Menu
RSS

წლის მთავარი კრიმინალური მოვლენა _ ლავას ოღლის ტიტული ჩამოართვეს

რა მოხდა სტამბულის რესტორან „ესა როიალ პარკში“ _ კანონიერი ქურდის, ნიკო დგებუაძის ქორწილში

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება არ იმჩნევს, თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდები ერთმანეთს არიან დარეული. ორი კვირის წინ, ქურდული წოდების გარეშე თემურ ჭურაძე დატოვეს, ამჯერად კი არაქურდად საქართველოში სკანდალურად ცნობილი, მინდია გორაძე იგივე „ლავას ოღლი“ გამოაცხადეს. როგორც ამბობენ, ეს ჭურაძის ამბის გაგრძელებაა და მას მომავალშიც არაერთი ქურდი შეეწირება.

სანამ უშუალოდ ამ საქმეზე გეტყოდეთ, საბერძნეთში დაკავებულ ლაშა შუშანაშვილზე გიამბობთ. მისი სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს და ჯერჯერობით სიახლე ამ მიმართულებით არაა, თუმცა შუშანაშვილს ამჯერად რუსეთში შეექმნა პრობლემები. რუსმა სამართალდამცავებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს. 

საქმე 2014 წელს სოჭში გამართულ ოლიმპიადას ეხება. რუსი სამართალდამცავები გამქრალ ექვს მილიარდ დოლარს ეძებენ და ამის გამო, 64 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გასულ კვირას ამ საქმეზე დააკავეს სოჭის ორი ვიცე მერი, არქიტექტორები ედუარდ სააკიანი და ვართან ტატულიანი. სწორედ ამ უკანასკნელის ძმას, რუბენ ტატულიანს ედება ბრალად ქურდებთან კავშირი და ჩამონათვალში რამდენიმე კანონიერ ქურდთან ერთად, შუშანაშვილიც არის ნახსენები. 

ვერ გეტყვით, მოითხოვს თუ არა რუსეთი მის ექსტრადირებას, მაგრამ ფაქტია, რომ მასზე ძებნა გამოცხადდა. 

ახლა რაც შეეხება თურქეთში მიმდინარე პროცესებს. გასული კვირა იმით იყო გამორჩეული, რომ კანონიერმა ქურდმა, ნიკო დგებუაძემ სტამბულის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში, „ესა როიალ პარკში“ ქორწილი გადაიხადა. რაღა თქმა უნდა, ქორწილში კანონიერი ქურდების მთელი კორჰოტა იყო დაპატიჟებული და მათ შორის ნადირ სალიფოვი, იგივე „გულუ“. 

გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ქორწილში ნეფე-დედოფალზე უფრო ხშირად, სწორედ სალიფოვის სადღეგრძელოს სვამდნენ და მართალია, კრიმინალური სამყაროს ლიდერი თავიდან თავშეკავებულად იქცეოდა, შემდეგ სასმელი მოეკიდა და „ასეთია ქურდი კაცის“ ბედი რომ დაუკრეს, საცეკვაოდაც გადავიდა. უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ მომსახურე პერსონალთაგან ერთ-ერთმა სოციალურ ქსელში „ლაივი“ ჩართო და თითქმის ორი წუთის განმავლობაში ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. 

შემდეგ ის ქურდებმა შენიშნეს და როგორც გვითხრეს, ტელეფონი თავზე დააფშვნეს, თუმცა ვიდეო და ქორწილის რამდენიმე სურათი სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა. 

ქორწილამდე კი ორი კვირის წინ ნაცემი და სტატუსწართმეული ჭურაძის სიმამრმა, წონიანმა და გავლენიანმა თემურ ნემსიწვერიძემ „გულუსთან“ აუდიენცია ითხოვა. მას საკუთარი სიძის ბედის გარკვევა და იმის ახსნა სურდა, რომ არაქურდად მისი დატოვება ვერ მოხდებოდა, თუმცა აზერბაიჯანელი ქურდი ნემსიწვერიძეს არ შეხვდა. მაშინ საქმეში ჭურაძის უახლოესი მეგობარი, მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი ჩაერია. გორაძეს „გულუსთან“ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ... 

„ვერ გეტყვით, როგორ მოხდა, თუმცა ფაქტია, რომ საბერძნეთში მყოფმა მერაბ ჯანგველაძის კლანმა გორაძე არაქურდად გამოაცხადა. მერაბი და მისი დაჯგუფება ჯერჯერობით ერთადერთია, ვისაც „გულუ“ არ ეხება და, როგორც ამბობენ, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა, როცა საქმე პირველობაზე მიდგება, ისინი ერთმანეთს აუცილებლად დაეტაკებიან. ახლა გორაძეს თავისი ძმაკაცის კი არა, საკუთარი ბედი უფრო აღელვებს. ამიტომ, ის შეეცადა „გულუს“ ნახვას, თუმცა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მინდია დარწმუნებული იყო, რომ მას ქორწილში დაუძახებდნენ და იქ მაინც მოახერხებდა ძველ მეგობართან შეხვედრას, თუმცა ლავას ოღლისთვის ადგილი არც ქორწილში მოიძებნა, მას უბრალოდ არ დაუძახეს, რაც მაგალითად ერთი კვირის წინ, წარმოუდგენელი იყო“,_ გვითხრა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა კრიმინალმა. 

ზოგადად, აღნიშნული ქორწილი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იყო იმის გასარკვევად, ვინ დგას სალიფოვის მხარეს და ვინ _ არა. სურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „გულუ“ სრულად ეთანხმება ჭურაძის ცემის ამბავს, რადგან არაერთ სურათში მის გვერდით გოჩა ალფაიძე, იგივე „ალფასონი“ დგას და სწორედ მან სცემა ჭურაძე. შესაბამისად, სალიფოვი არც იმის წინააღმდეგი უნდა იყოს, რომ „ლავას ოღლი“ უტიტულოდ დარჩეს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, აჭარა კონტროლ ქვეშ აიყვანოს და ეს მის ყულაბაში არაერთ მილიონს მოიტანს. ყველამ იცის, რომ აჭარაში გორაძის გავლენა დიდია, მაგრამ სტატუსის გარეშე დარჩენილ მინდიას აღარავინ გაითვალისწინებს, აი, მოძლიერებულ და შავი სამყაროს ტახტრევანზე თითქმის დაბრძანებულ სალიფოვს კი ყველა თავს დაუკრავს, მითუმეტეს, რომ აჭარაში თურქი ბიზნესმენები ჭარბობენ. 

როგორც გვიყვებიან, ქორწილს ჩხუბის გარეშე არ ჩაუვლია. საკმაოდ ნასვამმა კანონიერმა ქურდმა როლანდ გეგეჭკორმა, თავის ახალგაზრდა კოლეგას გია ზარანდიას ჰკითხა, ასე კარგად რომ გამოიყურები, პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაიკეთეო, რამაც ზარანდია გააბრაზა. შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ გია საკუთარ თავს ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს, რომ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი გახდა მას შემდეგ, რაც ჯგუფ „ტატუს“ სოლისტი, იულია ვოლკოვა მოიყვანა ცოლად, რომ სხადნიაკებზე ხშირად ფიტნესდარბაზებში დადის და სიტყვიერ კამათს გაწევ-გამოწევა მოჰყვა. 

ასეა თუ ისე, ჩვენს მეზობლად, ჩვენს თანამემამულეებს დიდი ამბები აქვთ და გამორიცხულია, ეს რაღაც ფორმით საქართველოზე არ აისახოს. მითუმეტეს, უარყოფის მიუხედავად, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კანონიერ ქურდებს საქართველოში გავლენები წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდათ, ამ ხელისუფლების დროსაც აქვთ და ძალიან დიდი ალბათობით, მომავალშიც ექნებათ.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში