Menu
RSS

„თეთრ მაისურში, შავ შარვალსა და ბოტასებში გამოწყობილი კაცი“, რომელმაც რუსეთის სამხედრო ძალების საიდუმლო მასალები მოიპარა!

რა ჩვენებას მისცემს ჰაკერი ანდრეი ტურინი, რომელიც 7 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ს ფედერალურს სამსახურს გადასცა

ნამდვილად ვერ გეტყვით, კარგია თუ ცუდი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ჰაკერული დანაშაული ისე არ არის განვითარებული, როგორც ევროპასა თუ ამერიკაში.. როგორც ამ სფეროს ექსპერტები ამბობენ, საქართველოში არ არის ის ბაზარი, სადაც ჰაკერებს მუშაობა აინტერესებთ, რადგან დიდი ფული აქ ძალიან ცოტას აქვს და ვისაც აქვს, საიმედოდ დაცულია.

 

სამაგიეროდ, ევროპასა და ამერიკაში ჰაკერებისთვის ნამდვილი სამოთხეა. თუმცა, შემთხვევა, რომელსაც ამერიკის ფედერალური ბიურო იძიებს, თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა და საუბარია დაახლოებით 83 მილიონი ადამიანის ანგარიშიდან ფულის მოხსნაზე. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, თითო ადამიანი სულ რაღაც 20 დოლარით რომ დაზარალებულიყო, ჰაკერები მილიარდნახევარზე მეტს ჩაიჯიბავდნენ, თუმცა თანხები ბევრად დიდი და ასტრონომიულია. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი ანდრეი ტიურინი გახლავთ, 35 წლის ჰაკერი, რომელიც... ქართველმა სამართალდამცავებმა, 2017 წლის დეკემბერში, ამერიკული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მისი დაკავებიდან მალევე, რუსეთიდან მოვიდა თხოვნა მისი ექსტრადაციის შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელებმა უფრო წონიანი არგუმენტები წარმოადგინეს და მისი ექსტრადირებაც ოკეანის გაღმა მოხდა. 

თეთრ მაისურში, შავ შარვალსა და ბოტასებში გამოწყობილი ადამიანი ნიუ იორკის მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგინეს, სადაც მან განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ წინასასამართლო სხდომა 25 სექტემბრისთვის ჩანიშნა, მანამდე კი დაკავებული ციხეში გადაიყვანეს'', _ ასეთი მცირე განცხადება გამოქვეყნდა ამერიკულ მედიაში 8 სექტემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც 7 სექტემბერს ტიურინი საქართველოდან ფედერალური ბიუროს აგენტებმა წაიყვანეს. 

ამერიკული პრესა ტიურინის შესახებ რუსეთთან მიმართებაში წერს და ვარაუდობს, რომ 35 წლის ჰაკერმა მოახერხა და რუსეთის სამხედრო ძალების საიდუმლო მასალები მოიპარა, სადაც არამარტო ის ინფორმაცია იყო, რომელიც წესთთ არავინ უნდა იცოდეს, არამედ გეგმაც, თუ როგორ მოქმედებდნენ რუსული ძალები უკრაინაში და როგორ მოხდა ამ ქვეყნის ნაწილის ანექსია. რამდენად მართალია ამერიკული მედიის ინფორმაცია, ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოში გამოგზავნილ დოკუმენტაციაში სხვა ფაქტებთან ერთად, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულიც რომ იყო მითითებული, ფაქტია. 

ვინ არის ანდრეი ტიურინი და რატომ ვერ მოახერხა მოპარული თანხით „გაქრობა“?!, ამერიკელი სამართალდამცავების ცნობით, გუნდს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა შალელაშვილის შვილი, გარი შალონი ხელმძღვანელობდა. შალონი დაკავებული გახლდათ, თუმცა სასამართლო სხდომების დასრულებამდე თავდებით გაათავისუფლეს - მოსამართლეს გადაწყვეტილებით, ფედერალური ბიუროს აგენტები და პოლიცია (ერთმანეთისგან დამოუკიდებლად) 24-საათიან რეჟიმში უთვალთვალებს, ანუ მისი მიმალვის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. სწორედ შალონთან მეგობრობის გამო ვარაუდობენ, რომ ტიურინმა თავშესაფრად საქართველო აირჩია. 

რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულს. ერთი შეხედვით სქემა ძალიან მარტივია: შალონმა და ტიურინმა მოიფიქრეს კომპიუტერული პროგრამა (როგორც ამერიკელები ამბობენ, ამ საქმეში მათ ოცდაათამდე ადამიანი ეხმარებოდათ, რომელიც პირადად გარი შალონმა შეარჩია), რომლის მიზანი ის იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, მილიონობით ადამიანის პირადი მონაცემები კომპიუტერში მოხვედრილიყო და მათზე წვდომა ჰაკერთა ჯგუფს ჰქონოდა. თუმცა, მანამდე იყო პროგრამა, რომელიც იმავე ამერიკელი სამართალდამცავების მტკიცებით, ჰაკერების ჯგუფმა 2015 წელს გამოიყენა, როცა ბიტკოინების ყველაზე დიდი საცავიდან, მოულოდნელად ასი მილიონის ბიტკოინი გაქრა. ანუ, კრიპტოვალუტა, რომელიც ფეხს ბაზარზე მყარად იკიდებდა და თავიდან არც თუ დაცული იყო, ჰაკერების ხელში აღმოჩნდა. წესითა და რიგით, ასი მილიონი საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ჰაკერები მიმალულიყვნენ, მაგრამ სავარაუდოდ ისინი იმან გაათამამა, რომ კვალს ვერავინ მიაგნო, პროგრამა, რომელიც მათ შექმნეს, თვითგანადგურების რეჟიმში გადავიდა და უბრალოდ გაქრა. შედეგად, იმის გაგება, თუ რომელი კომპიუტერიდან თუ სერვერიდან განხორციელდა შეღწევა, გამორიცხული იყო. 

აი, მეორე პროგრამა, რომელიც მილიონობით ადამიანის პირად მონაცემებს აგროვებდა და ერთ სერვერზე ათავსებდა, ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგი გახლავთ. საბოლოო ჯამში, კომპიუტერმა 83 მილიონზე მეტი ადამიანის პირადი მონაცემი შეაგროვა და მათი ანგარიშებიდან თანხების გაქრობაც დაიწყო. თუმცა, იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს არ მომხდარა და პროგრამა თვითგანადგურების რეჟიმში ვერ გადავიდა, სამართალდამცავებმა დამნაშავეებს მიაგნეს. როგორც ამბობენ, პირველად მათ სრულიად შემთხვევით დააკავეს შალონის გუნდის ერთი წევრი და თავისუფლების სანაცვლოდ მას ყველაფერი ათქმევინეს. სწორედ იმ პირველად დაკავებული ჰაკერის ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცავებმა 30-მდე ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა ყველა მათგანი თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მათ ჰქონდათ კომპიუტერული ფირმა, სადაც მუშაობდნენ, ხელფასს იღებდნენ და არანაირ უკანონო ქმედებას არ ჩადიოდნენ. ამ სფეროს ექსპერტების მტკიცებით, ძალიან ბევრი რამ სწორედ ტიურინის ჩვენებაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც აქამდე დაკითხული არ ჰყავდათ, თუმცა საეჭვოა, საქართველოდან ექსტრადირებულმა პატიმარმა რამე თქვას, რადგან პირველი, რაც მან განაცხადა, ის გახლდა, რომ უდანაშაულოა. 

არის კიდევ ერთი ვარიანტი. ამერიკული მედია არ გამორიცხავს, რომ ფედერალური ბიურო დაკავებულებთან გარიგებაზე წავიდეს და სასჯელის შემსუბუქების ან მთლიანად გათავისუფლების სანაცვლოდ, მათ რუსეთიდან მოპარული დოკუმენტაცია მოსთხოვონ, დოკუმენტაცია, რომელთა არსებობაზე ყველა საუბრობს, მათ გაქრობას ირიბად ადასტურებს რუსული მხარეც, თუმცა თვალით ჯერ არავის უნახავს. ასეთ შემთხვევაში, ამერიკელებს ხელში ძალზედ საინტერესო მასალები ჩაუვარდებათ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და რეალურად, წაყენებული ბრალდებით, შალონსა და ტიურინს 30-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში