Menu
RSS

რაულ ბარცბა - „პიზა“ აფხაზეთიდან „ობშიაკის“ მოსკოვში გაგზავნაზე უარს ამბობს და დამოუკიდებლობას ითხოვს!

უცნაურია, მაგრამ ფაქტია _ რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, პრაქტიკულად, კრიმინალის გარეშე ტარდება. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა რომელიმე ტურისტი კრიმინალზე პოლიციასთან ჩივის, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში, საქმე წვრილმან ქურდობასთან ან ტელეფონის დაკარგვასთან გვაქვს.

ყველაზე დიდი დანაკარგი ჯერჯერობით ცნობილი კოლუმბიელი მომღერლი _ შაკირას გაქურდვაა. ესპანეთის ნაკრების მცველის, ხერარდ პიკეს საგულშემატკივროდ რუსეთში ჩასული შაკირას სასტუმროს ნომერი მაშინ გაასუფთავეს, როცა ის ქმრის თამაშის სანახავად იყო წასული. საერთო ჯამში, ქურდებმა 800 ათასი ევროს ძვირფასეულობა წაიღეს. როგორც ამბობენ, ძვირფასეულობაში მთავარი ის ბრილიანტის ბეჭედი იყო, რომელიც პიკემ ცოლს რამდენიმე წლის წინ აჩუქა და მასში ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადა. 

ახლა კი ირკვევა, რომ ქურდების პასიურობა მთლიანად უშიშროების დამსახურებაა. „კა-გე-ბეს“ მაღალჩინოსნებმა ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე, მოსკოვში მყოფი ყველა კანონიერი ქურდი დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ თუ მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას კრიმინალის დონე მოიმატებდა, მისი დასრულების შემდეგ, ყველა კანონიერი ქურდი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა. ქურდებმაც ტკბილი ცხოვრების გამწარება არ ისურვეს და ყველა, ვისზეც კი ხელი მიუწვდებოდათ, გააფრთხილეს, რომ ქურდობისგან თავი შეეკავებინათ. რაც შეეხება შაკირას გაქურდვას, მთელმა ქურდულმა სამყარომ იწვალა, მაგრამ დამნაშავეების კვალს ვერ მიაგნო. 

„კრიმინალური ზავის შედეგად ქურდებმა საინტერესო რამ მიიღეს. ისინი ძლიერი ნაკრებების მატჩებს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებიან, სტადიონებზე დაცვითა და დაჯავშნული ლიმუზინებით მიდიან, საპატიო სტუმრებთან შინაურულად იქცევიან და ძალიან ბედნიერები არიან. ერთი ეგაა, ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კანონიერი ქურდების გაწმენდის პროცესს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება მაინც ბოლომდე მიიყვანს და ქვეყანას კრიმინალებისგან საბოლოოდ გაწმენდს. ძალაუფლება მთლიანად უშიშროების სამსახურს აქვს ხელში და მის დათმობას აღარ აპირებს“, _ ასეთია რუსული მედიის ვარაუდი. 

ის რომ კანონიერ ქურდებთან ბრძოლა, პრაქტიკულად, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში გამოცხადდა, იქიდანაც ჩანს, რომ ახლახან გაპრემიერებულმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში მყოფ ქურდებს ვადა შემოდგომამდე მისცა და ქვეყნის დატოვება ურჩია. უფრო მეტიც, ვარაუდობენ, რომ სომხეთი იქნება მეორე ქვეყანა საქართველოს შემდეგ, რომელიც კანონიერ ქურდობას დასჯადს გახდის და ქვეყნიდან ქურდებს ამ გზით გააძევებს. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ გავლენიანი სომეხი ქურდები ფაშინიანმა დაიბარა, პირადად ესაუბრა და აუხსნა, რომ მათი დრო დასრულდა. 

„შეხვედრა ერთ-ერთ რესტორანში შედგა, სადაც ქურდები პოლიციელებმა მიიყვანეს. მათ არ იცოდნენ, ვისთან მიყავდათ და როცა ფაშინიანი ნახეს, გაოცდნენ. სწორედ იმ შეხვედრაზე, სამოცამდე ქურდს ქვეყნის პრემიერმა პირდაპირ უთხრა, რომ პირველი სექტემბრიდან გისოსებს მიღმა აღმოჩნდება ყველა ქურდი, რომელიც იმ დროისთვის სომხეთის ტერიტორიაზე იქნება“, _ წერს სომხური მედია. 

ჰოდა, ისე ჩანს, კანონიერი ქურდების მთავარი თავშესაფარი ახლა აფხაზეთი გახდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიძლება ითქვას, იმდენად უკონტროლო სიტუაციაა, რომ ყველაფერს სწორედ კრიმინალები აკონტროლებენ. როგორც გვიყვებიან, აფხაზეთში დაახლოებით იგივე ხდება, რაც 90-იან წლებში საქართველოში, როცა ქურდებს აეროპორტში მინისტრები ხვდებოდნენ და რესტორნები მათთან ერთად ქეიფობდნენ. 

„აფხაზეთში მყოფ ქურდებს დამოუკიდებლობა სურთ. ისინი სიტუაციის სრულად კონტროლს ცდილობენ და ჯერჯერობით გამოსდით კიდეც. გასულ კვირას, აფხაზი ქურდების წინამძღოლმა, რაულ ბარცბამ (იგივე პიზა), განაცხადა, რომ აღარ სურს, აფხაზეთიდან „ობშიაკი“ მოსკოვში მიდიოდეს და დამოუკიდებლობა მოითხოვა. აფხაზური „ობშიაკის“ ხელშეუხებლობაზე პასუხისმგებელმა კახა ფარფალიამ მოსკოვიდან დარეკა და ნებართვა გასცა, რომ ბარცბასთვის „ფული“ გადაეცათ, თუმცა იმ პირობით, რომ აფხაზი ქურდი მის დახარჯვას მხოლოდ მოსკოვთან შეთანხმებით შეძლებს“, _ წერს აფხაზური მედია (ასეთიც არსებობს). 

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, ჩვენ აფხაზეთში მცხოვრებ ერთ-ერთ კრიმინალს შევეხმიანეთ, რომელმაც საინტერესო თემებზე გაამახვილა ყურადღება. 

„აფხაზეთის „ობშიაკი“, შეიძლება ითქვას, ასი ათასიც ვერ არის. მას ძირითადად თხილისა და ციტრუსის გამყიდველებისგან ავსებენ, რაც ძალზედ მცირე თანხაა, რადგან აფხაზეთში ციტრუსის და თხილის დიდი პარტიები უკვე გადანაწილებული აქვთ ან გავლენიან ქურდებს, ანაც უშიშროებას და ისინი „ობშიაკში“ არაფერს იხდიან. პარალელურად, თუ რაიმე შემოსავლიანი ბიზნესია გაგრაში, სოხუმში, გალში... მოკლედ, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მასაც ან უშიშროება აკონტროლებს, ან გავლენიანი ქურდები. აფხაზური „ობშიაკი“ რეალურად არც არსებობს, აბა ასი ათასი რა სახსენებელია, როცა მაგალითად მოსკოვში ასი ათასი შეიძლება ერთ დღეში შედის. ამიტომ, მოსკოველებმა ბარცბას ადვილად დაუთმეს, მაგრამ თუ მას მადა გაეზრდება, მაშინ ომი გარდაუვალია. მითუმეტეს, რომ რუსეთიდან ბევრი აპირებს აფხაზეთში გადაბარგებას და იქ ბარცბას გაძლიერება არავის ააწყობს...“ 

ზოგადად, კანონიერი ქურდების დრო რომ წავიდა, ყველა ხვდება. პოსტსაბჭოთა სივრცის გარდა, მათ დაუნდობლად ებრძვიან ევროპასა და ამერიკაშიც. უფრო მეტიც, გავლენიანი კანონიერი ქურდები მაქსიმალურად ცდილობენ, ნაშოვნი ფული ლეგალურ ბიზნესში დააბანდონ და საქმოსნები გახდნენ, თუმცა პარალელურად, არც კრიმინალურ სამყაროზე სურთ გავლენის დაკარგვა და ამიტომ, ე.წ. კაი ბიჭების კასტასთან ქურდები არიან, ოფოციალურ დონეზე _ ბიზნესმენები, რაც არ გამოდის და ამას „იდეურად“ გაზრდილი ახალგაზრდები ვერ ხვდებიან. მათ უბრალოდ გამოცდილება აკლიათ საიმისოდ, რომ რეალობა აღიქვან და მიხვდნენ, რომ კანონიერი ქურდობის ხიბლი უკვე წარსულია და ამის ნაცვლად, სხვა რამეზე უნდა იოცნებონ. 

პარალელურად, ძველი თაობის გავლენიანი ქურდების უდიდესი ნაწილი პრაქტიკულად სასჯელს იხდის. დაჭერილია ტარიელ ონიანი, მისჯილი აქვს შაქრო კალაშოვს, სასამართლო პროცესები აქვს ლაშა შუშანაშვილს, ათი წელი მიუსაჯეს კახა შუშანაშვილს და რეალურად დარჩა მხოლოდ მერაბ ჯანგველაძე, რომელსაც იტალიაში შინაპატიმრობა აქვს და ნადირ სალიფოვი, რომელიც თურქეთშია და დაუნდობელი წესებით იბრძვის. ვარაუდობენ, რომ სწორედ სალიფოვი გახდება უკანასკნელი მოჰიკანი იმ ქურდებიდან, რომელიც ე.წ. ნათლობებს მომავალშიც გამართავს, დანარჩენები კი... 

„მე არ ვარ კრიმინალი, არ მინდა ასე მომიხსენიონ, მე გადასახადების გადამხდელი კანონმორჩილი მოქალაქე ვარ“, _ ლაშა შუშანაშვილის მიერ სასამართლოზე ნათქვამი სიტყვები ძალიან ბევრზე მეტყველებს. ციხიდან გამოსასვლელად ემზადება ტარიელ ონიანიც, რომელიც ამბობს, რომ ასევე კანონმორჩილი მოქალაქეა და... ტაროს უდიდესი ალბათობით, რუსეთში აღარავინ გააჩერებს და ის საცხოვრებლად ესპანეთში წავა, ქვეყანაში, სადაც, პრაქტიკულად, თვეში ერთხელ აკავებენ ათეულობით ქართველს და დეპორტაციას უკეთებენ, ან ესპანურ ციხეში სვამენ. შესაბამისად, მშვიდი საცხოვრებელი ქურდებს აღარსად დარჩათ და მათ ერთადერთი გზა აქვთ _ კრიმინალიდან ლეგალური საქმის კეთებაზე უნდა გადავიდნენ, რაც ერთის მხრივ ძნელი გასაკეთებელი იქნება და, მეორეს მხრივ, ძნელად სარწმუნო, რადგან ნებისმიერი დანაშაული სწორედ ქურდების მიერ ორგანიზებულად მოინათლება და ხელისუფლება პასუხს სწორედ მათ მოსთხოვს.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში