Menu
RSS

აფხაზი კანონიერი ქურდის „რეინჯ როვერი“ ყუმბართმტყორცნით ააფეთქეს!

რატომ დაჭრეს აშშ-ს ციხეში რაჟდენ შურღაია და ავთანდილ ხურციძე და რა ფოტოები გაუგზავნა „ხონსკიმ“ „ლავას ოღლის“ მეუღლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასულ წელთან შედარებით, კრიმინალი მომატებულია. არადა, მაშინ როცა ქართველი სამართალდამცავები მთელ ევროპაში, უცხოელ კოლეგებთან ერთად, სპეცოპერაციას სპეცოპერაციაზე ატარებენ, ქართველი კანონიერი ქურდების აბსოლუტური უმრავლესობა თურქეთშია და იქიდან აკონტროლებს სიტუაციას.

სამართალდამცავები არც იმას მალავენ, რომ ე.წ. კაი ბიჭებს კანონიერი ქურდები სწორედ თურქეთიდან აძლევენ მითითებებს. აი, დაკავებისა და ციხეში მოხვედრის შემთხვევაში, „კაი ბიჭები“ ზონაზე ავტორიტეტით სარგებლობენ, რადგან ქურდებთან აქვთ ურთიერთობა. თურქეთის გარდა, კიდევ ერთ შავ ხვრელად, ქართველი სამართალდამცავებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია რჩება, სადაც ასევე არაერთი კანონიერი ქურდი მშვიდად გრძნობს თავს. უფრო კონკრეტულად კი, მშვიდად პოლიციელთა მხრიდან, თორემ ერთმანეთში ისეთი არეულობა აქვთ, ამ სფეროს ექსპერტები სერიოზულ ომს ელოდებიან, რისი ნიშნებიც აშკარად არის. 

27 აგვისტოს, მარიამობის წინა დღეს, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აფხაზი ქურდის, რაულ ბარცბას (იგივე პიზა) „რეინჯ როვერს“ ყუმბართმტყორცნიდან ესროლეს. დიახ, ავტომობილს ყუმბართმტყორცნიდან ესროლეს ქალაქ გუდაუთაში და ააფეთქეს. მართალია, ამ დროს მასში არავინ იმყოფებოდა, მაგრამ ის რომ მსროლელებს ავტომობილი არ აერიათ, იოლი მისახვედრია. ეს უფრო გაფრთხილებას ჰგავდა, რადგან აღნიშნული ავტომობილით არა თავად ბარცბა, არამედ მისი ოჯახის წევრები გადაადგილდებიან. 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ საქმის გასახსნელად“, _ განუცხადა ადგილობრივ მედიას ოკუპირებული აფხაზეთის მილიციის უფროსმა გარი არშბამ, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ამ საქმის გახსნა გამორიცხულია, რადგან ყუმბართმტყორცნი ნაპოვნია, მასზე კი არანაირი თითის ანაბეჭდი არ არის. 

 

სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, იმასაც გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია და მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, ავთანდილ ხურციძე დაჭრეს. ჩხუბი პატიმრებს შორის მოხდა და, როგორც ამერიკული მედია იუწყება, შულაიას დაპირისპირება ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერთან მოუხდა. მოგეხსენებათ, ამერიკაში კანონიერ ქურდებს არ სცნობენ, იქ სხვა საზომებია და პატიმრებში ავტორიტეტით „ბარიგები“ სარგებლობენ, რასაც, სავარაუდოდ, შულაია ვერ შეეგუა და ჩხუბიც ამის ნიადაგზე დაიწყო. სამწუხაროდ, ჩხუბის შედეგად, შულაიაცა და ხურციძეც ცივი იარაღით დაჭრეს და იმის გათვალისწინებით, რომ ორივე სახის არეშია დაჭრილი, ეს მკვლელობის მცდელობას არ ჰგავს. სავარაუდოდ, ქართველები გააფრთხილეს, რომ მათთან ხუმრობას არ აპირებენ და დაპირისპირების გაგრძელების შემთხვევაში, შედეგები უფრო მძიმე იქნება. 

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ბათუმელმა კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, იგივე „ლავას ოღლიმ“ საცხოვრებლად თურქეთი აირჩია. მის სიმშვიდეს მყუდროება მაშინ დაერღვა, როცა ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, საპყრობილე ასლან ქობულაძემ დატოვა. კიდევ ერთმა აჭარელმა ქურდმა ხმამაღლა განაცხადა, რომ გორაძე არასწორად მოიქცა, რადგან, როგორც კი ქობულაძე დააკავეს, ყველა ობიექტი, რომელსაც ის აკონტროლებდა, „ლავას ოღლიმ“ უბრალოდ მიითვისა და პატიმრობაში მყოფი ქურდი მშიერი დატოვა. მეტიც, ქობულაძემ ისიც კი თქვა, მინდია გორაძე კანონიერი ქურდი აღარ არისო და ამ განცხადების დამტკიცება მას დიდ „სხადნიაკზე“ მოუწევს, რომლის გამართვასაც ქურდები კარგა ხანია აპირებენ, მაგრამ ჯერჯერობით თავი ვერ მოაბეს, რადგან ყველა ერთსა და იმავე დროს ვერ იცლის. ეს საკითხი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია არამარტო გორაძის, არამედ მთლიანად ქურდული სამყაროს თავზე, რადგან თუ ქობულაძე თავისას გაიტანს, ბევრი რამ ყირაზე დადგება და მერე უკვე სხვა ქურდებსაც შეექმნებათ საფრთხე, რადგან ისინი ლავას ოღლის ქურდად აღიარებენ, რის გამოც ქობულაძემ შემდგომში შესაძლოა პრეტენზია წაუყენოს. 

აი, ქობულაძემდე კი ლავას ოღლიმ საქმის გარჩევა ჯეირან კინწურაშვილთან (ხონსკი) მოასწრო. შეგახსენებთ, რომ მაშინ როცა გორაძე სასჯელს იხდიდა, კინწურაშვილმა მის მეუღლეს არც თუ მისაღები სურათები გაუგზავნა, რის გამოც, ციხიდან გამოსულმა მინდიამ, „კოლეგა პო ცეხუ“ სასტიკად სცემა, თუმცა მის ქურდულ სტატუსს ვერ შეეხო, რამეთუ ქალის (თუნდაც ცოლის) გამო ქურდის სახელს არავინ დაკარგავს. ამის მიუხედავად, ყველა დარწმუნებული იყო, რომ გორაძე ამ წყენას ასე მარტივად არ გადაყლაპავდა და ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. 

12 აგვისტოს, თურქეთის ქალაქ ჰოფაში, ერთ-ერთი სასტუმროს ვიდეოთვალმა დააფიქსირა, როგორ უსწორდება გორაძე კინწურაშვილს. როგორც გაირკვა, ლავას ოღლიმ „ხონსკი“ გარჩევაზე დაიბარა და პრეტენზია იმის გამო წაუყენა, თითქოს ამ უკანასკნელმა აჭარელ ქურდზე რაღაც თქვა და ნათქვამის ახსნა მოსთხოვა. საბოლოოდ კინწურაშვილს საქმის გარჩევა გორაძესთან ერთად, მისმა უახლოესმა მეგობარმა, ასევე კანონიერმა ქურდმა, გია ღოღელიანმა დაუწყო. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ჯერ ღოღელიანმა დაარტყა ჯეირანს, შემდეგ საქმეში გორაძეც ჩაერთო, კოლეგა იატაკზე დააგდო და ღოღელიანთან ერთად წიხლით შედგა. 

„მინდიამ ჯეირანი იქვე გამოაცხადა არაქურდად და მას თავი ღოღელიანმაც დაუქნია. ორივე ძალიან გავლენიანი ქურდია და ამიტომ, მათ ვერავინ შეეპასუხა, მაგრამ კინწურაშვილი არ ნებდება და ამბობს, რომ სტატუსს უსამართლოდ შეეხნენ და „სხადნიაკს“ ითხოვს. რეალურად, მას იმის იმედი აქვს, რომ მომავალ „სხადნიაკზე“ ტიტულის გარეშე სწორედ გორაძე დარჩება და კინწურაშვილი დაკარგულ სახელს დაიბრუნებს. მინიშნებითაც კი არავის უთქვამს, რომ ქურდის სახელი შეიძლება ღოღელიანმაც დაკარგოს. შესაბამისად, კინწურაშვილს ახლა ის უფრო აქვს სანერვიულო, რას იტყვის ღოღელიანი, ვიდრე ის, თუ რას იზამს გორაძე“, _ გვითხრა თურქეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან დაახლოებულია. 

მისივე მონათხრობით ირკვევა, რომ ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით უმზერს დღეისათვის ყველაზე გავლენიანი ქურდი ნადირ სალიფოვი, იგივე „გულუ“. გორაძე მის უახლოეს მეგობრად ითვლება, მაგრამ თუ აჭარელ ქურდს სერიოზული პრეტენზიები წაუყენეს და მის სტატუსს რამე დაემუქრა, „გული“ თავს არ გადადებს და ჩასაძირად განწირულ ლავას ოღლის თან არ ჩაჰყვება. სავარაუდოდ, სწორედ ამ უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით „გულუს“ დაანონსებულ „სხადნიაკზე“ მონაწილეობის მიღება არ სურს, ქურდებმა კი შეკრება რამდენჯერმე სწორედ აზერბაიჯანელი ავტორიტეტის მოუცლელობის გამო გადადეს. 

როგორც ამბობენ, „გულუ“ ახლა იმაზე უფრო ფიქრობს, რა მოუხერხოს ტარიელ ონიანს, რომელიც ციხიდან ძალიან მალე გამოვა, ვიდრე იმაზე, თუ როგორ მოიქცეს „სხადნიაკზე“, რომელიც მას უბრალოდ არ აინტერესებს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სალიფოვმა იარაღის მუქარითა თუ ტკბილი სიტყვით, რუსეთში სერიოზული ტერიტორიები აითვისა და მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ხარკს სწორედ ონიანს უხდიდნენ. ციხიდან გამოსული „ტარო“ აუცილებლად მოინდომებს წართმეულის დაბრუნებას და ახსნა-განმარტებებსაც მოითხოვს, ეს კი „გულუს“ ყველაზე ნაკლებად აწყობს. სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ონიანის გარემოცვა ბოსისთვის დაცვის სპეციალურ შემადგენლობას აგროვებს, რომლებიც ტარიელს ციხის კარებიდანვე დაიცავენ. ერთი ეგაა, რუსეთის სამართალდამცავი უწყების დადგენილებით, ონიანს გათავისუფლების შემდეგ, 24 საათი ექნება რუსეთის ფედერაციის დასატოვებლად, სხვა შემთხვევაში მას ისევ დაიჭერენ და ახლა საინტერესო ის არის, რომელ ქვეყანაში გაემგზავრება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდი. თუ ონიანი სხვების დარად თურქეთში წავა, მაშინ „გულუს“ სიმშვიდეს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. მითუმეტეს, რომ, ევროპაში წასვლის შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობით, ონიანი მორიგი სპეცოპერაციის მსხვერპლი შეიძლება გახდეს და კვლავ გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში