Menu
RSS

„საქართველოში ბავშვთა შორის ძალადობის, სუიციდის მცდელობისა და ბულინგის სტატისტიკა მწირია, რადგან სკოლა ცდილობს, ფაქტები დამალოს!“

რატომ გახშირდა მოზარდთა სუიციდის ფაქტები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 16 წლის გოგონას თვითმკვლელობამ საზოგადოება შეაშფოთა. დაკავებულია 22 წლის მამაკაცი, რომელმაც გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილმა ნ.ბ.-მ სოციალური ქსელის _ ფეისბუქის საშუალებით გაიცნო და გარკვეული დროის განმავლობაში ჰქონდა მიმოწერა. მოგვიანებით ბრალდებული აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. სწორე დეს ფოტოები გახდა გოგონას შანტაჟის საგანი, რის გამოც შეშინებულმა სკოლის მოსწავლე გოგონამ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გოგონამ თვითმკვლელობამდე დედას შემზარავი წერილი დაუტოვა, სადაც საკუთარ განცდებს აღწერს და ცდილობს, ახსნას, რომ მან საკუთარი შეცდომის გამხელა ვერავისთან, მათ შორის მშობლებთანაც ვერ გაბედა. 

მართალია, გოგონას ტრაგედიამ საზოგადოებაში დიდი დისკუსია და ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ფაქტი მალევე მიავიწყდათ და, ღმერთმა დაგვიფაროს, სავარაუდოდ, მომავალ ასეთ ან უარეს ტრაგედიამდე აღარავის გაახსენდება. არადა, პრობლემა რომ გადაუჭრელია და მოზარდებში სუიციდის ფაქტები გახშირდა, ფაქტია. ,,ვერსია'' დაინტერესდა, რატომ გახდა დილემა 16 წლის მოზარდისათვის სიმართლის გამხელა, არის თუ არა აუცილებელი სკოლებში სექსუალური განათლების შეტანა და მათთან ამ საკითხებზე საუბარი. ამ და სხვა პრობლემებზე ექსპერტს განათლების საკითხებში _ ლაშა მკურნალიძეს ესაუბრა:

_ 21-ე საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიები, მასმედია ვითარდება. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც იმას განაპირობებს, რომ სკოლის მოსწავლეს ,,ზღვა'' ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით, სკოლებში გარკვეული დოზით სექსუალური განათლება უნდა შევიტანოთ, მითუმეტეს ე.წ. გარდატეხის ასაკში, როცა ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფორმირება ხდება. ამ პერიოდში აუცილებელია კონტროლირებადი, სწორი ინფორმაციის მიწოდება, რათა ბავშვებმა სწორი დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ. ეს მნიშვნელოვანი და საჭიროა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს. უბრალოდ, ჩვენს სინამდვილეში, ეთნოფსიქიკის, ტრადიციების, ისტორიის გათვალისწინებით ამ ყველაფერს ხშირად სხვაგვარად იგებენ, ამიტომ დასავლური პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა არასწორი იქნება და ადაპტაცია, შესაბამისი შეფასებებისა და დასკვნების გაკეთებაა საჭირო. ყველაზე მთავარი საზოგადოების ინფორმირებაა, რადგან ხშირად აჟიოტაჟი, რომელიც ატყდება ხოლმე, არასწორადაა გაგებული, თუმცა პრივატულ საუბრებში საბოლოოდ ყველა თანხმდება, რომ ნამდვილად საჭიროა სკოლებში სექსუალური განათლების შეტანა. 

_ მითუმეტეს ამ ასაკში ბავშვებს ტაბუდადებული თემებისადმი მეტი ინტერესი უჩნდებათ და ცდილობენ თავად მოიპოვონ ინფორმაცია... 

_ ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ევოლუციის ნაწილი და მამოძრავებელი ძალაა. განვითარებისთვის არის გამრავლება და სექსუალური ლტოლვა, რასაც ლიბიდო ჰქვია, ჩვეულებრივი ამბავია. ამის კასტრაციას ვერ მოვახდენთ და ეს ბუნების მამოძრავებელი ძალების წინააღმდეგ წასვლა იქნება, რაც შეუძლებელია. უბრალოდ, იმ რეალობის სწორად მართვა უნდა შევძლოთ, რაც ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს. 

ამ კუთხით ძალიან საინტერესო ქვეყანაა იაპონია, რადგან იქაური სექსუალური განათლების ფორმები ჩვენი სოციუმისთვის ძალიან ამორალური და გაუკუღმართებულია. მიუხედავად ამისა, იაპონიაში გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის ფორმები მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველაფერი კი საბოლოოდ შედეგებით უნდა განვსაზღვროთ. შედეგი, ერთის მხრივ, არის მორალური ასპექტი. თუ გარყვნილებაში გადავიდა და საზოგადოების მორალური ხრწნა დაიწყო, რა თქმა უნდა, მიუღებელია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მეორეს მხრივ, სუიციდი, ძალადობა და ბულინგი შედეგია, რაც ძალიან ცუდის მომასწავებელია. საქართველოში, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბავშვებს შორის ძალადობის, სუიციდის მცდელობისა და ბულინგის სტატისტიკა მწირია, არასწორია, არაეფექტურია, რადგან სკოლა ცდილობს, არ ისაუბროს ამაზე. 

_ რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის მშობელთან და პედაგოგთან ურთიერთობისას იმის განცდა, რომ მას ნებისმიერ საკითხზე შეეძლება საუბარი და ტაბუდადებული თემები არ იარსებებს? 

_ ორი დიდი პრობლემა გვაქვს _ მშობელთა ჩართულობის და სკოლების, რადგან პრობლემის იდენტიფიცირება ხშირად ვერ ხდება. რატომღაც ხელს იშვერენ მხოლოდ სკოლის ფსიქოლოგისკენ. სინამდვილეში შეუძლებელია, ერთ ფსიქოლოგს 2000 ბავშვიან სკოლაში ყველა ბავშვზე ჰქონდეს სრული წარმოდგენა და პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინოს. ცალსახად ვთანხმდებით იმაზე, რომ პედაგოგი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის, იცის ფსიქოლოგია, პედაგოგიური მიდგომები და მათ უნდა შეეძლოთ ამ პრობლემების იდენტიფიცირება. თუნდაც, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზეც პედაგოგს და ადმინისტრაციულ პერსონალს უნდა შეძლებოდა იდენტიფიცირება, რადგან პრობლემა უცებ არ დაწყებულა. ამ გოგონას სუიციდის შემთხვევაშიც პრობლემას წინაპირობები ექნებოდა და ამის იდენტიფიცირება მშობელსა და სკოლას უნდა მოეხდინა. თუ ამ მიმართულებით არ ვითარდება პედაგოგი, სისტემურ პრობლემას ვაწყდებით. ამ შემთხვევაში არა განათლების, არამედ აღზრდისა და პედაგოგიური მიდგომის პრობლემებზე ვსაუბრობ. 

_ სოციალურ ქსელში წერენ, რომ მასწავლებელები ანატომიის საგანში რეპროდუქციულ სისტემასაც კი ვერ ხსნიან ნორმალურად და ზერელედ უდგებიან ამ საკითხის კლასში განხილვას. განათლების სისტემამ ყველაზე დიდი როლი არ უნდა ითამაშოს ამგვარ საკითხებზე ტაბუს მოხსნაში? 

_ განათლების სისტემა ნამდვილადაა ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებას ეკისრება. გოგონას თვითმკვლელობის შემთხვევაში, ჩემი შეფასებით, პრობლემა იმით დაიწყო, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ კულტურაში ეს არის ტაბუდადებული, მარგინალიზირებული თემა და კატასტროფა. იმ ბავშვს რეალურად შეეშინდა მშობლების შეფასების, მშობლები კი საზოგადოების ნაწილია. შეეშინდა, საზოგადოება რას იტყოდა და ამის ნიადაგზე მშობლები რას იტყოდნენ. ეს კი მისთვის სამყაროს დასასრული იყო ანუ ეს არის საზოგადოების კულტურაში არსებული შავი ლაქა, წიგნიერების დაბალი დონე... 

თუ საზოგადოების მხრიდან არ იქნება მხარდაჭერილი იდეა, სკოლის ყველანაირი მცდელობა წარუმატებელი იქნება. მხარდაჭერისთვის კი საჭიროა ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა, საზოგადოების წევრების დარწმუნება, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, საჭირო, აუცილებელი და ამაზე აპელირება უნდა ხდებოდეს. როცა სკოლაში რაღაც საგანს ასწავლიან, ხოლო სახლში, ეზოში ამას კიცხავენ, ეს ბავშვისთვისაც მიუღებელია. ამის გარკვევა განათლების პოლიტიკის საკითხად უნდა იქცეს. 

რეპროდუქციულ განათლებაზე გაკვეთილი, მე პირადად, საერთოდ არ ჩამტარებია, რადგან თავი აარიდა პედაგოგმა. სწორედ მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, როგორ მიაწვდის ამ ინფორმაციას აღსაზრდელს და როგორ მოხდება განხილვა. ეს შეიძლება იყოს სამეცნიერო, სახალისო ან სხვა ინტერესთა სფეროების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტენდენციები ახალგაზრდებში ხშირად იცვლება. გემოვნება, დამოკიდებიულება თუნდაც მუსიკისადმი, მოდისადმი ცვალებადია და ზუსტად ამ ტენდენციებს უნდა მოვარგოთ მათთან მუშაობა. 

_ წელს იწყება საგნის _ ,,მე და საზოგადოება'' სწავლება, სადაც ისეთი საკითხებია შეტანილი, რასაც საზოგადოების ნაწილი, საპატრიარქო ეწინააღმდეგება. 

_ ამაშიც არის გარკვეული ლოგიკა, რადგან ერის ეთნოფსიქიკა, კულტურული და ისტორიული თავისებურებები უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, ფინეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში კულტურის ნაწილია და ტრადიციად ითვლება ფინურ აბანოში მთელი ოჯახის ან საზოგადოების ერთად წასვლა. ეს მათი კულტურის, გადარჩენის ნაწილი იყო _ ჰიგიენა, დაავადების პრევენცია თამაშობდა დიდ როლს. ანუ პირველადი შეხება სქესთა შორის განსხვავებაზე ბავშვს ფინური აბანოს სპეციფიკიდან გამომდინარე აქვს და სხეულის სიშიშვლე და სქესთა შორის განსხვავება ადრეული ასაკიდანაა მიღებული, ამიტომ უფროს ასაკში ეს განსაკუთრებულად არ აღიქმება. ეს მაშინ, როცა სამხრეთ და აზიის ქვეყნებში, ასევე ჩვენი კულტურის ნაწილიც იყო დაახლოებით მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, რომ ფეხის კოჭი და ხელის ნაწილი არ უნდა გამოჩენილიყო. ამ ყველაფრის ასე უცებ შეცვლა, რა თქმა უნდა, ძნელია და ამიტომ ვამბობ, რომ არ შეიძლება დასავლური გამოცდილება პირდაპირ გადმოვიღოთ. შესაბამისად, კონსენსუსის მიღწევა საზოგადოებასა და საპატრიარქოსთან შესაძლებელია, თუ გარკვეული ზღვარი იქნება დაცული.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში