Menu
RSS

თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდების ომია!

შეიძლება თამამად ითქვას, რომ თურქეთში კრიმინალური ომია გაჩაღებული. უფრო კონკრეტულად კი, ქართველი კანონიერი ქურდების ომი. როგორც ამბობენ, ასე იქნება მანამ, სანამ კრიმინალური სამყარო ახალ ლიდერს არ აირჩევს და შაქრო კალაშოვის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილს ვინმე არ დაიკავებს.

დიდი იყო იმის შანსი, რომ ამ ყველაფერს უმტკივნეულოდ ჩაევლო და ტახტრევანზე ლაშა შუშანაშვილი დამჯდარიყო, მაგრამ ის საბერნეთის პოლიციამ დააკავა და მისი საქმის განხილვა დღემდე მიმდინარეობს. სანამ თურქეთში განვითარებულ სისხლიან დაპირისპირებაზე გიამბობთ, გეტყვი, რომ საფრანგეთში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ქართველების სასამართლო პროცესი დასასრულისკენ მიდის და 34 ქართველიდან დიდი ალბათობით სასჯელს 30 მიიღებს. ამას საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანო იუწყება, თუმცა უფრო საინტერესო სხვა რამ არის _ ფრანგებმა განსასჯელის სკამზე ისევ დასვეს ლაშას ძმა, კახა შუანაშვილი, რომელსაც გასულ წელს 15-წლიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს და შესაძლოა, ახლა სასჯელი გაუზარდონ. 

„ასე არ შეიძლება. ჩემს კლიენტს, როგორც მონსტრს, ისე ექცევიან. ის ამდენი ხნის განმავლობაში სამარტოო საკანში იხდის სასჯელს, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ, რაც აკრძალულია. სურთ, რომ კახას მეშვეობით, საბერძნეთს ლაშა შუშანაშვილის ექსტრადირება მოსთხოვონ, აქაოდა, რაც ამას დავუმტკიცეთ, ლაშამაც იცოდა და მონაწილეობას იღებდაო, რაც აბსურდია. ჯერ ერთი, ჩემი კლიენტის გარშემო შეკერილი საქმეც გამოსაძიებელია და მეორეც, რა შუაშია მისი ძმა, რომელიც ახლა დაკავებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ციხიდან მალე გამოვა“, _ ეს განცხადება კახა შუშანაშვილის ადვოკატმა, სილვიო როსი-არნომ გააკეთა. 

თავის მხრივ, საფრანგეთის პოლიციამ აღნიშნა, რომ როგორც კი კახა შუშანაშვილი საერთო ციხეში გადაიყვანეს სხვა პატიმრებთან ერთად, უცნაური შედეგი მიიღეს. მათი თქმით, გადაყვანიდან მეორე დღეს, ციხეში ე.წ. ობშიაკის შეკრება დაიწყო და 50-მა მსჯავრდებულმა „საერთოში“ ფულის შეტანის მზადყოფნა გამოთქვა, რაც ციხის ადმინისტრაციამ სასწრაფოდ აღკვეთა და კახა ისევ სამარტოო საკანში დააბრუნა. 

ეს რაც შეეხებათ შუშანაშვილებს. ახლა თურქეთზე ვთქ¬ვათ. მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქე კანონიერ ქურდთა უმრავლესობა სწორედ თურქეთში „მოღვაწეობს“ და საკუთარი გავლენის დამტკიცებას ნადირ სალიფოვთან, იგივე „გულუსთან“ ცდილობს. თავის მხრივ, „გულუ“ ნელ-ნელა და მიზანმიმართულად გარშემო ერთგულ ქურდებს იკრებს, მათ კი, ვისაც მისი ერთგულება არ სურთ, სასტიკად უსწორდება. სწორედ ასეთი სისასტიკეს ლამის შეეწირა ერთ-ერთი გავლენიანი ქურდი თემურ ჭურაძე, იგივე „შოშია“. გარდა იმისა, რომ ჭურაძე თავადაც ქურდია, იგი ერთ-ერთი წონიანი ქურდის, ძველი თაობის წარმომადგენლის, თემურ ნემსიწვერიძის სიძეა. ესეც არ იყოს, ჭურაძე მინდია გორაძის, იგივე ლავას ოღლის ძალიან ახლო მეგობრად ითვლება და შესაბამისად, თურქეთში მისთვის ცხოვრება თუ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდა. სხვათა შორის, ჭურაძეზე აქტიურად საუბრობდნენ, რომ ის უკან არასდროს არაფერზე იხევდა, სათქმელს ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა და ამის გამო, არაერთ გაუგებრობაში მოხვდა. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე კანონიერი ქურდისთვის სტატუსის ჩამორთმევა, ქურდებთან ხელჩართული ჩხუბი და ა.შ., მაგრამ ყველა შემთხვევაში, ის მართალი გამოდიოდა. ზოგი ამბობს, რომ, შოშიას გავლენიანი სიმამრის გამო ვერ ეხებოიდნენ, ზოგი ამბობს, რომ ის მუდმივად მართალი იყო. ასეა თუ ისე, ჭურაძეს ამჯერად არ გაუმართლა. 

როგორც გვიყვებიან, შოშია ორ კანონიერ ქურდს, გია ნიჟარაძესა და გოჩა ალფაიძეს შეხვდა. სწორედ ამ უკანასკნელს წაუყენა პრეტენზიები ჭურაძემ, აქაოდა, თავის დროზე რუსეთის ციხეში ტარიელ ონიანზე „პრაგონი“ რომ გაატარე, აქაოდა ტარიელი კანონიერი ქურდი აღარ არისო, როგორ გაბედეო და პასუხი უნდა მოგთხოვოო. შედეგად, ნიჟარაძემ და ალფაიძემ მას ცემა დაუწყეს და სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც გვითხრეს, ჭურაძეს თან კრიმინალური ავტორიტეტი, ლაშა დოღონაძე ახლდა, თუმცა, იმის გამო, რომ დოღონაძე ქურდი არ არის, ის ამ ჩხუბში ვერ ჩაერია და მხოლოდ ყვიროდა, ქურდებო, ნუ ჩხუბობთ... 

ჩხუბის შემდეგ, შოშიას გამოუცხადეს, რომ ქურდი აღარ არის და ეს მისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო. საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით უმზერდა ნადირ სალიფოვი. ამბობენ, ეს ყველაფერი „გულუმ“ მოაწყო და ქუთაისელ ქურდებს პირდაპირ დაეტაკა, რადგან ისინი მას როგორც ლიდერს, არ აღიარებდნენო. როგორც ჩანს, ეს ამბავი სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს, რადგან ცემის დროს ნიჟარაძე და ალფაიძე ჭურაძეს ეუბნებოდნენ, მხოლოდ იმიტომ არ გკლავთ, რომ შენი ცოლი ქვრივი არ გახდეს, პატივს შენს სიმამრს ვცემთო. ამით ქურდებმა ხაზი გაუსვეს, რომ თითქოს შოშია აქამდე მხოლოდ თემურ ნემსიწვერიძის პატივისცემის გამო იმსახურებდა სხვა ქურდების კეთილგანწყობას. 

ვარაუდობენ, რომ აღნიშნულის შემდეგ, „გულუს“ გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა სხვა მხრივ, ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანელ კანონიერ ქურდს ქალი დაღუპავს, უფრო კონკრეტულად კი საბედისწერო ქალი. აზერბაიჯანელი მომღერალი აფაგ ასლანი არამარტო სამშობლოში ძალიან ცნობილი ქალია. თავის დროზე მასზე ამბობდნენ, რომ ოჯახი ლამის ქვეყნის პრეზიდენტს, ილხამ ალიევს დაუნგრია, მერე მას აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში ერთ-ერთ ყველაზე მიღებულ ქალბატონად თვლიდნენ, ახლა კი ის თურქეთშია და „გულუსთან“ ერთად ცხოვრობს. 

„მე თუ კაცი მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმიანობს ის. მე არ მაინტერესებს, ვინ რას აკეთებს, მთავარია მიყვარდეს და მე ახლა შეყვარებული ვარ“, _ ასეთი კომენტარი გააკეთა აფაგ ასლანმა მედიასთან. 

აი, „გულუს“ მეგობრები კი ამბობენ, რომ კანონიერი ქურდი ამ ქალს საჭიროზე ბევრად მეტ დროს უთმობს, მასთან ერთად საყიდლებზე დადის და ქურდული საქმეებისთვის სულ უფრო ნაკლებად იცლის. თავად ქურდი ამ ყველაფერში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ის კი ფაქტია, რომ მასთან მისულ ქურდებს ხშირად რამდენიმე საათიანი ლოდინი უწევთ, რადგან „გულუ“ მომღერალთან ერთობა. 

და ერთიც _ „გულუს“ უახლოესი მეგობარი და საქართველოში მისი მთავარი საყრდენი ძალა მინდია გორაძე ჭურაძესთან ძმაკაცობს და რამდენად შეთანხმდებიან შოშიას გარშემო „გულუ“ და „ლავას ოღლი“, ვერ გეტყვით.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში