Menu
RSS

კანონის რეპრესია!

რატომ ვერ აბრუნებს მოსამართლე არასრულყოფილ საქმეებს გამოძიებაში?!

 

ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებამ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ საქმეში მრავალი კითხვა გააჩინა. საქართველოს რესპუბლიკის სახელით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ორი ბრალდებულიდან ერთ-ერთი გ.ბ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი, რის გამოც 14 წლის ვადით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა არასრულწლოვანთა მარლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რაც შეეხება, მეორე ბრალდებულს, გ.ჯ.-ს, მას დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის 13 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელი, თუმცა ამ შემთხვევაშიც არასრულწლოვანთა კოდექსით, ვადა 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ -თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 9 თვით განესაზღვრა. მოსამართლის ეს განაჩენი ცხადყოფს, რომ არ გამოიკვეთა დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა მაშინ, როდესაც 51-ე სკოლის გარდაცვლილ მოსწავლეს სხეულზე 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საქმეზე გამოძიება ხელახლა მას შემდეგ დაიწყო, რაც დავით სარალიძის მამამ აღნიშნული უსამართლობა ქუჩაში მრავალათას ადამიანთან ერთად გააპროტესტა და ვითარება მკვეთრად გამწვავდა. 

საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი კითხვა – ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ დავით სალარიძემ სამართალი ვერ იპოვა? ამ კითხვას ყველა სტრუქტურა სხვადასხვაგვარად პასუხობს, იმის მიხედვით – ვის როგორ აწყობს. პროკურატურა გამოძიებისკენ იშვერს ხელს, გამოძიება ექსპერტებისკენ და დაცვისკენ, ყველა ერთად კი მოსამართლის არაკვალიფიციურობაზე ლაპარაკობს! თუმაც აქ ჩნდება მთავარი კითხვა _ რა ხდება იმ დროს, როცა საქმე სრულყოფილა არ არის გამოძიებული და არ გვაქვს პასუხი კითხვაზე – ვინ არის მკვლელი? ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ მოსამართლეებს კანონი არ აძლევთ უფლებას, საქმე წინასწარ გამოძიებას დაუბრუნონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი ხედავენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები განაჩენის დასაყენებლად საკმარისი არაა და გამოძიება არასრულყოფილადაა წარმოებული. ამ საკითხის განმარტება ადვოკატ მარი შათირიშვილს ვთხოვეთ:

_ ხორავას ქუჩის საქმიდან გამომდინარე ნათელი გახდა, რომ განაჩენი ნაწილობრივ გამოუძიებელ საქმეზე დადგა, რადგან ერთ-ერთი გარდაცვლილის მკვლელი ვერ დადგინდა. მოსამართლემ განაჩენი მხოლოდ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო და კანონით არ ჰქონდა უფლება, საქმე წინასწარი გამოძიების მსვლელობისთვის დაებრუნებინა, არა? 

_ დიახ, ასეა და მიმაჩნია, რომ არასწორია. ამაზე ბევრჯერ მქონია კოლეგიალურ წრეებშიც საუბარი. 

მას შემდეგ, რაც 1999 წელს, ახალი სისხლის სამართლის კოდექსი შემოვიდა, მოსამართლე კანონით ვალდებულია, საქმე განიხილოს იმ ფარგლებში, რაც არის შესული სასამართლოში. ანუ, თუ ადრე მოსამართლეს უფლება ჰქონდა, თავისი გადაწყვეტილებით საქმე დაებრუნებინა წინასწარ გამოძიებაში და არ ჩაეთვალა საკმარისად საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები განაჩენის დასაყენებლად, დღეს, სამწუხაროდ, მოსამართლეები ამაში შეზღუდულები არიან. ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი საქმეზე ხელახლა განახლდეს გამოძიება და ეს არის ახლადაღმოჩენილი გარემოება. ანუ ის გარემოება, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო არავისთვის, არც ძიებისთვის, არც სასამართლოსთვის და არც შეიძლება ყოფილიყო, ობიექტური მიზეზების გამო. 

სწორედ ამ ახლადაღმოჩენილი გარემოებებით შეიძლება განახლდეს საქმეზე წინასწარი გამოძიება. რაც შეეხება ხორავას ქუჩის საქმეს, რასაკვირველია, სრულად არ ვარ გაცნობილი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რა პრაქტიკაც გვაქვს მსგავსი ტიპის საქმეებში, მოსამართლე ეკა არეშიძის მაღალკვალიფიციურობაში, კომპეტენტურობასა და ობიექტურობაში დარწმუნებული ვარ, რადგან ჩემ მიერ წარმოებულ საქმეებზე გამოუტანია ჩემთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაც და საზიანოც, მაგრამ ეს განაჩენები იყო ყოველთვის კვალიფიციური და საქმის ზედმიწევნით მცოდნე მოსამართლის მიერ გამოტანილი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილ საქმეში იმ ორი პირის მიმართ, დაინახა მხოლოდ ის, რაც დაუდო საფუძვლად თავის გადაწყვეტილებას. მან ერთი მსჯავრდებული სცნო დამნაშავედ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ანუ საქმეში სრულად იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები და დასტურდებოდა ამ მსჯავრდებულის მიერ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ფაქტი, ასე ჩათვალა მოსამართლემ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ არის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები და ვინ როგორ გაასაჩივრებს და ზემდგომ ინსტანციებში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ცალკე საკითხია. 

მეორე შემთხვევაში კი, როდესაც საქმე ეხებოდა დავით სარალიძის მკვლელობას, მოსამართლისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებული პირის დამნაშავეობაში დაარწმუნებდა, ანუ მან დამნაშავედ სცნო მეორე მსჯავრდებული დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და არა განზრახ მკვლელობაში. საქმე დახურული იყო, ვინაიდან არასრულწლოვნებს ეხებოდა და ამიტომ ზედმიწევნით არ ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ მოსამართლე გახლდათ შეზღუდული მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ფაქტია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის დამნაშავეობა ამ კვალიფიკაციითა და ამ მუხლით დადასტურებულიყო. 

რაც შეეხება იმას, რა შეეძლო მოსამართლეს გაეკეთებინა, სამწუხაროდ, მოსამართლეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არ აქვს უფლება საქმე დააბრუნოს წინასწარ გამოძიებაში, რაც იქნებოდა მისასალმებელი და, ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზულად სამსჯელო და გადასაწყვეტია. 

ერთგვარად ამას კანონის რეპრესიას ვეძახი ხოლმე, რომ მოსამართლეები რაღაცნაირად ,,რეპრესირებულნი'' და შეზღუდულნი არიან იმით, რომ ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, კარგად ხედავენ, რა უსუსურია სასამართლოში წარდგენილი ბრალდების მხარის საქმეები, მაგრამ ვალდებულნი არიან, განიხილონ ეს საქმე და მიიღონ გადაწყვეტილება. 

_ ამ საქმე თვალს ვადევნებდი და ადვოკატების თქმით, არაერთხელ გამოიკვეთა ის ახალი გარემოებები, რის გამოც შეიძლებოდა, საქმე გამოძიების სტადიას დაბრუნებოდა. მოსამართლემ რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება? 

_ საქმე გვაქვს წმინდა საპროცესო მოქმედებებთან. არ ვიცი ამ საქმის დეტალები, მაგრამ შემიძლია, ვიმსჯელო იმ მტკიცებულებებით, რომლებიც გახმაურდა მასმედიის საშუალებით. მათში ნამდვილად გამოიკვეთა ის გარემოებები, რაც ჩვენთვის არ იყო ცნობილი და შესაძლებელია, იყო ახალი გარემოება, რაც, დავუშვათ, აღძრავდა ეჭვს კიდევ სხვა პირების ბრალეულობაში, თუმცა მოსამართლეს შეუძლია მიიღოს ეს ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები და გამოიყენოს განაჩენის დასადგენად. მოსამართლეს არ შეუძლია მიუთითოს ბრალდების მხარეს და დაუბრუნოს საქმე, ეს მისთვის არ არის ახალი გარემოება. ეს არის ჩვენება/მტკიცებულება, რომელსაც ან ბრალდებულისთვის ბრალის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად გამოიყენებს. 

_ ამ საქმეზე შსს-მ გამოძიება ხელახლა დაიწყო. იკითხებიან მოწმეები და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის საფუძველზე განახლდა გამოძიება ცნობილია? 

_ ეს ჩემთვისაც საინტერესოა და ცოტა გაუგებარიცია, რადგან ისედაც შსს იძიებდა ამ საქმეს, როგორც ჩემთვის ცნობილია და მას პროკურატურა ზედამხედველობდა. შესაძლებელია, ხელახალი გამოძიება და გამოკითხვები დაიწყონ რაღაც ახალი გარემოების საფუძველზე, არ ვფლობ ინფორმაციას, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ხელახლა, რადგან განაჩენი უკვე დადგენილია და ამ მიმართულებით ახალი ვერაფერი მოხდება. თუ სასამართლო წარმოების დროს გახდა პროკურატურისთვის რაიმე ცნობილი, რომელიმე მოწმემ რაღაც ახალი თქვა, რაც წინასწარ ძიებაში არ იყო ცნობილი ან რაღაც ოპერატიული ინფორმაცია მიიღო სამინისტრომ, ამის საფუძველზე შეიძლებოდა, განახლებულიყო გამოძიება, ეს მათ უნდა აგვიხსნან არა ამ ისტერიულ ფონზე, როცა, ფაქტობრივად, უმართავი და შემზარავი პროცესები მიდის ქალაქის ქუჩებში, არამედ მშვიდად, სამართლებრივად. 

_ როგორც მივხვდი, უკვე დამდგარ განაჩენში ახალი გამოძიების შემთხვევაშიც კი ვერანაირი ცვლილება ვერ შევა, არა? 

_ ვერავითარი ცვლილება ვერ შევა პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში, შეიძლება შევიდეს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, სააპელაციოში გასაჩივრებას ბრალდების მხარე მხოლოდ იმიტომ აპირებს, რომ სასჯელი არ იყო სათანადოდ მისჯილი. დაცვის მხარე, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს ქმედების კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მაგრამ ბრალდების მხარეს მათი საჯარო განცხადებებით ქმედების კვალიფიკაციასთან პრეტენზია არა აქვს, მხოლოდ სასჯელის სიმძიმეზე აქვს პრეტენზია.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში