთაში რომ გარეკა საქონელი, მეც რომ გავყევი და ვიცოდი, სამი თვე უკან ჩამომსვლელი არ ვიყავი, მთაში კიდე ჩემი გულისთვის არავინ ამოვიდოდა“,_ ასე იწყებდა შოთია თავის ისტორიის მოყოლას ყოველ ახალ თანასაკნელთან და მსმენელიც არ აკლდა, რადგან წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანებს კონტეინერებით ასამართლებდნენ და ციხიდან ზონებზე მალე მიჰყავდათ, რათა ზონაზე ახლებისთვის ადგილები ყოფილიყო. 

„ჰოდა, გავიდა ოთხი წელი და, ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ. უფრო სწორედ, 13 სექტემბერია, ოთხი წელი გადის და 14 სექტემბრიდან თავისუფალი მოქალაქე ხარ შოთია. ნათესავებთან ვიყავი თბილისში ჩამოსული, დავდივარ ქალაქში მეზობლის ბიჭთან ერთად, მიხარია ცხოვრება. უცებ, ეს ბიჭი მეუბნება, „პლანი“ მაქვს და მოვწიოთო. არადა, ბოლო დღეა, ბიჭო, ოთხი წელი ვიწვალე, ყოველ კვირა საქონელივით მივდიოდი პრობაციის ბიუროში და ვფიქსირდებოდი. როგორი საქმეა? არ მოვწიო და ძნელია, მინდა ძალიან, მოვწიო და შემთხვევით რამე რომ დამემართოს, გული რომ წამივიდეს ქუჩაში და საავადმყოფოში წამიყვანონ, ხომ დავიღუპე კაცი“,_ ყვებოდა შოთია და თან თავში ისე მწარედ ირტყამდა ხელს, ახლები აჩერებდნენ, თავი გეტკინებაო. 

„მეტკინება კი არა, მოსაკლავი მაქვს, აი თავი, მოსაკლავი. შემაცდინა ეშმაკმა და წავყევი მოსაწევად. კიკვიძის ბაღში შევედით, მოვწიეთ და მეუბნება ის ჩემი ცოდვით სავსე, წავალ, წყალს მოვიტანო. „სუშნიაკი“ მაქვს, მინდა წყალი და დავუქნიე თავი. მომაჩეჩა პლანი, რაც გადაგვრჩა და წავიდა. ვდგავარ, ველოდები. ვხედავ, ორი კაცი მოდის ჩემსკენ, იცინიან, საუბრობენ. გამისწორდნენ თუ არა, „ქსივები“ გააძრეს, ნარკოლოგიურში უნდა წაგიყვანოთო. დავაპირე გაქცევა, მაგრამ დამიჭირეს. 

ჩამსვეს მანქანაში და მივყავარ განყოფილებაში. ეს „პლანი“ ჯიბეს მწვავს, მაგრამ არც მჩხრეკენ, არც არაფერს მეუბნებიან. მივედით განყოფილებაში, უფროსი მეუბნება _ იდიოტი ხარ შოთია, იდიოტი, ბოლო დღეს „პლანი“ რამ მოგაწევინაო. უცებ ამოვიღე ჯიბიდან ფაქტი, გავიქანე პირში და გადავყლაპე. მაგიზა ცალკე სროკია და იმას მაინც ავცდები-მეთქი. მიყურებს განყოფილების უფროსი გაკვირვებული, მერე ადგა, სეიფი გააღო, გამოიღო ერთი ცელოფანი „პლანი“, დამიდო წინ და მეუბნება _ აგერ, ჭამე რამდენიც გინდა და რაც დაგრჩება, ფაქტად ჩაგიდებო. მივხვდი, განწირული ვიყავი და მართლა ჩამიდეს იმაზე მეტი, ვიდრე მქონდა. 

მოსამართლემ ის ოთხი წელი ხომ გამიცოცხლა, ორიც ზედ დამიმატა და კიდევ 6 ათასი გადამახდევინა. ისევ ისესხა გასტუმრებული ფული დედაჩემმა და გადამარჩინა, თორემ ფულის გარეშე, ათ წელს მაძლევდნენ „პლანის“ დიდი ოდენობის გამო“, _ მოთქვამდა შოთია და მონათხრობის ბოლოს თვალებმოჭუტული ეკითხებოდა ყველა მსმენელს _ „აბა, თუ იცი, თავი რეიზა არ მოვიკალი?!“ _ ეს კითხვა ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო და საყვარელი იყო შოთიასთვის. რა თქმა უნდა, ყველა მხარს იჩეჩავდა, შოთია კი მიდიოდა თავის „შკაფთან“, იქიდან სათუთად გამოჰქონდა ფოტო და მსმენელს ანახებდა. 

„თიკოა ეს, ჩემი საცოლე. ამის გამო ვარ ჯერ ცოცხალი, თორემ რა მაცოცხლებდა ისე?! გავალ, ცოლად მოვიყვან და წავალ დედაჩემთან ევროპაში, ვალების გასტუმრებაშიც მივეხმარები და მეც ვიმუშავებ, რაღაც ხომ უნდა შევქმნა“, _ ამაყად ამბობდა შოთია, მისი თიკო (ასე ეძახდა, ჩემიაო) ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგო იყო, თუმცა კი შოთიას გაგიჟებით უყვარდა. 

ერთ არც თუ მშვენიერ დღეს, შოთიამ თიკას დაურეკა და თავზარდამცემი ამბავი შეიტყო _ გოგო გათხოვებას აპირებდა და თან ვისზე, მეზობელ ბიჭზე, რომელიც თურმე მთელი ცხოვრება ნატრობდა ძაღლი გამხდარიყო და ოცნება აისრულა _ პატრულში დაიწყო მუშაობა. გაგიჟდა შოთია, საკნის კედლებს აწყდებოდა, მაგრამ რას გახდებოდა აბა?! 

„ყურადღებით მომისმინე! სწორად იქცევა ეგ გოგო. შენნაირ ტიპს უნდა ელოდოს ექვსი წელი, თან იმის გარანტიაც არ აქვს, რომ გახვალ და უეჭველი ცოლად მოიყვან. არც იმის გარანტია აქვს, რომ ცხოვრებაში ოდესმე რამეს შექმნი იმიტომ, რომ „პლანის“ წევითა და მანაგუას სმით გაქვს ტვინი გალაყებული. ახლა კი ზიხარ და _ რატომ თხოვდებაო, გაიძახი. სწორად იქცევა ეგ გოგო, ჭკვიანი ყოფილა“,_ უთხრა საკნის მაყურებელმა ლაშამ და შოთიაც დაწყნარდა, თუმცა ის ღამე თეთრად გაათენა, დილით კი... 

„შენ ჭკვიანი კაცი ხარ და აი, რა მოვიფიქრე. გათხოვდეს, დეიდოს ჩემი ცოდვა, მაგრამ არ ვაპატიებ. ვითომ შევეგუე, ისე მოვიქცევი და მერე რომ გავალ, შეხვედრას ვთხოვ. ერთი რავა არ შემხვდება, ამ შეურაცხყოფისთვის გავაუპატიურებ და ჰყავდეს მერე იმ პოლიციელს!“ _ მთელი ღამის ნაფიქრი გაანდო პატიმარ #0578-ს. 

პატიმარმა შოთიას ყურადღებით შეხედა, მერე ჩაფიქრდა და ცოტა ხანში მძიმედ დაიწყო: „იდიოტი რომ იყავი, კი ვხვდებოდი, მაგრამ ამ დონის „სირი“ თუ იქნებოდი, ნაღდად არ მეგონა. ჯერ ერთი, კაცმა არ იცის, აქედან რა „მატორზე“ გახვალ, მერე მეორე _ იმ გოგოს ოჯახი ექნება, ქმარი, შვილი... ან შვილები. და შენ მიხვალ და აურევ? და არ არის ეგ გოგო სულელი და არა მგონია, შენს ერთ დაძახილზე ისეთ ადგილზე შეგხვდეს, გაუპატიურება მოახერხო და მერე იმის პატრული ქმარი რომ დაგიჭერს _ თუ ცოცხალი დაგტოვა, კი იცი ცალკე პოლიცია რას გიზამს და ცალკე კიდევ ზონა. აქ რომ გაუპატიურების მუხლით შემოხვალ, მერეც შოთია კი არ იქნები, გაგიშვებენ საქათმეში და ყოველ საღამოს განახებენ, როგორ უნდა გაუპატიურება. ახლა გადი, დაურეკე იმ შენ თიკოს, ბედნიერება უსურვე და, თუ მშვიდი ცხოვრება გინდა, დაივიწყე მაგის არსებობა. გაიგე?!“ _ ხმას აუწია #0578-მა. 

შოთიამ ნაცემი ძაღლივით დატოვა კამერა, მაგრამ არც იმ და არც სხვა დროს, აღარ დაურეკავს. უბრალოდ, დღიურის წერა დაიწყო და მთელ ბოღმას იქ ანთხევდა, თიკოს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა და ისიც კი მოიფიქრა, რომ მისი სურათი სხვა კამერის ბიჭებს მისცა _ კედელზე გააკარით როგორ ნაშაო, თუმცა იმ კამერაშიც ისხდნენ ღირსეულები, სურათი, უბრალოდ, დახიეს და ნაგვის ურნაში ჩაყარეს. 

* * * 

ციხიდან გათავისუფლებული შოთია არსად წასულა და არც ვალების გადახდაზე დაუწყია ზრუნვა. ტყიბულში, მამაპაპისეულ სახლს დაუბრუნდა და, უბრალოდ, გალოთდა. სავარაუდოდ, მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ, მოსაწევსაც მიეძალებოდა და... თიკოც, იმედია, ბედნიერია.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში