Menu
RSS

ზაზა სარალიძე: „მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება და არ მივაღწევთ ჭეშმარიტებას!“

შვილმოკლული მამებმა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადეს

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე კანცელარიის შენობასთან სასიკვდილო შიმშილობას აგრძელებს. მასთან ერთად პროტესტს გამოხატავს პანკისის ხეობაში ჩატრებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელსაც სარალიძის თქმით, შიმშილობას სარწმუნოება უკრძალავს. შვილმოკლული მამები საკუთარი შვილების მკვლელების დადგენასა და ხელისუფლების გადაყენებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნაც გამოაქვეყნა, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ კომისიის მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საკუთარი დასკვნა წარმოადგინეს, რასაც ზაზა სარალიძე კატეგორიულად არ ეთანხმება და სამარცხვინოს უწოდებს. რაც შეეხება, ,,ევროპული საქართველოს'' მიერ შექმნილ დასკვნას, სარალიძის თქმით, ის შედარებით მიახლოებულია ჭეშმარიტებასთან. ამ პროცესების ფონზე, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი და 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე, რომელიც მკვლელობის დღეს სკოლაში დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, თანამდებობიდან გადადგნენ. იმის გასარკვევად, მოვლენათა როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ და რა არის პროტესტის მთავარი მიზეზი, ,,ვერსია'' ზაზა სარალიძეს ესაუბრა:

 _ ბატონო ზაზა, როდესაც დროებითი საპარლამენტო კომისია იქმნებოდა, იმედს გამოთქვამდით, რომ ისეთ შედეგს დადებდნენ, სამართლიანობას მიაღწევდით. როგორ აფასებთ კომისიის მუშაობას და დასკვნას, რომელიც მმართველმა ძალამ და ,,ევროპულმა საქართველომ'' ცალკ-ცალკე გამოქვეყნეს? 

_ მეორე დასკვნა არ არსებობს. მხოლოდ ერთი დასკვნაა, რომელიც ,,ევროპულმა საქართველომ'' წარმოადგინა და რომელიც მიახლოებულია ჭეშმარიტებასთან. თუმცა, იქ გარკვეული საკითხები კიდევ არაა გამოკვეთილი იქიდან გამომდინარე, რომ ძიების პროცესში საკმაოდ გააყალბეს საქმე და გააქრეს მტკიცებულებები, დააშინეს მოწმეები. რაც შეეხება, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, უბრალოდ, არ შერცხვათ, როცა ამ დასკვნაში ჩაწერეს, ზაზა სარალიძისა და საზოგადოების მოთხოვნა მხოლოდ ის იყო, ვინ გაღუნა დანა, ვინ დაანგრია ფარდული და რატომ არ იყო მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიო? არ რცხვენიათ, ეს რომ დასკვნაში ჩაწერეს?! აქედან გამომდენარე რომელ ხელისუფლებასა და ნდობაზეა საუბარი, ვის ვენდო?! ფორმულირებაც კი შეცვალეს იმისა, რასაც ვითხოვდი. ზაზა სარალიძე და საზოგადოება ითხოვდა, დადგენილიყო, ვინ იყო მკვლელი, რომელიც არ არის გამოვლენილი დღეს და აღარც გამოავლენენ ესენი იქიდან გამომდინარე, რა განაცხადებიც გააკეთეს საპარლამენტო კომისიის წევრებმა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა და კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემაც კი გამაოცა ისეთი რამ თქვა _ ჩვენ ადამიანის უფლებების დასაცავად ვიბრძვით და ვიბრძოლებთო. ანუ, ჩემი შვილი რადგან მიწაშია, უფლებები აღარ გააჩნია, თუ როგორაა საქმე?! ესენი ყოფილან ნაძირლები და ეს ნაძირალა და მკვლელი ხელისუფლება უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას! სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, ჩემი შვილის სამართლიანობა არასდროს აღდგება. 

_ თუ გიკავშირდებიან შსს-დან, თუნდაც, როცა კომისიის მუშაობის პროცესში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, როცა მოწმეები ახლიდან იკითხებოდნენ, ინფორმაციას გაწვდიდნენ? 

_ კომისიის მუშაობის პროცესში ვიყავი შსს-ში დანის ტარის ესკიზები რომ აჩვენა კომისიამ, იმ დანასთან დაკავშირებით და ის ვიოდემასალა გამაცნეს, სადაც მიხეილ კალანდია ბავშვებს აჩვენებს დანას 51-ე სკოლასთან რომ მიდიან. მითხრეს, ექსპერტიზაზე გადაგზავნიდნენ, რათა დაედგინათ, თუ რა უკავია კალანდიას ხელში. 

_ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, საპარლამენტო კომისიაში საუბარი იყო იმაზე, რომ ვიდეოში ჩანდა მხოლოდ ტარი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? 

_ როგორც ბავშვები განმარტავენ, ტარზე აქვთ აქცენტი აღებული. არ ვიცი, ეს რა იარაღია, შესაძლებელია, ხელნაკეთი იარაღი იყო, შესაძლებელია, ტარი იყო და გადაკეთებული რამე იარაღად და შესაძლებელია პირდაპირ დანა იყო. 

_ ამის გარდა, შსს-ს არ გაუცნია თქვენთვის პოზიცია, თუ რას აპირებენ ამ საქმესთან დაკავშირებით? 

_ შსს-ს პოზიცია ვიცოდი იქიდან გამომდინარე, რომ ბოლოს პროკურატურაში როცა ერთად ვიყავით მისულები, მზაობას გამოხატავდნენ, მიხეილ კალანდია მიეცათ პასუხისგებაში, მაგრამ პროკურატურამ განაცხადა, არ გაგვაჩნია მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, რის გამოც ვერ მივცემთ პასუხისგებაში კალანდიასო. აი, იქ უკვე გასაგები გახდა ყველაფერი. 

_ იმას გულისხმობთ, რომ შსს-მ მოინდომა კალანდიას დაკავება და ამაზე პროკურატურამ განაცხადა უარი? 

_ დიახ, რა თქმა უნდა. პროკურატურა კბილებით იცავს მაქსიმალურად ყველას და ყველაფერს. 

_ რაც შეეხება, მირზა სუბელიანის საკითხს, მის საქმესთან დაკავშირებით ხომ არ გამოიკვეთა რაიმე ახალი გარემოება? 

_ არაფერი ვიცი, გაასაიდუმლოეს ყველაფერი და არაფრის საქმის კურსში არ ვარ. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მისცენ გარკვეული პირები, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს დანაშაულის დაფარვაზე ბრალდებულები. 

_ ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის დ.ღ.ს მიმართ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება. თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ მოზარდს შესაძლებელია, ჰქონოდა რაიმე მნიშვნელოვანი სახის ინფორმაცია თქვენი შვილის დაჭრასთან დაკავშირებით. ელოდებით, რომ ახალი საქმის განხილვის პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე გამოიკვეთება? 

_ ყველაზე დიდი შეცდომა პროკურატურამ მაშინ ჩაიდინა, როცა დ.ღ დააკავა იმ ბრალდებით, რომ მან სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. როცა მიხეილ კალანდიამ 6-ჯერ თუ 7-ჯერ შეცვალა ჩვენება. ელემენტარულად, იგივე ბრალდებით მაინც უნდა მიეცეს კალანდია პასუხისგებაში. კალანდიას კბილებით იცავენ, ის კი _ დააკავეს. 

_ ფიქრობთ, დ.ღ. სხვა სახის ბრალდებით უნდა დაეკავებინათ? 

_ აქ არა მარტო დ.ღ.-ზეა საუბარი. ჩხუბში ყველა მონაწილე პირი, ვინ რა დონის დანაშაული ჩაიდინა, უნდა მიცემულიყო პასუხისგებაში პირველივე დღეებში და ზუსტად მაშინ გაიხსნებოდა ეს საქმე. მომავლის საქმეა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დ.ღ არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდის სასამართლოს. 

_ თქვენი შვილის მეგობრებთან, მოზარდებთან გაქვთ რაიმე სახის კომუნიკაცია, ისინი ახლიდან დაიკითხნენ, ახალი ინფორმაცია ხომ არ მიუწოდებიათ? 

_ ჯერ ერთი, შეგნებულად არ ვკონტაქტობ არავისთან, რომ მოწმეზე ზეწოლაში არ დამადანაშაულონ. ამასთან, ვიცი რომ არავინ არაფერს იტყვის. 

_ ბატონო ზაზა, რა არის თქვენი კონკრეტული მოთხოვნა, რის გამოც შიმშილობა დაიწყეთ? 

_ ჩემი კონკრეტული მოთხოვნაა, რომ ეს მკვლელი ხელისუფლება მოცილდეს აქაურობას, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ახალი ხელისუფლების ხელში გაგრძელდება ეს გამოძიება ხელახლა. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, რადგან ესენი პასუხისგებაში არავის მისცემენ. მიხეილ კალანდიაც რომ მისცენ პასუხისგებაში, ჩავთვალოთ, რომ ყველა პროკურორი, ვინც ამ საქმეში იყო გარეული, ყველა გამომძიებელი უნდა მისცენ პასუხისგებაში. შესაძლებელია, მინისტრებიც მიეცენ პასუხისგებაში, ვინც მფარველობდა ამ გამოძიებას და ესენი კი ამას არ გააკეთებენ. 

_ თქვენს გვერდით პროტესტს აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას გამოკითხვაზე იბარებდა გამოძიება, ამ საქმეზე რა ხდება? 

_ ფაქტია, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ამ ადამიანზე, რომ ვეღარ შეძლოს პროტესტის გაგრძელება და დააშინონ, მაგრამ ამაში ძალიან ცდებიან და ავიწყდებათ, რომ ჩვენ ვართ შვილმოკლული მშობლები და დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ჩვენი შვილების სიწმინდისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ!!! 

_ ბატონო ზაზა, პოლიტიკოსები რატომ არ ჩართეთ თქვენს აქციებში? 

_ ჩვენი განაცხადების ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია ხდება, რომ თითქოს პოლიტიკოსებს არ მოვუხმეთ. ხაზს ვუსვამ, რომ აქციის ორგანიზატორები ვართ მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქცია პოლიტიკოსების გარეშე ნიშნავს, რომ ორგანიზატორები არ არინ პოლიტიკური პარტიები, თორემ პოლიტიკოსებისთვის არავის უქცევია ზურგი. ისინიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და შეუძლიათ პროტესტის გამოხატვა, უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენთან ერთად ბრძოლა. 

_ თუ თქვენი ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა ხელისუფლებამ, პროტესტს რუსთაველზე კარვების გაშლით გააგრძელებთ? 

_ დიახ, მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ არ აღდგება სამართლიანობა და არ მივაღწევთ ჭეშმარიტებას.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში