Menu
RSS

მიხეილ რამიშვილი: „თვით პატრიარქის სულიერი მოძღვარი შებრძანდა მამა გიორგისთან და პირდაპირ უთხრა პატრიარქის პოზიცია!“

შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი

უზენაესმა სასამართლომ ,,ციანიდის საქმის'' განხილვაზე უარი განაცხადა, ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რის გამოც გაჩნდა მოსაზრება, რომ გვენეტაძის ეს ნაბიჯი სწორედ საუკუნის სკანდალად წოდებულ საქმეს დაუკავშირდა. ეს ეჭვი იმანაც განამტკიცა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგ მარგველაშვილმა უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენაზე და ეს საკითხი იუსტიციის საბჭოს პრეროგატივად დატოვა. პარალელურად დეკანოზის ადვოკატებმა პრეზიდენტ მარგველაშვილს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით უკვე მეორედ მიმართეს და აპირებენ, ,,ციანიდის საქმეზე'' საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანონ. ამ საკითხებზე ,,ვერსია'' დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა, რომელიც მეუფე იაკობის ბოლოდროინდელ მწვავე განცხადებებსაც ეხმაურება:

 

_ ბატონო მიხეილ, როგორ შეაფასებთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ,,ციანიდის საქმის'' წარ¬მოებაში არმიღების შესახებ? 

შეფასება მარტივია _ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება! თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველმა ინსტანციამ და სააპელაციო სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოიტანა, უზენაეს სასამართლოს სხვა არჩევანი არ რჩებოდა, წარმოებაში მიღების შემთხვევაში, მიუხედავად დავალებისა, იძულებულნი იქნებოდნენ, გამამართლებელი განაჩენი გამოეტანათ. აქედან გამომდინარე, გამონახეს ,,ოქროს შუალედი'' და არ მიიღეს წარმოებაში, ფორმალურა¬დაც კი არ განიხილეს ეს საქმე. 

_ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ხომ არ უკავშირებთ მის ამ ნაბიჯს გადაწყვეტილებას ,,ციანიდის საქმეზე''? 

_ ნინო გვენეტაძის გადადგომას ამ გადაწყვეტილებისგან არ გავმიჯნავ, ალბათ მცდელობა ერთი მოსამართლის მხრიდან მაინც, რათა წარმოებაში მიეღოთ ,,ცინიდიას საქმე'', მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა და ასე გადაწყვიტა. გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა პირობებში უწევდა მუშაობა ნინო გვენეტაძეს იუსტიციის საბჭოში... 

_ დეკანოზის დაცვის მხარემ გადაწყვიტეთ, რომ ,,ცინიდის საქმე'' სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროთ. Kონკრეტულად, რა კვალიფიკაცია ექნება თქვენს საჩივარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში? 

_ პირველ და მეორე ინსტანციებში, ასევე წინასწარი გამოძიებისას არსებითად დაირღვა როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ასევე _ ევროპის კონვენციები: ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპცია, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპები, დაუშვებელი მტკიცებულებების მოპოვება და ა.შ. ამ უსამართლობას კი უზენაესმა სასამართლომ ,,დაადგა გვირგვინი''. მოლოდინს რაც შეეხება, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რამდენი საქმე წასულა სტრასბურგში და დაბრუნებულა ჩვენი მართლმსაჯულების სასირცხვილოდ? ეს იქნება ერთ-ერთი გვირგვინი იმ სირცხვილისა, ისტორიაში ,,შავ ლაქად'' ჩაწერილი გადაწყვეტილება, რაც მიიღო ქართულმა მართლმსაჯულებამ. 

_ რატომ გახდა საჭირო დაკავებული დეკანოზის ადვოკატთა რიცხვს ახალი უფლებადამცველი, დავით ჯანდიერი, შემატებოდა? 

_ ჯანდიერი ჩემი კოლეგაა, მასთან გირგვლიანის საქმიდან მოყოლებული არაერთხელ მქონია საქმიანი ურთიერთობა და, როგორც კოლეგა და პროფესიონალი, გუნდში მივიღეთ, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. 

_ პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებისთვის უკვე მეორედ მიმართეთ, პირველად მან უარი განაცხადა, ახლა რა მოლოდინი გაქვთ? 

_ დიახ, პირველად გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხვდა პრეზიდენტის ხელთ ან შეიძლება, გარკვეულმა პირებმა იმოქმედეს ამაზე... 

_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ? 

_ მოგეხსენებათ, შეწყალების კომისიაში არის სასულიერო ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე და არ გამოვრიცხავ, რომ მას გარკვეული ლტოლვა ჰქონოდა, რომ პირველ ეტაპზე მამა გიორგი არ შეეწყალებინათ. მოგეხსენებათ, მღდელმთავრები ძალიან ხშირად იცვლიან პოზიციებს. თავიდან მეუფე იაკობი თამამად აცხადებდა, რომ ენდობა გამოძიებას და მიაჩნია, რომ მამა გიორგი დამნაშავეა. მეორედ აშშ-ში განაცხადა, რომ აღარ ენდობა გამოძიებას და ის წინააღმდეგი არ იქნება, შეიწყალოს პრეზიდენტმა მამა გიორგი, ოღონდ თუ ჩუმად იქნება. ხოლო მესამე ქადაგებაზე ავაზაკი უწოდა მამა გიორგის. საერთოდ, ავაზაკს ყველა ავაზაკი ეჩვენებაო, სჯობს, თავის წარსულს მიხედოს და გადაავლოს თვალი. 

რაც შეეხება მისგან მუქარას, რომ შარში გაეხვევიან ის ადამიანები, ვინც მამა გიორგის იცავს, შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ ძალიან დიდ შარში თავადაა გახვეული. მთელი ფინანსები მის ხელთ იყო. საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონს იღებს და რაში ხარჯავს, ღმერთმა უწყის. მთელი ბიზნესი და კორუფციული სისტემა იყო მამა გიორგის მიერ გაშიფრული და იმიტომაც გაწირეს. რაც შეეხება ე.წ. მეუფე იაკობს, ჩემთვის უსახელოა მაინც, მისი ქმედებები, ქადაგებები და მუქარები აბსოლუტურად სცილდება მორალურ, ზნეობრივ და სამართლებრივ ჩარჩოებს. მისი მარტო ის მუქარა, რომ ვითომ მამა კახაბერ გოგატიშვილთან შანტაჟი განხორციელდა, დიდი სიცრუე იყო, რადგან ერთადერთი პიროვნება, ვინც მამა კახაბერს ხვდებოდა, ვიყავი მე და მამა კახაბერი ვერასდროს დაადასტურებს, რომ ჩემი მხრიდან რაიმე ფორმით შანტაჟს ჰქონდა ადგილი. 

_ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ის იცნობს პატრიარქის პოზიციას და რომ პატრიარქი მამალაძეს დამნაშავედ მიიჩნევს. 

_ ესეც სიცრუეა. თვით პატრიარქის სულიერი მოძღვარი შებრძანდა მამა გიორგისთან და პირდაპირ უთხრა პატრიარქის პოზიცია, რომ პატრიარქს სჯერა მამა გიორგის უდანაშაულობის. 

_ და რაში უნდა სჭირდებოდეს მეუფე იაკობს ამ სიცრუის გავრცელება? 

_ ,,წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო'' - ხომ გაგიგიათ? იმდენად ჩართულია ამ სიბინძურეში ეგეც და გარკვეული ჯგუფიც, რომ ყველანაირად ცდილობენ, თავი გამოიძვრინონ. 

_ მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ შემოდგომაზე წმინდა სინოდი ,,ციანიდის საქმეს'' განიხილავს და შესაძლოა, მამა გიორგის დეკანოზის წოდება ჩამოერთვას. თავად მამა გიორგი როგორ შეხვდა ამ განცხადებას? 

_ რა სტატუსის ჩამორთმევაზეა ლაპარაკი, როცა ჯერ გასარკვევია, ეს ადამიანი დამნაშავეა თუ _ არა. სტრასბურგიდან რომ ჩამოვა გამამართლებელი განაჩენი, მერე რას იტყვიან, მოდი, შევცვალოთ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება და გამტყუნებული ადამიანი მართლად ვცნოთო?!

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში