Menu
RSS

მიხეილ რამიშვილი: „ამ ქვეყანაში ყველა გასვრილია არა მარტო საერო, არამედ სასულიერო პირებიც!“

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი სამართალს ისევ უშედეგოდ ეძებს. საქმე მეუფე იაკობ იაკობაშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ცილისწამებას ეხება. 9 თვის წინ ქორეპისკოპოსმა მიხეილ რამიშვილს პირდაპირ ეთერში დათა ახალაიას აგენტ-პროვოკატორი უწოდა, რაც ადვოკატმა პატივისა და ღირსების შელახვად მიიჩნია და მეუფე იაკობს საერო და სასულიერო სასამართლოებში უჩივლა. ადვოკატი ითხოვს, მეუფე იაკობმა საჯაროდ უარყოს მის მიმართ გამოთქმული ცილისმწამებლური განცხადება, ამ საკითხზე გაიმართოს საეკლესიო სასამართლო კრება და მეუფე იაკობმა საკუთარი ნათქვამი წმინდა სინოდის წინაშე დაამტკიცოს, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებს, მის წინააღმდეგ რჯულის სამართლის მიხედვით გარკვეული საეკლესიო სანქციები ამოქმედდეს. ეს მოთხოვნა საპატრიარქომ არ დააკმაყოფილა. 

რაც შეეხება, საერო მართლმსაჯულებას, საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საკითხზე სხდომა 28 ივნისს ჩაინიშნა, თუმცა მოსამართლე ირაკლი კოპალიანის ავადმყოფობის გამო გადაიდო. რამიშვილმა ამის შესახებ სხდომის დაწყების წინ გაიგო და ივარაუდა, რომ ეს მიზეზი მოგონილი იყო, რათა საქმე გაწელილიყო, თუმცა ამ განცხადებიდან მალევე მან მოსამართლე კოპალიანს საჯაროდ ბოდიში მოუხადა, რადგან შეიტყო, რომ მოსამართლეს ნამდვილად აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. 

,,ვერსიასთან'' საუბარში მიხეილ რამიშვილი გასულ კვირას ,,ტვ პირველის'' ეთერში მამა გიორგი აბდუშელიშვილის განცხადებებს იხსენებს და აცხადებს, რომ მეუფე იაკობის წინააღმდეგ მამა გიორგის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე საპატრიარქომ კონკრეტული პასუხი უნდა გამოაქვეყნოს – ან უარყოს ეს ფაქტები ანდა ადრესატი დასაჯოს!

_ ბატონო მიხეილ, მამა გიორგი აბდუშელიშვილის ხმაურიანი განცხადებების საპასუხოდ საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, სადაც ეწერა, რომ საპატრიარქო მეუფე იობის რეაგირებას ელოდება... 

_ ჩემი სუბიექტური შეფასებით, გამორიცხულია ეს განცხადებები მოძღვრის პირადი ინიციატივა იყოს და მიტროპოლიტის კურთხევა არ ჰქონდეს. ამ განცხადებების შემდეგ ვინმე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ადამიანმა ცილი დასწამა მეუფე იაკობს? მანამდე ხომ გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, სადაც გარკვეულ საკითხებზე იყო საუბარი. ეტყობა, იქ გამოჩნდა გარკვეულ საკითხებზე არათუ აზრთა სხვადასხვაობა, არამედ სერიოზულად გამოკვეთილი პოზიციები, ისე არაა ყველაფერი, როგორც ბევრს მიაჩნია. რჯულის კანონის თანახმად, როცა ასეთი ცილისწამების საკითხი დგება (ეს ცილისწამება იყო თუ ბრალის წაყენება სხვა საკითხია) როდესაც მამა გიორგი აბდუშელიშვილი აცხადებს, რომ მეუფე იაკობს ბიზნესი აქვს, ტოტალიზატორები ახსენა და ა.შ.... და ქორეპისკოპოსს ასეთ ბრალდებას უყენებენ, დაუყოვნებლივ უნდა შედგეს საეკლესიო სასამართლო, რასაც ვითხოვდი ჩემს საკითხზე, 8 თვის განმავლობაში. 

თუ მართლა დამოუკიდებლად გააკეთა ეს განცხადებები მამა გიორგიმ და ასეთი ბრალი წაუყენა საჯაროდ, პირველ რიგში, მაგათ ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ დადასტურდეს სიცრუე, ანდა პასუხი აგებინონ მეუფე იობის ეპარქიის მამაოს. ციანიდის საქმესთან მიმართებაშიც ხომ იყო აქამდე მდუმარება და ელოდებოდნენ პროკურატურას. 

ფაქტია, ყველა რეზონანსულ საქმესთან მიმართებაში ნათლად ჩანს არათუ არაპროფესიონალიზმი, არამედ მიზანმიმართული მიდგომები. ხორავას ქუჩის ტრაგედია რომ მოხდა, მაშინაც ვამბობდი, რომ გამომძიებლებისა და პროკურორების საუბრები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, ზუსტად ანალოგიურად არაპროფესიონალიზმთან ერთად გარკვეული ორგანიზებული ხელის დაფარება იყო ,,ციანიდის საქმეზეც''. 

_ მიიჩნევთ, რომ როგორც თქვენ შემთხვევაში მოხდა, ახლა ქორეპისკოპოსის მიმართ გამოთქმულ ცილისწამებაზე უნდა განიხილოს საქმე საეკლესიო სასამართლომ? 

_ არა, ამას ცილისწამებას ნუ დავარქმევთ. გამოვიდა მეუფე იაკობი და დააფიქსირა თავის პოზიცია? არა, ხომ? როგორც კი მეუფე იაკობმა ჩემზე ეგეთი რამ თქვა, იმ წუთას გამოვედი და ბოდიშის მოხდა ვითხოვე. ეს ჩემს შეურაცხყოფად ჩავთვალე. თუ თავს იმის უფლებას აძლევ, რომ გამოდიხარ და საერო პირზე საჯაროდ ასეთ განცხადებას აკეთებ და იმ პიროვნებას აქვს შესაბამისი რეაგირება, შენ თუ მართალი ხარ, მაშინ რაღას დადუმებულხარ! უცებ შეკრიბე ყველანი და დაიბარე ის მამა გიორგი აბდუშელიშვილი და მოთხოვე პასუხი, რატომ ხარ ჩუმად?! 

კარგად გავიხსენოთ, რა იყო ერთ-ერთი მიზეზი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, როდესაც მას დაუპირისპირდა საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფი, ის, რაც ქონებასთან იყო დაკავშირებული. ვის ხელთ იყო ეს ქონება? _ შორენას, იაკობის და მაგათ ხელში იყო და რა არის მანდ გამორიცხული, რაც მამა გიორგი აბდუშელიშვილმა თქვა მეუფე იაკობზე? 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ ქობულეთში ოჯახი რომ საჯაროდ საუბრობდა, მეუფე იაკობს ჩვენი ბინის ხელში ჩაგდება უნდაო. ზუსტად არ ვიცი, რომელი კაზინოა მეუფე იაკობის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნადვილად ძალიან დიდ ფინანსებშია ტრიალი და ვხედავთ, რომ საპატრიარქოში უკვე სერიოზულად დიდი დაპირისპირებაა. 

_ მამა გიორგი მამალაძესთან თუ შედიან სასულიერო პირები და ამ დაპირისპირების შესახებ თუ საუბრობენ მასთან? 

_ სასამართლო პროცესზე როცა გავასაჯაროვეთ მამა გიორგის წერილობითი დასკვნა წმინდა სინოდზე წარსადგენი, სადაც იყო საუბარი ფინანსურ დარღვევებზე, რაც პატრიარქმა სთხოვა მამა გიორგის, რომ გამოეკვლია და დაუბლოკეს, იქიდან დაწყებული კარგად ჩანს, როგორი ფინანსური დაინტერესებები არსებობს საპატრიარქოში. ხაზს ვუსვამ, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ 47 ადამიანიდან ძალიან კარგად ვხედავდი და მესმოდა, ვინ დომინირებდა და ვისი რა მოთხოვნები იყო. 

ის, რაც დეკანოზ მამალაძეს გაუკეთა გარკვეულმა ჯგუფმა, არის ერთ-ერთი მინიშნება დანარჩენი სასულიერო პირებისთვის _ არ გადახვიდეთ თქვენც ბარიერს, თორემ ასეთი რამ შეიძლება, მოგივიდეთო. ყოველთვის გვიჩნდებოდა კითხვა, რატომ უჯერებდნენ პროკურატურას და მთავარ პროკურორს, რომელიც აღმოჩნდა, რომ არაფრის გამკეთებელი არ იყო არასდროს და ხორავას საქმეზეც გამოჩნდა, რა სისტემაცაა. არასდროს იცლიდა ჩვენთვის არც მიქაელ ბოტკოველი, არც საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომ დაცვის მხარისთვის მოესმინათ. ადამიანი, რომელიც პირნათლად ასრულებდა პატრიარქის მოთხოვნას, სამაგალითოდ დასაჯეს სხვების დასანახად. 

_ დეკანოზის საქმეზე ამბობენ, რომ შესაძლოა, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღისო. თუ ასე მოხდა, რა გეგმები გაქვთ? 

_ ამ საქმის წარმოებაში არმიღება ნიშნავს, რომ არა თუ საგამოძიებო სისტემაა ,,ძირმომპალი'', მაშინ არანაკლებადაა სასამართლოც. სიტყვა ,,მაშინ''-ს იმიტომ ვამატებ, რომ იმედის ერთ მარცვალს კიდევ ვიტოვებ, რომ სამართლიანობის იმედად ვიყო. ეტყობა, გარკვეულ მითითებებს ელოდებიან. 

სტრასბურგიდან მობრუნებული გადაწყვეტილება ამ საქმეზე იქნება კიდევ ერთი შავი ფურცელი საქართველოს მართლმსაჯულებაში. პარლამენტში რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნა ხორავას საქმესთან დაკავშირებით, ყველამ კარგად ვნახეთ, რა კონტიგენტი კითხვებზე როგორ პასუხობდა. ასეთ ქვეყანაში, ფაქტია, ყველა ძალიან გასვრილია არა მარტო საერო, არამედ სასულიერო პირებიც... 

_ ბატონო მიხეილ, თქვენ მიერ მეუფე იაკობის მიმართ სასამართლოში წარმოებული საქმე როდემდე გადაიდო? 

_ წარმოდგენა არ მაქვს. მინდა, მალე გამოჯანმრთელდეს მოსამართლე კოპალიანი და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. მას ბოდიშიც მოვუხადე საჯაროდ ნაჩქარევი განცხადების გამო, მაგრამ ვითხოვ, სასამართლოს თავმჯდომარემ გადააწეროს სხვა მოსამართლეს ეს საქმე, სანამ ამ მოსამართლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში