Menu
RSS

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტები გამოავლინა!

რა არის ფალსიფიკაცია და რატომ არ შეიძლება ამ კუთხით, სტატისტიკური მონაცემებით აპელირება?

გასულ კვირას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს'' წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. გატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი, ერთ-ერთი ინდმეწარმე, თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ფალსიფიცირებულ ხორცპროდუქტს, ე.წ. სუჯუკს ანტისანიტარულ პირობებში აწარმოებდა, შემდგომ კი ამ პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზრობებზე ახდენდა. პროდუქტის მაღალ ფასში და იოლად გაყიდვის მიზნით, მის ეტიკეტზე, ,,სუჯუკის'' შემადგგენლობაში, საქონლისა და ღორის ხორცი იყო მითითებული. სინამდვილეში, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა!

,,სუჯუკი'' ცხენის ხორცისგან! 

პროდუქტის ფალსიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, რადგან ის მნიშვნელოვნად არღვევს მომხმარებლის ინტერესებს. მიუხედავად ამისა, არაერთი მწარმოებელი ცდილობს, რომ კანონდარღვევით, რიგითი მოქალაქეების მოტყუების ხარჯზე, შემოსავალი მიიღოს. ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში განსაკუთრებით აქტუალური იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის ფაქტები. სოსისი, ძეხვი, სარდელი, ბასტურმა, ე.წ. სუჯუკი _ ეს ის ფალსიფიცირებული პროდუქტებია, რომლებსაც თბილისში აწარმოებდნენ და რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენდნენ. მართალია, წარმოებულ პროდუქციას ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შეუქმნია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ არაჰიგიენურ და ანტისანიტარულ გარემოს, სადაც აწარმოებდნენ და ფაქტს, რომ ეტიკეტზე პროდუქტის შემადგენლობა არასწორად იყო მითითებული, სახეზე გვაქვს მომხმარებლების ინტერესების მნიშვნელოვანი დარღვევა. 

ფალსიფიცირებული პროდუქციის გამოვლენის ფაქტების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ,,ვერსია“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ 2018 წლის აპრილში, ამ უწყებამ სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოდან'' მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, გამოვლენილი იყო საწარმო, სადაც საეჭვო წარმომავლობის ხორცით პროდუქციის წარმოება და რეალიზება ხდებოდა. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე, საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ. გამოძიებისა და ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ მეწარმე წარმოებულ პროდუქციაში _ ე.წ. სუჯუკში, ეტიკეტზე მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცს იყენებდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, როგორც მზა პროდუქცია, ისე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი ამოიღეს. 

,,ვინაიდან ამ ტიპის დანაშაულის გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა, სამსახურის მიერ, საქმეზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 197-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურისა და სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს'' თანამშრომლების მონაწილეობით, აღნიშნულ საწარმოში ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის პროცესში, ადგილზე, პროდუქციის წარმოებისთვის კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა. იმ ადგილებში, სადაც ხორცს ამუშავებდნენ, პროდუქციას ამზადებდნენ და ინახავდნენ, საშინლად ანტისანიტარული მდგომარეობა იყო. მნიშვნელოვნად დაბინძურებული იყო ჭურჭელი და პროდუქციის დამზადებისთვის საჭირო კუსტარული დანადგარები. საწარმოში ჰიგიენის არავითარი ნორმა არ იყო დაცული. ჩხრეკის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფმა 150 კგ. ნედლი ხორცი, 600 კგ. დამარინადებული ხორცი, 168 კგ. სომხური ძეხვი, ე.წ. ,,სუჯუკი'' და 134 კგ. ,,ბასტურმა'' ამოიღო. ამასთან, აღებულ იქნა ყველა აღნიშნული პროდუქტის ნიმუში, რომელიც შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, ლაბორატორიაში გაიგზავნა. სწორედ ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პროდუქციის წარმოებისთვის მეწარმე ცხენის ხორცს იყენებდა. საწარმოდან ამოღებული ხორცი და ხორცპროდუქტები, განადგურების მიზნით, ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოს'' გადაეცა'', _ განუცხადეს ,,ვერსიას'' საგამოძიებო სამსახურში. 

მეწარმე დანაშაულს აღიარებს. ბრალდებულმა გამოძიების პროცესში აღნიშნა, რომ თბილისში მდებარე სხვადასხვა ბაზრობებზე შეიძინა ცხენის ხორცი, რომლისგანაც ,,ბასტურმა'' და ,,სუჯუკი'' დაამზადა. პროდუქტის უფრო ძვირად რეალიზების მიზნით კი, ,,სუჯუკის'' შეფუთვაზე, დაიტანა მონაცემი, რომ პროდუქცია საქონლისა და ღორის ხორცისგან იყო დამზადებული! 

გარდა აღნიშნული ფაქტისა, როგორც საგამოძიებო სამსახურში აღნიშნეს, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, კიდევ ხუთი კომპანიის მხრიდან ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოების ფაქტები გამოავლინეს, ობიექტები შეისწავლეს და შესყიდული საეჭვო საქონელი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ საწარმოებში. სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები. კერძოდ, სოსისი, ძეხვეული და სარდელი. უწყების თანამშრომლებმა დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების პროდუქცია ამოიღეს, რასაც ამ ეტაპზე, შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. ამ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

რა არის ფალსიფიკაცია? 

როგორც ,,ვერსიას'' ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუმარტეს, ფალსიფიკაცია _ მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. პირი, რომელიც პროდუქციის ფალსიფიკაციას ახდენს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით, თუმცა თუ ფალსიფიცირებული პროდუქციის მოხმარება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის, სასჯელი მკაცრდება. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2013 წლის 7 ივლისის #34 ბრძანებით განსაზღვრულია, თუ რომელ საგამოძიებო უწყებას, სისხლის სამართლის რა სახის დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება გააჩნია. აღნიშნული ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება აქვს სსკ-ით გათვალისწინებული 30-მდე სახის დანაშაულზე, მათ შორის ფალსიფიკაციაზე. თუმცა ეს გარემოება ხელს არ უშლის სხვა საგამოძიებო უწყებებს, აღნიშნული სახის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელოს. Aსევე, შესაძლებელია, შესაბამისი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აცნობოს. საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სფეროს ნებისმიერი პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტების გამოძიება განეკუთვნება. მაგალითად, გასულ თვეში, საგამოძიებო სამსახურმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. 

გასული წლიდან დღემდე, უწყებამ გამოძიება დაიწყო ლიმონათის, სუნელების, თევზპროდუქტების, ცემენტისა და სხვა სახის პროდუქციის ფალსიფიკაციის ფაქტებზე, რის გამოც არაერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 

როგორც „ვერსიას“ საგამოძიებო სამსახურში განუმარტეს, შინაარსობრივად, ფალსიფიკაცია პროდუქციის თვისობრიობის ანგარებით შეცვლას ნიშნავს. კერძოდ, პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობისგან, თვისობრივად განსხვავდება პროდუქტის რეალური შემადგენლობა. ნაკლები ხარჯისა და მეტი შემოსავლის მიღების მიზნით, მეწარმეები მაღალი ხარისხის ინგრედიენტების ნაცვლად, დაბალი ხარისხის ინგრედიენტებს, ზოგ შემთხვევაში კი, ეტიკეტზე მითითებულ ინგრედიენტებს საერთოდ არ იყენებენ. ყოველივე ეს საბოლოოდ, პროდუქტის შემადგენლობის თვისობრიობას და სამომხმარებლო თვისებებს ცვლის, რაც უკვე ფალსიფიკაციაა! 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პროდუქციის ფალსიფიკაციის ფაქტებზე გამოძიებას იწყებს, როგორც ოპერატიული ინფორმაციის, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო, თუ კერძო უწყების, ფიზიკური პირის მიმართვის, ან ღია წყაროს საშუალებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. 

*** 

ფალსიფიცირებული ხორცისა და ხორცპროდუქტების გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით, ,,ვერსია'' სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს: ,,სსიპ ,,სურსათის ეროვნულმა სააგენტომ'', ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე გატარებული სახელმწიფო კონტროლის დროს, სააგენტოს სპეციალისტებმა გამოავლინეს კუსტარული საწარმო, სადაც ბაზარზე განსათავსებლად, ანტისანიტარულ პირობებში, ხორცპროდუქტებს, კონკრეტულად, ,,სუჯუკს'' ამზადებდნენ. სააგენტოს სპეციალისტებმა, ადგილზე ტონაზე მეტი, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები განახორციელა. კერძოდ, კონკრეტულ პირსა და აღნიშნულ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ასევე ზედამხედველობა დაწესდა იმაზე, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ბაზრიდან სრულად ამოღებულიყო და განადგურებულიყო. ამ ფაქტის შესახებ, ,,სურსათის ეროვნულმა სააგენტომ'', სამართალდამცავ სტრუქტურებს აცნობა''.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში