Menu
RSS

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გახსნა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბათუმში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გახსნა და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერა. 

აღნიშნული საექსპერტო ლაბორატორიები, ბალისტიკური ექსპერტიზის ტირი, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, საცავები და საოფისე სივრცე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ახალი შენობა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. 

INL-მა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ნარკოტიკებისა და უცნობი ნივთიერებების მაღალი სიზუსტის კვლევის 2 სისტემა საჩუქრად გადასცეს. დეპარტამენტმა კრიმინალისტიკური ჯგუფების შემთხვევის ადგილზე გადასაადგილებლად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსგან „ტოიოტა ფორტუნერის“ მოდელის 2 ავტომანქანაც მიიღო. 

შენობის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები, ევროკავშირის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს და FBI-ს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ. 

შენობა, სადაც ახალი ლაბორატორიები მოეწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა.

დაბრუნება დასაწყისში