Menu
RSS

სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში

ვინ არის სმიტების ოჯახის მკვლელი და რატომ არ სჯერა ბრალდებულის დედას გამოძიების ვერსიის

6 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყო და 7 ივლისს, სმიტების ოჯახი ხეობაში დახოცილები იპოვეს. საზარელი მკვლელობის დეტალებმა მთელი საქართველო შეძრა. უკვე ორი დღეა, თბილისში, აშშ-ს საელჩოს შენობასთან, საქართველოს მოქალაქეების ნაკადი არ წყდება - ისინი სამძიმარს უცხადებენ ამერიკელ ხალხს და უთანაგრძნობენ სმიტების ოჯახის ახლობლებს. რა მოხდა ხადას ხეობაში - ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა მოვლენების განვითარების ქრონოლოგია ასეთია.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 7 წელი ცხოვრობდნენ და მათ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. კალიფორნიელი რაიან სმიტი მცირე ბიზნესს ეწეოდა, მარნეულში ნაწარმოებ ქართულ თუ აზერბაიჯანულ ხალიჩებს ამერიკაში ჰყიდდა, ეწეოდა ქველმოქმედებას. ხადას ხეობაში მოგზაურობა გაზაფხულზე დაგეგმეს და საკუთარი მანქანით დუსეთის რაიონში გაემგზავრნენ. იქ მათ დაეკონტაქტათ მწყემსი - 20 წლის მ.კ., რომელმაც მეგზურობა შესთავაზა. მას შემდეგ ოჯახი ცოცხალი არავის უნახავს. 7 ივლისს, ხევში ჩანჩქერის პირას გარდაცვლილი იპოვეს ლორა სმიტი, მოგვიანებით მიაკვლიეს რაიანის შიშველ ცხედარს. ამის შემდეგ დააკავეს მწყემსი მ.კ., რომელმაც სამართალდამცავებს თავად უჩვენა, სად იყო დამარხული 4 წლის ბავშვის ცხედარი. როგორც დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილი აცხადებს, "ჩემი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ანახა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვი ჰყავდა გადამალული. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სავარაუდოდ. ამ დროისთვის, მცირეწლოვანს თოფი აქვს ნასროლი. კონფლიქტი მოზარდის მშობელსა და მწყემსს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა და სავარაუდოდ, თოფი ესროლა. ეს არის ვერსია. მწყემსი დაკავებულია".

 

ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავეს, რომელიც წარმოშობით ახალგორიდანაა და ხადას ხეობაში სამი წლის წინ გამოჩნდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, მას ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ. უმეტესობას არ სჯერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, თუმცა იმ ფაქტს, რომ მ.კ.-მ თავად უჩვენა სამართალდამცავებს, სად იყო დამარხული 4 წლის ბავშვის გვამი, ისინი ვერაფრით ხსნიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე კი აცხადებს, რომ ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ.

შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება".

ხადას ხეობაში ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ადგილობრივები დეტალების შესახებ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა. ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა, რადგან ბავშვი ტიროდა.

"როგორც თვითონ უთქვამს, ბავშვი ტიროდა და რას ვუზამდიო?!. ქალს ფეხი დაუცდა სურათის გადაღების დროს, მივვარდი რომ არ გადავარდნილიყოო, ეს ცუდად შენიშნა იმ კაცმა და სახეში გამარტყაო. ამის შემდეგ გავმწარდი, ავიღე თოფი და ვესროლეო.

ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოკლულ კაცს სახეში აქვს ნასროლი, თვალებიც არ აქვს... ბავშვის ზურგჩანთაც გახვრეტილია, რომელიც მოკლულს ზურგზე ეკეთა. მერე ცხენის ძუაზე მოუბამს ეს კაცი და ისე გამოუთრევია", - განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა "ქრონიკას".

როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავად მწყემსმა შეატყობინა სოფლის მოსახლეობას, რომ ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვა, რასთან მიახლოებაც, მისივე თქმით, ეშინოდა. მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო ოპერაციაში თავად დაკავებულიც მონაწილეობდა.

"ხადას ხეობაში 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება, - აცხადებს მამუკა ჭელიძე, - ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს".

მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და პოლიციისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიას ყვება. პოლიციის ვერსიის არ სჯერა არც მის ოჯახს. როგორც ბრალდებულის დედამ მარიამ კობაურმა "კურიერთან" განაცხადა:

"ეს ვიცი, რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო. ვიღაცა უდგას უკან იმიტომ, რომ მე ვიცი რაც არის ჩემი შვილი. ვიცი, კარგად ვიცი, რომ მკვლელი შვილი არა მყავს გაზრდილი. არასრულწლოვანი ბავშვი აიყვანა და ის დამარხა, ხო? რატომ ითხოვა დახმარება, რომ დედის გვამს ვერ მიეკარა თუ მაგის გაკეთებულია? მოკვლას და ხელის დადებას რაღა უნდოდა? მაშინ მიიყვანდა და იმ დედასაც დამარხავდა. ეს არის ვიღაცის გაკეთებული და ჩემს შვილს მიაბერტყეს ხელი".

ხადას ხეობაში მომხდარი დანაშაულის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მწყემსი ბიჭის გარდა, საქმეში კიდევ სხვა პირიც უნდა ფიგურირებდეს, რომელსაც ბრალდებული შიშის გამო არ ასახელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა ვესიაზე მუშაობენ და ობიექტური ჭეშმარიტება მალე დადგინდება.

დაჩი შალიკაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში