Menu
RSS

თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების ახალი, სკანდალური დეტალები

თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურში თავის აფეთქებას გეგმავდა?!

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები, ბოლო ერთი კვირაა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აქტიურად ვრცელდება და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ნათელს ფენს. ,,ვერსიამ'' თავი მოუყარა გავრცელებულ ინფორმაციებს, რომელიც სამომავლო განსჯისა და ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტებს დასადგენად აუცილებელია.

მივყვეთ ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას -ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად, ერთი ადამიანი _ შუაიფ ბორზიევი დააკავეს, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას, სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევი იყო. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა და დაიჭრა სუსის 2 და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი. ამ სპეცოპერაციის დეტალებზე აღარ შევჩერდებით – ფაქტია ისაა, რომ მას უდიდესი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. 

 

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის ერთ თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი), მეორე სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩაატარა. სპეცოპერაციის დროს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, ოთხი პირი კი დააკავეს. დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მიუხედავად იმისა, რომ თემირლანის ოჯახის წევრები ითხოვდნენ მის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მოიძებნა კიდევ ავსტრიაში კლინიკა, რომელმაც დაჭრილის მიღებაზე თანხმობა განაცხადა, მისი გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეაჩერა. 

ავსტრიული გაზეთი Kronen Zeitung თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში შესაძლო მკურნალობას დაკავშირებით წერს, რომ საქართველოს მთავრობას სურდა AISIS-თან კავშირში მყოფი ტერორისტი ავსტრიაში გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად გადაეყვანათ, თუმცა ქვეყნის შსს-მ უსაფრთხოების მიზნით პაციენტის ქვეყანაში დაშვებაზე უარი თქვა. გამოცემის ინფორმაციით, უკვე დაგეგმილი თბილისი-ვენას რეისი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა გააუქმა. გაზეთი წერს, რომ 19 წლის მაჩალიკაშვილი დაკავშირებული იყო ჩეჩენ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან, რომელიც 2016 წელს სტამბოლის აერპორტზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. 

მოგვიანებით, გავრცელდა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის Hჰერბერტ კიკლის კომენტარი, სადაც მან განაცხადა: „დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა, ვინაიდან ვენაში მის მკურნალობას, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, პოტენციურ ტერორისტებს ქვეყანაში ვერ შემოვუშვებთ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ავსტრიაში არ ვუშვებთ, ეს სამედიცინო მკურნალობასაც ეხება”. 

იგივე ინფორმაცია ავსტრიის ხელისუფლებამ ,,ნეტგაზეთთან'' საუბარშიც დაადასტურა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. 

სუს-ი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზეც. 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ში, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს. უწყების პრეს-სპიკერმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დაკავებული პირები საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმებს გეგმავდნენ: ,,საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო-ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები, ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა წარმოადგენდა''. 

რამდენიმე დღის წინ, მაჩალიკაშვილის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, ,,იმედის კვირამ'' იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი მოიპოვა, რომელიც აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს. თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე ამერიკელმა სპეციალისტებმა სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაატარეს. ეს ჩანაწერები აღდგენილია მაჩალიკაშვილის კუთვნილი IPHONE-დან, რომელიც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ღამეს, 19 წლის ახალგაზრდას ხელში ეჭირა. მოკლე ტექსტური შეტყობინებები WHATSAPP-აპლიკაციითაა გაგზავნილი ნომრიდან, რომლის ბოლო სამი ციფრია _ 8 00. 

სკანდალური მიმოწერა, რომელიც 2017 წლის 24 დეკემბრით თარიღდება, ,,იმედის კვირამ'' ექსკლუზიურად მოიპოვა: 

,,თემირლანი _ იცი რა არის ისტიშხადი? 

უცნობი _ მე რა ვიცი? 

თემირლანი _ თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის, ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები. 

უცნობი _ ხოო გავიგე. 

თემირლანი _ და მას, ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში. 

უცნობი _ ჰოო... 

თემირლანი _ და ზუსტად ასე მე უნდა ავიფეთქო თავი. 

თემირლანი _ ქალაქში, მეტრო სადგურის მოედნის გაჩერების შიგნით. 

უცნობი _ კარგი რა, საკმარისია. 

თემირლანი _ თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის. 

უცნობი _ ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი. 

თემირლანი _ ის, ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი''. 

უცნობია, ვის უმხელდა თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, მეტროსადგურის მოედანზე თავის აფეთქების გეგმას, რადგან მისი ტელეფონის ნომერი დაშიფრულია. მიმოწერაში რამდენჯერმეა ნახსენები არაბული სიტყვა ,,ისტიშაჰადი''. კავკასიოლოგმა ალეკო კვახაძემ სიტყვა ,,ისტიშაჰადის'' მნიშვნელობა განმარტა. მისი თქმით, ეს არაბული სიტყვაა, რომელიც ფუძიდან _ შაჰად მომდინარეობს. ეს ნიშნავს დამოწმებას, ან თავგანწირვას, შაჰიდად გახდომას. ასევე ხშირად მოიხსენიებენ მოწამეობრივ ოპერაციად, ანუ მათ როგორც მოწამეებს, ისე აღიქვამენ. ეს სიტყვა გამოიყენება, როგორც თვითმკვლელის მონაწილეობით ჩატარებული სამხედრო, თუ ტერორისტული ოპერაციებისას. 

,,კვირის ქრონიკამ'' ახმედ ჩატაევისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ნათესაური კავშირიც დაადგინა. გაირკვა, რომ ჩატაევის მეორე მეუღლე აინა მარგოშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ბიძაშვილები არიან. თუმცა ჩატაევისა და მაჩალიკაშვილის კავშირებზე ახალი დეტალები იმ სატელეფონო ჩანაწერებითაც დადგინდა, რომელიც 25 ივნისს გახდა ცნობილი. ამ მასალებიდან ირკვევა, თუ ვისთან დარეკა ახმედ ჩატაევმა თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე, სოფელ კირნათიდან. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული. 

ექსკლუზიურად მოპოვებულ საქმის მასალებში ხმოვანი შეტყობინებაცაა, რომელიც ამ საქმეში ბრალდებულმა რამაზ მარგოშვილმა, თემირლან მაჩალიკაშვილს გაუგზავნა. შეტყობინებაში მარგოშვილი მაჩალიკაშვილს პირადი მონაცემების გაგზავნას სთხოვს, რადგან ,,ევროპიდან სახლის საქირავებლად ფულია გადმოსაგზავნი''. ასევე ცნობილი გახდა იმ ბინის შესახებ, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფების წევრები თბილისში ჩამოსვლისას იქამდე ქირაობდნენ, ვიდრე ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადავიდოდნენ საცხოვრებლად. ბინის მეპატრონემ ,,ქრონიკასთან'' საუბარში დაადასტურა, რომ იქ თემირლან მაჩალიკაშვილიც ცხოვრობდა. მეტიც, ბინაში, სადაც ტერორიზმში ბრალდებულები ცხოვრობდნენ, wi-fi იყო დაყენებული, რომლის პაროლიც Temirlani-ი იყო... 

მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც ახმედ ჩატაევმა, სავარაუდოდ, ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. ეს ჩანაწერი ,,კვირის პალიტრამ'' გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ახმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი, რუსეთის იმ 6 მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2015 წელს, ევროკავშირმა „ალ-ქაიდას“ ტერორისტების სიაში შეიყვანა. სკანდალური ჩანაწერი, რომელიც ,,კვირის პალიტრამ'' გამოაქვენა, სავარუდოდ, 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული. მასში საუბარია თურქეთში დასაგეგმ ტერაქტებზე. სხვა საკითხებთან ერთად, ამ ჩანაწერში, ახმედ ჩატაევი საქართველოს შესახებაც ყვება: „ჩვენ ისეთი რესტორნები უნდა მოვძებნოთ, სადაც ისინი იკრიბებიან. ასეთი ადგილები არის... ყველაფერი იმიტომ, რომ ზამთარია... მოკლედ... და თუ რამეა, ძმაო, საქართველოშიც გავაკეთებ“. 

სავარაუდოდ, სწორედ ამ ჩანაწერით დასტურდება საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ჩატაევის განზრახვა, რათა მას თურქეთში და, თუ საჭირო გახდებობდა, საქართველოშიც ტერაქტები მოეწყო...

 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში