Menu
RSS

„გოგა რუსთავსკი“ გაქრა, „კალატოზა“ _ სასიკვდილოდ დაჭრილია!

ვინ იშორებს სოჭში ქართველ კანონიერ ქურდებს: აფხაზური თუ სომხური კრიმუნალური დაჯგუფება?!

10 სექტემბერს, სოჭის ცენტრში, თავს დაესხნენ „ქართველ კანონიერ ქურდს“ დავით ქარსელაძეს, იგივე „კალატოზას“. მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი და სოჭის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქართველი „კანონიერი ქურდი“, დავით ქარსელაძე, იგივე „კალატოზა“ გავლენით არამარტო რუსეთში, არამედ საქართველოშიც სარგებლობს. რამდენიმე წლის წინ, სკანდალიც კი ატყდა, როცა „კალატოზას“ გავლენის ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა ფირმამ ხელისუფლებას მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაურიცხა, მაგრამ მაშინ ეს ამბავი უხმაუროდ ჩამთავრდა. 

ქარსელაძე, ბოლო რამდენიმე წელი, რუსეთის ქალაქ სოჭში ცხოვრობს და, როგორც ამბობენ, ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია. „კალატოზა“ აკონტროლებს ყველას და ყველაფერს და მისი ხალხის გარეშე, სოჭში არაფერი ხდება. იმასაც ამბობენ, რომ ქარსელაძის მარჯვენა ხელი, კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ გიორგი გოგოლაძე, იგივე „გოგა რუსტავსკი“ გახლავთ, თუმცა... 

ოფიციალური ინფორმაციით, რუსი სამართალდამცავები გოგოლაძეს, მიმდინარე წლის, 30 აგვისტოს შემდეგ ეძებენ. ის, უბრალოდ, გაქრა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე არავინ იცის. როგორც სამართალდამცავებს უთხრეს, გოგოლაძე სალხში მივიდა, თუმცა მეზობლები ვერ ამბობენ დაზუსტებით, შევიდა თუ არა ის ბინაში. ერთ-ერთი ვერსიით, მას სახლთან რამდენიმე ადამიანი ელოდა, რომელსაც გოგოლაძე, სავარაუდოდ, იცნობდა, რადგან მათ ყოველგვარი სკანდალისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაჰყვა. ისე როგორ იქნება, რომ დაკარგულ ქურდს მისი მეგობრებიც არ ეძებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. 

გუშინ კი, სოჭის ცენტრში თავს დავით ქარსელაძეს დაესხნენ. თქმა არ უნდა - თავდასხმა შესაშინებლად ან ჭკუის სასწავლებლად არ იყო გამიზნული, თავდამსხმელს „კალატოზას“ ლიკვიდაცია სურდა და დარწმუნებული იყო, რომ ჩანაფიქრი განახორციელა კიდეც. 

საქმე ისაა, რომ „კალატოზას“ ზურგიდან, მიპარვით რამდენიმე ტყვია ესროლეს, თუმცა მხოლოდ ორი მოხვდა და ორივე მათგანმა გულის პარკუჭი დააზიანა. თავდამსხმელი, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, მაშინვე მიიმალა, „კალატოზა“ კი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

საავადმყოფოს, სამართალდამცავებთან ერთად, ქარსელაძის მეგობრებიც იცავენ და გამორიცხულია, რომ მას სამედიცინო დაწესებულებაში რამე დაემუქროს, თუმცა ექიმები დაზუსტებით ვერ ამბობენ, მოახერხებს თუ არა უმძიმესი ჭრილებებიდან „გამოძრომას“. 

ერთი რამ ცხადია - გოგოლაძის გაქრობა და ქარსელაძის დაჭრა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სოჭში ვიღაცას საკუთარი ინტერესები გაუჩნდა და ქართველების მოშორება გადაწყვიტა. რუს სამართალდამცავებს ეჭვი აფხაზურ კრიმინალურ დაჯგუფებაზე აქვს, რომელსაც დიდი ხანია სოჭზე თვალი უჭირავს, მაგრამ ისინი „კალატოზას“ ვერაფერს უბედავდნენ. 

აი, კრიმინალურ სამყაროში კი ეჭვობენ, რომ სოჭზე გავლენის მოპოვება სომეხ ქურდებს სურთ, მაგრამ სომხური კლანი არ არის იმ დონის, ქარსელაძე-გოოგოლაძის კალიბრის ქურდებს ეჭიდაოს. სოჭში მცხოვრები ქართველები კი ამბობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორ განვითარდება მოვლენები დღეს და ხვალ, რადგან ამ ამბავს გაგრძელება აუცილებლად ექნება და სოჭში კვირის ბოლომდე, რამდენიმე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ჩასვლას ელიან.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში