Menu
RSS

რა ფუნქცია ექნებათ და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მართლწესრიგის ოფიცრები?

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმის ფარგლებში, 365 ოფიცერს შეარჩევს

 

,,გვინდა საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ ვეძებთ მოტივირებულ, მონდომებულ ადამიანებს, რომლებსაც სამართლიანობის მაღალი განცდა აქვთ, სურთ საზოგადოებას დაეხმარონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მართლწესრიგის დამყარებაში, დანაშაულის პრევენციასა და დანაშაულთან ბრძოლაში,'' _ ეს არაა ამონარიდი სამსახურის მაძიებელთა ამა თუ იმ განცხადებიდან. ასე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს იმ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, რომლებსაც კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრობა სურთ. რას ნიშნავს მართლწესრიგის ოფიცერი? კონკრეტულად, რას გულისხმობს რეფორმა, რომელსაც შსს ზაფხულის ბოლოდან, საპილოტე პროექტის რეჟიმში, დედაქალაქში განახორციელებს? ,,ვერსიას'' საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხეილ დაუშვილი ესაუბრება.

_ ბატონო მიხეილ, რას ნიშნავს ,,მართლწესრიგის ოფიცრის რეფორმა'', რომლის გატარებასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს? 

_ ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალური პოლიციის შინაარსობრივი, სიღრმისეული რეფორმა მიმდინარეობს. როდესაც კრიმინალურ პოლიციაზე ვსაუბრობთ, იმ ტერიტორიულ დანაყოფებს ვგულისხმობთ, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით, პასუხისმგებელნი არიან კრიმინალთან ბრძოლაზე. ეს რეფორმა დღეისათვის გაუმიჯნავი, სამი, მსხვილი ფუნქციის ერთმანეთისგან გამიჯვნასა და კრიმინალური პოლიციის მუშაობის ეფექტიანობის ზრდას ნიშნავს. ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო ფუნქციები და საუბნო მიმართულება. საზოგადოებას აინტერესებს, რა განსხვავებაა უბნის ინსპექტორსა და მართლწესრიგის ოფიცერს შორის, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ უბნის ინსპექტორის რებრენდინგია, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა, ეს შინაარსობრივად ახალი რეფორმაა. ცხადია, გარკვეულწილად, მართლწესრიგის ოფიცერი უბნის ინსპექტორს წააგავს და ამ კუთხით, პარალელების გავლებაც შეიძლება, მაგრამ უბნის ინსპექტორს, რომელსაც 2005 წლიდან, როდესაც ეს ინსტიტუტი შეიქმნა, საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა მოსახლეობასთან, შემდგომში ასეთი კავშირი შემცირდა და მინიმუმამდე დავიდა. ჩვენი პოლიცია, თავისი ოპერატიული, საგამოძიებო, თუ საუბნო მიმართულებებით, დღეს ძირითადად, რეაქტიულ მიდგომებზეა გადასული - პოლიციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა იმ შემთხვევაში ხდება, თუ ვინმე სამართალდარღვევას ან დანაშაულს ჩაიდენს. პოლიცია მიდის სამართალდამრღვევთან, იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გატარებას, მაგრამ საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაცია მინიმუმამდეა დაყვანილი. თუმცა ხომ შეიძლება, გარკვეული პრობლემა გქონდეთ, რაღაც გიჭირდეთ და დახმარება გჭირდებოდეთ, ამ დროს პოლიცია მოდის თქვენთან და გესაუბრებათ, ცდილობს, თქვენი პრობლემის მოგვარებას. 

რა არის დანაშაული? მისი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ძალიან ბევრი რამ იყოს - სოციალური გარემო და სხვა ფაქტორები. ჩვენი მიზანია, სწორედ კონკრეტული დანაშაულის გამომწვევი მიზეზები ვიცოდეთ. პოლიციას, გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც პერმანენტულად ვამუშავებთ, ცხადია, აქვს ზოგადი სურათი, რა შეიძლება იყოს დანაშაულის, ან სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზები. თუმცა იმისათვის, რომ პრობლემის გადაჭრის გზები დავინახოთ, მართლწესრიგის ოფიცერი გვჭირდება. 

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ სხვადასხვა საპოლიციო სერვისის მთავარი მომხმარებელი საზოგადოებაა. ჩვენი მიზანია _ ადამიანებთან მჭიდრო კომუნიკაციით, მათთვის კანონის ფარგლებში, ხარისხიანი მომსახურების - საპოლიციო სერვისის გაწევით, ვიცოდეთ, რა არის მათი პრობლემა, ხოლო მეორე მხრივ, გავზარდოთ ნდობა საზოგადოებასა და პოლიციას შორის, რათა ადამიანს შეეძლოს, უფრო მეტად დაეყრდნოს პოლიციასა და პოლიციელს. სწორედ ამ მიზნით იქმნება ეს ინსტიტუტი, რომელიც, ვფიქრობთ, გარკვეულ პერიოდში შეძლებს ნდობის მოპოვებასა და საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციას, რაც პრევენციული ღონისძიებების გატარებაში დაგვეხმარება. 

_ როგორ მოიპოვებს საზოგადოების ნდობას მართლწესრიგის ოფიცერი, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ყველა ოჯახში მივა? 

_ მოდით, მართლწესრიგის ოფიცრის ერთი ჩვეულებრივი, სამუშაო დღე წარმოვიდგინოთ. მისი სამუშაო დღის ძირითადი ნაწილი მოსახლეობასთან კომუნიკაციას დაეთმობა. ვფიქრობთ, მართლწესრიგის ოფიცერი ყველა ოჯახში უნდა მივიდეს, ვინც კი მის სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც, ყოველდღიურად უნდა ჩამოიაროს ყველა კარი, ეს პერიოდულად, გარკვეული გრაფიკის მიხედვით უნდა განხორციელდეს. პირველი _ მართლწესრიგის ოფიცერმა ის საზოგადოება უნდა გაიცნოს, რომელიც მის სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობს, მეორე _ უნდა იცნობდეს ყველა სავაჭრო, თუ არასავაჭრო ობიექტის თანამშრომლებსაც, რომლებიც მის ტერიტორიაზე ოპერირებენ. პარალელურად, იმ ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მუშაობენ, უნდა იცოდნენ, ვინაა მათი საკომუნიკაციო პირი პოლიციასთან. რეალურად, პოლიციასთან კომუნიკაციისთვის, სხვა არხებიც არსებობს, მაგალითად, იგივე 112. ადამიანი 112-ზე მხოლოდ მაშინ რეკავს, როდესაც კონკრეტული დანაშაული, ან სამართალდარღვევა ხდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც დანაშაული არ ხდება, მოსახლეობას კი გარკვეული პრობლემა აქვს, რაღაც აწუხებს და სურს, მისი ეს წუხილი პოლიციამდე მიიტანოს. ვფიქრობთ, უფრო უპრიანი იქნება, თუ ასეთ ქეისებზე მართლწესრიგის ოფიცრები ჩაერევიან, რომლებიც ყოველ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კონკრეტულ გამოსავალს შესთავაზებენ. სწორედ ამიტომ, ადამიანის ნდობა რომ მოიპოვო, ან არსებული ნდობა გააძლიერო, ჯერ პროაქტიური კომუნიკაცია უნდა დაიწყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოზიტიურ, პროაქტიურ კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც ადამიანებზე დადებითად მუშაობს. ამასთან, მნიშვნელოვანი ისაა, რომ მხოლოდ კომუნიკაცია ნდობის ამაღლების გარანტი ვერ იქნება. კომუნიკაცია საშუალებაა, რათა ადამიანებმა მართლწესრიგის ოფიცრები გაიცნონ და მათ მიმართ, გარკვეული ნდობა გაუჩნდეთ. ვფიქრობთ, მთავარი მაინც მართლწესრიგის ოფიცრების პიროვნული მახასიათებლები, მათი კეთილგანწყობა, კონკრეტული მოვლენების მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება, მათი კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმია, რაც სათანადო რეაგირებაში გამოიხატება. ეს ყველაფერი _ პიროვნული მახასიათებლები, განწყობა, კომპეტენტურობა პროფესიონალიზმთან ერთად, უკვე უზრუნველყოფს მოსახლეობაში ნდობის ამაღლებას. ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობა მიხვდება, რომ საჭირო პიროვნებასთან აქვს საქმე, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც პრობლემა შეექმნება, ან რჩევა დასჭირდება, მის გვერდით იქნება და დაეხმარება. 

_ უბნის ინსპექტორებმა გაიარეს გარკვეული გადამზადება და მართლწესრიგის ოფიცრები გახდნენ, თუ ახალ კადრებს მიიღებთ? რამდენი მართლწესრიგის ოფიცერი იქნება პოლიციის ამა თუ იმ განყოფილებაში? 

_ უბნის ინსპექტორებს სახელი არ გადარქმევიათ, ისინი ისევ უბნის ინსპექტორები არიან. როდესაც ვამბობთ, რომ ფუნქციები სამ, ძირითად, მათ შორის, საუბნო, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მიმართულებებად იყოფა, ვგულისხმობთ, რომ რეფორმის გარკვეულ ეტაპზე, საუბნო მიმართულება სრულად უნდა აიღოს საკუთარ თავზე მართლწესრიგის ოფიცერმა. თუმცა სად მიდიან უბნის ინსპექტორები, ისინი ასე მარტივად ხომ ვერ გაქრებიან? უბნის ინსპექტორების დროის მნიშვნელოვანი ნაწილი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას ეთმობა. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე იმ ორ მსხვილ მიმართულებაზე მუშაობენ, რის გამოც საზოგადოებასა და პოლიციას შორის კომუნიკაცია შემცირდა. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ეს სამი მიმართულება და ამ ადამიანების სპეციალიზაცია იმიჯნება. ცხადია, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვზრუნავთ, რისთვისაც გადამზადების კურსებს მუდმივად ვთავაზობთ. შესაბამისად, უბნის ინსპექტორები, რომლებიც დღეს დაკავებულნი არიან საგამოძიებო ფუნქციებით, სწორედ ამ მიმართულებით გადამზადდებიან, აიმაღლებენ კვალიფიკაციას და ამ კუთხით განაგრძობენ მუშაობას, ხოლო უბნის ინსპექტორები, რომლებიც დაკავებულნი არიან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობით, ამ კონკრეტული მიმართულებით გადამზადდებიან. პოლიციაში დასაქმებული ნებისმიერი პირი, რომელიც კომპეტენტურია, კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობებს და საქმისადმი თავდადებული დამოკიდებულება აქვს, ცხადია, გვჭირდება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებს ვინმე სამსახურიდან გაუშვებს! 

რაც შეეხება მართლწესრიგის ოფიცრების უბნებზე განაწილებას, სტატისტიკური მონაცემები რომ ავიღოთ, თბილისში დაახლოებით, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, საპოლოტე პროექტის ფარგლებში, საშუალო სტანდარტი ავიღეთ _ 3 000 მოსახლეზე, ერთი მართლწესრიგის ოფიცერი გვეყოლება. ვფიქრობთ, რეფორმის პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ეს საკმარისი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ საპილოტე პროექტის გარკვეულ ეტაპზე, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის შეფასების შედეგად დავინახავთ, რომ ეს საკმარისი რაოდენობა არაა, ამ მიმართულებით, ადეკვატურ ნაბიჯებს გადავდგამთ. ამასთან, განაწილების მხრივ, მნიშვნელოვანია, თითოეული უბნის სპეციფიკა. მაგალითად, რამდენად მჭიდროდაა დაკავებული კომერციული თუ სხვა ტიპის ობიექტებით. აქედან გამომდინარე, უბანზე მართლწესრიგის ოფიცრების განაწილება, კონკრეტული უბნის სპეციფიკაზეც იქნება დამოკიდებული. 

_ როდის დაიწყება და რამდენ ხანს გასტანს მართლწესრიგის ოფიცრების საპილოტე პროექტი? 

_ როდესაც მართლწესრიგის ოფიცრების დაკომპლექტებაზე ვფიქრობდით, ეს საკითხი ორ ნაწილად გავყავით, რადგან გვინდოდა, გამოცდილებისა და სიახლის სინთეზი მიგვეღო. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, 365 ოფიცერზე ვსაუბრობთ, თუმცა მათი მცირე ნაწილი, მოქმედი პოლიციელებისგან შევარჩიეთ. დღეს ისინი გადამზადების რეჟიმში არიან, ხოლო მართლწესრიგის ოფიცრებს, რომლებსაც მოქალაქეების საშუალებით შევავსებთ, მომზადების კურსს შსს-ს აკადემიაში გაივლიან. რაც შეეხება ვადებს, მოქმედი პოლიციელების მცირე ნაწილი, სავარაუდოდ, უბნებზე უკვე ზაფხულის ბოლოს გამოჩნდება, დანარჩენები _ წლის ბოლომდე. ჩვენი მიზანია, ამ ინსტიტუტის კომპლექტაცია წლის ბოლომდე დასრულდეს, თუმცა იმასაც ვითვალისწინებთ, რომ შერჩევისა და გადამზადების დროს, შესაძლოა, მართლწესრიგის ოფიცრების საკმარისი რაოდენობა ვერ მოვიძიოთ. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ეს ინსტიტუტი სრულად დაკომპლექტდეს. რაც შეეხება საპილოტე პროექტის ვადას, პირდაპირ გეტყვით, რომ კონკრეტული ვადა მარტივი მიზეზის გამო, არ დაგვიწესებია. ჩვენი მიზანია, პროექტის დაწყების ანუ მართლწესრიგის ოფიცრების უბანზე გამოჩენის პირველივე დღიდან, მათი საქმიანობის მონიტორინგი განხორციელდეს და გარკვეული პერიოდულობით, მათი საქმიანობის ეფექტიანობაც შეფასდეს. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ ხანს გასტანს საპილოტე პროექტი და, შესაბამისად, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას, რათა თბილისის გარდა, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაინერგოს. 

_ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს? 

_ ეს საკითხიც რამდენიმე ნაწილად, შიდა და გარე მონიტორინგად უნდა გავყოთ. პირველ ეტაპზე, ცხადია, შიდა მონიტორინგით დავიწყებთ - ერთის მხრივ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი შეიქმნება, თავად მენეჯერები განახორციელებენ მონიტორინგს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად და სრულყოფილად ასრულებენ მართლწესრიგის ოფიცრები დაკისრებულ მოვალეობებს. გარდა ამისა, შსს-ში, თანამშრომლების საქმიანობის შეფასებაზე ორიენტირებული ჯგუფი დააკვირდება მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობას _ რამდენად დატვირთულები არიან და რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს. ამასთან, ვფიქრობთ, მონიტორინგის სხვა მეთოდებიც შემოვიტანოთ. ვინაიდან ჩვენი მთავარი მომხმარებელი საზოგადოებაა, შესაბამისად, მონიტორინგის რა პროცედურებიც არ უნდა შემოვიღოთ და რამდენად მკაცრადაც არ უნდა შევამოწმოთ მათი საქმიანობა, საბოლოოდ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბენეფიციართა აზრია. შესაბამისად, გარე მონიტორინგის პროცესში, ვფიქრობთ, ერთგვარი კვლევები ჩავატაროთ, რათა დავინახოთ, რამდენად აკმაყოფილებს საზოგადოებას მართლწესრიგის ოფიცრის მიერ გაწეული სერვისი. 

_ კონკრეტულად, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მართლწესრიგის ოფიცრები და რაც მთავარია, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ამ პოზიციაზე მუშაობა? 

_ სავალდებულო კრიტერიუმი მხოლოდ უმაღლესი განათლებაა და მისი დაწესებაც არ იყო შემთხვევითი. ჩვენ შეგვეძლო, სხვადასხვა ტიპის გამოცდილება მოგვეთხოვა, ბევრი კრიტერიუმი დაგვწესებინა - თუმცა კრიტერიუმების დაწესებას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია, რადგან, შესაძლოა, ამის გამო, ისეთი ადამიანი დავკარგოთ, რომელიც ზედმიწევნით პასუხობს იმ ფუნქციებსა და შინაარსს, რაც მართლწესრიგის ოფიცერმა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა აკეთოს. აქედან გამომდინარე, ფილტრად უმაღლესი განათლება ავიღეთ, რაც იმის საფუძველია, რომ ადამიანს აქვს გარკვეული განათლება, შეუძლია ინფორმაციის დამუშავება, ადამიანებთან კომუნიკაცია, გარკვეული პროექტების მომზადება და იმპლემენტაცია იმ საზოგადოებაში, სადაც იმუშავებს. რაც შეეხება სასურველ, დამატებით კომპონენტებს, ესაა უმაღლესი იურიდიული განათლება, თუმცა სავალდებულო არაა, რადგან არ ვფიქრობთ, რომ მაინც და მაინც იურისტობაა საჭირო, რათა მართლწესრიგის ოფიცერმა საქმე კარგად აკეთოს. დამატებითი კომპონენტია ასევე უცხო ენების ცოდნა და ამასაც თავისი მიზეზი აქვს. მოგეხსენებათ, თბილისი მრავალეთნიკური ქალაქია და, შესაბამისად, სხვადასხვა ეთნიკურ წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, გარკვეული ენის ცოდნა საჭიროა. თუმცა გიმეორებთ, არც უცხო ენის ცოდნაა სავალდებულო და აუცილებელი მოთხოვნა. 

რაც შეეხება კითხვას, რატომ უნდა მოგინდეთ მართლწესრიგის ოფიცრად მუშაობა - თავისთავად ცხადია, ყველას არ მოუნდება და ეს ძალიან კარგად გვესმის. თუმცა იმაშიც დარწმუნებულები ვართ, რომ თავისი შინაარსით, ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ბევრი იქნება ისეთი ადამიანი, რომლებსაც საკუთარი პიროვნული მახასიათებლებით, სამართლიანობის განცდით, საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარითა და სიყვარულით, სურვილი ექნებათ, ეს საქმე აკეთონ. გარდა ამისა, ეს მართლაც ღირსეული საქმეა, რადგან მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქცია იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, საპოლიციო სერვისის გაწევა, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის პრევენცია, მოქალაქეების დახმარება, მათი პრობლემების დანახვა და მათ გადაჭრაზე ზრუნვა. გვჯერა, ასეთი ხალხი გამოჩნდება და ამის დასტურია ისიც, რომ ბრიფინგიდან, სადაც ამ რეფორმაზე ვისაუბრეთ, ორი დღეც არ გასულა და ამ მომენტისთვის უკვე 200-ზე მეტი განაცხადია შემოსული! 

(განაცხადის შევსება კი შეგიძლიათ საიტზე WWW.OFFICER.GE).

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში