Menu
RSS

„დაკავებულებიდან ორი ვართ, სასჯელი რომ არ გვემუქრება, 127 კაცი კი განაჩენის მოლოდინშია!“

ექსკლუზიური ინტერვიუ ესპანეთში დაკავებულ ქართველთან

ის, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ჩანდა, ახლა რეალურია. ფრანგმა სამართალდამცავებმა მოახერხეს ბერძენი კოლეგების დარწმუნება და მიმდინარე თვეში ლაშა შუშანაშვილის ექსტრადირება მოხდება. და ეს მაშინ, როცა დაკავებულ კანონიერ ქურდზე ბერძნებმა ერთი ბრალდებაც ვერ დადეს და ყველა ელოდა, რომ მას გაათავისუფლებდნენ.

მითუმეტეს, შუშანაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რატომ მეძახით კანონიერ ქურდს და მაფიოზს, მე კეთილსინდისიერი ბიზნესმენი ვარ, გადასახადებს ვიხდი და თქვენ კიდევ ჩირქს მცხებთო. ის იყო, საბერძნეთის სასამართლო ბოდიშის მოხდას და გაშვებას აპირებდა, როცა ფრანგმა პოლიციელებმა შუშანაშვილზე არაერთი მტკიცებულება დადეს და... 

„გადაწყვეტილია, რომ ლაშა შუშანაშვილის ექსტრადირება მოხდება. ამის შესახებ საბერძნეთის სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხებია შესათანხმებელი“,_ წერს „ასოშეითედ პრესი“. 

არადა, მართლა ყველა ელოდა, რომ შუშანაშვილი თავისუფლებაზე დღე-დღეზე გამოვიდოდა. ამას ამბობდნენ ადვოკატები, მედიას ემალებოდა პროკურორი და განცხადება პოლიტიკოსებმაც გააკეთეს _ შუშანაშვილი ბიზნესმენია და ხელისუფლება ბიზნესს ებრძვისო. თუმცა... 

„ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც საფრანგეთის სასამართლომ ლაშას ძმას, ასევე კანონიერ ქურდს, კახა შუშანაშვილს ათწლიანი სასჯელი მისცა. ათი წელი ციხე ძალიან ბევრია, თუმცა ფრანგები ამბობდნენ, შესაძლებლობა რომ გვქონდეს, გასამართლებულის ძმას უფრო დიდ სასჯელს მივუსჯიდით, რადგან მთავარი მოთამაშე კრიმინალურ სინდიკატში ის იყოო. ფრანგებს ჰქონდათ როგორც სატელეფონო, ისე ვიდეომტკიცებულებები და, როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაილები მიაწოდეს ბერძნებს, რის შემდეგაც მისი ექსტრადირება გადაწყდა“,_ გვეუბნება საბერძნეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი, რომელსაც აღნიშნულ თემასთან შეხება აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის სასამართლომ კანონიერ ქურდებს _ კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და მათ სამუდამოდ აეკრძალათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. ძალიან დიდი ალბათობით, მინიმუმ იგივე ელოდება ლაშა შუშანაშვილსაც, თუმცა მისი ადვოკატები იმედს არ კარგავენ, რომ საბერძნეთის სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის. 

ზოგადად, ტერმინი „კანონიერი ქურდი“ აქტიურად მკვიდრდება როგორც ევროპის, ისე ამერიკული სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებულ საქმეებში. ისინი ახლა ებრძვიან მაფიოზებს და „კანონიერ ქურდებს“, ანუ ადამიანებს, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრციდან არიან და ამ სტატუსით შიშის ზარს სცემენ გარშემომყოფთ. სწორედ კანონიერი ქურდების და მათი მომხრეების დასაკავებლად ესპანეთში ბოლო ორ თვეში მეორე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც ესპანელი და ქართველი სამართალდამცავები ამბობენ, ეს მათი ერთობლივი სპეცოპერაცია გახლდათ, რომელში მონაწილეობაც 800-მა სამართალდამცავმა მიიღო. მათივე თქმით, აღნიშნული სპეცოპერაციის საშუალებით გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ კანონიერ ქურდთან ერთად... ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ. 

სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდის, ბარსელონას, ვალენსიას, ალიკანტეს, ალბასეტეს, მურსიას, ჟირონასა და გრანადას პროვინციებში ესპანეთში მოქმედი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 კანონიერი ქურდი დააკავეს. ისინი, ძირითადად, სომხური წარმოშობის პირები არიან. ძალიან დიდი ალბათობით, ესპანელი სამართალდამცავები ფრანგ კოლეგებს არაერთ მტკიცებულებას მიაწვდიან, რათა შუშანაშვილებს ბრალი დაუმძიმონ. 

ჩვენ ესპანეთში ბოლოსწინა სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს ვესაუბრეთ, რომელიც განაჩენს დღე-დღეზე ელოდება და დარწმუნებულია, რომ აგვისტოში ციხეს დატოვებს. 

„შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ესპანელებმა „ბადე მოუსვეს“ და ყველა, ვისაც კრიმინალთან ირიბი შეხება მაინც ჰქონდა, ციხეში ჩასვეს. პირადად მე საბუთების არქონას მედავებიან, თუმცა საბუთები მაქვს, უბრალოდ რაღაც ფურცლები აკლია, რაც ესპანელებს დეპორტაციის შესაძლებლობას არ აძლევთ. დაჭერით კი იმიტომ დამიჭირეს, რომ ორ კანონიერ ქურდთან მქონდა სატელეფონო საუბარი, მაგრამ ორივე შემთხვევაში, დღესასწაულების მილოცვის იქეთ თემა არ წასულა. შესაბამისად, მე კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ვერ მედავებიან. დანარჩენებს კი ან „გასროკავენ“, ან დეპორტაციას გაუკეთებენ. დაკავებულებიდან ორი ვართ ისეთი, რომელსაც სასჯელი არ გვემუქრება, 127 კაცი კი განაჩენის მოლოდინშია. ქართული მხარის მოთხოვნით, კანონიერ ქურდებს, სავარაუდოდ, უმკაცრესად დასჯიან, უფრო სწორედ, მათ ხანგრძლივ ციხეს მისცემენ. 

_ და ციხეში პირობები როგორია? 

_ მე საქართველოს ციხეშიც ვიჯექი. ვიჯექი როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილისა და მერე ივანიშვილის დროს. პირდაპირ ვიტყვი, საქართველოს ციხეებთან შედარებით, ესპანეთის ციხე კურორტია. კვება გინდა, მოპყრობა, ზოგადი ჰიგიენა თუ სხვა რამ, კურორტზე ხარ რა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თუ რამეზე გაბრაზდი, თუ რამე არ მოგეწონა და ზემდეგს შეაგინე, კი არ გიბრახუნებენ, როგორც საქართველოში, ფსიქოლოგი მოჰყავთ, შენი სულიერი აღელვების მიზეზი რომ დაადგინონ. რა თქმა უნდა, ქართველებს ამაზე გვეცინება, მაგრამ წესი წესია და ხომ არ დაარღვევენ?! 

 _ საქართველოში დაბრუნებას აპირებთ? 

_ და ვინ მაბრუნებს, ვინ?! ყველამ გაიგეთ, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაჩერებენ, ჩვენს საკუთარ ქვეყანაში არ დაგვედგომება, რადგან ამის უფლება წაგვართვეს. ჩემს მაგალითზე გეტყვით _ გამოვედი ციხიდან და მეორე დღეს პოლიცია დამადგა თავზე, სამ დღეს გაძლევთ ვადას, ქვეყანა რომ დატოვო, თორემ დაგიჭერთ და ისევ უკან შეგაბრუნებთო. რატომ მეთქი, რომ ვიკითხე, მიპასუხეს _ კრიმინალური ავტორიტეტი ხარ და აქ არ უნდა იყოო. მაგათზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი ვინ არის, გაატყავეს ქვეყანა, მაგრამ რადგან მაგათ „კრიშა“ ჰყავთ და ჰალსტუხები უკეთიათ, არ იჭერენ. ჰოდა, სამ დღეში ავიკარი გუდა-ნაბადი, ჯერ უკრაინაში წავედი, მერე კი აქეთ _ ესპანეთში. მშობლებმა იციან, რომ დევნილი ვარ საქართველოდან და ვერ მეუბნებიან, ჩამოდიო. იციან, დამიჭერენ და ამიტომ, აზრი არ აქვს. 

_ კი, მაგრამ, მანდაც ხომ დაგიჭირეს?! 

_ აქაური ათი წელი მირჩევნია მანდ მოსჯილ სამ წელს, რადგან ზუსტად ვიცი, აქ ათი წელი ციხეში არავინ გამაჩერებს, იქ შეამცირებენ სასჯელს, იქ რაღაც პატარა ამნისტია გამოვა, კიდევ არის რაღაცეები და ძალიანაც რომ მოინდომო, ათი წელი ვერ დაჯდები. საქართველოში კი ჩემნაირებს რასაც მიუსჯიან, ბოლომდე ახდევინებენ. სამშობლოში მე და ჩემნაირები ცინკით ვბრუნდებით, სხვა საშველი და გზა არ არის...“ 

სულ ეს იყო, რაც ესპანეთში დაკავებულმა ერთ-ერთმა ქართველმა გვითხრა და... საქართველოში მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მშვიდად არიან, რადგან დაკავებული მალე გამოვა და იმის შიში არ აქვთ, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება შემთხვევით ჩამომხრჩვალი იპოვონ, როგორც აქ ხშირად ხდებოდა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში